კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობენ რუსეთი, თურქეთი და ირანი საბჭოთა კავშირის ნანგრევებში გაბატონებას და რა პოლიტიკურ პრობლემებს ქმნის საქართველოს მრავალეთნიკურობა

მას შემდეგ, რაც რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ამ ორს სიყვარულის ბუშტიც გაუსკდა, ოღონდ, არა ერთმანეთის, არამედ ჩვენ მიმართ. ასე, მაგალითად, რფ-ში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის გაფორმებული მოსკოვისა და მისგან გამომდინარე ყარსის ხელშეკრულების დენონსირებაზე ალაპარაკდნენ (მათ შორის, კონტექსტით, საქართველოს მიწებს დავუბრუნებთო), თურქეთის პრეზიდენტმა კი რიტორიკულად ჰკითხა რუსეთის პრეზიდენტს, საქართველოში რად შეიჭერითო. რა საფრთხეებს შეიცავს და რითაა ჩვენთვის ხელსაყრელი ამ ორთა ჭიდილი ჩვენთვის სიყვარულის მტკიცებისას? – თემას პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ.

 – ჩვენი ხსენება რა საჭირო იყო რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების კონტექსტში, როდესაც სამწვადე ხორცივით მეტად წარმატებით გაგვინაწილეს თავის დროზე რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებმა?
– ბუნებრივია, იმპერიებისა და დიდი სახელმწიფოების ინტერესები ყოველთვის ეჯაჭვება ერთმანეთს მომიჯნავე რეგიონებში და, ამა თუ იმ, შედარებით მცირე ზომის, ხალხისა და სახელმწიფოს დაქვემდებარება არის მათი საგარეო პოლიტიკის ერთი-ერთი მთავარი მიმართულება. დღეს სხვა მოცემულობაა, სხვა გეოპოლიტიკური რეალობაა საქართველოსა და მის გარშემო, მაგრამ არსობრივად არაფერი იცვლება. საქართველოსთან მიმართებაში 25 საუკუნის განმავლობაში ყოველთვის ორ ძლიერ ან დიდ მეზობელს ჰქონდა გარკვეული ინტერესი. კონფლიქტოლოგიის კლასიკოსებს არ უყვართ ისტორიული ასპექტების მოშველიება არსებული დაპირისპირებების შინაარსის გასაცნობიერებლად, მაგრამ ფაქტი ფაქტია.
– კლასიკური მაგალითია ლაზიკის მეფის, გუბაზის მკვლელობის ისტორია. თუმცა მკვლელობის კვალი ბიზანტიისკენ მიდიოდა, ლაზიკელებმა ირანთან ყოფნას მაინც ბიზანტია არჩიეს, რადგან ჩაითვალა, რომ პრობიზანტიური ორიენტაცია უფრო მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის.
– ჩვენი თემიდან გამომდინარე, ისტორიულ წიაღსვლებს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ საინტერესოა, რატომ მოკლა გუბაზი ორმა ბიზანტიელმა მთავარსარდალმა? იმიტომ, რომ მას დაბრალდა ირანთან კავშირი, მაშინ, როდესაც ასეთი კავშირი არ არსებობდა და, მაშინაც, იმ დიდ კრებაზე, რომელზეც ლაზიკელი წარჩინებულები ორად გაიყვნენ, ასე დადგა საკითხი: წავიდეთ ბიზანტიისკენ, ირანელების რწმენა ჩვენთვის მიუღებელია, ესენი კი ჩვენი სარწმუნოებისანი არიანო. ამიტომ მაინც ბიზანტიურმა ორიენტაციამ გაიმარჯვა იმდროინდელ ლაზიკაში. თუ აქედან გადავალთ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაზე, კიდევ სხვა თემაა, როდის გამოჩნდნენ სელჯუკები; მეთხუთმეტე საუკუნეში, როდესაც საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, ოსმალები არიან მთავარი მოთამაშეები საქართველოსთან მიმართებაში. ფაქტობრივად, ოსმალეთი და სპარსეთი არ ცნობენ საქართველოს არსებობას და, მოგეხსენებათ, სომხეთის ქალაქ ამასიაში 1555 წელს დადებული ზავით მათ გაინაწილეს საქართველო: დასავლეთი შეხვდა ოსმალეთს, აღმოსავლეთი –  სპარსეთს. იმდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის საქართველოში უპირატესი მდგომარეობის მოპოვება, რომ მესხეთი ვერცერთმა მხარემ ვერ მიისაკუთრა და ამიტომ დასავლეთ მესხეთი ოსმალეთს მიეკუთვნა, აღმოსავლეთი მესხეთი კი, ახალციხის ჩათვლით, ირანელებს. ესეც საკმაოდ პიკანტური მომენტია. ეს ზავი მალევე დაირღვა, მაგრამ შემდეგ ისევ იბრძოლეს, გადასინჯეს და იმიერიდან ქართული სამეფო-სამთავროების არსებობა სპარსთა და ოსმალთა ბატონობის კონტექსტში მოიაზრება.
ჯერ ბიზანტიასა და ირანს, მანამდე კიდევ რომს, საქართველოს ტერიტორია სჭირდებოდათ, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან მომთაბარე ტომების გადმოსასვლელები გაეკონტროლებინათ; შემდეგ მათ ესმით, რომ რუსთა სამეფო ძლიერდება და მათთვის ბარიერის აღმართვას ისინი ცდილობდნენ კავკასიის ქედზე და, აქედან გამომდინარე, იბრძვიან აქ გაბატონებისთვის, თან ისე, რომ ქართულ სამეფო-სამთავროებს არ აძლევენ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებისა და გაერთიანების საშუალებას და ეს ბრძოლა დღემდე მიმდინარეობს განუწყვეტლივ. ერთადერთი, სულხან-საბას მოგზაურობა გვახსენდება ევროპაში, რომ ევროპული ფაქტორი ჩაერთო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და შემდეგ ქართულმა სამეფო გვარმა მაინც უპირატესობა მიანიჭა რუსთა სამეფოსთან ალიანსს. მას შემდეგ ბევრი იმედგაცრუება მივიღეთ, რუსეთის ცარისტულ იმპერიაში ვიცხოვრეთ, საბჭოთა იმპერიაშიც. მაგრამ საბჭოთა იმპერია დაინგრა და ამ საბჭოთა იმპერიის ნანგრევებში გაბატონების მცდელობაზე ხელი არც რუსეთს აუღია, არც ირანს და არც თურქეთს. ყველა ის ქვეყანა, რომლებზე გაბატონებასაც ცდილობენ, ხსნის გზას ეძებს დასავლეთში. მაგრამ დასავლეთი შორია და ბევრი პრობლემა აქვს. მაინც ცდილობს, მოგვეშველოს, მაგრამ ეს ყოველთვის ეფექტიანად არ გამოსდის. ისეც ხდება, რომ, რათა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფოებრიობა არ ჩამოიშალოს, 5 მილიარდსაც გაიღებს ხოლმე, როგორც ეს მოხდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ეს შვებაა და არსებობის შენარჩუნებაა.
– მაგრამ არა პრობლემის გადაწყვეტა.
– დიახ, ქვეყნის 22 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ეკონომიკური თვალსაზრისით, გვეხმარება თურქეთი. დღეს მისგან დახმარებას უფრო  ვიღებთ და მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ვიდრე ძველი ექსპანსიონისტური პოლიტიკის გაგრძელებას, თუმცა თურქეთის კლერიკალური წრები გარკვეული დაფინანსების მეშვეობით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მაინც ახერხებენ ამ მიმართულებით. მე აღარ გავყვები ისტორიულ ხაზს, რომელიც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღეს არ მიიჩნევა ამ კონფლიქტებისა და დაპირისპირების შეფასების ერთ-ერთ საშუალებადაც კი, მაგრამ ვერსად გავექცევით, რომ, როდესაც 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხდებოდა ომები, მაგალითად, მეზობელ სომხეთთან, რომელსაც თავისი ანგარიშები აქვს თურქეთთან. დასავლეთი ამ ბრძოლებში ზოგჯერ უფრო სომხეთის მხარეს იჭერდა და ართვინის ოლქი ერთ-ერთი ასეთი თავყრილობის შემდეგ მიჩნეულ იქნა სომხეთის პოტენციური გავლენის არეალად, მაშინ, როდესაც ბათუმი პორტოფრანკოს ზონად ცხადდებოდა და ეჭვქვეშ დადგა საქართველოს გავლენა ტაო-კლარჯეთზე. ასევე, აჭარაში იქ აჭარელი და თურქი მუსლიმანების გაერთიანებული ლაშქარი, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძოდა, თუმცა აჭარის დიდგვაროვანი არისტოკრატია –  მემედ აბაშიძე, გულო კაიკაციშვილი და სხვები, ცალსახად პროქართული ორიენტაციის იყვნენ. ძალიან რთული პერიპეტიები გამოვიარეთ, ვიდრე დღევანადელ თამაშებამდე მოვიდოდით.
ახლა საქართველოსთვის ბრძოლაში თანაბრად არიან ჩართულნი რუსეთი, თურქეთი და ირანიც, მაშინ, როდესაც საქართველოს ხალხს, უმრავლესობის ნებით, გაცხადებული აქვს ორიენტაცია სამეზობლოსთან მეგობრობაზე, მაგრამ პოლიტიკურ მომავალს ვხედავთ დასავლეთთან და ევროპასთან კავშირში. ახლა ამ მოცემულობის შეცვლას ცდილობენ და ბევრი ბერკეტიც აქვთ ასარევ-დასარევად.
– იმას ამბობთ, რომ ჩვენი ეს დასავლური პოლიტიკური ორიენტაცია სამივეს ერთნაირად აღიზიანებს?
– მეტნაკლებად. მოგეხსენებათ, თურქეთისთვის უფრო მისაღებია ჩვენი ასეთი პოლიტიკური ორიენტაცია, რადგან თავადაც იქითკენ მიისწრაფის, ვიდრე რუსეთისთვის. თუ ჩვენ გავიხსენებთ ელცინის დროინდელ რუსეთს, მაშინ ისინი ამბობდნენ, რომ თავადაც ევროპისკენ მიდიან. „ნატოსთან“ ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ, ევროსტრუქტურებშიც იყვნენ წარმოდგენილები, ვიდრე დასავლეთში არ დადგა საკითხი, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები რუსეთის გავლენის სფეროდან უნდა გამოსულიყო და ევროატლანტიკურ გაერთიანებას მიერთებოდა. რუსეთმა მხოლოდ ამის შემდეგ შეცვალა სტრატეგია და 2008 წლის ომამდე იძულებულები იყვნენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სიტყვით ეცნოთ. თუ ამ რაკურსით განვიხილავთ საკითხს: რუსეთმა შეცვალა მოცემულობა –  გაძლიერდა, ეკონომიკაც მეტნაკლებად გამოაცოცხლა და ბოლო დროს უკვე დაიწყო აგრესიული ქმედებები ყოფილ საბჭოთა სივრცეში. რაც შეეხება ირანს: ირანი დასავლური სანქციების მარწუხებშია და თავისი საგარეო პოლიტიკური ინტერესების დეკლარირებისგან დღემდე თავს იკავებს.
– ირანი ამ კონტექსტში იმიტომ არ ვახსენე, რომ ჯერჯერობით არც არაფერს დაგვპირებია საჯაროდ, არც გამოგვსარჩლებია და არც სიყვარული უხსენებია.
– როდესაც ირანის მიმართ სანქციები შერბილდება და, შეიძლება, სულ გაუქმდეს, ვფიქრობ, რომ ირანელები, უპირველესად, წამოვლენ ჩვენკენ. დღეს ისეთი ურთიერთდამოკიდებული და ცივილიზებული მსოფლიოა, რომ ეს ჩვენთვის უკვე ხიფათის შემცველი აღარ არის. ოღონდ, ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი: არ უნდა გვიხაროდეს, თუკი რუსეთი და თურქეთი ერთმანეთთან სერიოზულ კონფლიქტს წამოიწყებენ, თუმცა არ მესმის, როგორ უნდა ჩაერთოს „ნატოს“ წევრი ქვეყანა სამხედრო კონფლიქტში „ნატოს“ მონაწილეობის გარეშე, მაგრამ, დავუშვათ, რომ რუსეთი და თურქეთი ერთმანეთთან სერიოზულ სამხედრო კონფლიქტში აღმოჩნდნენ, ასეთ შემთხვევაში საქართველო დაქუცმაცების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფრთხის წინაშე დადგება. ამდენად, გურულების მსგავსად, ყველა სუფრასთან მაინც მშვიდობის სადღეგრძელოს უნდა ვსვამდეთ, იმიტომ რომ, მშვიდობაა ის სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ინტერესების რეალიზაცია, ჩვენს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება და განვითარება.
– რუსეთისა და თურქეთის თითქოს ჩვენზე ზრუნვით გამოწვეული განცხადებები ერთმანეთთან დაპირისპირების კონტექსტში ვის ყურებზეა გათვლილი?
– პოლიტიკა და პოლიტიკური არენა არ არის გიმნაზია, სადაც ყველაფერი გაწერილია, ყველა სანიმუშოდ იქცევა, ყველას კარგი ზრახვები აქვს, ასეთი რამ არ არსებობს. თითოეულს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, ყველა ცდილობს თავისი კოზირის გამოყენებას და ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემაც და ყველაზე დიდი სიკეთეც არის ის, რომ ჩვენ არ ვართ მონოეთნიკური ქვეყანა. საქართველო არის ქართველების ქვეყანა, მაგრამ ჩევნ გვყავს ქართველი და არაქართველი მოსახლეობა, რომელთაგან, თუ „ენ დი აის“ კვლევებს ვერწმუნებით, 30 პროცენტი მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირს, დანარჩენი უმრავლესობა –  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. მაგალითად, გარკვეული მუსლიმანური წრეები სხვადასხვა დამოკიდებულებით არიან გამსჭვალულები თურქეთის მიმართ. აჭარიდან ახალგაზრდები მიჰყავთ თურქეთში: აჭმევენ,  აცმევენ, ასწავლიან და ეს არ არის ცუდი, მაგრამ ფაქტია. აქ არიან ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური სომხები, რომლებიც უფრო ერევნისკენ არიან მიდრეკილნი და სომხურ დასავლურ ლობის უფრო უსმენენ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას. აქვეა აზერბაიჯანელი მოსახლეობა, რომელთა დემოგრაფია აქტიურ ფაზაშია და ისინი დიდ აზერბაიჯანზე მეოცნებეებს უფრო ხშირად უსმენენ. და ამაში მოიაზრება არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის 9-მილიონიანი მოსახლეობა, არამედ 14 მილიონი აზერბაიჯანელი, ჩრდილოეთ ირანში მცხოვრები. თუმცა ეს იმავდროულად, დიდი სიკეთეა, იმდენად, რამდენადაც ჩვენთან არ იქნება საჭირო უცხოური მუშახელის დიდი დოზით შემოდინება, მაგრამ ეს პროცესი სამართავადაა რთული, ვინაიდან, შეიძლება, „მესიჯი“ მოვიდეს ბაქოდან და მათ ისეთ კანდიდატს მისცენ ხმა, რომელიც ჩვენთვის სახარბიელო არ იქნება. ჩვენ ეს მოცემულობა უნდა შევცვალოთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი პოლიტიკური გემოვნებით მისცენ ხმა. ეს არის პრობლემური მრავალეთნიკურ საზოგადოებაში,  თუმცა, ვიმეორებ, რომ, მეორე მხრივ, მრავალეთნიკურობა არის დიდი სიმდიდრე. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენს პოლიტიკაზე ზეგავლენას რუსეთი, თურქეთი და ირანი სხვადასხვანაირად შეეცდებიან. აბა, დამოუკიდებლობა რისთვის გვინდა?! მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი გამოუცდელი ახალბედებია ჩვენი პრობლემა. ჩვენ არ გვყავს გამოცდილი დიპლომატიური კორპუსი.  გვეფერება რუსეთი? მოგვეფეროს. აღიაროს თავისი შეცდომა და, ამის შემდეგ, შესაძლოა, მშვიდობიანი თანაცხოვრების ძალიან მყარი რესურსი ჩამოგვიყალიბდეს. რუსებმა კარგად უნდა გაიხსენონ, რომ ცარისტულმა რუსეთმა ჩრდილო კავკასიაში ფეხი მოიკიდა მხოლოდ და მხოლოდ ქართული არისტოკრატიის დახმარებითა და მხარდაჭერით. თუ საქართველო არ იქნება მეგობრული, უფრო ადრე დაიშლება რუსეთი. მათი თაფლაკვერისა და მათრახის პოლიტიკა ჩვენთან არ ამართლებს.
– უამრავი ინსტიტუტი მუშაობდა, ცარისტული რუსეთიდან მოყოლებული, მათ შორის, ქართული ხასიათის შესწავლაზე და მიკვირს, რომ აქამდე ვერ მიაგნეს გასაღებს.
– ცოტა უცნაურ თეორიებზე თუ გადავალთ: როგორ შეიძლება, მართვის მანიის ერი მართოს ძლევის მანიის ერმა?! ქართველებმა ჯერ კიდევ ცარისტულ რუსეთში მოიპოვეს სერიოზული პოზიციები და, საბჭოთა იმპერიას ხომ, სამწუხაროდ, საერთოდ ქართველები განაგებდნენ და საკმაოდ ნიჭიერად?! ჩვენი ამოცანაა, ამ ლაბირინთში გავერკვეთ და ერთმანეთს დავუთმოთ რიგი და პირველობა პერიოდულად და თანაცხოვრება ვისწავლოთ. თორემ, ნახავთ, რომ უახლოეს მომავალში ამერიკაშიც და ევროპაშიც წამყვან პოზიციებზე იქნებიან ქართველები. იქ კი არ უნდა ვიყოთ წამყვან პოზიციებზე პოლიტიკასა და ბიზნესში, არამედ, იქ უნდა ჩავდიოდეთ, როგორც საქართველოს წარმომადგენლები და ჩვენი რეგიონის ინტერესებს ვიცავდეთ. აქ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭიერება. ჯერ დავლაგდეთ კავკასიაში, შევქმნათ ერთიანი პოლიტიკური სივრცე და შემდეგ შევიდეთ ევროპაში.

скачать dle 11.3