მსუბუქი ვახშამი
პრაქტიკულად, ჯერ კიდევ ძალაშია ეგრეთ წოდებული „საახალწლო-სადღესასწაულო დღეები“ და, სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება ნათლისღების დღესასწაულის ჩათვლით, ანუ, 20 იანვრამდე აქტუალურობას არ დაკარგავს ფრაზა – „გადაიღე, მიირთვი“, რისი შედეგიც მკაფიოდ აისახება როგორც სასწორის ციფერბლატზე, ისე სარკეში (ვიზუალურად), რაც გამოიწვევს დეპრესიას, ნევროზს, გუნება-განწყობის დაქვეითებას. ეს რომ არ მოხდეს, იმ დღეებში მაინც, როცა წვეულებაზე არ აპირებთ წასვლას და არც განსაკუთრებულ სტუმრებს ელით სახლში, ყურადღება მიაქციეთ როგოც მთელი დღის განმავლობაში კვებას, ისე ვახშამს – ეს აუცილებელია საახალწლო დღეებში საკვებით გადატვირთული ორგანიზმის განსატვირთავად; მთავარი კი მაინც ვახშამია.
ზოგიერთი დიეტოლოგის აზრით, თუ ცხოვრების წესად შემოიღებთ დღის რეჟიმიდან ვახშმის ამოღებას, წონაში მომატების პრობლემა არასდროს შეგაწუხებთ, მაგრამ, დიეტოლოგებისა და გასტროენტეროლოგების ნაწილის აზრით, ვახშამზე უარის თქმა არცთუ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ვახშამი აუცილებელია, უბრალოდ, საჭიროა, დავიცვათ რამდენიმე მარტივი წესი:
1. ვახშამი მიირთვით არაუგვიანეს 20 საათისა;
2. ვახშმამდე 3 საათით ადრე მსუბუქად წაიხემსეთ, მაგალითად, მიირთვით ერთი ცალი ვაშლი, ერთი კიტრი ან ერთი მუჭა თხილი – ეს პროდუქტები ჩაგიცხრობთ მადას და ვახშამზე ნაკლებს შეჭამთ;
3. ვახშმისთვის მოამზადეთ პატარა ულუფა. თეფში წარმოსახვით გაყავით 4 ნაწილად, რომლის ერთ მეოთხედს დაიკავებს ცილოვანი პროდუქტი (ხორცი, თევზი, ხაჭო); ერთ მეოთხედს – ნახშირწყლები (ერთი ნაჭერი პური ან 1 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი); დანარჩენ ორ მეოთხედს კი – ცოცხალი ან მოშუშული ბოსტნეული.
4. ვახშმის შემდეგ აუცილებელია მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა, მაგალითად, ნახევარსაათიანი გასეირნება.
5. ვახშმისთვის შეარჩიეთ ის პროდუქტები, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად ინელებს: საქონლის, ინდაურის ან ქათმის მოხარშული მჭლე ხორცი; მოხარშული უცხიმო თევზი; მოხარშული ან მოშუშული ბოსტნეული; უშაქრო იოგურტი, არატკბილი ხილი, უცხიმო ყველი; წიწიბურას ან „ჰერკულესის“ უცხიმო ფაფა ან ხაჭო.
6. განსაკუთრებით სასურველია, ვახშმად მიირთვათ ნატურალური ხაჭო კონსერვანტებისა და სტაბილიზატორების გარეშე. ცილებით მდიდარ ხაჭოს ორგანიზმი ადვილად ითვისებს, მასში შემავალი ამინომჟავები კი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. გარდა ამისა, ხაჭო ცნობილია როგორც კალციუმის წყარო. ამ პროდუქტის ეს ღირსებები ჩვენმა წინაპრებმაც იცოდნენ და ამიტომ მიირთმევდნენ მას ყოველდღე.