როგორ გადაიქცა თეკლა დათებაშვილი ლევან სუხიტაშვილის შვილიდან ცოლად და რამდენჯერ გადაურჩა ის ლონდონში სიკვდილს
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე რამდენიმე ახალი პერსონაჟი გამოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი „ჩაქუჩას“ ცოლი ხათოა, რომლის როლსაც მსახიობი თეკლა დათებაშვილი ასრულებს. თეკლა პროფესიით მსახიობია, თუმცა წლების განმავლობაში მერიაში მუშაობდა და პარალელურად, მხოლოდ რამდენიმე როლი აქვს შესრულებული.
თეკლა დათებაშვილი: პროფესიით მსახიობი ვარ. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სერგო ზაქარიაძის სახელობის კოლეჯში ვსწავლობდი. თავიდან ძალიან მინდოდა, რეჟისურა შემესწავლა, სცენარებსაც „ვჯღაბნიდი“ ჩემი ჭკუით (იცინის). თუმცა, ასეთი ფაკულტეტი რომ არ იყო, ჩავაბარე სამსახიობოზე იმ პერსპექტივით, რომ მოგვიანებით, სარეჟისოროზე გადავიდოდი. ისე მოხდა, რომ პირველივე კურსზევე დამაკავეს სადიპლომო სპექტაკლში და იქიდან დაიწყო ჩემი მსახიობობისადმი სიყვარული. ამიტომ, გადავწყვიტე, სწავლა თეატრალურ ინსტიტუტში გამეგრძელებინა სამსახიობო ფაკულტეტზე. სწავლის პროცესში, როგორც წესი, როლები თვითონ მოდის შენთან, მაგრამ, როცა დავამთავრე და უკვე მე უნდა მივსულიყავი როლებთან, მაშინ ცოტა ვიზარმაცე (იცინის). არ მიყვარს სინჯებზე სიარული, სულ ალბათ 5 ქასთინგზე ვარ ნამყოფი და იმასაც საკუთარ თავს ვაიძულებდი (იცინის). საკმაოდ დიდი ხანი მერიის საორგანიზაციო სამსახურში ვმუშაობდი, დაახლოებით რვა წელი და ამ პერიოდში სულ სამი როლი შევასრულე.
– „ჩემი ცოლის დაქალებში“ როგორ მოხვდი?
– სერიალში ჩვეულებრივად, ქასთინგის საშუალებით მოვხვდი და ასე გავხდი „ქალბატონი ჩაქუჩა“ (იცინის). მე და „ჩაქუჩა“, ანუ ლევან სუხიტაშვილი ჯგუფელები და დიდი ხმის მეგობრები ვართ. სწავლის პერიოდში მამაჩემის როლს თამაშობდა „ღია შუშაბანდში“. ახლა ქმრის როლს თამაშობს და იმედია, მომავალში ისე არ მოვტყდები, რომ ჩემი შვილი ათამაშონ (იცინის). მსახიობებს თავისი გმირები უყვართ და არც მე ვაღიარებ ბოლომდე, რომ ეს ცუდი გოგონაა და ცუდად მოიქცა. არ ჩანს, რომ ქმარს უღალატა. თვითონ ხომ ამბობს, სერიოზული არაფერი ყოფილაო (იცინის). მიუხედავად დიდი პაუზისა, გადაღებისას განსაკუთრებული სირთულეები არ შემქმნია, თუმცა, კამერასთან მუშაობის გამოცდილება ნაკლებად მაქვს. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ეპიზოდურ როლს და ლონდონის კინოაკადემიაში „კამერასთან მუშაობის“ რამდენიმეთვიან კურსს.
– როგორ გახსენდება იქ ყოფნის პერიოდი?
– ზოგადად, რადიკალური ცვლილებები არ მიყვარს და ამიტომ, გადაბმულად ოთხი თვე უცხო გარემოში ყოფნა, ცოტა გამიჭირდა. თუმცა, ის პერიოდი მაინც კარგად მახსენდება – მნიშვნელოვანი რაღაცეები შემძინა. სხვათა შორის, ძალიან კარგი თურქი ჯგუფელები მყავდნენ და ამიტომ ეს ხალხი შემიყვარდა. მახსოვს, ერთხელ სახლში წვეულება მოაწყვეს. ყველას რაღაც უნდა მიგვეტანა და მე რატომღაც გადავწყვიტე, რომ ამ თურქებში ღორის ხორცი წამეღო. სუპერმარკეტში მისი ყველანაირი სახეობა ვიყიდე და ასე, დატვირთული მივედი წვეულებაზე. მითხრეს, ახლა დაჯექი და ჭამე ეს ყველაფერიო (იცინის). სხვათა შორის, იქ ყოფნისას რამდენჯერმე კინაღამ ავტობუსი დამეჯახა, თუმცა, სიკვდილს ყველა ჯერზე გადავურჩი და ცოცხალი დავბრუნდი თბილისში (იცინის).
– სერიალში გამოჩენის შემდეგ თუ გრძნობ, რომ მაყურებელი გცნობს?
– ჩემი ოჯახის წევრებმა ნამდვილად მიცნეს (იცინის). ზოგადად კი, ჩემი თვითმიზანი არ არის პოპულარობა. არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი. თუმცა, ჩემი პროფესია ისეთია, გინდა არ გინდა, ასე ხდება. ამ შემთხვევაშიც ამაზე არ მიფიქრია, უბრალოდ, მინდოდა, ჩემი პროფესიით მემუშავა. წლების წინ, მესამე კურსზე ვიყავი, როცა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „დებიუტზე“ ჩვენი სპექტაკლი „ღია შუშაბანდი“ გავიდა. დაჯილდოებაზე მივდიოდი და გზაში წამიერად გავიფიქრე, ახლა მე რომ გადმომცენ რაიმე პრიზი-მეთქი. მივედი და მართლაც მე დამასახელეს ნომინაციაში – ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლი. – ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, ეს ისე მოულოდნელი იყო, კარგა ხანს ვერ მივხვდი, რა მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი როლი მთავარი იყო, უფრო მეორეხარისხოვანი როლი გახლდათ. მოკლედ, გაოცებული, კარგა ხანს ვიყურებოდი აქეთ-იქეთ. ბოლოს ძალით ამაყენეს ფეხზე და სცენაზეც საოცრად დაბნეული ავედი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ წამყვანი მაღალი გოგო იყო. გმადლობ-მეთქი, ავძახე მიკროფონში და უკან გამოვიქეცი (იცინის). ასე რომ, ყურადღება მაბნევს, თუმცა, გულის სიღრმეში ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.
– როგორც ჩანს, წინასწამეტყველების ნიჭიც გაქვს.
– არ ვიცი, მე ამას ინტუიციას ვეძახი. უცებ რაღაცას გავიფიქრებ, რაც არსებულ სიტუაციასთან აბსოლუტურად არაა კავშირში და მალე მართლაც ისე ხდება. მაგალითად, სანამ ტელეფონს დავხედავ, ვიცი, ვინ მირეკავს ან ვინ დამირეკავს. ვინმესთან რომ დავრეკავ ხოლმე, მეუბნებიან, ზუსტად ამწუთას ვაპირებდი შენთან დარეკვასო და ასე შემდეგ. ოღონდ ეს ძალიან ხშირად ხდება. მგონი, მე და ლელა კაკულია ვართ ასე (იცინის). სამსახიობოზე თუ არაფერი გამომივიდა, მერე ხელზე მკითხაობას დავიწყებ (იცინის).
– მეუღლის და შვილის შესახებაც მოგვიყევი.
– ჩემი მეუღლე – კიტა როყვა, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბიჭია (იცინის). არის ეკონომისტი, რეჟისორი და უკვე არქიტექტორიც. ბედი რომ არ მაქვს, მსახიობი გოგო ცოლად რეჟისორს გავყევი და არქიტექტორი გახდა (იცინის). ცოტა ხნის წინ სპექტაკლიც დადგა „ფსიქოზი“, თუმცა მთლიანობაში ამ საქმისთვის მაინც უჭირს დროის გამონახვა. ის ერთ-ერთ სპექტაკლზე მუშაობის დროს გავიცანი. ეს იყო ლევან ხვიჩიას „აბსენტი“, რომელიც რუსთაველის მცირე სცენაზე დაიდგა. ლევანი და ჩემი მეუღლე რობერტ სტურუას მაგისტრანტები იყვნენ. აქედან დაიწყო ჩემი და აწ უკვე ჩემი მეუღლის ურთიერთობა, რომელიც საკმაოდ მალე განვითარდა და გაცნობიდან, სადღაც რვა თვეში, დავქორწინდით. როგორც ყველა წყვილი, ჩვენც წავედით საქორწინო მოგზაურობაში და სხვათა შორის, პირველად სწორედ იქ ვიჩხუბეთ. თან ისე, რომ ცალ-ცალკე ვაპირებდით დაბრუნებას, ბილეთები უნდა გადაგვეცვალა. თუმცა, მერე ყველაფერი მშვიდობით დამთვრდა და ერთად წამოვედით. მას შემდეგ ხუთი წელია, ერთად ვართ. გვყავს ოთხი წლის ნიცა, რომელიც ბაღში დადის. დედას გოგოა. არცერთი დღე და ღამე არ გაუტარებია დედის გარეშე. ისე ვართ, რომ მამა უკვე ცოტას ეჭვიანობს, მე საერთოდ აღარ მაქცევთ ყურადღებასო. ნიცა ძალიან გათამამებული გოგოა. მთელი სანათესაო ისე ვაკეთებთ ყველაფერს, როგორც ის იტყვის (იცინის). სხვათა შორის, ისეთი ბავშვი არაა, რომელიც სულ მინდა, მინდას გაიძახის. მე უფრო ვთავაზობ ხოლმე – დედა ეს არ გინდა?! ერთხელ მაღაზიაში შემარცხვინა. თვითონ რაღაც აარჩია და როცა მე სხვა რაღაცაზეც ვუთხარი, იქნებ ესეც-მეთქი, შემომიბრუნდა და მითხრა: დედა, საკმარისია, რა საჭიროა ამდენი სათამაშოო... თან, სამი წლის იყო. ყველა მე მიყურებდა და ძალიან შემრცხვა (იცინის). წელს თოვლის ბაბუას ძალიან გაუთამამდა. სია შეადგინა, რომელშიც 32 სახეობის სურვილი ეწერა, სათამაშო, კაბები და ასე შემდეგ. ავუხსენით, რომ თოვლის ბაბუა აქედან თვითონ ამოარჩევდა ერთს, მაგრამ მაინც 17 შევუსრულეთ (იცინის), რადგან გვითხრა, მე ვიცი, რომ ის მაინც მომიტანსო. მოკლედ, გიჟი დედა ვარ. მასთან თითოეულ სიტყვას ვაკონტროლებ, რაც კარგი არაა, შუალედის დაცვა საჭიროა. ამის გამო ბაღში ცოტა უჭირს, რადგან იქ ასე არ ანებივრებენ.