რის მერე დასერიოზულდა და დაღვინდა თამთა შედანია და რა გამოცდა ჩაუტარა მან ჩინეთში საკუთარ თავს
„მის საქართველომ“ და მოდელმა თამთა შედანიამ, რომელსაც წლების განმავლობაში უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, შვილის გაჩენის შემდეგ, გარკვეული პერიოდით, პაუზა აიღო. თუმცა, ცოტა ხნის წინ ის ჩინეთში იმყოფებოდა და თავის სამოდელო კარიერას კიდევ ერთი წარმატებული სამი თვე შეჰმატა.
თამთა შედანია: ბავშვის გაჩენის შემდეგ რომის „ფეშენ-ვიქზე“ ვიყავი ერთი კვირის განმავლობაში. მერე კი გარკვეული პაუზა ავიღე. ახლა მია წამოიზარდა და შემიძლია, უცხოეთში ვიმუშაო. ამ ეტაპზე სამი ქვეყნიდან მქონდა შემოთავაზება და რადგან ევროპაში კრიზისია, ამიტომ აზიაზე გავაკეთე არჩევანი. შვილი მყავს, სამსახურის გამო კი გარკვეული პერიოდი მომიწევს მისი დატოვება, ამიტომ ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, წავიდე იქ, სადაც უფრო მეტს გადამიხდიან.
– პროფესიონალი, გამოცდილი მოდელი ხარ და შესაბამისად, უკვე გექნება შენი მოთხოვნებიც.
– რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი მოთხოვნები. არ ვარ დამწყები მოდელი, რომელმაც ყველა შანსი უნდა გამოიყენოს მომავალი წარმატებისთვის. ასეთი შანსი ბევრი გამოვიყენე – 10 წელია, ვმოგზაურობ, ვმუშაობ და ახლა ჩემთვის ფინანსური საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ცნობილ ჟურნალში დაბეჭდვა. ამდენი ხნით მია არასდროს დამიტოვებია და ძალიან გამიჭირდა. პირველი, რისგანაც სტრესი მივიღე, ეს იყო იმის წარმოდგენა, რომ მიას გარეშე მომიწევდა ამდენი ხნით ყოფნა. ეს სტრესი იქნებოდა როგორც ჩემთვის, ისე ბავშვისთვისაც. თავიდან რომ ჩავედი და სკაიპში ველაპარაკებოდი მიას, ძალიან ნერვიულობდა. ამიტომ, დედაჩემს ვუთხარი: ისე მესაუბრე, ბავშვმა არ დამინახოს-მეთქი. თუმცა, მერე შეეგუა და დღეში სამ საათს „სკაიპში“ მასთან ერთად ვატარებდი. იქიდან გამომდინარე, რომ მარტოხელა დედა ვარ, არ მინდა, შვილს რაიმე მოაკლდეს. ამიტომ, უნდა ვიმუშაო, რადგან ჩემ გარდა მას სხვა ვერავინ მიხედავს. შანხაიში საკმაოდ დაკავებული ვიყავი, რადგან დატვირთული სეზონიც იყო და კარგი შემოთავაზებებიც მქონდა. ძირითადად, კატალოგებზე მიწევდა მუშაობა. ასევე, ერთ-ერთი ჟურნალის, „მატროს“ წინა ყდისთვის მქონდა გადაღებები და ჩემი ფოტოები დაიბეჭდა ყდაზეც და შიგნითაც. ეს იყო ჩემი პორტფოლიოსთვის კიდევ ერთი შენამატი. გარდა ამისა, მქონდა ორიგინალი „გესის“ ჩანთების რეკლამის გადაღება და ასევე, „ზარას“ ახალი კოლექციის ვებ-საიტის მოდელად გადამიღეს. კიდევ იყო – რეკლამები, „ფეშენ-შოუები.”
– რის რეკლამებში გადაგიღეს?
– სატელევიზიო რეკლამებში გადამიღეს. ერთ-ერთი იყო სახის კრემის რეკლამა, რომელიც მალე გამოვა. ჩინური ბრენდის ნაწარმია, რომელიც მთელ ჩინეთში იყიდება და თითქმის ყველგან, მონიტორებზე ამ რეკლამას აჩვენებენ. გარდა ამისა, ფილმში გადამიღეს. ფილმი პეკინში გამოვა, მასში ცნობილი ჩინელი მსახიობები მონაწილეობენ. მთავარი გმირის, ფოტოგრაფის როლს ასევე, ცნობილი მსახიობი ასრულებდა. ჩვენ კი ვიყავით მისი მოდელები და ფოტოებს გვიღებდა. ნახევარსაათიან ეპიზოდში ვმონაწილეობდით. რთული იყო, თუმცა კამერებთან მუშაობას მიჩვეული ვარ, ემოციებისა და ხასიათის შეცვლა არ მიჭირს. დებიუტი შედგა ფილმში, თან ჩინეთში. საკმაოდ საინტერესო ფილმია. ეს არის გოგონაზე, რომელსაც მკერდის სიმსივნე აქვს და გარკვეული მესიჯები დევს. ამიტომ, სურთ, კანის ფესტივალზე გააგზავნონ. საფესტივალო ფილმია. სულ მინდოდა, საკუთარი თავი მსახიობის ამპლუაში გამომეცადა. მინდოდა გამეგო – შევძლებ? ასე რომ, პასუხი გავეცი საკუთარ თავს – არ გამჭირვებია და თუ შემომთავაზებენ ისეთ ფილმში გადაღებას, რომელიც ჩემს მოთხოვნებთან და პრინციპებთან თანხვედრაში იქნება – რატომაც არა.
– რა მოთხოვნები და პრინციპები გაქვს?
– არასდროს გავიხდი ფილმში და არასდროს მივიღებ მონაწილეობას სექსუალურ სცენებში. 10 წელია, მოდელი ვარ, არაერთხელ მქონია შემოთავაზება, გამეხადა, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი. შანხაიშიც უნდოდათ თხელი კოლგოტის რეკლამაში გადაღება – ჩემი ფეხის მოყვნილობა, სიგრძე მოეწონათ. მაგრამ, უარი ვუთხარი, არ მინდა და არ მიღირს გავაკეთო ისეთი რამ, რაც დისკომფორტს შემიქმნის. ამიტომ, იყო სამუშაოები, რომლებზეც სიშიშვლის გამო უარი ვთქვი. თუმცა, შეიძლება, ეს ბევრისთვის არაფერს ნიშნავს. დღეს საქართველოში ტენდენციაა – ვინც იხდის, პოპულარობის მიღწევის მარტივ გზას ირჩევს. ჩემთვის, რაც მარტივია, ის არ არის საინტერესო. პირიქით, სირთულეები მიყვარს.
შანხაიდან წამოსვლამდე შემეხმიანია სინგაპურელი ფოტოგრაფი, რომელიც ხანჯოუში იყო. ჩვენ 3 წლის წინ ვთანამშრომლობდით, მაშინაც კრეატიული იდეები ჰქონდა და გადავწყვიტეთ, ახლაც გვეთანამშრომლა. ინდონეზიელი დამწყები დიზაინერის ახალი კოლექციიდან სამ კაბაში გადავიღეთ ფოტოები. შანხაიში ცნობილი მეიქაფ არტისტი გვყავდა, საკმაოდ საინტერესო ფოტოები გამოვიდა. მეც ჩემი პორტფოლიო განვაახლე კრეატიული ფოტოებით.
– მაინც ხანგრძლივი პაუზა გქონდა, ხომ არ გაგიჭირდა მუშაობის თავიდან დაწყება?
– პირველი ერთი კვირა ძალიან გამიჭირდა მოდელის ცხოვრებასთან შეგუება. თან, ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული, ამ შემთხვევაში – სააგენტოზე. მაგრამ, ზოგადად, ადვილად შემიძლია ადაპტირება და თან, ჩემს საქმეში ყოველთვის მაქსიმუმს ვდებ – ბოლომდე, მაქსიმალურად ვიხარჯები. ამიტომ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. როდესაც საქმეს ვიწყებ, მასში მთელ ჩემს ენერგიას ვდებ და შედეგიც ყოველთვის კარგია.
– ძალიან კარგ ფორმაში ხარ. როგორი ემოცია ჰქონდათ, როცა იგებდნენ, რომ შვილი გყავს?
– იცოდნენ შვილი რომ მყავდა, მაგრამ მაინც გაუკვირდათ. სააგენტოს უფროსი მეუბნებოდა, ყველაზე ახალგაზრდად შენ გამოიყურებიო, არადა 16-17 წლის მოდელები ჰყავდათ. კომპლიმენტებს ვიღებდი. ხალხს, ძირითადად, არ სჯეროდა, რომ შვილი მყავდა და მერე ფოტოებს ვაჩვენებდი. ჩამოიყვანე, ისიც მოდელი იქნებაო. ამ ასაკის გოგონებმა არ იციან პოდიუმზე სიარული. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში შანხაიში და ხანჯოუში „ფეშენ-ვიქები“ იყო. ამიტომ, სააგენტოში მთხოვეს, მათთვის სიარული მესწავლებინა. მეც ასეთი ვიყავი მათ ასაკში. პროფესიონალ მოდელად არ დავბადებულვარ. ასე რომ, კარგად მესმოდა მათი.
– პატარა გოგონებს რომ უყურებდი, არ გახსენდებოდა 16-17 წლის თამთა?
– როგორ არ მახსენდებოდა. ვუყურებდი პატარა, ლაღ ბავშვებს... მე უკვე ძალიან დავსერიოზულდი, გავიზარდე, დავღვინდი. სანამ შანხაიში წავიდოდი, საკუთარ თავში არ ვიყავი გარკვეული – რომ არ იცი, რა გინდა, თითქოს დაკარგული ვიყავი. რომ წავედი, ბევრ რამეზე დავფიქრდი, მოვდუნდი, დავალაგე აზრები, ფიქრები და უკვე ვიცი, რა მინდა. ბევრი რამ მინდა, მაგრამ მთავარი ის არის, ვიცი, რა რის მერე მინდა. დავალაგე გეგმები. იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. ამის მერე შინაგანად ძალიან დავმშვიდდი, კარგად ვარ.
– ამ გეგმებში პირადი ცხოვრების მოგვარებაც შედის?
– მარტოობა, ალბათ, ყველასთვის რთულია. ჩემ გვერდით კარგ ადამიანს ვისურვებდი, თუმცა არავის ვეძებ. ერთ რამეს მივხვდი: არავინ არ უნდა ეძებო. ზოგადად, როცა რაღაცას დიდ ყურადღებას არ აქცევ, ის თავისით ხდება. ოდესმე ხომ მოვა და თუ არ მოვა, არც მაგაზე ვიდარდებ.