რატომ წაიყვანა მეუფე იობმა ალბერტ მანელოვის კოლექციიდან იშვიათი სახეობის ფრინველები და რატომ უნდა მიირთვან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებმა „ალაუკანის“ მწვანე კვერცხი
თბილისში, აეროდრომის დასახლების ¹5-ში ვინც მოხვდება, ნამდვილი ეგზოტიკური გარემო გადაეშლება თვალწინ. აქ ცხოვრობს იშვიათი სახეობის ფრინველთა კოლექციონერი ალბერტ მანელოვი. ფრინველებით ის ბავშვობიდან დაინტერესდა, ახლა კი მის ეზოში განლაგებულ ვოლიერებში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ ულამაზესი სახეობის ფრინველებს ნახავთ, რომელთა ხმა ნამდვილად მოგაგონებთ ველური ბუნების მშვენიერებას.
ალბერტ მანელოვი: ბავშვობაში დავინტერესდი ფრინველებით, როცა ჩემმა ძმებმა სოფლიდან ჩამოიყვანეს გარეული მტრედები. მალე გადავედი იშვიათი სახეობის ფრინველთა გამრავლებაზე. ჩემი ოჯახი ამ ყველაფერს დადებითად შეხვდა. საბჭოთა კავშირის დროს ყველა საზღვარი ღია იყო. მქონდა კონტაქტები სხვადასხვა რესპუბლიკაში ფრინველთა კოლექციონერებთან. ადრე აქტიურად მუშაობდა პორტი, გემები შემოდიოდნენ, მეზღვაურებს შემოჰყავდათ ფრინველი და ვყიდულობდი. ორგანიზაცია „ინტერხობი“ აწყობდა ცხოველთა და ფრინველთა გამოფენა-გაყიდვებს. საერთაშორისო დონეზე გავდიოდით. საბჭოთა კავშირში ცნობილი ვიყავი, როგორც თუთიყუშების ერთ-ერთი მსხვილი კოლექციონერი. რაოდენობა არ იყო დიდი, ფრინველის იშვიათი სახეობები მყავდა. ჩემი კოლექცია იმ პერიოდში ძალიან ცნობილი იყო. მქონდა ჩავარდნაც. როცა ქვეყანა აირია, დაიწყო ყაჩაღობა, მხედრიონელობა, მომიწია თუთიყუშების გაყიდვა. 2000 წლისთვის ისევ დავიწყე ფრინველთა გამრავლება, ძირითადად, საბერძნეთიდან შემომყავდა. იქ ჩემი ძმები ცხოვრობენ და ყველანაირად მეხმარებიან. ვეკონტაქტებოდი სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებს, სადაც ვყიდულობდი ან ვცვლიდი ფრინველებს. ვერცერთი ზოოპარკი ცალკე ვერ იარსებებს, ყოველთვის უნდა ხდებოდეს გაცვლა-გამოცვლა. სისხლი მაინც ასარევია, სხვანაირად არ შეიძლება. ყორანიც მყავდა, მაგრამ მალევე გავაჩუქე, ძალიან მავნე იყო.
– ქართულ ზოოპარკთან თუ გქონდათ კონტაქტი?
– როცა ფრინველთა კოლექციის შექმნას ვიწყებდი, იმ წლებში ქართული ზოოპარკი იყო აუღებელი ციხე. იქიდან ოფიციალური გაყიდვა არ ხდებოდა. არ მახსოვს შემთხვევა, მათგან წამომეყვანოს ფრინველის კონკრეტული სახეობა. კოტაქტი ადრე არ მქონია, თუმცა ახლა მაქვს. „თეთრი“ ფარშევანგი, ხოხბის რამდენიმე სახეობა ჩემგან ჰყავთ წაყვანილი.
– საიდან შემოგყავთ იშვიათი სახეობის ფრინველები და რთულია მათი მოვლა?
– ფრინველის შოვნაზე მეტად რთული ქვეყანაში მისი შემოყვანაა. უკვე რამდენი წელია, ჩაიარა ქათმის გრიპმა და მას მერე კარანტინი არ მოხსნილა. შეიძლება, კვერცხი გადმოიტანო და ასე გაამრავლო ფრინველი. ერთი პატარა სახეობა რომ ჩამოიყვანო, მინიმუმ 3 000 ევრო გჭირდება. ძმები მეხმარებიან. ჩემი ძირითადი რესურსი საბერძნეთია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ფრინველის მოვლა არ მიჭირს. საკუთარი მიწა მაქვს მამაჩემის მშობლიურ სოფელში, წალკის რაიონში, სადაც მომყავს ხორბალი. მინიმუმ, 10 ტონა მჭირდება წელიწადში. იღბლიანი კაცი ვარ, ყველაფერში მიმართლებს. ჩემი მეუღლე ექიმი-ეპიდემიოლოგია და თავისი ცოდნით მეხმარება. ერთმანეთს ვავსებთ. კვების თვალსაზრისით, ძალიან საყურადღებოა ამერიკული გიგანტი კომპანია „ტეხასი“. რომლის მეშვეობითაც, ყველა ფრინველს, ინდივიდუალურად, საკუთარი საკვები აქვს. როცა კარგად გეყიდება, არ არის პრობლემა კვებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ ეტაპზე და ბოლო პერიოდში, ძალიან უჭირს საქართველოს. 2008 წლამდე ყველაფერი კარგად იყო. მაგალითად, ძალიან რთული შესანახია ფარშევანგი. გამოსაკვებად ვიყენებ მაწონს, ხორცს, მჭირდება ბალახი და შესაბამისად, მისი გასაყიდი ფასი ნამდვილად არ არის არარეალური. ძვირიანია „თეთრი“, „კობალტი“ და „შავზურგა“ ფარშევანგები – დაახლოებით ერთნაირი ფასი აქვთ. ზრდასრული „თეთრი“ ფარშევანგი, სამი წლის, 5 000 დოლარი ღირს. ჩვეულებრივი წყვილი ფარშევანგის ფასი, მეოთხე თვეში რომ შედის და სქესი ეტყობა – 300 დოლარიდან იწყება. ზრდის პროცესი 3 წელია, თუ ასაკი მეტია, ფასიც მეტია.
– როგორც ვიცი, ფარშევანგს ბევრი დადებითი თვისება აქვს, მათ შორის, ერთ-ერთი ქვეწარმავლებთან ბრძოლაა...
– ფარშევანგები, ძირითადად, ინდოეთის ჯუნგლებში ბინადრობენ. ყველა ქვეწარმავალი მიირთმევს მათ კვერცხს. აქედან გამომდინარე, ჩნდება აგრესია. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ფარშევანგი წაუყვანიათ იმისთვის, რომ ტერიტორიაზე ჰყავთ გველები. ბევრი დადებითი თვისება აქვს – როგორც კატა, ისე ნადირობს თაგვზე. ეს მისი აზარტია. სიგნალიზაციის როლსაც ასრულებს – სხვადასხვა შემთხვევაზე განსხვავებულად ყვირის. ქურდებისგანაც იცავს იმ გარემოს, სადაც არის. განსაკუთრებით უცხო ხმაზე აქვს რეაქცია. რა თქმა უნდა, მისი უპირატესობა სილამაზეც არის.
– ვინ არიან ძირითადად თქვენი კლიენტები? ახდენთ თუ არა ფრინველის რეალიზაციას უცხოეთში?
– ჩემთან ძირითადად უფრო მოდის ბრძენი და ჩამოყალიბებული ხალხი. მათ გაცნობიერებული აქვთ იმ ფრინველის მნიშვნელობა, რომელიც ჩემგან მიჰყავთ. საქართველოში ბევრია ასეთი, ვინც ზრუნავს სახლში ლამაზი გარემო შექმნას და ამიტომაც მიჰყავთ ფრინველები. ჩვენს უწმიდესსა და უნეტარესს უყვარს ფრინველები. სამების ტაძარში ჰყავთ გედები და ფარშევანგები. ერთი შავი გედი ჩემგან წაიყვანეს. მეუფე იობი არის დაინტერესებული ფრინველებით. თავის რეზიდენციაშიც ჰყავს და ყველა ჩემგან წაიყვანეს – ძირითადად, ფარშევანგი და ხოხობი. ასევე, მტრედები მიჰყავთ ეკლესია-მონასტრებისთვის შესაწირად. ვინც საქართველოში მემტრედეობას მისდევს, ძირითადად, მოსიარულე-მოთამაშე მტრედები ჰყავთ. ჩემი კოლექცია კი განსხვავებულია უცნაური აღნაგობით. თერჯოლის წმიდა სამების ტაძარშიც წაიყვანეს ერთ-ერთი ძვირად ღირებული შავი გედი ჩემი კოლექციიდან. სხვადასხვა კუთხიდან მიკავშირდებიან. ზესტაფონში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წაიყვანეს ჩემი ფრინველები. მქონდა შემთხვევა, სამეგრელოდან მესტუმრა ერთი ქალბატონი და ხოხობი წაიყვანა. რამდენიმე ოჯახი თანხას გადავინაწილებთ და ფარშევანგსაც წავიყვანთო, დამიბარა. ზოგს გასამრავლებლად მიჰყავს, ზოგს – სილამაზისთვის. ორმა ძალიან კარგმა ქართველმა ბიზნესმენმა გააკეთა მარნეულთან ახლოს დასასვენებელი ადგილი. კონსულტაციები ჩავუტარე. გაშვებული ჰყავთ ფრინველები, გაკეთებულია ბუნგალოები. ყველა სახეობის ფრინველი ჰყავთ, რასაც შეუკვეთავთ, მოგართმევენ. გახსნა ალბათ გაზაფხულზე იქნება. ჩემი ფრინველების ერთგული მყიდველი გახლდათ ბადრი პატარკაციშვილი. პირადად კარგად ვიცნობიდი და თუ რამე მყავდა ელიტარული და იშვიათი, ყველაფერი შეიძინა. ყველაზე ძვირიანი, რაც წაიყვანა, იყო „თეთრი“ ფარშევანგები. ფრინველებს მოვლა, ყურადღება სჭირდება. ხელფასს დაგინიშნავ და მოდიო, მთავაზობდა, მაგრამ დრო არ მქონდა საიმისოდ. ბიძინა ივანიშვილის ხალხიც იყო მოსული და ჩემგან ფრინველები წაიყვანეს. ხოხბების პირველი ფერმა მე გავაკეთე სოფელ დიღომში. სათბურები ჰქონდათ და მთხოვეს, კონსულტაცია. სადედე გუნდი გავუზარდე და ჩავაბარე. საქმე ააწყვეს, რესტორნებსაც მიჰქონდათ, ისედაც ყიდულობდა ხალხი – მოკლედ რომ ვთქვა, 2008 წლამდე ყველაფერი ნამდვილად კარგად იყო. გოგი თოფაძეს გავუკეთე სახოხბე. შენობა დავაპროექტე, სანადირო მეურნეობა აქვს. ზრდის ამ ხოხბებს, უშვებს და ანადირებს. უცხოეთში გასაყიდად არასდროს გამიყვანია ფრინველი. გამოფენებზე რომ დავდიოდი, მქონია შემთხვევა, გამიჩუქებია, მაგრამ გაყიდვით, არასდროს გამიყიდია. ერთხელ ბულგარეთში, გამოფენაზე ჩავიყვანე ეგვიპტური გვრიტი. ვიცოდი, იქ არ ჰყავდათ. დიდი მოწონება დაიმსახურა და „ჯუჯა“ სახეობის ქათამში გავცვალე.
– იშვიათი სახეობის ფრინველებთან ერთად, მათ კვერცხსაც ყიდით. ამბობენ, მწყრის კვერცხი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოაო. რეალურია ეს?
– ფრინველის კვერცხს, ძირითადად ვყიდი გამოსაჩეკად, რომელი 7-8 ლარი ღირს. ყველაზე იაფიანი ქათმის კვერცხი ხუთი ლარია – ფრინველის სახეობას გააჩნია. ყველა სახეობის კვერცხს არ ვყიდი – როგორიცაა იშვიათი ხოხბის, იშვიათი ფარშევანგის. მწყრის კვერცხს მე არ ვყიდი. ეს არის დეკორატიული კვერცხი. დაახლოებით სამოცამდე დაავადების პროფილაქტიკისთვისაა კარგი. იაპონელი ბავშვების კვების რაციონში დღეში ორი უმი კვერცხი შედის – ტვინს ავითარებს, მაგრამ ალერგიულია. ყველა ბავშვი ვერ იტანს. ამ დროს არსებობს ძალიან მაგარი ალტერნატივა. მე მყავს ქათამი, რომლის სახეობას ჰქვია „ალაუკანი“. ის მწვანე ფერის კვერცხს დებს და მწყრის კვერცხის იდენტური შემადგენლობა აქვს. დამატებით კი, რაც მთავარია, არ არის ალერგიული. ჩემს კოლექციაში ეს ყველაზე გაყიდვადი ქათამია. 10-12 წელია, რაც მყავს. მწვანე კვერცხი ძალიან სასარგებლოა კვებითი ღირებულების თვალსაზრისით. მისი შემადგენლობა ძალიან საინტერესოა და კალორიებით მწყრის კვერცხს აღემატება. მისი ღირებულება 10 ლარია. განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებისთვის – არ შეიცავს ქოლესტერინს. ძალიან ბევრი ექიმი მოდის საყიდლად. საუკეთესოა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, პოტენციის ასამაღლებლად ასაკოვანი მამაკაცებისთვის. ზრდასრული კვერცხისმდებელი ქათამი 100 დოლარი ღირს, ვარია – უფრო ნაკლები. მყავს ქათმის სახეობა „მარანი“, რომელიც წითელ კვერცხს დებს და აქვს ჩვეულებრივი შემადგენლობა. ქათამი მეკვერცხულია და მეხორცეული. მყავს სახეობა, რომელსაც „ავსტრალოპი“ ჰქვია. არის შერწყმული – მეხორცეულიც და მეკვერცხულიც. ძალიან ლამაზი შესახედია. 320 კვერცხამდე დებს წელიწადში.
– სულ რამდენი სახეობის უნიკალური ფრინველი გყავთ?
– მყავს ერთი სახეობის იხვი „მანდალინკა“, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია იხვების დედოფლად. 2 სახეობის მწყერი, ერთი „კალიფორნიისაა“, მეორე – ჩინური, ჯუჯა, რომელიც ჩინეთშია გავრცელებული და ძალიან ლამაზია. 7 სახეობის ხოხობი მყავს, ძალიან იშვიათია. „სიამის“ ხოხობი, საბერძნეთიდან გამომიგზავნეს ძმებმა. წყვილი ხოხბის ფასი 400 ლარიდან იწყება. მყავს იშვიათი სახეობის, „ჩვეულებრივი ფარშევანგი“, რომელიც ძირითადად ინდოეთში ბინადრობს. ასევეა „შავზურგა“ ფარშევანგი, მაგრამ მოყვარულები „ბარხატნი“ ფარშევანგს ეძახიან. მყავს „თეთრი“ ფარშევანგი, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი და ბუნებაში არ არსებობს. ფაქტობრივად, ეს სამი ნაირსახეობა მყავდა, შემდეგ „ჩვეულებრივი“ და „თეთრი“ ფარშევანგი შევაჯვარე გამოვიდა ახალი სახეობა, რომელთაც „არლეკინებს“ ეძახიან. პირადად მე, გამოვიყვანე ფარშევანგის ახალი სახეობა, რომელსაც „კობალტის“ფარშევანგი ჰქვია. თუ ფარშევანგი არის ჩვეულებრივ მწვანე ფერებში, ეს უფრო მელნისფერია. ჩემს შემთხვევაში „კობალტის“ ფარშევანგი ვაქციე სახეობად და მისი წიწილა გამოდის მისივე მსგავსი. იყო შემთხვევა, პირველად ჩვენი ზოოპარკის ბიჭები მოვიდნენ. განყოფილების უფროსის მოადგილე ცოტა ემოციური ბიჭია. ლამის გაგიჟდა, აბო, ეს არ არის, აუ, ბიჭო, მართლა მაგარი ყოფილხარო. უიშვიათესი 30 სახეობის მტრედი, 12-13 სახეობა შარშან გამოვიდა, კვერცხი გამომიგზავნეს ჩემმა ძმებმა საბერძნეთიდან. საქართველოში მარტო მე მყავს ჯერჯერობით. ჩემს კოლექციაშია აბრეშუმისებრი ქათამი, რომელსაც ბუმბულის ნაცვლად ბეწვი აქვს, ასევე შავხორციანი ქათამი, ზანგი. დღეს საქართველოში ფრინველებისადმი ინტერესი ძალიან პასიურია. მოვუწოდებ მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, არ შეზღუდონ შვილები ამ სფეროში.