ცოლები და საყვარლები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-1(783)
ლევანი გულაღმა იწვა საწოლზე და ჭერს შესცქეროდა. ფიქრობდა. ძილი გაუკრთა და ახლა გათენებამდე დარჩენილი დროის გაყვანას ცდილობდა. ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც წარმოედგინა. მართალია, ნანა არაფერს დაჰპირებია და თვითონაც თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ჯიბის ფულს თავადაც იშოვიდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა, რომ ამერიკაში უზრუნველი ცხოვრება გარანტირებული ჰქონდა. თავიდან, პირველი თვეების განმავლობაში, თავს იმით იმშვიდებდა, რომ აკლიმატიზაციის გასავლელად დრო სჭირდებოდა. ნანაც აგულიანებდა: შენ მე მჭირდები. აქ იმისთვის ჩამოგიყვანე, რომ, როცა შენთან ალერსი მომინდება, გვერდით მყავდეო. ლევანიც ხალისითა და დიდი ენთუზიაზმით უსრულებდა კაპრიზს. თავისუფალ დროს კი, მაგალითად, როცა ნანა ქმართან ან საქმეებზე მიდიოდა, ქალაქში დახეტიალობდა. მერე ქალმა შესთავაზა, ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე ჩაეწერეო, მაგრამ ლევანმა იუარა – ჯერ კარგად უნდა გავერკვე, რა მჭირდებაო და ნანასაც აღარ დაუძალებია.
ლევანს ხელი დაუბუჟდა – გაბრიელას მის მკლავზე ეძინა და, ეს ლამაზი, ხუჭუჭა თავი ნელ-ნელა ისე დამძიმდა, კაცს მოეჩვენა, რომ ძარღვებში სისხლმა შეწყვიტა მოძრაობა. შეეცადა, მკლავი ისე გაეთავისუფლებინა, რომ გოგოს არ გაღვიძებოდა. გაბრიელა შეიშმუშნა და თვალები გაახილა.
– არ მინდოდა, გაგღვიძებოდა, – შეწუხდა ლევანი.
– არა უშავს, ადრე გაღვიძება ჩემთვის პრობლემა არ არის. თუ ძილი მომერევა, დღისითაც დავიძინებ, – გაბრიელამ გაიცინა და მკლავზე დაყრდნობილი ისე მიაშტერდა, ლევანი უსიტყვოდაც მიხვდა, რას ელოდებოდა გოგო მისგან.
– შენ რა გაუმაძღარი ვინმე ხარ. ორი საათის წინ მაგ საქმით არ ვიყავით დაკავებული?
– ორი საათის წინ? მე კი მგონია, რომ მთელი საუკუნე გავიდა, – გაიცინა გაბრიელამ, – რა ხდება? მეგონა, შენც იზიარებდი ჩემს ენთუზიაზმს. იცოდე, შეთანხმება შეთანხმებაა. მე უფლებას გაძლევ, ჩემს ბინაში იცხოვრო და ზედმეტ შეკითხვებს არ დაგისვამ, შენ კი ამ ყველაფერს ამინაზღაურებ იმით, რაც მართლაც კარგად გამოგდის.
– ძალიან უცნაური გოგო ხარ, შენნაირი მართლა არავინ შემხვედრია.
– დავიჯერო, მართლა ამდენ ქალთან გქონდა ურთიერთობა? თუმცა, გეთანხმები, ჩემნაირები მართლაც ცოტანი არიან. მე განსაკუთრებული ვარ, ერთადერთი და განუმეორებელი. ჩემს დავიწყებას ვერავინ ახერხებს. თან, კაცებს ყოველთვის მე ვტოვებ, გაითვალისწინე.
ლევანმა ამოიოხრა:
– რა ხდება, ბევრჯერ მიგატოვეს?
– არა. მე მივატოვე.
გაბიმ თვალები მოჭუტა. ისეთი საყვარელი იყო, რომ ლევანს ყველაფერი გადაავიწყდა და მოეხვია.
* * *
რობერტო, მიუხედავად თავისი ზედმეტად მუქი კანისა, საკმაოდ სიმპათიური იქნებოდა, კარგად რომ მოევლო ვინმეს მისთვის და ტანზე მორგებული სამოსი ჩაეცმია.
ნანამ სიგარეტს მოუკიდა და ახალგაზრდა კაცი ალმაცერად შეათვალიერა:
– რობერტო, იცი შენ, რომ ტყუილებს ვერ ვიტან, ამიტომ, სიმართლე უნდა მითხრა.
– დიახ, გისმენთ. რა გაინტერესებთ? – რობერტო ცოტათი გაოცებული ჩანდა და ამას არ მალავდა.
– ალბათ, მიხვდი რომ ამჯერად მაღაზიაში ღვინის ბოთლების რაოდენობა არ მაინტერესებს. ლევანზე მინდა გკითხო: აღარ აპირებს სახლში დაბრუნებას?
რობერტომ პირი დააღო.
– მე... მე საიდან უნდა ვიცოდე? ლევანი ორ კვირაზე მეტია, არ მინახავს; მგონი, იმ ღამის მერე, რომელიც ბარში გაატარა.
ნანამ ნერვიულად დასრისა სიგარეტი საფერფლეზე.
– მარტო იყო?
– რა?! – ვერ მიხვდა რობერტო.
– ბარში მარტო იყო-მეთქი?
– არა, ჩემთან ერთად. – მიამიტურად გაიღიმა რობერტომ და ქალი მიხვდა, რომ მისგან ღირებულს ვეღარაფერს შეიტყობდა, მაგრამ, მაინც მოსინჯა და ჩაეკითხა:
– ესე იგი, ლევანი შენთან არ არის?
– ბარში იყო ჩემთან ერთად, – დაიბნა რობერტო, – ხომ გითხარით უკვე?
– კარგი, წადი. წადი, ჰო, წადი! – ნანას ხმაში გაღიზიანება დაეტყო. დაელოდა, სანამ რობერტო წავიდოდა და გამწარებული მოჰყვა ოთახში ბოლთის ცემას.
„საზიზღარი! უყურე, რას აკეთებს?! მეჯიბრება და მეჯიუტება! სულელი... რას გააკეთებს ამ სიჯიუტით, უნდა ვუყურო. ფულიც არ ჰქონდა. შეიძლება, ფიქრობს, რომ საათსა და მანქანას გაყიდის და ეყოფა, მაგრამ, როდემდე? გაუჭირდება და მომადგება. რატომ არიან კაცები ასეთი სულელები?!“
...თეონამ უხმოდ გაუღო კარი კაცს და გზიდან ჩამოეცალა – თითქოს ეუბნებოდა, შემოდიო.
კახა შევიდა და დივანზე ჩამოჯდა. თეონა შორიახლოს გაჩერდა. გულხელდაკრეფილი იდგა. წამოზრდილი მუცელი ოდნავ ეტყობოდა. კაცმა სევდიანად შეხედა:
– როგორ ხარ?
– ძალიან კარგად, – გამომწვევი ტონით მიუგო ქალმა.
– რატომ მეჩხუბები, მე ხომ არაფერი დამიშავებია?
– ჰო?! მე კი პირიქით მგონია.
– რა გგონია პირიქით, თეონა, მე რა შუაში ვარ? ლევანი მეც მიმალავდა თავის გადაწყვეტილებას. ბოლოს გავიგე და, ვუთხარი კიდეც, არ წასულიყო, გეფიცები. მით უმეტეს, ვერ წარმოვიდგენდი, ამ მდგომარეობაში თუ გტოვებდა. არ დაურეკავს?
– ლევანმა არ იცის ჩემი ამბავი – წამოენთო თეონა, – და არც მინდა, იცოდეს. გაფრთხილებ, თუ დაგირეკავს, სიტყვა არ დაგცდეს. გირეკავს? ხომ გირეკავს?
– ერთხელ დამირეკა – კარგად ჩავედიო და ეგ იყო. დედას გეფიცები, არ გატყუებ.
თეონამ მხრები აიჩეჩა:
– არ მაინტერესებს. თუ გინდა, ყოველდღე ელაპარაკეთ ერთმანეთს. მთავარია, რაც გითხარი, ის გააკეთო და სიტყვა არ დაგცდეს.
– არ აპირებ, უთხრა, რომ ფეხმძიმედ ხარ?
– არა.
– კი მაგრამ, თეონა... უფლება აქვს, იცოდეს...
– მოდი, უფლებებზე ნუ ვილაპარაკებთ, – უკმეხად შეაწყვეტინა თეონამ, – ეს არ არის შენი საქმე და ნუ ჩაერევი, ძალიან გთხოვ.
– ჰო, მესმის, თუმცა...
– არავითარი „თუმცა.” არ ვუნდოდი და წავიდა. ამიტომ მას აღარ შევეკითხები, როგორ ვიცხოვრო. არც ბავშვის ამბავს ვეტყვი. ეს ჩემი ბავშვია და მასზე პასუხს მე ვაგებ.
– გაგიჭირდება მარტოს.
– ნუ მაცინებ. თუ ვეტყვი, რომ ფეხმძიმედ ვარ მარტო აღარ ვიქნები? მაინც, როგორი სულელები ხართ კაცები...
კახა გაწითლდა, უხერხულად შეიშმუშნა და წამოდგა.
– წავალ ახლა და კიდევ შემოგივლი. თუ ნებას მომცემ. მინდა, დაგეხმარო.
თეონას ირონიულად გაეღიმა:
– ვალდებული არ ხარ. ან, იქნებ, რაღაცის გამო მიგაჩნია თავი ვალდებულად?
– რას გულისხმობ? – დაიბნა კახა, – მართლა გგონია, რომ ლევანს ამერიკაში წასვლაში შევუწყვე ხელი? თეონა, დაგავიწყდა, სამსახური მე რომ დავაწყებინე? ხელს ვუწყობდი... რა ვიცი, მგონი, კარგის გაკეთება მინდოდა. რა მექნა? რესტორანი ჩემი არ არის, ლევანს კი მეტი უნდოდა და მე მესმის მისი – შანსი გამოუჩნდა და ხელიდან არ გაუშვა.
– ჰო, შანსი გაუჩნდა... შენც იმავეს მეუბნები, მაგრამ, კონკრეტულად რა იყო ეგ შანსი ან თუ ვინ იყო, ამაზე არ ლაპარაკობ.
კახა უხერხულად შეიშმუშნა, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და თემის შეცვლა სცადა.
– თუ რამე დაგჭირდება, ნებისმიერ დროს დამირეკე, კარგი?
– რა უნდა დამჭირდეს? – გაეღიმა თეონას.
– რა ვიცი, თუნდაც ექიმთან წასვლა, ან კიდევ რამე...
– ექიმთან მე თვითონ წავალ. „ან კიდევ რამესთვის” კი დაგირეკავ. ისე, შენი ძმაკაცი მპირდებოდა, მანქანის ფულს გამოგიგზავნიო. ღმერთო, კიდევ კარგი, რომ მისი ერთი სიტყვაც არ დავიჯერე.
– ცოტა ფულს იშოვის და ჩამოვა, – ჩაილაპარაკა კახამ.
– ჰმ, ნუ ჩამოვა, ეგ აღარაა ჩვენი პრობლემა, მოჩვენებითი გულგრილობით აიჩეჩა მხრები თეონამ და მუცელზე ამაყად დაიდო ხელი.
კახამ ამოიოხრა.
...ლევანი დარწმუნებული იყო, რომ ამერიკაში ყოფნისას თეონაზე არ იფიქრებდა. თავიდან გეგმაში ჰქონდა, დაერეკა, ხოლმე მისთვის და ფულიც გაეგზავნა. მაგრამ ერთის გაკეთებასაც დებდა და მეორისაც. თავს კი იმით იმართლებდა, რომ ნანა თითქმის სულ მის გვერდით იყო და არც საკუთარი ფული ჰქონდა. სანაპიროზე მანამდე იხეტიალა, სანამ მზემ ძალიან არ შეაწუხა და გახურებულ ქვიშაზე ფეხისგულები არ აეწვა. გაბის პატარა კოტეჯს ადვილად მიაგნო – მხოლოდ ეს კოტეჯი იყო შეღებილი იასამნისფრად, დანარჩენები ერთნაირად რუხ, მოსაწყენ კოლოფებს ჰგავდნენ და არაფრით გამოირჩეოდნენ ერთმანეთისგან.
– მე გადავღებე იასამნისფრად, – სიამაყით განუცხადა გაბრიელამ, – მთვრალი რომ ვბრუნდებოდი, ხან ერთ კოტეჯს მივადგებოდი ხოლმე, ხან მეორეს და გასაღებს დიდხანს ვაწვალებდი საკეტში. ვიღაც-ვიღაცეებს ეს არ მოსწონდათ – თურმე, ძილს ვუფრთხობდი. საქმე ისაა, რომ ნასვამს ხმამაღლა სიმღერა მიყვარს, სმენა კი არც ისე კარგი მაქვს. მოკლედ, ერთი ყუთი საღებავით გადავჭერი ეს პრობლემა.
– მერე, მეპატრონე დაგთანხმდა ამაზე?
– სიმართლე გითხრა, არ მიკითხავს. არა მგონია, საწინააღმდეგო ჰქონდეს რამე. მე ხომ ყოველთვის კეთილსინდისიერად ვიხდი ბინის ქირას, – მხრები აიჩეჩა გაბრიელამ.
– რატომ მაინცდამაინც იასამნისფერი?
– ყველაზე იაფად ეს საღებავი ვიშოვე და იმიტომ.
ლევანმა გოგოს შეხედა:
– შენში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.
– არ გირჩევ მათზე თავის მტვრევას. მე ხომ არაფერს გეკითხები?
– იცი? ეს ამბავი ცოტა არ მომწონს.
გაბიმ მხრები აიჩეჩა:
– ჯერ არ ვარ ლაპარაკის გუნებაზე. შეიძლება დავდგე, შეიძლება – არა. მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მომწონს და მინდა. ამიტომ ვცხოვრობ მარტო.
– ესე იგი, ოჯახი გაქვს.
– გააჩნია, ოჯახს რას ეძახი. ამ მონაცემებით – არა.
– მოიცა, ვერ გავიგე. რას ნიშნავს – „ამ მონაცემებით”? ოჯახი ან გაქვს, ან – არა.
– მაშინ, მაქვს, მაგრამ, რადგან ღირსშესანიშნავ თარიღებს მათთან ერთად არ ვატარებ, იმიტომ გითხარი, არ მაქვს-მეთქი.
– მაგ ლოგიკით, არც მე მქონია ოჯახი.
გაბრიელამ ხმამაღლა გაიცინა:
– რა თქმა უნდა, მაშინ ჩემ გვერდითაც არ იქნებოდი. გაწუხებს ეს ამბავი?
– არ ვიცი. შეიძლება, მაწუხებს კიდეც. მოკლედ, ახლა ძალიან არეული ვარ და მიჭირს პასუხის გაცემა.
– ჩემსავით მოიქეცი – მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე იფიქრე – მე ხომ ასე ვიქცევი.
– შენ მაგარი გოგო ხარ, – ლევანმა მკლავზე მოჰკიდა ხელი და კალთაში ჩაისვა, – მოდი ჩემთან. მგონი, არ უნდა შეგეკამათო და მხოლოდ მოგეფერო – აშკარად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნები.
გაბრიელამ თავი უკან გადახარა და აკისკისდა. ყელზე ამობურცული ცისფერი ძარღვი ისე ვნებიანად უფეთქავდა, ლევანმა იფიქრა, მართლა ტყუილუბრალოდ ვკარგავ ძვირფას დროსო, გოგო საწოლზე დააწვინა და პერანგის ღილები შეუხსნა.
...კახას რაღაც ძალა ეწეოდა თეონასკენ. თავიდან ამას იმით ხსნიდა, რომ ეცოდებოდა ქალი და მის მიმართ რაღაც მოვალეობის მსგავსი გრძნობა ჰქონდა. ჯერ ერთი, თეონასთვის არ უთქვამს ის, რომ ლევანი ნანასთან ერთად გაემგზავრა. მაგრამ ქალი აშკარად გრძნობდა რაღაცას და ყოველი ნახვისას ისეთ შეკითხვებს უსვამდა, თითქოს ამის მოსმენა სურდა. მერე, როცა თეონას ფეხმძიმობის ამბავი გაიგო, უცნაური გრძნობა გაუჩნდა: თითქოს ეწყინა და გული დასწყდა; მერე სინდისმა შეაწუხა. ამ გაურკვევლობამ დაღალა. ხვდებოდა, რომ თეონას ნახვის სურვილი გამართლებული არ იყო, მაგრამ ფეხებს თავისით მიჰყავდა მასთან. მივიდოდა, დაჯდებოდა, მერე დგებოდა და მოდიოდა. ხოლო იქ, სადაც იჯდა, ცოტა ფულს ტოვებდა. ქალიც მდუმარედ იღებდა ამ ყველაფერს. ერთ საღამოს ჩაი შესთავაზა და კახასაც გაუხარდა, თუმცა ძალიან არ უნდოდა საკუთარ თავს ამაში გამოსტყდომოდა.
...საღამოს გაბრიელამ ტანსაცმელი გამოიცვალა და სახეზე მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთა. საწოლზე წამოწოლილი ლევანი ჩუმად ადევნებდა თვალს, მერე ვეღარ მოითმინა:
– სად მიდიხარ?
– ცოტა უნდა გავერთო, მომწყინდა სახლში ყოფნა.
– მე არ მიგყავარ?
– ზრდასრული კაცი ხარ, ჩემი წაყვანა რად გინდა?
– არაფერს მეუბნები. მეჩვენება, რომ ჩემთან ერთად გამოჩენა არ გინდა.
– სისულელეა. საიდან მოიტანე? უბრალოდ, არჩევნის თავისუფლებას ვცემ პატივს. ასე რომ, თუ გინდა, წამოდი.
– სახლში რომ დავრჩეთ?
– მე არ მინდა სახლში დარჩენა. ხომ გითხარი, მომწყინდა-მეთქი. ცოტას დავლევ, ვიცეკვებ... მოსაწევზეც არ ვიტყოდი უარს.
ლევანს შეშფოთება დაეტყო:
– ნარკომანი ხარ?
გაბიმ ხმამაღლა გადაიხარხარა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში