როდიდან ამოქმედდება საგზაო ჯარიმების ქულების სისტემა და რა შემთხვევაში გემუქრებათ ქულების შემცირებით მართვის მოწმობის ჩამორთმევა
ახალი წლის დადგომასთან ერთად, საზოგადოებისთვის კვლავ აქტუალური გახდა ავტოსაგზაო ჯარიმათა ქულებით შეფასების ახალი სისტემა, რომელზე საუბარიც წლის მიწურულს დაიწყო. ცვლილებები, რომელიც საგზაო უსაფრთხოების რეფორმის ფორმატში, მალე კანონად იქცევა, ბევრი ადამიანის ინტერესის საგნად იქცა. ჩვენ მკითხველს დეტალურად შევახსენებთ ჯარიმების ქულებით შეფასების სავარაუდო „ნუსხას”. ამის შესახებ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი -უსფართხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს გავესაუბრეთ, რომელიც კანონპროექტის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული.
ეკა ლალიაშვილი: ჯარიმათა ასქულიანი სისტემა, სავარაუდოდ, 2016 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება. ვინც კანონმორჩილია, მისთვის ეს ცვლილებები პრობლემას არ წარმოადგენს. აჟიოტაჟი და ხმაური, ალბათ, უფრო გააზრების პროცესს მოჰყვა. ასე იყო 2010 წელს, როდესაც ღვედების გამოყენება კანონით გახდა აუცილებელი. აჟიოტაჟი მაშინაც იყო, მაგრამ იცით, როგორ შეიცვალა ამის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა? – 20 პროცენტით ნაკლები ადამიანი დაიღუპა, ვიდრე წინა წელს. ჯერ ჩვენ არ გვაქვს წინა წლის ზუსტი სტატისტიკა, მაგრამ დამერწმუნეთ, ამ კანონის ამოქმედება სტატისტიკას უკეთესობისკენ შეცვლის. ეს კანონი ერთნაირ პირობებში ჩააყენებს გავლენიან ადამიანებს ასევე, მძღოლს, რომელსაც ფინანსური რესურსი აქვს და ჯარიმის გადახდა არაფრად უღირს, ამიტომ ისევ არღვევს კანონს და იმ მძღოლსაც, რომელსაც უჭირს ჯარიმის გადახდა. თუმცა ეს კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ მისი ადმინისტრირება მოხდება სწორად, მკაცრად და ადამიანებს არ ექნებათ იმის განცდა, რომ ვიღაც მეტად ჯარიმდება და ვიღაცის კანონდარღვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა თვალი დახუჭეს. ეს უპირველესად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ადმინისტრირებაზე იქნება დამოკიდებული.
– როგორია საგზაო ჯარიმების ქულებით შეფასების ნუსხა?
– პროექტის თანახმად, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, რომელიც ძალაში იქნება იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას, ხოლო ქულათა რაოდენობის მთლიანად ამოწურვა – მართვის უფლების გაუქმებას (შეწყვეტას). ასეთ შემთხვევაში, მართვის უფლების ხელახალი მოპოვებისთვის მოქალაქემ შესაბამისი კატეგორიის თეორიული გამოცდა უნდა ჩააბაროს. გამოცდის ჩაბარებას ის მართვის უფლების გაუქმებიდან 2 თვის შემდეგ შეძლებს. ქულების შემცირება არ მოხდება ვიდეორეგისტრატორის და უკონტაქტო პატრულირების დროს გამოწერილი ქვითრით. დამრღვევ მძღოლს ქულები მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის შეუმცირდება. აღსანიშნავია, რომ ქულების დაკლება მოხდება საჯარიმო ქვითრის გამოწერის პარალელურად. პროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა მიხედვით ქულათა შემცირების სისტემა ასეთია: სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის – 20 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 30 ქულა; სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის – 30 ქულა; იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, ან მესაკუთრის თუ სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისთვის ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა – 15 ქულა; ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა – 10 ქულა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა – 15 ქულა; მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა – 5 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა – 5 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის თუ თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა – 5 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, – 15 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული – 15 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს – 15 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით – 5 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 10 ქულა, ხოლო მისი მესამედ და შემდეგ ყოველი მომდევნო დარღვევა ერთი წლის განმავლობაში – 15 ქულა; სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 20 ქულა; სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით – 15 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში – 20 ქულა; აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა – 10 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან, რომელიც ახორციელებს ესკორტს ან, რომელსაც მიაცილებენ – 15 ქულა; სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი – 20 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 40 ქულა; სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისთვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისთვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისთვის – 15 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 25 ქულა; მისი განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 30 ქულა; „B” კატეგორიის ან „A1” „B1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა – 20 ლარი; სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – 10 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით – 20 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – 40 ქულა; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა – 15 ქულა; სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას – 25 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება – 35 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – 10 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას – 20 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება – 25 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 40 ქულა; ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, – 5 ქულა; აღნიშნული ქმედების განმეორება ერთი წლის განმავლობაში – 10 ქულა; მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას – 5 ქულა; სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი – 10 ქულა; გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – 10 ქულა; სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა – 5 ქულა; - მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა”, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია”) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია”, „მოძრაობა აკრძალულია”) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა – 10 ქულა; შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 10 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორება 1 წლის განმავლობაში – 20 ქულა; შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა – 30 ქულა; ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია” და „დგომა აკრძალულია” მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – 5 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა – 20 ქულა; ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა – 20 ქულა; საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 25 ქულა; ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 30 ქულა; საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა – 10 ქულა; აღნიშნული ქმედების განმეორება ერთი წლის განმავლობაში – 15 ქულა; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა – 25 ქულა; ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონსა და მასთან ერთად, ოთხ კანონში შედის.