კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოინდომეს ერთმორწმუნე ბიზანტიელებმა ვახტანგ გორგასლის მოტყუება და რისთვის გაუჩეხა თავი ქართველმა ხელმწიფემ იმპერატორის დისშვილს

ვახტანგ გორგასალმა ისარგებლა სპარსეთისა და ბიზანტიის დაპირისპირებით, მიემხრო სპარსელებს და მათთან ერთად ილაშქრა ბიზანტიაში, რათა ოკუპირებული ტერიტორიები დაებრუნებინა. სპარსელებმა, ქართველებთან და სხვა კავკასიელებთან ერთად, არაერთი მარცხი აწვნიეს ბიზანტიას აღმოსავლეთში. ბიზანტიის კეისარი ლეონ პირველი იძულებული გახდა ფარულად დაეწყო მოლაპარაკება ერთმორწმუნე ქართველ მეფესთან და შეჰპირდა, რომ მის ყოველ მოთხოვნას შეასრულებდა – თანასწორად სცნობდა ქართველ მეფეს, დააბრუნებდა ოკუპირებულ ტერიტორიებს, აღიარებდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას და მიათხოვებდა თავის ასულს.
კეისარმა დამატებითი ძალები შეკრიბა, კონსტანტინოპოლიდან გამოაგზავნა 500 დრომონი (გემი), თითოეულზე 500-500 მეომარი ისხდა. უბრძანა, მიახლებოდნენ ვახტანგის ჯარს, ოღონდ არ შებრძოლებოდნენ. თვითონ კი ხმელეთის გზით წამოიყვანა 800 000 მეომარი (ალბათ, რიცხვი გადაჭარბებულია). როცა ბერძენთა ნაწილები მოახლოვდნენ და გადმოსხდნენ გემებიდან, სპარსელებს უნდოდათ შებრძოლება, მაგრამ გორგასალმა არ დაანება.
ამასობაში პეტრე მღვდელი, ქართლის მომავალი პირველი კათალიკოსი, რომელიც გორგასალსა და კეისარს შორის ელჩად იყო გამწესებული, დაბრუნდა ჩვენს მეფესთან და საიდუმლოდ საჩუქრები მიართვა – ჯვარი შუამდგომლად, საიმპერატორო გვირგვინი და შესამოსელი, როგორც თანაბრად აღიარების სიმბოლოები და საიდუმლოდ გადმოსცა ბიზანტიის კეისრის დანაბარები:
„ნუ გაგვერიდებით, დადექით ჩვენს მოსვლამდე. ის სპარსელები კი, რომლებიც შენთან არიან, დავხოცოთ, სანამ სპარსეთში შეგვასწრებენ. დაგიბრუნებ თუხარისს და ქართულ ტერიტორიებს“.
ვახტანგ მეფემ ყველას გასაგონად უპასუხა: „აქ მოვედით შენთან საბრძოლველად, თუ თქვენ არ შემოგვებმებით, ჩვენ მოვალთ კონსტანტინოპოლთან“.
ფარულად კი შეუთვალა დამოყვრების მოსურნე იმპერატორს:
„რაც არ შეშვენის ღვთისმოყვარებას, სხვას ნუ შესთავაზებ, რადგან დაუნდობლობა არ შვენის პატიოსან კაცს. ახლა შენ რომ ჩაგიგდო ხელში სპარსული ჯარი და დაგახოცვინო, სახელი გამიტყდება. მათ უმეტეს, მათ ჯარისკაცების დიდ ნაწილს აქვთ პატივისცემა ქრისტესი, მაგრამ შიშით ვერ აცხადებენ. ეს საქმე მშვიდობიანად მოვაგვაროთ, როგორც ადრე იმპერატორმა ივბიმიანოსმა (იოვიანემ) და სპარსელებმა. როცა საბოლოოდ შეასრულებ ჩემს მოთხოვნებს, ყველაფერს მოვაგვარებ. ოღონდ ნუ ჩაიდენთ რაიმე ცუდ საქმეს, ნურც ომს მოისურვებთ, ნუ დაღვრით სისხლს, რათა არ დაეცეს მახვილისგან თქვენი ხალხიც. თქვენი ჯარი გალაღებული იყო სპარსებზე გამარჯვებით. სპარსები შეშინებული კი არ არიან, არამედ შურისძიება უნდათ, თქვენთან ბრძოლა სწყურიათ. ამიტომ, მოკვდებიან ან შურს იძიებენ და სისხლს აიღებენ. მაგრამ, თუ შენი ჯარები შეებრძოლებიან, მე არაფერ შუაში არ ვიქნები“.
გააგზავნა ელჩად თავისი მამამძუძის ძმა, ვარაზ-მიჰრი და სამოელ მონაზონი, მომავალი მეორე კათალიკოსი მცხეთისა.
კეისარი ამასობაში ქალაქ ტრაპიზონს (თუ სინოპს) მოდგომოდა. ქალაქის მცხოვრებლები მიეგებნენ, აქებდნენ და მადლობას უხდიდნენ ვახტანგ მეფეს, რომელმაც დაინდო ქალაქი და არ დაახოცვინა მოსახლეობა. როცა გორგასლის ელჩები ქალაქში შევიდნენ, მოქალაქეებმა ძღვნად მიართვეს უამრავი უძვირფასესი სურნელი, ათასი შუშა მუშკი, ხუთასი ამბარი, ათასი ლიტრა ალვა.
სპარსულ-კავკასიური კოალიციური ნაწილები საალაფოდ იყვნენ გასულები. მათთან საბრძოლველად ქალაქის მკვიდრებთან ერთად,  გაემართნენ ბიზანტიელები და შეუკრეს ხეობები. გორგასალი აიძულებდა კოალიციის მეომრებს არ ეძარცვათ ქვეყანა. ამ დროს მოვიდა ვახტანგის დედის ძმა, რანის (ბარდავის) მმართველ ვარაზ-ბაკური და რისხვით მიმართა გორგასალს:
„ჰოი, გველო და ასპიტის ნათესავო! მამაშენის დედა ბერძენი იყო, ნათესავი ივბიმიანოსის (იმპერატორ იოვიანესი). გძლია შენ ბებიაშენის ჯიშმა და გაქვს სიყვარული ჯვარცმული კაცისა, რომელიც მოკვდა და გინდა, ჩაგვაგდო ბერძნების ხელში!“
გაბრაზებულმა გორგასალმა უპასუხა:
„აჰა, შენ და ბერძნები! იხილავ მომკვდარი და მკვდრეთით აღმდგარი კაცის ძალას“.
სცეს საყვირები და მოემზადნენ საბრძოლველად სომხები, სპარსები და დარუბანდის მეფე. ქართველები არ გავიდნენ საომრად. გორგასალი დაჯდა თეთრ სპილოზე და ერთ-ერთი გორაკიდან უყურებდა შეტაკებას. ბრძოლა გაიმართა ზღვისა და მდინარის შესართავთან.
ბერძნებმა მოკლეს 27 000 მეომარი და მათ შორის ვახტანგის ბიძა, ასევე ლეკთა მეფე იპაჯაჯი და ბევრი ერისმთავარი. აღმოსავლელები დამარცხდნენ. ბიზანტიის ჯარს ხელმძღვანელობდა პალეკარპოს ლოღოთელი (პოლიკარპე ლოგოთეტი), იმპერატორის დისწული, რომელმაც მოკლა არა ერთი სპარსთა დიდებული, მათ შორის გორგასლის ბიძა.
ვახტანგ მეფემ შესძახა:
„ჩვენ მშვიდობა გვინდოდა, მაგრამ სპარსთა თავაშვებულობამ შეურაცხჰყო ღმერთი. და ღმერთმა მიაგო შესაბამისად. მოკლეს ერისთავი რანისა, რომელსაც იგლოვს ყოველი სპარსი. დამდაბლდა თავკერძოობა სპარსელებისა, მოაბრძანეთ ჯვარი და წარვიმძღვაროთ. რითაც გვძლევდნენ, იმითვე ვძლიოთ! იქმენით მეომარნო ძედ ძლიერებისა“.
მოაბრძანა პეტრე მღვდელმა წმიდა ჯვარი. მეფემ უთხრა: დადექი მტრისა და ჩვენი ხალხის წინაშე და უთხარი ყველას: „თაყვანი ეცით ჯვარს და დავამარცხებთ მტერს“, რომელიც არ სცემს თაყვანს, მოკალითო.
მეფემ უბრძანა დემეტრეს, თავის ერისთავს და სპასპეტ ჯუანშერს, რათა გაყოლოდნენ ჯვარს. ქადაგი ხმამაღლა აცხადებდა: „რომელიც არ სცემს თაყვანს ჯვარს, მოკვდება“. მეომრები ეთაყვანებოდნენ ჯვარს. მაგრამ, მეფე ბორზო მოვაკნელმა უარი განაცხადა. სცა ლახვარი მას ჯუანშერ სპასპეტმა და მოკლა. აღარავის უკადრია ჯვრის გმობა.
მეფემაც თაყვანი სცა ჯვარს.
ბერძნები, სპარსული ნაწილების დამარცხების შემდეგ, ქართველი მეფის ქვეშევრდომ ქართულ-კავკასიურ ნაწილებს მიეტევნენ.
როგორც ჩანს, ბიზანტიელებმა ვერაგულად იფიქრეს: რადგან დაამარცხეს ქართველების მოკავშირე სპარსები, მოვაკნელები და სომხები, ბარემ ქართველებსაც დავამარცხებთ, მათ მეფესთან დადებული ხელშეკრულებაც გაუქმდება და არ დაგვჭირდება დავუბრუნოთ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო და აფხაზეთიო. გადაწყვიტეს, ერთი დარტყმით ქართული პრობლემაც მოეხსნათ იმპერიისთვის.
წინ მოუძღოდათ პოლიკარპოსი, როგორც მგელი. სისხლში მოსვრილი, გამძვინვარებული ლომივით იძახდა და შეურაცხყოფდა ჩვენს მეომრებს.
გორგასალმა ბრძანა, რომელიც შეებრძოლება, ჩემი მეფობის სწორად გამოვაცხადებო. ქადაგმა ორჯერ შემოიარა ჯარი, მაგრამ, ხმა არავის ამოუღია.  მაშინ ვახტანგ მეფემ თქვა: „მივენდობი შენს ძალას უფალო, როგორც დავით მეფე გოლიათის წინააღმდეგ ბრძოლისას. რადგან ესეც იგინება და შეურაცხყოფას აყენებს ჯვარს. დაინახა, ჯვარი მაქვს აღმართული და კი არ გაგვანება თავი და მიბრუნდა. ჯვრის იმედით გავალ საბრძოლველად“.
ილოცა გორგასალმა, ამოიღო ხმალი, ეამბორა ჯვარს, გავიდა ჯარებს შორის და მიაძახა პოლიკარპოსს:
„ლომი არ ბაძავს ხარს, მე მეფე ვარ და შენ მონა, მაგრამ დავდებ სიმდაბლით თავს ჩემი ხალხისთვის, რათა ირწმუნონ ჯვრის ძალა!“
სწრაფად შემოუტია ბერძენთა უძლეველმა სარდალმა, ვახტანგი ნელ-ნელა მიიწევდა წინ. ორივეს ყვირილი ქუხილივით ისმოდა და შეიძრა ქვეყანა. მოუქნია ლახვარი პოლიკარპოსმა ქართველ მეფეს და დაასო ვიგრის (ნიანგის) ტყავის ფარზე. მაჯის სიმსხო ლახვარმა გაიარა ვიგრის ტყავი. ვახტანგმა მიანება ფარი, ხმალი ჩასცხო ბიზანტიელს ჩაბალახზე და ბეჭებამდე გააპო ორად. გადმოხტა ცხენიდან, აიღო პოლიკარპოსის გახეთქილი თავის ნახევარი, მიიტანა ჯვრის წინაშე და თქვა: შენგან ყოველი განდგომილი ასე ნაწილად იქცევაო!
ვახტანგის ჯარებმა შეუტიეს ბიზანტიელთა არმიას, მიამწყვდიეს ზღვასთან და მხოლოდ მათ შეძლეს გაქცევა, ვინც ნავით გაცურა. იმ დღეს ვახტანგ მეფეს 43 000 ჯარისკაცი დაეღუპა. ბერძნებიდან კი მოიკლა 72 000. ტყვედ აიყვანეს 124 000 ბერძენი მეომარი (ალბათ ცნობები გადაჭარბებულია).  შემდეგ მოძებნეს ვარაზ-ბაკურის გვამი, იგლოვეს, შემურეს საბრით (ერთგვარი ბალახით) და მურით (სურნელოვანი ზეთით) და ბარდავს გააგზავნეს.

скачать dle 11.3