რატომ არ მოუწონა სტალინმა მარშალ ჟუკოვს ბერლინის აღების გეგმა
ფაშისტური არმიის სტალინგრადთან განადგურების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო და საბჭოეთის გამარჯვებაში უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი. თუმცა, ჰიტლერული არმიები დანებებას არ აპირებდნენ და ჩვენს ჯარებს სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ. მსხვერპლი ორივე მხარეს ძალიან დიდი იყო და ერთ-ერთ სხდომაზე დიდმა ბელადმა სამხედროებს უთხრა:
– ამხანაგო გენერლებო, მაქვს ცნობები, რომ მიუხედავად ჩვენი დიდი გამარჯვებებისა, ჩვენი მხრიდან უამრავი ჯარისკაცი იღუპება ბრძოლებში და გთხოვთ, ისე დაგეგმოთ სამხედრო ოპერაციები, გაუმართლებელი მსხვერპლი არ იყოს. ჩვენმა ხალხმა ისედაც დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში და ზედმეტად ნუ დავაობლებთ ოჯახებს, – სტალინმა ოთახში გაიარ-გამოიარა და მარშალ ჟუკოვს მიმართა:
– ამხანაგო ჟუკოვ, მე თქვენ დიდად გაფასებთ და თქვენი როლი ჩვენს წარმატებაში მნიშვნელოვანია. თუმცა, როდესაც თქვენ მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციები გავაანალიზე, იმ დასკვნამდე მივედი, რომ არაერთ შემთხვევაში, ფაშისტებმა იმიტომ წააგეს ბრძოლები, რომ თქვენ მათ უამრავი ჯარისკაცი შეაწყვიტეთ. მარტივად რომ ვთქვათ, მათ ტყვიები გაუთავდათ ჩვენების დასახოცად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს მომენტი და უფრო აკურატულად მოეკიდოთ საქმეს. გასაგებია?
– გასაგებია, ამხანაგო სტალინ, – მიუგო სახეწამოჭარხლებულმა მარშალმა უმაღლეს მთავარსარდალს და ცივად დატოვა მისი კაბინეტი, რადგან სტალინის სიტყვები მის პროფესიონალიზმს აკნინებდა. ასეთი რამ კი საქვეყნოდ ცნობილი მარშლისთვის დიდი შეურაცხყოფა და თავზე ლაფის დასხმა იყო.
ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სტალინის კაბინეტში კვლავ შეიკრიბნენ სამხედროები, რომლებიც უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ეთათბირებოდნენ უმაღლეს მთავარსარდალს ფაშისტური გერმანიის დედაქალაქის, ბერლინის აღების შესახებ. წარმოდგენილი იყო ამ ოპერაციის ჩატარების ორი გეგმა. პირველი გეგმის ავტორი გახლდათ მარშალი ჟუკოვი, მეორის კი – ჯერ კიდევ არმიის გენერალი კონსტანტინე როკოსოვსკი. ჟუკოვის გეგმის მიხედვით, საბჭოთა არმიას ისეთი მასირებული იერიში უნდა მიეტანა ბერლინზე, რომ ის მაქსიმუმ ორ კვირაში დაეცემოდა. ოპერაცია 15 აპრილს უნდა დაწყებულიყო და თვის ბოლოს დასრულებულიყო. თუმცა, ჟუკოვის ოპერაციას 450-500 ათასი საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირებოდა. სამაგიეროდ, ნაკლებმსხვერპლიანი გეგმა წარმოადგინა კონსტანტინე როკოსოვსკიმ. ამ გეგმის მიხედვით, არმიის გენერალი შემოვლით მანევრს სთავაზობდა უმაღლეს მთავარსარდალს. შემდეგ ფაშისტების ალყაში მოქცევას და მათთვის უსიტყვო კაპიტულაციის შეთავაზებას. მართალია, ეს ოპერაცია ორმოც დღეზე იყო გათვლილი და ივნისის პირველ დეკადაში დასრულდებოდა, სამაგიეროდ, ბევრად ნაკლებ მსხვერპლს, მაქსიმუმ 50 ათასი ჯარისკაცის სიცოცხლეს შეიწირავდა, ანუ – 10-ჯერ ნაკლებს, ვიდრე ჟუკოვის გეგმით იყო მოსალოდნელი.
სტალინმა ჯერ ჟუკოვს მოუსმინა, შემდეგ როკოსოვსკის და პაუზის მერე თქვა:
– ბერლინის სწრაფი აღება მაცდური წინადადებაა, თუმცა არ გვიღირს ასეთ მსხვერპლად და ვფიქრობ, გენერალ როკოსოვსკის გეგმა უნდა მივიღოთ.
ჟუკოვი და როკოსოვსკი ორი გამორჩეული სარდალი იყო. ამის გამო მათ ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ. მათ ისიც კარგად იცოდნენ, რომ ვინც ბერლინს აიღებდა, მეორე მსოფლიო ომის მთავარ გმირადაც, სტალინის შემდეგ, მას შერაცხავდნენ. ჟუკოვი ძალიან ამბიციური იყო და სტალინის სიტყვები რომ მოისმინა, გაკადნიერდა და დიდ ბელადს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, ვფიქრობ, რომ თუკი როკოსოვსკის გეგმას მივიღებთ, ძალიან დიდ შეცდომას დავუშვებთ.
– რატომ ფიქრობთ მასე? – დინჯად ჰკითხა ბელადმა ამბიციურ მარშალს.
– იმიტომ, ამხანაგო სტალინ, რომ როგორც სამხედრო დაზვერვის რამდენიმე ძალიან სანდო წყარო მატყობინებს, ანგლო-ამერიკულ ძალებს ბერლინის აღების ელვისებური გეგმა უკვე შემუშავებული აქვთ და დიდი ძალებიც ჰყავთ გამზადებული. ისინი არც უზარმაზარ მსხვერპლს მოერიდებიან. ფაშისტურ ციტადელს ჩვენზე ადრე ჩაიგდებენ ხელში და ჩვენ კი პირში ჩალაგამოვლებულს დაგვტოვებენ. მით უმეტეს, რომ ფაშისტები მათ დიდ წინააღმდეგობას არ გაუწევენ და სიამოვნებით გაუღებენ ბერლინის კარს.
სხდომას ბერიაც ესწრებოდა, რომელმაც სტალინს დაუდასტურა, რომ ანგლო-ამერიკელები საბჭოთა კავშირის ზურგსუკან სეპარატულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ფაშისტებთან.
ბერიას სიტყვებმა დიდი ბელადი დააფიქრა და პაუზის შემდერ როკოსოვსკის ჰკითხა:
– თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
როკოსოვსკი ფეხზე წამოდგა და სტალინს მიუგო:
– ამხანაგო სტალინ, ვფიქრობ, ისინი დაჰყვებიან ჩვენს ნებას. ამასობაში კი ჩვენ ნაკლებმსხვერპლიან ოპერაციას ჩავატარებთ და გავიმარჯვებთ.
სტალინს ჩაეცინა და როკოსოვსკის უთხრა:
– დიპლომატებს, რა თქმა უნდა, ჩავრთავთ, მაგრამ რისკი დიდია. რუზველტი კიდევ ჰო, ალბათ, ხელს აიღებს ამ სიბინძურეზე, მაგრამ აი, ჩერჩილი კი – მეეჭვება. ეს ბრიტანელი გამოუსწორებელი მატყუარაა. ერთს ამბობს, მეორეს ფიქრობს და მესამეს აკეთებს. მისი ნდობა არ შეიძლება და გამორიცხული არაა, რუზველტიც დაარწმუნოს იმაში, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოგვატყუოს. მაშინ რაღა უნდა ვქნათ?
– ბოლო სიტყვა თქვენზეა, ამხანაგო სტალინ! – თქვა როკოსოვსკიმ და დაჯდა.
სტალინმა ჩიბუხი გააბოლა და თქვა:
– მე ახლა გავალ და ჩერჩილსა და რუზველტს პირადად დაველაპარაკები. თქვენ კი, ამხანაგო ჟუკოვ და ამხანაგო როკოსოვსკი, კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენს გეგმებს და იქნებ შეჯერდეთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით და სწრაფად აიღოთ ბერლინი.
სტალინი პატარა ოთახისკენ გაემართა და კაბინეტიდან რომ გავიდა, ჟუკოვმა ნიშნისმოგებით უთხრა როკოსოვსკის:
– არმიის გენერალი, ჯარისკაცი ხართ და ასეთ მძიმე სიტუაციაში სენტიმენტალიზმი არ გამკობთ. გამარჯვებისთვის დიდი მსხვერპლიც კი გამართლებულია. ბოლო-ბოლო, უმაღლესმა (სტალინმა) ეს ხალხი თვლით ხომ არ ჩაიბარა ნიკოლოზ მეორისგან?
როკოსოვსკის პასუხი არ გაუცია ჟუკოვისთვის და როგორც სტალინმა დაუბარა, მათ შეჯერებული მოქმედებების გეგმაზე დაიწყეს მსჯელობა. ერთი საათის შემდეგ სტალინი დაბრუნდა და იკითხა:
– რა ჰქენით, შეაჯერეთ გეგმები?
სარდლებმა ბელადს შეჯერებული გეგმა გააცნეს, რომლის მიხედვითაც, ბერლინი მაისის პირველ დეკადაში დაეცემოდა და 300-350 ათასი ჯარისკაცი დაიღუპებოდა. სტალინმა გეგმა გააანალიზა და თქვა:
– ეს გეგმა იდეალური არაა, მაგრამ ძველებს ჯობია, – მან ჟუკოვზე შეაჩერა მზერა და დააყოლა:
– ამხანაგო ჟუკოვ, და მაინც, თქვენ მოგიწევთ ბერლინის აღება. გეგმით ასეა გათვლილი.
ჟუკოვი ეიფორიაში იყო და სტალინს მიუგო:
– ამხანაგო სტალინ, ბერლინს საბჭოთა ჯარისკაცები აიღებენ. მე კი, უბრალოდ, მათი მეთაური ვარ.
სტალინს ჩაეცინა და ჟუკოვს უთხრა:
– იმ ადამიანების მეთაური, ვინც იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ჩემთვის თვლით არ ჩაუბარებია და ამიტომ სწირავთ ასე იოლად მათ სიცოცხლეს, ხომ?
– სტალინის სიტყვებზე ყველა გაშრა. არავის ეგონა, თუ დიდმა ბელადმა მოისმინა ჟუკოვის ეს უკმეხი ფრაზა, რადგან ფიქრობდნენ, რომ სტალინი სხვა ოთახში იყო. სტალინს კი ძალიან მახვილი სმენა ჰქონდა – აბა, ჟუკოვი ამას როგორ წარმოიდგენდა? ბელადმა გააბოლა და ჟუკოვს ჰკითხა:
– მარშალო, ნაპოლეონზე რა აზრის ხართ?
– უდიდესი სარდალი იყო, – მიუგო გაფითრებულმა ჟუკოვმა.
– ჰოდა, ამ უდიდესი სარდლის სიტყვებია – სანაგვეზე უნდა გადააგდო ის გენერალი, ვინც თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს არ აფასებსო, – სტალინმა პაუზა გააკეთა და დაამატა, – სხვათა შორის, ნაპოლეონი შემდეგ იმპერატორიც გახდა და პოლიტიკით იყო დაკავებული. აი, ამას კი არ გირჩევთ. სხდომა დასრულდა. თავისუფლები ხართ.
გაფითრებულმა ჟუკოვმა პირველმა დატოვა სტალინის კაბინეტი.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით