კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იდო ვაჟა მანიას ცხოვრებაში სასწორზე და რისი გემო ვერ გაიგო მან ამერიკაში

მეოთხე წელია, რაც ვაჟა მანია ბოსტონში, „ბერკლის“ სამუსიკო კოლეჯში სწავლობს. რადგან სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით მას თითქმის ყოველი სემესტრის შემდეგ ექმნება პრობლემები, ამ საკითხის გასარკევად და მოსაგვარებლად ხშირად დიდი ხნით უწევს საქართველოში ჩამოსვლა და ამიტომაც მისი სწავლა „ბერკლიში“ საკმაოდ გახანგრძლივდა.

 ვაჟა მანია: მაისის მერე თბილისში ვარ. ხვალ მივდივარ ამერიკაში (ინტერვიუ ჩაწერილია 6 იანვარს, – ავტორი). მინდა, ყველას, თითოეულ ადამიანს, მადლობა გადავუხადო იმისთვის, ვინც ამ ყველაფრის გაგრძელებაში დამეხმარა. პერიოდულად, ყოველთვის დგება ის მომენტი, ისე ცუდად იხატება ყველაფერი, რომ ჩემი წასვლის ამბავი გაურკვეველია. ბევრი ხალხი ვაწვალე და, საბოლოოდ, ყველამ ერთად მოვახერხეთ ის, რომ ვაგრძელებ სწავლას. რაც უფრო გადის წლები, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელო სწავლა. ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია, უბრალოდ, ბევრ დროს ვკარგავ. თუმცა, მთავარი მაინც შედეგია და ამიტომ ამ დროსაც ფუჭად კი არა, წვალებაში ვკარგავ. ზოგს ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად გამოსდის, ზოგს – რთულად. მთავარია, რომ შედეგის მჯერა და ამიტომ ეს ჩავარდნები ბევრ დაბრკოლებას არ მიქმნის, ჩემი ოპტიმიზმი, საქმისადმი სიყვარული მეხმარება. რომ მომკლა, ვერ დავნებებდი. ამდენმა  წელმა გაიარა და, მივხვდი, რომ ზომაზე მეტად ოპტიმისტი ვარ. ამ წლის მეორე ნახევარი საკმაოდ რთული იყო, მაგრამ მომავალი შედეგი მაინც მამხნევებს და იმედიანად მივდივარ. აქ ყოფნის მთელი 7 თვე მაინც ამ საკითხის მოგვარებას დავუთმე. რთული იყო, სანერვიულო, სასწორზეც იდო, მაგრამ, ბევრი ადამიანის დახმარებით ყველაფერი კარგად დამთავრდა.
– ეს ერთ-ერთი რთული ეტაპი იყო შენს ცხოვრებაში?
– შეიძლება ითქვას, ყველაფერი ერთად მოხდა. თუმცა, ჩემს განწყობას არასდროს არ გადავდებ სხვებს. ის, რაც ჩემია, მირჩევნია, ჩემთვის ერთად მოვუკრა თავი. ორივე მხარე ჩემია: ცოტა – მოწყენილობა, ცოტა – მხიარულება და ორივე მომწონს, განსაკუთრებით – მუსიკაში. მძიმე და ღრმა მუსიკაც მიყვარს, ასე რომ, ორივე მხარე მაქვს: კარგიც და მძიმეც. ან, რომ მომენატრება, ისე მოვქოქავ თავს, რომ მძიმე ხასიათზე გადავიდე. სიღრმეები საჭიროა ჩემს საქმეში, თან, ყველაფერი ცხოვრებას მოაქვს, შენით ვერ დაგეგმავ ამას. ამიტომ, ის მხარეც უნდა შეიყვარო და ეს მხარეც. ძალიან დიდი არ ვარ, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ გამოვცადე და გამოცდილების ხარჯზე გამიკეთებია ბევრი რამ. ცხოვრება ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, ჩემი – ცუდიც და კარგიც. ცუდმა რაღაცეებმა არ უნდა გაგაბოროტოს. თუ სხვა კუთხით, უფრო აზრიანად შეხედავ, მერე უფრო საინტერესო ხდება ცხოვრება და უფრო მეტ სტიმულს გაძლევს. ცოტა ფანტაზიორიც უნდა იყო, ოღონდ, საკუთარ თავთან კი არა, მეგობრებთან ერთად. თან, მაიმუნის წელია და მიყვარს მაიმუნობები. ეს ყველაფერი კი ჩემს ბავშვურობაში, ბავშვურ ხასიათში გამოიხატება – ასაკის მომატების მიუხედავად, ეტყობა, შემომრჩა ეს ყველაფერი.
– ახლა ჩახვალ ამერიკაში და ყველაფერს თავიდან ახალი შემართებით დაიწყებ.
– რამდენჯერაც წავედი, ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს თავიდან ვიწყებდი ყველაფერს. არ მაქვს იმის უფლება, რომ ასე არ მოვიქცე, რადგან, იმდენი შრომა მაქვს ამაში ჩადებული... პირიქით, სწავლასთან ერთად, რაღაც განსაკუთრებულს ველოდები, ეს ისეთი რამ არის, შეიძლება, 1 წუთში აფეთქდეს. მეც მზად ვარ ამისთვის, მჯერა საკუთარი თავის და, ვიცი, რომ ის განსაკუთრებული აუცილებლად იქნება. მთავარია ნებისყოფა, ზოგადად კი წარმატების საწინდარი მოთმენა, შრომა და პოზიტიური განწყობაა. მთავარია მოითმინო, სისულელე არ ჩაიდინო და არ გააფუჭო. მოთმენა ძალიან დიდი დოზით მაქვს. აქამდე ბევრი ვითმინე და კიდევ ბევრის მოთმენა შემიძლია, ოღონდ, გზადაგზა შედეგები უნდა იყოს.
– რის უფლებას არ  აძლევ საკუთარ თავს?
– საკუთარ თავს არასდროს ვანებივრებ. არაფრის უფლებას არ ვაძლევ, პირიქით: როზგი, იმეცადინე, იმეცადინე!.. ახლა რომ ჩავალ, მთელი დრო სწავლას უნდა დავუთმო. მაიმუნის წელია და მაიმუნობას ერთ დღეს დავუთმობ, სხვა რამის დრო არ არის: მწარე როზგი 2016 წელს! სხვა ადამიანები უფრო მანებივრებენ და ეს მეხმარება. აქ რომ ვრჩები ხოლმე 5-6 თვე, მერე სულ სხვა განწყობით ვიწყებ სწავლას. მინდა, რომ გადავაბა სემესტრები, მაგრამ ეს არ გამოდის, ჯერ ამის გემო ვერ გავიგე. კარგი იქნება, თუ გავიგებ, რადგან ეს ისევ ჩემს საქმეს, წინსვლას აკლდება, რადგან აუცილებელია იქ ყოფნა, საქმის ბოლომდე მიყვანა.
– რამდენი წელია, „ბერკლიში“ სწავლობ?
– 2012 წლიდან ვსწავლობ. ალბათ, ასე ნელა უნდა მივიდე იქამდე. იმედგაცრუება რაღაც მომენტში მაქვს. დასაწყისში კვირა-ნახევრის განმავლობაში, ვიკეტები, მაგრამ მერე ავტოპილოტი მერთვება და თავიდან, შემართებით ვიწყებ ყველაფერს. თორემ ეს ყველაფერი ხასიათზეც მოქმედებს და ურთიერთობაშიც ცუდი ტიპი ვხდები: მოწყენილი, ცუდ ხასიათზე, ვიღაცას რაღაცას ვერ „გავუსწორებ.” ასეთი არც საკუთარ თავს სჭირდები და არც არავის. ეს კვირა-ნახევარი გრძელდება და მერე უკვე ვიქოქები. პირად ცხოვრებაში უფრო დიდხანს გრძელდება ხოლმე ეს ეტაპი, რადგან, საქმეში ყველაფერი მაინც შენზეა დამოკიდებული, პირადში კი, როცა რაღაცა ორ ადამიანზეა დამოკიდებული, მარტო შენ ვერ გადაწყვეტ.
– რას გამოარჩევდი „ბერკლიში“ გატარებული 4 წლიდან? არაერთი წარმატება, წინსვლა და დადებითი შეფასებები გქონდა...
– ცუდი მხარე ყოველთვის მაძლევდა სტიმულს, რომ არ გავჩერებულიყავი; კარგი მხარე კი მახსენებდა ყველაფერს. თან, ის გარემო, დამოკიდებულება რაც „ბერკლიშია“, ენით აუწერელია და თითქმის ყველაფერზე მათქმევინებს უარს. მიხარია, როდესაც კარგს ამბობენ, კარგად მაფასებენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ მყოფნის, რადგან, ძალიან  თვითკრიტიკული ვარ. თუმცა, შედეგს ვხედავ და, დარწმუნებული ვარ, იქ თუ ვიქნები, წარმატებას აუცილებლად მივაღწევ და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ; გეგმებიც კი მაქვს დაწერილი: რა რის მერე იქნება. კოლეჯში რომ ვსწავლობდი, დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე ვმეცადინეობდი, შედეგი კი არ ჩანდა. სახლშიც უკვირდათ: დადის, დადის და შედეგი არ არისო. მაგრამ, საკუთარ თავში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, იმდენად მჯეროდა შედეგის, რომ მექნებოდა, ვშრომობდი, ვწვალობდი. მოთმენა შემეძლო, ნერვები არ მეშლებოდა. სხვებს უშლიდა ეს ცოტა ნერვებს:  ერთ ოთახში ჩაკეტილი, მუსიკას მეცადინეობ და, შედეგს რომ ვერ ხედავდნენ, ნერვიულობდნენ. ზაქარია ფალიაშვილის მეორე სამუსიკო სასწავლებელში ვსწავლობდი 2003 წლიდან და ყოველთვის ვოცნებობდი, ოდესმე „ბერკლიში“  მესწავლა. მასწავლებელი მყავდა, რომელმაც იცოდა, როგორი იყო „ბერკლიში“ სწავლება და, ისეთ (ოღონდ, მცირე ფორმით) გარემოს გვიქმნიდა. ეს კიდევ უფრო მეტად მქოქავდა. ერთ დღესაც, რომ ვკითხე: რა უნდა ჩავაბარო გამოცდაზე-მეთქი. ამიხსნა და ვიფიქრე: ამ პროგრამას თუ მოვერევი-მეთქი. მარტივი აღმოჩნდა ჩემთვის და უფრო მეტად მოვიქოქე. ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ეს იყო საოცარი შეგრძნება, არც კი მჯეროდა. „ბერკლიში“ რომ მივედი, გამახსენდა ის წვალება, დილის 7 საათზე მეგობრები რომ მივდიოდით სამეცადინოდ, თან, ზოგჯერ დენიც არ იყო და გაყინული გვქონდა ხელები. გამართლებაც არის ცხოვრებაში, ოღონდ, ეს დიდი შრომის შედეგად მოდის. ახლა კიდევ ერთი ოცნება მაქვს: ამ ყველაფრის რეალიზება ამერიკაში, მაღალ დონეზე, სერიოზულ ეტაპზე გადასვლა. არ მინდა, ჩემს ცხოვრებაში ფუჭად გავიდეს დრო. 10 წლის შემდეგ რომ გამოვიხედავ, მინდა, დავტკბე შედეგებით. ვიცი, ეს ჩემს მეგობრებსაც უხარიათ. მეც ყველაზე მეტად მაშინ ვივსები, როცა მათ ვასიამოვნებ და იმედებს არ ვუცრუებ მათ, ვისაც ჩემი სჯერა და ჩემზე დიდი ამაგი აქვს.

скачать dle 11.3