ინტიმური საუბრები
ქმარმა სიცოცხლის ხალისი დამიკარგა
ძალიან დიდი შეცდომა მაქვს ცხოვრებაში დაშვებული და არ მინდა, მსგავსი შეცდომა დაუშვან გულუბრყვილო, გამოუცდელმა და გულჩვილმა გოგოებმა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ზრუნვით, სიკეთითა და მხარში დგომით შესაძლებელია კაცის გულის მონადირება, მათთვის თავის შეყვარება და, მით უფრო მათი გამოსწორება. ეს გამორიცხულია, რადგან არ არსებობს დედამიწის ზურგზე მამაკაცი, რომელიც შეძლებს არათუ ამის გამო შეყვარებას, არამედ ამ ყველაფრის დანახვას, გამოსწორებაზე აღარაფერს ვამბობ. ალბათ მკითხველი ვერ მიხვდა, რა შეყვარებაზე და რა გამოსწორებაზეა ლაპარაკი. ყველაფერი უფრო გასაგები რომ იყოს, ცოტა შორიდან დავიწყებ: ტრაბახით არ ვიტყვი, მაგრამ მართლა ძალიან მაგარი გოგო ვიყავი – გარეგნობითაც გამოვირჩეოდი, ინტელექტითაც, უკვე 21 წლის ასაკში პროფესიაც მქონდა, კარგი სამსახურიც და საკმაოდ ძლიერი ოჯახიც. მილიონერები არ ვიყავით, მაგრამ არც არაფერი გვაკლდა. ერთადერთი, რაც არ მქონდა, იყო ეშმაკობა, რადგან ეს არ უსწავლებიათ მშობლებს ჩემთვის და სწორედ ამან დამინგრია ცხოვრება.
ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემებიდან გამომდინარე, მართლა უამრავი თაყვანისმცემელი და ხელის მთხოვნელი მყავდა, რომელთაგან ბევრი იყო ქალაქში ყველა პარამეტრით სასურველი საქმრო, მაგრამ, მე სულელი, რაღაც არარსებულ რომანტიკას ვეძებდი, შუა საუკუნეების რაინდს, მეხივით თავს დატეხილ და ყველაფრის წამლეკავ სიყვარულს და ამიტომ ყველას თავიდან ვიშორებდი, თუმცა მათი საერთო რაოდენობა არ მცირდებოდა, რადგან სულ ახალი და ახალი თაყვანისმცემლები ჩნდებოდნენ.
ერთ დღეს კი გამოჩნდა ყველასგან ყველაფრით განსხვავებული ბიჭი, რომელიც პირველივე დღეს ჯიქურ მოვიდა ჩემთან, თავისი სახელი მითხრა და, საკუთარ თავში დარწმუნებულმა, საკმაოდ რიხიანად მითხრა, ცოლად უნდა გამომყვეო. მე ჯერ მოულოდნელობისგან გავშეშდი, მერე კი, ცოტა გონს რომ მოვედი, გამეცინა და ვუთხარი, შენისთანა ტიპი ქმარი კი არა, ნაცნობიც კი არ მინდა რომ მყავდეს-მეთქი, ანუ, პრაქტიკულად, დავცინე, რადგან ასეთ უშნო ბიჭს ნამდვილად არავის ვიცნობდი. იმიტომაც ვთქვი, ყველასგან ყველაფრით განსხვავებული იყო-მეთქი, რომ ჰქონდა შესამჩნევად მოკლე ხელები და ფეხები (ოჯონდ, ჯუჯა არ იყო), ძალიან უშნო კბილები, შეთხელებული თმა და ცოტა არასასიამოვნო ღიმილი. ასეთი ბიჭი როგორ მომეწონებოდა, თან, მისმა თავხედურმა ხელის თხოვნამაც გამაღიზიანა და ამიტომაც მივმართე ცოტა ქედმაღლურად და დაცინვით, ჰოდა, სწორედ ამიტომაც დამსაჯა ღმერთმა.
ჩემი პასუხი რომ გაიგონა, უცებ მუხლებზე დაეცა, ცრემლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა, თუ არ გამომყვები, თავს მოვიკლავო. მე ამაზეც გამეცინა და ვუთხარი, მოიკალი-მეთქი. მან კი უცებ ჯიბიდან პატარა დანა ამოიღო და ვენაზე გადაისვა. სისხლმა რომ იფეთქა მისი მაჯიდან, მაშინ მოვედი აზრზე, რაც ჩაიდინა და კივილი დავიწყე. მერე ვიღაცამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ის წაიყვანეს. მერე იყო ჩემს ფანჯრებთან და სადარბაზოსთან ღამის თენებები, სიყვარულისა და ერთგულების ფიცები და ასე შემდეგ და, მე სულელმაც, ვიფიქრე, რა უჭირს, დაბალი და შეუხედავი თუ არის, სამაგიეროდ, ისე ძალიან ვუყვარვარ, მეც მალე შემიყვარდება და მასთან ძალიან ბედნიერი ვიქნები-მეთქი; თან სიმართლე გითხრათ, შემეცოდა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, მწარედ მოვტყუვდი, რადგან, შეყვარებული რომეოს ნაცვლად, ხელში შემრჩა დაკომპლექსებული, ეჭვიანი, თავისი მდგომარეობით გაბოროტებული (თანაც, ძალიან შეუხედავი) ბიჭი, რომელიც, ამ ყველაფერთან ერთად, არც სწავლობდა და არც მუშაობდა, მაგრამ, სამაგიეროდ, თამაშობდა, ანუ „იგროკი“ იყო და მეც იმიტომ დამადგა თვალი, ეგონა, რომ ძალიან მდიდრები იყვნენ ჩემი მშობლები და კაზინოში სათამაშო ფული არასდროს შემოელეოდა.
მისი ამ გატაცების შესახებ ცოტა გვიან გავიგე, რადგან ამას თავიდან გულმოდგინედ მალავდა მთელი მისი ოჯახი, მერე კი, როცა ჩვენთვის ცნობილი გახდა ყველაფერი, აღარც კი გვერიდებოდა, ისე გვძალავდა ფულს სათამაშოდ.
რა აღარ ვცადე, რა არ მოვიმოქმედე, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე მასთან – მოთამაშეებს ხომ ტვინიც ეცვლებათ და ფსიქიკაც აღარ აქვთ წესრიგში. ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ ვეყრებოდი, რადგან, მეცოდებოდა, სულ მთლად არ გაუბედურდეს-მეთქი, თუმცა ბოლოს მაინც იძულებული გავხდი, ეს ნაბიჯი გადამედგა. კი გავეყარე და ცოტა კი დავისვენე, მაგრამ ისე მაქვს ნერვები დაგლეჯილი, კაცისკენ გახედვა აღარ მინდა, არადა, ვოცნებობდი შვილებზე და თბილ ოჯახზე, მან კი ამის სურვილიც კი მომისპო.
თამთა, 24 წლის.