დედაქალაქის გადასარჩენად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-1(483)
კაკუბავა ჩამონგრეული კარის ჩარჩოსთან მივიდა. ჯაფარიძე მიიხმო და უთხრა:
– აი, სოსო, დააკვირდი ამ ერთადერთ გამოშვერილ ლურსმანს, როგორი სისხლიანია... აი, სისხლის წვეთებიც...
– მაგარი ხარ, ძმაო, საღოლ, – თავი გააქნია ჯაფარიძემ. კაკუბავამ კი უთხრა:
– დარწმუნებული ვარ, რომ ლურსმანზე არსებული სისხლი და აბრეზას სისხლი ერთმანეთს დაემთხვევა. ჭრილობების მიმართულება კი იმ ფაქტს დაამტკიცებს, რომ ოთახში ის ძალით შემოიყვანეს. გარდა ამისა, შეიძლება, არც ტროსზე აღმოჩნდეს აბრეზას თითების ანაბეჭდები, რაც იმისი დასტურია, რომ ტროსი სხვამ ან სხვებმა დაკიდეს. გარდა ამ ნიუანსებისა, შეიძლება, სხვა სამხილებიც გამოიკვეთოს. ერთი სიტყვით, ახლა აქ საუკეთესო ექსპერტ-კრიმინალისტმა უნდა იმუშავოს. გვამი კი გამოცდილმა პათანატომმა გამოიკვლიოს... და კიდევ ერთი, ჩემი აზრით, აბრეზას მკვლელობაში, მინიმუმ, სამი ადამიანი მონაწილეობდა. ორი, ვინც ის აქ ძალით შემოათრია და ერთი – ვინც აქაურობას ანათებდა. თუმცა, შეიძლება, მეტნიც კი იყვნენ. აი, სულ ესაა. ახლა კი აქედან ძალიან ფრთხილად უნდა გავიდეთ, რომ კვალი არ წავშალოთ და ექსპერტ-კრიმინალისტები შევუშვათ.
კაკუბავამ რომ ლაპარაკი დაასრულა, აბრეზას ბარაკთან ხმები გაისმა და რატიმ თქვა:
– მე მგონი, საბურთალოს პოლიცია მოვიდა თავიანთ პროჟექტორიანებიანად.
– რატი, ფრთხილად გადი და უთხარი, რომ არ შემოვიდნენ. ახლავე გამოვალ და საქმის კურსში ჩავაყენებ, – უთხრა კაკუბავამ რატის, რომელიც ფრთხილად, მაგრამ ჩქარი ნაბიჯებით გავიდა აბრეზას ბარაკიდან.
***
ჯაფარიძე და კაკუბავა რომ გარეთ გავიდნენ, პოლკოვნიკმა ბუხუტი ბაქრაძემ ცოტა არ იყოს გაბრაზებით ჰკითხა კაკუბავას:
– გამაგებინე ერთი, რა ხდება ვარლამ, რატომ არ უნდა შევიდეთ შიგნით?
კაკუბავამ მხარზე მოუთათუნა ხელი პოლიციის უფროსს და დაამშვიდა:
– ნუ ბრაზობ, ბუხუტი, იქ კვალია და ამდენი ადამიანი რომ ერთდროულად შევიდეს, წაიშლება, მნიშვნელოვანი სამხილები გამოგვეცლება ხელიდან.
– რა სამხილები, კაცო, აბრეზამ თავი არ მოიკლა?! – თქვა ბაქრაძემ და რატის გადახედა, რომლისგანაც ეს ამბავი შეიტყო.
ჯაფარიძემ ხელკავი გამოსდო პოლიციის უფროსს, ვარლამთან ერთად ათიოდე ნაბიჯით განზე გაიწია და ხმადაბლა, სხვებს რომ არ გაეგოთ, უთხრა:
– თავიდან ჩვენც ასე გვეგონა, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარადაა და სავარაუდოდ, აბრეზა მოკლულია.
– მოკლული? – გაიმეორა ბაქრაძემ, – კი მაგრამ, ვის უნდა დასჭირვებოდა ამ საცოდავი ბომჟის მოკვლა?
– ჯერ არ ვიცით და სწორედ ამიტომ გამოგიყვანეთ ცალკე, რომ გაგაფრთხილოთ: ამ ვერსიის გაჟღერება არ შეიძლება. ნურც თქვენს თანამშრომლებს ეტყვით. თუ ჩვენი ვარაუდი დადასტურდა, მაშინ ამ საქმესაც ჩვენი უწყება წაიღებს.
– კი ბატონო, არავის ვეტყვი, – მიუგო პოლიციის უფროსმა ანტიტერორისტული დეპარტამენტის თავმჯდომარეს. კაკუბავამ კი მოშორებით მდგომი ექსპერტ-კრიმინალისტი, გამოცდილი ვანო გურგენიძე მოიხმო და უთხრა:
– ვანიჩკა, შენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს, თანაც ენას კბილი უნდა დააჭირო. ხომ გაიგე?
გურგენიძეს გაეცინა და უთხრა:
– ჯერ მხოლოდ ის გავიგე, ვარლამს ვენაცვალე, რომ საგულდაგულო მოკვლევა უნდა ჩავატარო და არ ვილაყბო. მაგრამ, ერთი ეს მითხარი, ოდესმე თუ გინახავს ჩემი ზერელე ნამუშევარი ან ენის ჭარტალი თუ შეგიმჩნევია?
– კარგი, კარგი, ნუ ბრაზობ. არაა ახლა ამის დრო. მოკლედ, ასეა საქმე – ჩამომხრჩვალს მარჯვენა მკლავსა და ბარძაყზე ლურსმანზე გამოდებული ორი ჭრილობა აქვს. ერთადერთი ლურსმანი, შესასვლელში, ჩამონგრეული კარის ჩარჩოს მარცხენა მხარეზეა იატაკიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე. ამან დამაეჭვა და ამ ორიენტიროვკას გაძლევ. დანარჩენი კი შენ იცი.
– გასაგებია, – ჩაეცინა გურგენიძეს, – ან მიცვალებული უკუღმა შეფრინდა ოთახში, ლურსმანს წამოედო და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. ან ის, მინიმუმ, ორმა კაცმა ჰაერში ატაცებული შეათრია შიგნით და ჩამოახრჩვეს.
კაკუბავამ ხელები გაშალა და ჯაფარიძეს უთხრა:
– აი, ექსპერტიც ასეთი უნდა. ზეპირად იცის ყველაფერი.
– რა ცოდნა უნდა, ბიჭო, რა ინფორმაციაც მომაწოდე, ასეთი სურათი იხატება და რა ძნელი მისახვედრია, – მიუგო გურგენიძემ.
– მიდი, მიდი, დროს ნუ კარგავ. შედი და თვითონ გაარკვიე ყველაფერი. ვფიქრობ, სხვა ფაქტებსაც აღმოაჩენ, – გაეცინა ვარლამს. ჯაფარიძემ კი დაამატა:
– ბატონო ვანო, ჩვენ აქ დაგელოდებით და თუკი რამე დაგჭირდებათ, გვიხმეთ.
გურგენიძემ ჯაფარიძეს ხელით ანიშნა, კარგიო. შემდეგ თავის თანაშემწე გოგონას უთხრა:
– ქეთი, წავიდეთ. უკან მომყევი და ყურადღებით იყავი.
რატიმ ყურადღებით გააყოლა თვალი ტანწერწეტა ექსპერტ-კრიმინალისტ გოგონას, რომელიც ფრთხილი ნაბიჯებით გაჰყვა უკან თავის უფროსს და აბრეზას ბარაკის ეზოში შევიდა.
ვარლამ კაკუბავას არ გამოჰპარვია რატის ყურადღება ლამაზი ექსპერტ-კრიმინალისტი გოგონას მიმართ და ჰკითხა:
– შეყვარებული თუ გყავს, ბიჭო?
– არა, ბატონო ვარლამ, – ჩაეცინა რატის.
– მალე გეყოლება, – მრავალმნიშვნელოვნად მიუგო კაკუბავამ. შემდეგ ბაქრაძეს მიუბრუნდა:
– ბუხუტი, ძმაო, ჩემზე ნაწყენი ხარ, ხომ?
– ჩიტოც რომ წამართვი, იმას გულისხმობ? – შეუღრინა პოლიციის უფროსმა და შემდეგ ჯაფარიძეს შეხედა, – ბატონ სოსოს უმადლოდე. მან დამარწმუნა, რომ ასე იყო საჭირო, თორემ ჩიტოს ისევე ვერ იხილავდი, როგორც საკუთარ ყურებს.
– კარგი, კარგი, ნუ ბრაზობ. ერთი კარგი რესტორანი ჩემზეა, – უთხრა ვარლამმა. ბუხუტი ბაქრაძემ კი მიუგო:
– ეგ თავისთავად. ბატონი სოსოც უნდა დაპატიჟო.
ჯაფარიძეს გაეღიმა. ამ დროს მისმა ტელეფონმა დარეკა და პოლკოვნიკმა უპასუხა.
– გისმენ, ზურაბ. კარგი, დაგველოდეთ. მე და პეტრიაშვილი რომ მოვალთ, მერე დავიწყოთ. უჩვენოდ არავინ დაკითხოთ. ჩვენ აბრეზას ბარაკთან ვართ. ჩეპეა და რომ მოვალთ, მერე გეტყვი.
სოსო ჯაფარიძემ ტელეფონი გათიშა. შემდეგ საათს დახედა, ღამის ორი საათი ხდებოდა და რატის ჰკითხა:
– სახლში თუ შეატყობინე, რომ შეგაგვიანდება? უფრო სწორად, რომ ვერ მიხვალ. ალბათ, ღამის გათენება მოგვიწევს.
– დიახ, შევატყობინე, ბატონო სოსო, – მიუგო რატიმ.
ჯაფარიძის ტელეფონმა კვლავ დარეკა და პოლკოვნიკმა უპასუხა:
– გისმენ, დონალდ. კარგი. გასაგებია. მე ქალაქში ვარ რატი პეტრიაშვილთან ერთად. ეგენი ოფისში მიიყვანე და ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ საათში მოვალთ.
***
რატი პოლკოვნიკის მისაღებში რომ შევიდა, მორიგე ოფიცერმა ჰკითხა:
– რატი პეტრიაშვილი თქვენ ხართ?
– დიახ, – მიუგო რატიმ.
– ბატონმა სოსომ თქვა, რომ მოვა, შემოვიდესო. შებრძანდით.
რატიმ ჯაფარიძის კაბინეტის კარზე დააკაკუნა, შეაღო და შეჩერდა. ოთახში ჯაფარიძისა და ონილის გარდა, ვაშინგტონიდან სპეციალურად ჩამოფრენილი ეფბეერელების ოთხეულიც დახვდა. პეტრიაშვილი ასეთ წარმომადგენლობით შეკრებას არ ელოდა და ამიტომ შეყოვნდა. ჯაფარიძემ კი მას უთხრა:
– შემოდი, შემოდი. რას დგახარ.
რატი კაბინეტში შევიდა და ამერიკელებს მიესალმა. მათ სალმითვე უპასუხეს და ის მაგიდას მიუჯდა. ონილმა კი თანამემამულეებს ღიმილით უთხრა:
– ამ ყმაწვილზე შეიძლება ითქვას, რომ გემიდან პირდაპირ მეჯლისზე მოხვდა. სწორედ რატიმ ამოიცნო მოკლულში აბდულ-აზიზ ქემალი და, საერთოდ, ძალიან საზრიანი, პროფესიონალი მუშაკია. ვფიქრობ, კოლეგებო, რომ მას ჩვენი უწყების აკადემიაში სასწავლებლად საუკეთესო რეკომენდაცია მივცე.
საუბარი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და რატიმ ონილს მის მშობლიურ ენაზე უთხრა:
– გმადლობთ, მისტერ ონილ.
ერთ-ერთმა ჩამოსულმა ეფბეერელმა კი, რომელსაც ეტყობოდა, რომ ოთხეულში უფროსი იყო, რატის მიმართა:
– იმედია, იმის შეხსენება არ გჭირდებათ, მისტერ რატი, რომ ქემალის სიკვდილის ამბავი საიდუმლოდ უნდა შეინახოთ და არავისთან არაფერი თქვათ ამის შესახებ.
– დიახ, მისტერ... – მიუგო ამერიკელს პეტრიაშვილმა და ეგონა, რომ „მისტერის“ შესდეგ ამერიკელი მას თავის სახელს ეტყოდა და პეტრიაშვილი მას გაიმეორებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ამერიკელმა რატის უპასუხა:
– კარგი, შევთანხმდით. თავისუფალი ბრძანდებით.
– რატი, ქვემოთ ჩადი და გურგენიძეს უთხარი, რომ, თუ დასკვნა მზად აქვს, ამომიტანოს. შემდეგ კი ზურაბ გეგეშიძე ნახე და ის გეტყვის, თუ რა გააკეთო, – ინგლისურად უთხრა ჯაფარიძემ პეტრიაშვილს.
რატი ამერიკელებს დაემშვიდობა და ჯაფარიძის კაბინეტიდან გამოვიდა. პეტრიაშვილი, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული იყო და გაიფიქრა: „ნუთუ, მხოლოდ იმიტომ დამიბარა ჯაფარიძემ კაბინეტში, რომ იმ უცნობ ამერიკელს ჩემთვის ეთქვა – ენას კბილი დააჭირეო? უცნაურია...“
რატი ერთ-ერთ დასაკითხ ოთახში შევიდა, სადაც გურგენიძე დასკვნას წერდა და ექსპერტ-კრიმინალისტმა მას მიაყარა:
– ოჰ, კავალერ, მოხვედი? ხომ მშვიდობიანად მიიყვანე ჩემი თანაშემწე სახლში?
– დიახ, – მიუგო რატიმ და ჯაფარიძის დანაბარების თქმა დააპირა, მაგრამ გურგენიძემ არ აცალა:
– მოგეწონა, ხომ, ქეთი? ნამდვილად მშვენიერი გოგოა. მაგრამ არ იფიქრო, რომ ისეთივე კარგი ხასიათი აქვს, როგორც გარეგნობა. ქორია, ნამდვილი ქორი, ტყუილად კი არაა გვარად ქორიძე. თავიდან ყველას მოსწონს, მაგრამ შემდეგ ყველა ერიდება. თუკი გულს გაუწყალებენ, მტრისას, ქორივით იცის თავზე დაცხრომა. ჩვენთან რომ დაიწყო მუშაობა, ახალგაზრდა ბიჭები ბუზებივით დაეხვივნენ, მაგრამ ქეთიმ ყველა დააფრთხო. მეტსაც გეტყვი, მისი მობილურის ნომერი მხოლოდ მე და ბიუროს უფროსმა ვიცით, სხვებმა კი – არა. ან, რა ჯანდაბად უნდათ, როდესაც ქეთის მაინც ვერ დაურეკავენ და, რომც გაბედონ, კარგს ვერაფერს მოისმენენ მისგან. ამიტომ, გირჩევ, თავი არ შეირცხვინო. შენ იმიტომ წაგაყვანინა თავი, რომ მე ვთხოვე.
რატის გაეღიმა, ჯიბიდან ქეთის სავიზიტო ბარათი ამოიღო და გურგენიძეს დაანახვა.
– რა არის, ბიჭო, ეს? – ჰკითხა გურგენიძემ.
– ქეთის სავიზიტო ბარათია, – მიუგო რატიმ.
– მანქანაში დაუვარდა? – თქვა ექსპერტ-კრიმინალისტმა.
– არა, ბატონო ვანო, ქეთიმ მომცა.
– უყურე ამას შენ?! ყოჩაღ, ბიჭო! თვალებს არ ვუჯერებ... – თქვა გურგენიძემ და რატი აათვალიერ-ჩაათვალიერა.
პეტრიაშვილმა პაუზით ისარგებლა და გურგენიძეს უთხრა:
– ბატონო ვანო, ბატონმა სოსომ თქვა, დასკვნა თუ მზად აქვს, ამომიტანოსო.
– ხუთ წუთში მზად მექნება და ავუტან, – მიუგო გურგენიძემ და კარისკენ მიმავალი რატი შეაჩერა: – მითხარი ერთი, თუ კაცი ხარ, რა ხდება?
– რას გულისხმობთ, ბატონო ვანო? – კითხვითვე მიუგო რატიმ.
– გასაგებია, გასაგები. უშიშროება ხართ და ბევრი ლაპარაკი არ გიყვართ, – თქვა გურგენიძემ. რატიმ კი მხრები აიჩეჩა და უთხრა:
– აქ არცაა ბევრი სალაპარაკო.
– კარგი, ბიძიკო, გასაგებია. ხუთ წუთში ავუტან დასკვნას, – თქვა გურგენიძემ და წერა განაგრძო. რატი კი ოთახიდან გავიდა, მაიორ ზურაბ გეგეშიძეს ეახლა და უთხრა:
– ბატონო ზურაბ, ბატონმა სოსომ თქვენთან გამომგზავნა და მითხრა – მაიორი გეტყვის, რაც უნდა გააკეთოო.
– დაიღალე, რატი? – ჰკითხა გეგეშიძემ.
– არც ისე, ბატონო ზურაბ.
მაიორმა რატის ფურცელზე დაწერილი მობილური ტელეფონის ნომერი მისცა და უთხრა:
– ეს ლიდა გავაშელის, ბინის მეპატრონის მობილურის ნომერია. მას, 14 იანვარს და 14 მაისს ამ ნომერზე იმ სავარაუდოდ თურქმა გოგონამ, ზუხრამ დაურეკა. შენ უნდა გამოთვალო ზუხრას ნომერი და კვალს გაჰყვე, გასაგებია?
– გასაგებია, ბატონო ზურაბ, – მიუგო რატიმ და დაამატა: – ასეთი დავალება ჯერ კიდევ ბატონმა ვარლამ კაკუბავამ მომცა გუშინ, მაგრამ თქვენს უწყებაში გადმოვედი და შესრულება ვერ მოვასწარი.
– ძალიან კარგი... ახლა შეასრულებ, – გაუღიმა რატის გეგეშიძემ.
– ახლავე წავალ მობილურ კომპანიაში და ლიდა გავაშელთან დარეკილ ნომრებს ამოვაყრევინებ. სამსახურებრივი მანქანით სარგებლობა ხომ შეიძლება?
– რა თქმა უნდა, რატი, – მიუგო გეგეშიძემ. შემდეგ საათს დახედა და თქვა: – დილის ხუთის ნახევარია. ამ დროს რომ დაადგები თავზე, გაგიჟდებიან. მაგრამ, არ გაცხარდე და აუხსენი, საიდან ხარ და რომ სასწრაფო საქმეა. უშიშროების საბუთს რომ ნახავენ, ყველაფერს სწრაფად მოგიმზადებენ.
– გასაგებია, ბატონო ზურაბ, წავედი. ნახვამდის.
– ნახვამდის, რატი. აბა, შენ იცი. რომ მოხვალ, შემომიარე, აქ ვიქნები, – უთხრა გეგეშიძემ რატის და ოთახიდან გაისტუმრა.
***
მობილურ კომპანიაში მისულ რატის მორიგე ოპერატორი გოგონა მტრულად შეხვდა, დაამთქნარა და ნამძინარევი ხმით შეუღრინა:
– მოგეცადა და დილით მოსულიყავი. ათზე უფროსი მოვა და ის წყვეტს ყველაფერს.
– ათამდე ვერ მოვიცდი, – მიუგო რატიმ და „ქოფაკს“ უშიშროების საბუთი უჩვენა.
„რკინისმჭრელი ქსივის“ დანახვაზე „ქოფაკმა“ ტონი შეცვალა და მოლბა. შემდეგ რატის გაუღიმა და ლიდა გავაშელის მობილურ ტელეფონზე დარეკილი ყველა ნომერი ამოუბეჭდა და მისცა, თან ღიმილით დააყოლა:
– აი, ინებეთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში