ქოშინი ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევაზე მეტყველებს
ქოშინი ვითარდება, როცა ორგანიზმი ცდილობს, სისხლში სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადის რაოდენობა შეინარჩუნოს. ქოშინის მიზეზი შესაძლოა, იყოს ჭარბი წონა, სისხლში ჰემოგლობინის დონის დაწევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების დაავადებები. ქოშინი იშემიური დაავადებების, კერძოდ, სტენოკარდიის ან ინფარქტის თანმდევია და სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლილობის ან ფილტვების შეშუპების მანიშნებელია. თუ ქოშინი ადამიანს უეცრად დაეწყება, ეს ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევაზე მეტყველებს და დროულად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა. ასევე, ღამით განვითარებული ქოშინი გულის რიტმის დარღვევის, ჰაერის მწვავე უკმარისობის, კარდიალური ან ქრონიკული ასთმის შეტევას უკავშირდება.
შესაძლოა, ქოშინი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის ან შაქრიანი დიაბეტის დროსაც განვითარდეს და უკონტროლოდ მიღებულმა მედიკამენტებმაც გამოიწვიოს.
ვაშლი და ოხრახუში ბუნებრივი შარდმდენი პროდუქტია, წიწიბურა კი წნევას არეგულირებს
ვაშლში არსებული ორგანული მჟავები ხელს უწყობს ნაწლავებში მიკროფლორის გაუმჯობესებას, მყარი იმუნური სისტემის შენარჩუნებას. ვაშლი ამცირებს ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესს. ის კარგი შარდმდენი საშუალებაა. სასარგებლოა შეშუპების, დიათეზის, ნიკრისის ქარის დროს. ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს ფრუქტოზას. ის დიეტური ხილია, მის ზოგიერთ სახეობას არ აქვს უკუჩვენება შაქრიანი დიაბეტის დროს.
ორგანიზმის შეშუპების შემთხვევაში, კარგია შემდეგი სახის ნაყენის მომზადება:
* გახეხეთ ერთი ვაშლი და გაწურეთ. მიღებულ სითხეს დაუმატეთ იმდენივე რაოდენობის წყალი და დაახლოებით 5 გრამი სტაფილოს დაჩეჩქვილი თესლი. მიიღეთ დილით, რადგან საღამოს ის გახშირებულ შარდვასაც გამოიწვევს. ასევე, შარდმდენი თვისებების გამო, მისი ხშირად გამოყენება სასურველი არ არის.
წიწიბურა ძალიან სასარგებლო და ორგანიზმისთვის საჭირო საკვებია. მას ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლიდები, ამაღლებს პოტენციას, ამაგრებს სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განკურნებას. ის აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს წნევას.
მკურნალობისთვის საჭიროა, დღეში ორჯერ – დილას და საღამოს, მიირთვათ წიწიბურას კისელი, რომელიც ასეთი წესით უნდა მოამზადოთ:
* სამი სადილის კოვზი დაფქული წიწიბურა გახსენით ერთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში. ცალკე ჭურჭელში აადუღეთ ერთი ლიტრი წყალი და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ გამზადებული მასა. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში და თან, ურიეთ. შეგიძლიათ, ცოტა ნატურალური თაფლი და ნიგოზიც დაამატოთ, თქვენი გემოვნების მიხედვით.
ოხრახუში კი, ეხმარება სისხლის შედედებას. მისი მიღება აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას.
* შეშუპების დროს, 1 ჭიქა ოხრახუშის დაჭრილ ფოთლებსა და ფესვებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში მთელი ღამით. დილით კი გადაწურეთ და დაამატეთ 1 ლიმონის წვენი. დალიეთ სადილის კოვზით დღეში 5-6-ჯერ. ორი დღის მერე შეისვენეთ 3 დღით და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ პროცესი.
* ჰემოგლობინის ასამაღლებლად კარგია მიირთვათ ოხრახუშის ქორფა ფოთლები და ფესვები.
ოხრახუშის წვენს რამდენიმე დაავადების დროს იღებენ. მათ შორის: თირკმლის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გასასუფთავებლად.
* 200 გრამ ოხრახუშს დაასხით 2 ბოთლი ბორჯომი და წამოადუღეთ. მიღებული ნახარში დალიეთ ათი დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
* ოხრახუშს ჭამენ კენჭოვანი დაავადებების დროს, როგორც შარდმდენ საშუალებას.
* თუ გსურთ, თირკმელები გაიწმინდოთ, 1-2 სადილის კოვზ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ცოტა ხნით. სვით მთელი დღის განმავლობაში, როცა მოგწყურდებათ.
როგორ მოვიქცეთ საკვებით მოწამვლის დროს
საკვებით ინტოქსიკაცია მწვავე დაავადებაა, რაც ხასიათდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით ან ნევროლოგიური სიმპტომებით.
ბაქტერიული კვებითი ინტოქსიკაციის ყველაზე ხშირი გამომწვევია საკვების დაბინძურება ოქროსფერი სტაფილოკოკებით. სტაფილოკოკით საკვები მაშინ ბინძურდება, თუ მისი მომზადების ან შენახვის წესი ირღვევა. განსაკუთრებით ეს ეხება საკონდიტრო ნაწარმს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათის განმავლობაშია დატოვებული. ასეთ შემთხვევებში, პროდუქტებში იქმნება სტაფილოკოკის გამრავლებისთვის კარგი პირობები და ხდება ენტეროტოქსინის წარმოქმნა. სწორედ ეს არის ის ტოქსინი, რომელიც დაავადების განვითარებას იწვევს.
სტაფილოკოკური დაავადების დროს, პირველი 5-6 საათის განმავლობაში იწყება გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ხანდახან შოკური მდგომარეობაც კი ვითარდება. ამ დროს ტემპერატურა ოდნავ იმატებს. ადამიანი თავს ცუდად გრძნობს.
განსაკუთრებით რთულია კვერცხით, ხორცით და ისეთი პროდუქტებით მოწამვლა, რომელიც არაჟანს და მაიონეზს შეიცავს. ეს მაშინ ხდება, როცა საკვები სათანადოდ არ არის თერმულად დამუშავებული. ასეთ დროს ხდება მასობრივი ინფიცირების ბევრი შემთხვევა. მოწამლულს აღენიშნება ღებინება, ტემპერატურის მკვეთრი მატება, სისუსტე, თავისა და მუცლის ტკივილი, კანი შრება, მუცელი იბერება. ადამიანს ეწყება ფაღარათი. განავალი თხელია, ქაფიანი და ლორწოვანი. ამ დროს ხშირია გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, კიდურების გაციება. ეს სიმპტომები ვითარდება საკვების მიღებიდან დაახლოებით 6-დან 40 საათის განმავლობაშიც კი.
საკვებით ინტოქსიკაციის დროს უნდა მიიღოთ, რაც შეიძლება ბევრი სითხე ან გაიკეთოთ გადასხმა. ამით შეძლებთ, დაკარგული სითხის ანაზღაურებას. ზოგჯერ კი აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების მიღებაც.
გახსოვდეთ, დაავადებებს რომ თავი აარიდოთ, აუცილებლად უნდა დაიცვათ საკვების შენახვისა და მომზადების სანიტარული და ჰიგიენური წესები, დაავადების შემთხვევაში კი, დროულად მიიღოთ ზომები.
ჭარხალი აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, კვერცხი კი პოტენციას ამაღლებს
ჭარხლის წვენი ძალიან მარგებელია. ის უზრუნველყოფს ერითროციტების წარმოქმნას და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას. ასევე, ჭარხლის წვენი ორგანიზმს ეხმარება კალციუმის ათვისებაში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები აღენიშნება.
წითელი ჭარხლის წვენი შეიცავს იმდენ კალიუმს, რაც ორგანიზმისა და მისი ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისთვის სრულიად საკმარისია. ის, ასევე, შეიცავს ქლორს, რომელიც ღვიძლს, თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს წმენდს და ორგანიზმის ლიმფურ სისტემას ასტიმულირებს.
კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს, მაგრამ მასში ბევრია სხვა სასარგებლო ნივთიერებებიც. კვერცხი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამაღლებს, ოღონდ, ძალიან მცირე რაოდენობით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით კომპენსირდება. უმი კვერცხი პოტენციის ამაღლებას უწყობს ხელს. დღეში, შეგიძლიათ, ერთი ან ორი კვერცხი მიირთვათ.
კვერცხის ჭამას უნდა მოერიდონ დიაბეტიანები, რადგან მათ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა შეცვლილია და ანტიქოლესტერინის დამცველი მექანიზმი ცუდად მუშაობს.
საჭმელს ერთი ჭიქა წითელი ღვინო მიაყოლეთ
ჭამის დროს დალეულ ერთ ჭიქა ღვინოს სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, ადამიანს იცავს გულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისგან. ასევე, ღვინოში არის ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის დაბერების პროცესს.
ღვინო ასევე, შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც აადვილებს საჭმლის მონელებას, ზრდის ცალკეული ორგანოს სისხლმომარაგებას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
არ გირჩევთ, ღვინო მიაყოლოთ სალათებს, ნედლ ბოსტნეულს, ძმრით მომზადებულ კერძებს. ამ სახის საკვებზე ღვინის მიყოლება იწვევს საჭმლის მონელების დარღვევას.
ღვინო კარგია ხორციან საკვებთან ერთად, რადგან ხორცის შეწვის დროს წარმოიქმნება ორგანიზმისთვის ძნელად ასათვისებელი ნივთიერებები, რომლებიც მთელ რიგ მოშლილობებს იწვევს. ღვინოში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები კი, შლის ამ ძნელად ასათვისებელ ნაერთებს.
მიეცით ორგანიზმს დასვენების საშუალება
ცხოვრების არასწორი წესი ქრონიკულ დაღლილობას, შრომის უნარის დაქვეითებასა და ათას დაავადებას იწვევს. მოგაწვდით რჩევებს, როგორ დააღწიოთ თავი ყოველივე ამას და იცხოვროთ ჯანსაღად და ლაღად.
*იძინეთ იმდენი, რამდენსაც ორგანიზმი მოითხოვს. ასე, ნერვულ სისტემას სრულფასოვანი დასვენების საშუალებას აძლევთ. ერთი უძილო ღამე რომ აინაზღაუროთ, ორი ღამე მაინც არის საჭირო, დღის ძილი კი არცთუ კარგია. ის ბიორითმებს ცვლის და ორგანიზმში მიმდინარე პროცესთა დესინქრონიზაციას იწვევს. მოერიდეთ ყველაფერს, რაც დაძინებაში გიშლით ხელს. ვახშამი დაწოლამდე ორი საათით ადრე მიირთვით. საღამოს, ძილის წინ, ნუ მოწევთ სიგარეტს, ნურც ყავას და მაგარ ჩაის დალევთ. საწოლში არ იკითხოთ და არც ტელევიზორს უყუროთ დაწოლილმა. დაწექით დასაძინებლად, როცა ძილი მოგერევათ – ასე, გამოგიმუშავდებათ რეფლექსი და დაწვებით თუ არა, მალევე დაგეძინებათ.
*ამბობენ, დილით, უზმოზე ფინჯანი ყავა კარგია, რადგან კოფეინი გადაღლილობისა და გამოფიტვის საწინააღმდეგო საშუალებაა. ეს არასწორი მოსაზრებაა. კოფეინი ალკალოიდია, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ენერგიის მოზღვავების იმიტაციას იწვევს. ის დაკარგულს კი არ აღადგენს, არამედ დარჩენილ მარაგს კრებს და ორგანიზმს უფრო მეტად ფიტავს. ქრონიკული დაღლილობისა და უძილობის დროს ყავის სმას ნუ მიეძალებით, ეს უარესია. ის კი არ აფხიზლებს ადამიანს, არამედ ძილს უფრთხობს. ამ დროს იწყება თავის ტკივილი და, შესაძლოა, ხანგრძლივი უძილობაც კი დაგჩემდეთ. ნუ დალევთ დღეში ორ ფინჯანზე მეტ ყავას. თუ დაღლილობას თავს ვერ ართმევთ, მიირთვით ლიმონიანი და თაფლიანი ჩაი ან მინერალური წყალი.
*სერიოზული ზიანი მოაქვს სიმსუქნეს. რადგან, ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი არანაკლებ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს მოიხმარს, ვიდრე გული და ტვინი. ის გულს აიძულებს, ერთიორად მეტი დატვირთვით იმუშაოს და საკუთარ პრობლემებს გულის, სისხლძარღვების, კუჭის, პანკრეასის, სახსრების ხარჯზე აგვარებს. ამიტომაც არის სიმსუქნე გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, შაქრიანი დიაბეტის, ოსტეოპოროზისა და სხვა დაავადებების რისკ-ფაქტორი. გირჩევთ, ერიდოთ მაღალკალორიულ საკვებს და მეტი იმოძრაოთ.
*ადამიანები დიდ დროს ატარებენ ავტომობილში, ტელევიზორთან, კომპიუტერთან და ასე შემდეგ. ასეთ მდგომარეობას მოძრაობის უკმარისობა ეწოდება. ის ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია. ამიტომ, სწორად უნდა შეარჩიოთ ფიზიკური ვარჯიშები. ფიზიკური აქტივობა ნებისმიერს სჭირდება, რათა პასიური ცხოვრების წესმა ორგანიზმი არ გამოფიტოს და არ დააავადოს.
ასე რომ, გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები და მიეცით თქვენს გადაღლილ ორგანიზმს სწორად გამოძინების და ძალების აღდგენის საშუალება.