რატომ ჩასვა ლავრენტი ბერიამ ჰაუპტვახტში შვილის მეგობრის მაიორი მამა
ლავრენტი ბერიას სექსუალური თავგადასავლები გაზვიადებული რომ იყო, ადვილად დაამტკიცეს ისტორიკოსებმა და მისი ბიოგრაფიის მკვლევრებმა; ანუ, მას არც დრო და არც ენერგია არ ეყოფოდა საიმისოდ, რასაც მიაწერენ. თუკი ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ ბერიას დღეში ექვსი საათი განუწყვეტელ სექსში უნდა გაეტარებინა, რაც აბსურდია... სექსუალური მანიაკის იარლიყი ბერიას მხოლოდ იმიტომ მიაკერეს მისმა მკვლელებმა, რომ მის წინააღმდეგ შეთითხნილი შავი პიარი კიდევ უფრო საშინელი და ამაზრზენი ყოფილიყო მილიონობით ადამიანის თვალში... ბერია, რა თქმა უნდა, არ იყო ანგელოზი და არც გულჩვილი ადამიანი, მაგრამ, მისი მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ, რომ ის სანიმუშო მეოჯახე, ცოლ-შვილზე უზომოდ შეყვარებული და მზრუნველი კაცი იყო. ნიშანდობლივია ამ კუთხით ბერიას მეუღლის, ნინო გეგეჭკორის ფრაზა. როდესაც ბერიას ვერაგული მკვლელობის შემდეგ გამომძიებელმა მას ბერიას „სექსუალური დანაშაულების“ ბრალდება გააცნო, ბერიას ქვრივმა მიუგო: მე და ლავრენტი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყოველღამე ერთად ვიყავით და, არ ვიცი, როდის ახერხებდა ის სხვა ქალებთან, თანაც ასეთ ინტენსიურ ურთიერთობებსო... სისულელეა ისიც, რომ, თითქოს ბერიას ბრძანებით, ნორჩ გოგონებს პირდაპირ ქუჩებიდან იტაცებდნენ და მის ასობნიაკში მიჰყავდათ, შემდეგ კი მათ ბერია აუპატიურებდა, კლავდა და თავისი სახლის სარდაფში მარხავდა... ბერიას სარდაფი საგულდაგულოდ გადათხარეს სპეციალისტებმა, მაგრამ იქ ქათმის ძვალიც კი ვერ აღმოაჩინეს...
ლავრენტი ბერიამ ნორჩი და ულამაზესი გოგონა ნინო თეიმურაზის ასული გეგეჭორი, რევოლუციონერ საშა გეგეჭკორის სახლში გაიცნო. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ. 1924 წლის 24 ნოემბერს კი მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც სერგო დაარქვეს. ისტორიკოსი ივანე ხმელნიცკი წერს: „სერგო რომ გაჩნდა, ლავრენტი ბერია მაშინ 25 წლის იყო. ახალგაზრდობის მიუხედავად, საქართველოს „ჩეკაში“ მაღალი თანამდებობა ეკავა – ის ოპერატიული სამმართველოს უფროსი იყო და უპერსპექტიულეს თანამშრომლად ითვლებოდა. ნინოს 23 ნოემბრის დილას, გიორგობის დღესასწაულზე ასტკივდა მუცელი და ის თავად ლავრენტიმ წაიყვანა სამშობიაროში. ბერია იმ დღეს პირადად მართავდა თავის სამსახურებრივ მანქანას, მძღოლი კი სამსახურში გაუშვა და დააბარა:
– ჩემ მაგივრად მოიბოდიშე და უთხარი, რა დღეშიც ვარ.
სამშობიაროს პალატაშიც თავად აჰყვა ბერია მეუღლეს, იქ ორიოდე საათი დაყო და, ექიმის რჩევით, სამსახურში დაბრუნდა. თუმცა, ყოველ ნახევარ საათში რეკავდა ამბის გასაგებად. სამშობიაროს მორიგემ, რომელსაც, როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა ბერიას ზარები, მიახალა:
– რა შეგვაწუხეთ, ამხანაგო! თქვენი მეუღლის გარდა კიდევ ოცი ქალი მშობიარობს; ყველას ქმარმა რომ ასე ხშირად რეკოს, ხაზი დაკავდება და, შეიძლება, სასწრაფო გამოძახებაზე რეაგირება ვერ მოვახერხოთო.
მაშინ ბერიას ასე ფართოდ არ იცნობდნენ, თუმცა მისი სახელი და გვარი თითქმის ყველამ იცოდა. ამ სიტყვებზე ბერიას ჩაეცინა და უპასუხა:
– ბოდიშს გიხდით. მართალი ხართ. თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს: ჩემი ცოლი რომ იმშობიარებს, დამირეკეთ, – მერე თავისი კაბინეტის ნომერი უკარნახა და დაამატა: – კომუტატორზე რომ მოხვდებით, უთხარით, ბერიასთან დამაკავშირეთ, მისი ცოლის ამბავი უნდა გავაგებინო-თქო.
ამ სიტყვების გაგონებაზე სამშობიაროს მორიგე მიხვდა, ვისაც ელაპარაკებოდა და აკანკალებული ხმით ბოდიშების მოხდა და თავის მართლება დაიწყო, ბერიამ კი უთხრა:
– საბოდიშო არაფერი გაქვთ, თქვენ მართალი ხართ. როგორც შევთანხმდით, დამირეკეთ.
ვაჟის დაბადების ამბავი ლავრენტი ბერიას დედამისმა, მართამ შეატყობინა მეორე დღეს, 24 ნოემბერს. მან სამსახურში დაურეკა შვილს, ვაჟის დაბადება მიულოცა და სთხოვა:
– ლავრენტი, შვილო, ეკლესიაში ჩაირბინე, დიდი სანთელი დაანთე და ღმერთს მადლობა შესწირე, რომ ვაჟი მოგცა.
ბერიას დედა ღრმად მორწმუნე ქალი იყო და შვილს ასეთი რამ იმიტომ ურჩია. შეასრულა თუ არა ბერიამ დედის თხოვნა, უცნობია, თუმცა, პატარა სერგოს პატიოსნად ზრდიდა, სიკეთესა და წესიერებას ასწავლიდა და, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალაუფლება ჰქონდა, არ ანებივრებდა.
პატარა სერგო ბერია, სტალინისა და კრემლის სხვა მესვეურების შვილების მსგავსად, თბილისის რიგით სკოლაში სწავლობდა. სტალინის ვაჟის, პატარა ვასილისგან განსხვავებით, სერგო წყნარი და დამჯერი ბავშვი იყო, ფრიადებზე სწავლობდა და განსაკუთრებულ ნიჭს ტექნიკურ საგნებში ამჟღავნებდა. ვასილისგანვე განსხვავებით, რომელიც კარგა ხანს ინკოგნიტოდ სწავლობდა სკოლაში, სერგოს პედაგოგებმა მშვენივრად უწყობდნენ, თუ ვისი ვაჟი იყო ის. ერთხელ სკოლაში თავად ლავრენტი ბერია მივიდა და დირექტორს სერგოს ამბავი გამოჰკითხა, რაზეც ყოველმხრივ დადებითი პასუხი მიიღო.
– ნუთუ საერთოდ არაფერს აშავებს? – გაუკვირდა ცეკას პირველ მდივანს.
– აბსოლუტურად არაფერს, ამხანაგო ლავრენტი, ყოველმხრივ სანიმუშოა, – მიუგო დირექტორმა, ვარლამ გოგიბერიძემ ბერიას და დაამატა: – ბავშვს აშკარად ეტყობა, რომ მისი აღზრდით სერიოზულად ხართ დაკავებული.
– არა, – თავი გააქნია ბერიამ, – სერგოს ჩემი მეუღლე, ნინო ზრდის, მე კი საამისოდ თითქმის არ მრჩება დრო.
ზემოთქმულის მიუხედავად, ლავრენტი ბერია მაინც ახერხებდა სერგოსთან ურთიერთობას და მისთვის სასარგებლო რჩევა-დარიგებების მიცემას.
ერთ კვირა დილით, 10 წლის სერგო ბერია თავის ამხანაგებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა სახლის წინ, ქუჩაში. იმ დღეს ლავრენტი პავლოვიჩი მხოლოდ შუადღისთვის უნდა გასულიყო სახლიდან და ამიტომ შინ იყო. მას ფანჯარაში გაუხედავს და დაუნახავს, როგორ მოხვდა მის შვილს მალხაზ იაშვილის მიერ მთელი ძალით დარტყმული ბურთი სახეში და ცხვირიდან სისხლი წასკდა. სერგოს არ უტირია, თუმცა ძალიან ეტკინა. იქვე მალხაზის მამა იმყოფებოდა, რომელიც მილიციაში მუშაობდა, მაგრამ იმ დღეს ისვენებდა და ბავშვების ფეხბურთის თამაშს ადევნებდა თვალს. გამწარებული სერგო რომ დაუნახავს, ჯერ მისთვის აღმოუჩენია პირველადი დახმარება, შემდეგ კი შვილის ცემა დაუწყია. ამის შემსწრე ლავრენტი ბერია ლამის ღამის პიჟამით ჩაჭრილა ეზოში და ჯერ მალხაზი გამოუგლეჯია მამამისისთვის ხელიდან, შემდეგ, მისივე ბრძანებით, მილიციელი სამი დღით ჩაუსვამთ ჰაუპტვახტში და მაიორისთვის საყვედური გამოუცხადებიათ. სამი დღის შემდეგ ჰაუპტვახტიდან გათავისუფლებული მაიორი ბერიამ კაბინეტში დაიბარა და დაემუქრა:
– მაიორო, თუ „პუსტა-პუსტობა,“ ან, უარესი – ციხე არ გინდა, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ახლა კი წადი და წესიერად იმუშავეო.