ადეკვატური პლატონი
ანუ შენ რომ ჩემთვის ბატის ფრთა არ მოგიტანიაო?!
უდავოა, რომ ჩვენი ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრიად გამორჩეულად განსხვავდება ჩვენივე ყოფილი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტისგან (რომელმაც მიგვაჩვია გამაოგნებელ ქცევა-ლექსიკას სრულიად საქართველოსგან დარჩენილ ტერიტორიაზე, რის ტრადიციასაც აწ უკვე სრულიად უკრაინისგან დარჩენილ ტერიტორიაზე განაგრძობს), მაგრამ, რაკი მაინც ადამიანები ვართ, მის ბაგეებსაც დასცდება ხოლმე, ცოტა არ იყოს, უჩვეულობანი.
ასე, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციაზე საუბრისას ბ-ნმა მარგველაშვილმა ის აშშ-ის კონსტიტუციას შეუდარა და შენიშნა შემდეგი: „როგორ შეიძლება, ბატის ფრთით დაწერილი დოკუმენტი დღეს იყოს უფრო ადეკვატური, ვიდრე გუშინწინ, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწერილი კონსტიტუცია?!“
რა თქმა უნდა, შეიძლება, ვინაიდან, მაგალითად, ჰომეროსსა და რუსთაველს თვალად არ ენახათ კომპიუტერი, მაგრამ ისეთები დაწერეს, ოცდამეერთე საუკუნეშიც კი მკითხველს პირღია ტოვებენ.
სახელდობრ, ბ-ნი მარგველაშვილის ლოგიკა შემდეგნაირია: „როგორ შეიძლება, ბატის ფრთით რომ იწერებოდა ტექსტი, ის იყოს ადეკვატური დღეს, კოსმოსური ეპოქისთვის, იმიტომ, რომ ისინი ერთგული არიან ამ დოკუმენტის. ამერიკელები კონსტიტუციას ყოველდღე არ ცვლიან. …ჩვენ კიდევ, მუდმივად ვამბობთ, რომ ეს კონსტიტუცია უკეთესი შეიძლება იყოს. მეც შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესი შეიძლება, იყოს, მაგრამ მირჩევნია, რაც არის, იმის ერთგული ვიყო და იმ თამაშის წესებით ვითამაშო, ვიდრე მუდმივად ვცვლიდე რაღაცას.“
ბუნებრივია, იმიტომაც იცვლება, რომ მთლად კარგადაც ვერ დაიწერა (თუმცა ბატის ფრთის ნაცვლად კალმები გვქონდა მომარჯვებული), მაგრამ ეს იქით იყოს.
თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ფილოსოფოსია, მისი ლოგიკით გამოდის, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 428-427 წლებში დაბადებულ პლატონს „ლეპტოპს“ ვერ გლეჯდნენ ხელიდან, ვინაიდან, მისი 3 500 წლის წინანდელი ფილოსოფიური ტექსტები კოსმოსურ ეპოქაში შექმნილზე უგაცილებულესად ადეკვატურია?! –