კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯიუტი ცოლი

როცა სტივ მაკენზი ჯეინს ცოლად ირთავდა, აზრადაც არ მოსვლია, მასში უამრავი ამოუცნობი ტალანტი თუ იმალებოდა. ჯეინი ჩვეულებრივი ქალი იყო – საშუალო სიმაღლის, ფუმფულა და სასიამოვნო გარეგნობის, კომუნიკაბელურიც და ზომიერად მხიარულიც; შეეძლო, სწრაფად აედუღებინა ჩაიდანი, გამოეცხო ბლინები და... ხელოვნური სუნთქვა ჩაეტარებინა გულწასული ადამიანისთვის. გათხოვებამდე ჯეინი დანტისტის ასისტენტად მუშაობდა. როცა სტივის ცოლი გახდა, ჯერ სამსახურს დაანება თავი – გამოაცხადა, ოჯახში საქმიანობისთვის მეტი დრო მჭირდებაო; მერე კი ერთბაშად აღმოაჩინა, რომ მისი მოწოდება ხელოვნების თაყვანისცემა იყო და... სწორედ აქედან დაიწყო. თავიდან ჯეინმა გადაწყვიტა, რომ მისი გატაცება მხატვრობა იყო – ეს ქორწინების მეორე წელს მოხდა. ეს საქმიანობა ჯეინს უქმეებზე მთელ თავისუფალ დროს ართმევდა: გაკვეთილებზე ხომ დადიოდა ორ-ორი საათი, სახლშიც მოატანინა სტივს მოლბერტი და ახლობლების პორტრეტების ხატვა დაიწყო. ამ უნიჭო ნახატებისთვის სტივი ჩარჩოებსაც ყიდულობდა და ფიქრობდა, რომ ჯეინი საშინლად ურევდა ერთმანეთში ფერებს. საყიდლებზეც სტივი დადიოდა, რადგან ჯეინს არ ეცალა და, იმ სტუმრებსაც თავად მასპინძლობდა, რომლებიც ჯეინთან პოზირებისთვის დადიოდნენ... ბოლოს და ბოლოს, ჯეინმა იპოვა საკუთარ თავში ძალა, გამომტყდარიყო, რომ მისგან მხატვარი არ დადგებოდა. შედეგად, მან თავი მიანება ხატვას და ცეკვაზე გადაერთო. სტივი არც ამჯერად ჩარეულა ცოლის არჩევანში; არც დაუცინია, როცა საგანგებოდ შეძენილ პრიალა „ტრიკოში“ გამოწყობილი, სარკის წინ ვარჯიშობდა ცეკვაში. სპეცკოსტიუმმა ვერ უშველა – ჯეინს ცეკვაც ისევე გამოსდიოდა, როგორც ხატვა, თუმცა სტივი ითმენდა, ისევ დადიოდა საყიდლებზე და საჭმელსაც კი ამზადებდა. ბალეტის ხელოვნების შესწავლამ წელიწადზე მეტი დრო წაიღო... სტივი უკვე ფიქრობდა, რომ ხელოვნების სკოლა ადამიანებს, რბილად რომ ვთქვათ, აწამებდა და ფულს სძალავდა, თორემ, აბა, რა ბალერინა უნდა გამოსულიყო პუტკუნა ჯეინისგან, რომელიც არათუ ვერ იფარფატებდა, მსუბუქი ნაბიჯით ორ მეტრსაც კი ვერ გაივლიდა... მაგრამ სტივი მაინც ითმენდა. შეიძლება, ცოლი უყვარდა? ვინ იცის – ამას ხმამაღლა არ ამბობდა. ის საღამოობით მორჩილად აკითხავდა ცოლს ხელოვნების სკოლაში, რომ სახლში წამოეყვანა, რადგან, ის რაიონი, სადაც ეს სკოლა მდებარეობდა, უსაფრთხო არ იყო. როცა საცეკვაოდ საგანგებოდ ნაყიდ, განსაკუთრებულ ფეხსაცმელებს ძირი ოდნავ გაუცვდა, ჯეინმა გადაწყვიტა, ცეკვა ჩემი საქმე არ არისო. იმ დღეს, როცა გონება გაუნათდა, სტივმა ჩვეულებრივად გადაყარა ნაგავი და, როცა სახლში შემოვიდა, ჯეინმა სახეგაბრწყინებულმა აუწყა:
– გესმის, სტივ, ცხოვრება უნდა იყოს მშვენიერი და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ძნელი სულაც არ არის, თუკი შენს წვლილს შეიტან სამყაროს სილამაზის პოეზიაში.
სტივმა ცოლს შეხედა და ამოიოხრა:
– ახლა ლექსების წერა უნდა დაიწყო? ბალეტი მოგბეზრდა?
– არა, საქმე ამაში არ არის. ბალეტში საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე, აი, სიმღერა კი ისეთი ამოუწურავია... მელოდიის ჰარმონიულობა... ო, სტივ, პიანინო უნდა ვიყიდოთ!..
– წავალ, ვნახავ, კარტოფილი ხომ არ გაგვითავდა.
სტივს მეტი აღარაფერი უთქვამს, მაგრამ ჯეინს მისი თანხმობა განსაკუთრებულად არც სჭირდებოდა – რამდენიმე დღეში მუშებმა მათ პაწაწინა, მოცუცქნულ სასტუმრო ოთახში გაჭირვებით შეტენეს პიანინო. ეს რომ დაინახა, სტივ მაკენზიმ თავისთვის ჩაილაპარაკა:
– მე ამ ყუთისა და მისგან წამოსული ჰარმონიის გარეშეც ბედნიერი ვარ... ცხოვრება ხომ ისედაც მშვენიერია, ზედმეტი დანამატების გარეშეც...
სტივ მაკენზის მშვიდ ხასიათში „ვულკანური ამოფრქვევა” მაშინ მოხდა, როცა ჯეინმა რაღაც მიზეზით სიმღერას თავი დაანება და ქანდაკებას მოჰკიდა ხელი. აი, აქ სტივის მოთმინების ფიალა საბოლოოდ აივსო... ჯეინი მარტო თაბაშირით კი არა, ხეზეც მუშაობდა. ამ „საინტერესო“ საქმიანობისგან მისაღები ოთახის იატაკი საბოლოოდ წახდა – ერთიანად თიხის, თაბაშირისა და ხის ბურბუშელებისგან დაიფარა; მტვერსასრუტსაც კი არ შეეძლო მთლიანად აეღო ეს სისაძაგლე. იატაკის მოწმენდა, რა თქმა უნდა, სტივს უწევდა... ჯეინი ისევ დაუბრუნდა სამსახურს – დანტისტის კაბინეტს, არ უნდოდა, მის განათლებაში ფული სტივს გადაეხადა, საღამოებს კი ხელოვნების სკოლაში ატარებდა... სტივს ნელ-ნელა საშინლად შესძულდა ხელოვნების სკოლა და მის მიმართ აგრესია გაუჩნდა. იქ ადამიანებს ამასხარავებდნენ და თავს სისულელეებით უტენიდნენ, რომელ სულიერებაზე და აღმაფრენაზე იყო საუბარი...
ერთ საღამოს კი მოხდა ის, რაზეც სტივ მაკენზი ბოლო რამდენიმე თვე ოცნებობდა – ხელოვნების სკოლა აფეთქდა. ვიღაცამ სარდაფში მექანიზმიანი ბომბი ჩადო და მთელი შენობა ჰაერში აფრინდა. აფეთქებამდე ორი საათით ადრე ბომბის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ არავინ დაიჯერა, არც ჯეინმა, რა თქმა უნდა. სტივი იქვე ახლოს იყო. ხუთი საათი იქნებოდა, ნახევარ საათში ჯეინი ქანდაკების გაკვეთილს ამთავრებდა – ამ დროს ხვდებოდა ხოლმე ცოლს. სტივმა კეთილგონიერება გამოიჩინა და ქუჩის გადაღმა დადგა – ყოველი შემთხვევისთვის.. პიანინო პირდაპირ სახურავიდან ამოფრინდა საცოდავ მოსწავლესთან ერთად – ის ისევ ტაბურეტზე იჯდა და ხელებიც ისე ჰქონდა გაშვერილი, თითქოს ახლაც პიანინოზე უკრავსო; მხატვრობის ჯგუფის მოსწავლემ კედელი გამოანგრია, მის კვალდაკვალ კი წყალგაყვანილობის მილები გამოფრინდა; ჯეინიც გამოჩნდა: მესამე სართულის ფანჯრიდან  მოფრინავდა, ერთ ხელში ჩაქუჩი ეჭირა, მეორეში – სატეხი... სახეზე გაოცება და აღფრთოვანება აღბეჭდვოდა. სტივმა შეხედა და იფიქრა, რომ ის უკვე მკვდარი იყო... ისე მოშორდა იქაურობას, ცოლის მიწაზე დაშვება არ დაუნახავს, აღარ აინტერესებდა. ჯეინმა ის სამუდამოდ მიატოვა – ამაზე ფიქრმა მთლიანად გადაფარა თავის ახალ ჰობიზე ფიქრი – ბოლო დროს ძალიან გაიტაცა მექანიზმიანმა ასაფეთქებლებმა...

скачать dle 11.3