როგორ „მოკლა“ გალაკტიონმა კაცი მურაბით და ვინ იყო ქალი, რომელმაც ის სიკვდილს გადაარჩინა
„ახალი წელი დღევანდელ გაზეთებში იხსნება ჩემი ლექსებით... საზოგადოთ ეს წელი ჩემის ტრიუმფით იწყება... უნდა მახსოვდეს, რომ მტერი არ მოისვენებს, მაგრამ მე ჩემი გზა მაქვს... ო, ჩემო დღიურო, ბევრი რამ, ბევრი რამ კარგი უნდა აღნუსხო შენ, რომ წლის დამლევს გადავხედო ჩემს გზას ისეთი სიამაყით, როგორითაც მთავარსარდალი გადახედავს გამარჯვებული ბრძოლის ველს. დიდებული იქნება ეს წელიწადი, გალაკტიონ!“ – ასე იწყებს გალაკტიონი 1939 წლის 1 იანვრით დათარიღებულ თავის დღურებს.
2 იანვარი
„არ მიყვარს, როდესაც ყურადღებას მაქცევენ საზოგადო ადგილას, თითქოს გშინჯავენ, რაღაცას ფიქრობენ; მაგრამ ეს კარგია.
მწერალთა კავშირში შალვა დადიანმა შემომჩივლა: გუშინ ჩამოველი ბაქოდან, ახუნდოვის ხსოვნის დღესასწაულიდანო. ყველას ჭყონდიდელი მე ხომ ვერ ვიქნებიო. შალვა – ჭყონდიდელი!.. ჭყონდიდელი კი არა – კონფერანსიე, არტისტი. ჩვეულებრივად იცინოდა, ისე, რომ ვერ გაიგებდი, თუ რატომ ახსენა ჭყონდიდელი... შემეცოდა. მან ბევრი გადაიტანა და იტანს წმინდა სტოიკური სიდინჯით და არტისტიული ნიღაბით. ფაქტიურად ის უბედური ადამიანია... ლევან ასათიანთან მე და შალვას საუბარი გვქონდა. ლევანმა აიღო თავისთავზე კონსერვატორიაში ჩემი საღამოს მოწყობის მეთაურობა... სასწრაფოდ გავქანდი კონსერვატორიაში და ავიღე დღე... ვესტიბიულში მომესმა ქალის ხმა: „გალაკტიონ! გალაკტიონ!”. მოვიხედე – ელიკო! „აღარსად აღარ გაგიშვებ. ეხლავე ჩემთან უნდა წამოხვიდე, ქეთო მაღალაშვილს შენი პორტრეტის დახატვა უნდა რამდენი ხანია,” – ისე ჩამჭიდა ხელი, რომ პალტოს ჩაცმა ძლივს მოვასწარი. უარი ვინ გათქმევინა, პირდაპირ გამაქანა ბარნოვის ქუჩისკენ... მისი პორტრეტები ყველა მშვენიერია, რომანტიული, ლამაზი... მე დავიჭირე ხანგრძლივი და რაღაც არაჩვეულებრივი თვალის გასწორება; ქეთო უცქეროდა ელიკოს ისე, რომ მე დავფიქრდი. რას ნიშნავდა ეს? მე ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ ელიკოს ვუყვარვარ... ელიკოს მე ვუყვარვარ... და ვუყვარდი ჯერ კიდევ ოცი წლის წინად! ოცი წელი! როგორი წლები! აი, ქეთოსაც სულით და გულით უნდა ჩემი პორტრეტის დახატვა. შევთანხმდით: ხვალ თერთმეტი საათიდან იგი იწყებს პორტრეტის ხატვას...
3 იანვარი
დიდი, უზარმაზარი შავი თვალები. თვითონაც შავი (უკეთ, შავგვრემანი), შავი თმა, შავი აბრეშუმის ტანთსაცმელი – ასეთია ქეთო მაღალაშვილი... მშვენიერ შთაბეჭდილებას ახდენს... მერე მოვიდა ელიკოც... ძალიან დაღლილი სახე აქვს, მაგრამ ძველებურად სიმპატიური. დილის 10 საათიდან 2 საათამდე ვიყავი მათთან... შემდეგ მწერალთა სასახლეში: ლევანს გადავეცი, რომ კონსერვატორიის დარბაზი აღებულია 11 იანვრისათვის... ანდრია ბალანჩივაძესთან საღამოთი ვიყავი ბინაზე. გამაცნო ცოლი, რომელმაც გამოალაგა ტორტი, საცივი, ღვინო. უხერხული კი იყო, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი. ისინი სახტად დარჩენ. ანდრიუშამ მირჩია, მიმითითა კომპოზიტორთა კავშირზე, რომელსაც ერთადერთს შეუძლია, საღამოსთვის რაიმე დადებითი გააკეთოს ყოველმხრივ. მირჩია აგრეთვე, სრულებით ამომეღო საღამოს ვოკალური ნაწილი, ვინაიდან არ არსებობს ჩემს სიტყვებზე მუსიკა. მაშ ასე: სკრიპკა, ვიოლონჩელი, როიალი, დეკლამაცია და სხვ. ძლიერ მომეწონა. თუ ეს ხვალ განვახორციელე, მეტი არა მინდა-რა.
შემდეგ საპარიკმახერო. თეატრალურ მუზეუმში ხმის ჩასაწერად...
4 იანვარი
...მწერალთა კლუბში მერი მიქელაძემ აღელვებით მიამბო: „შეიძლება გეწყინოსთ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ ინციდენტი, რომელიც მომხდარა რკინიგზის შკოლაში. გამოსულა მასწავლებელი მშვენიერაძე და დაუმუშავებიხართ. რა ორგანიზაციაა მწერალთა კავშირიო, რომ კაცმა ლენინის ორდენი დაჰკარგა და იუბილეის უხდიანო. ვერავინ ვერაფერი უთხრა, ვინაიდან ეს სრულიად მოულოდნელი იყო ყველასათვისო“... ეხლავე უნდა წავიდე და მდივანს ვუთხრა, რომ ეს აღმაშფოთებელი ამბავიაო. პოლიკარპე კაკაბაძე ამბობდა: უსათუოდ უნდა უთხრა, გალაკტიონზე კი მშვენიერაძეების ასეთი გამოსვლა გავლენას არ იქონიებსო. მე განვაცხადე, რომ ამ ინციდენტის გახმაურება არა ჰღირს, რომ თავისთავად ცხადია – აქ პროვოკატორია, გამოსვლაც პროვოკაციულია-მეთქი... მართლაც, ვინ არის ეს მშვენიერაძე... აი ახალი მტერიც გაჩნდა. ეჰ, ასეთია ქვეყნად საბრალო პოეტის ცხოვრება... სახლში დამხვდა წერილი იაროსლავლიდან. საღამო ეწყობა, მხოლოდ არა კონსერვატორიაში, არამედ რუსთაველის თეატრის საკონცერტო დარბაზში...
5 იანვარი
...ჩვენი მონნა-ლიზა (ქეთო მაღალაშვილი) ხატვას განაგრძობს: „თუ თავი და სახე კარგად არ დავაყენეთ – ორივენი დავიღუპებითო!“
მაგრამ არაფერსაც არ დავიღუპებით. წინათგრძნობა მეუბნება, რომ პორტრეტი კარგი გამოვა... მოვუყევი ქეთოს ლექსის „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო“-ს ისტორია. იგი პაპიროსის კოლოფზე დავსწერე წყალტუბოში, შემდეგ არ მომეწონა, დავხიე და გადავყარე. რომელიღაც ქალს ამ ლექსის ნაგლეჯები ერთმანეთისათვის შეეწებებინა და ეხლა ეს ლექსი პოპულიარული ლექსია... შემდეგ გამახსენდა პ. პეტრენკოს ამბავი „ლურჯა ცხენების“ თარგმანის შესახებ: მან ეს თარგმანი წაიკითხა სოხუმში, სალიტერატურო საღამოზე. იქ მას ჰქონდა სტრიქონი: „ლèøü â ìîჯèëå óìèðîòâîðåíèå“. რომელიღაც რუსს ასე გაეგონა: სìåð îò âჭðåíüÿ – ნაცვლად „სìèðîòâîðåíèå“-სა და იგი ცხარობდა: როგორ შეიძლება მურაბით კაცი მოკვდესო. მას აუხსნეს, თუ რაში იყო საქმე და ძლივსძლივობით დაამშვიდეს...
6 იანვარი.
...საღამოთი ვიყავი ფილარმონიაში კომიტასის სახელობის კვარტეტზე. კომპოზიტორი კომიტასი იყო არხიმანდრიტი (მერე რა, რომ ბერი იყო, საბა-სულხან ორბელიანიც ხომ ბერი იყო). იგი ჰკრებდა ფოლკლორს და შემდეგ ჰარმონიზაციას უკეთებდა როგორც სასულიერო, ისე საერო მოტივებს. თვითონაც მღეროდა, რადგან მშვენიერი ხმა ჰქონდა. კომიტასი რუსეთ-იაპონიის ომამდე აქ იყო, შემდეგ საზღვარ გარედ წავიდა და იქ გარდაიცვალა. 1933 წელს დიდის ამბით ჩამოასვენეს მისი ურნა ამერიკიდან...
7 იანვარი
მწერალთა სასახლეში ყინვაა. მხოლოდ ერთ ოთახში გუგუნებს ბუხარი. მას გარს უსხედან მწერლები... საუბარია მუსიკაზე. მე ვუამბობდი კომიტასის გუშინდელი კონცერტის შესახებ... საუბარი გადატანილ იქნა რუსებზე, რომ დაადებენ თავს და მიდიან. ერთი ოჯახი აიყარა თურმე და ხაბაროვსკში ჩავიდა. იქ სამუშაო არ მოეწონათ. დაადვეს თავი კავკასიისკენ. ბაქოში გაქურდეს. ჩამოვიდენ თბილისში. ჩემთან მოვიდა ერთი ახალგაზრდა ქალი და მოსამსახურედ ავიყვანე. ეხლა მთელი ოჯახი მოწყობილია და აღარც აპირებენ წასვლას ტფილისიდან.
– გურია სავსეა რუსებით, – ამბობს ვარდოშვილი, – მალე გაგურულებული რიჟა რუსებით აივსება იქაურობაო.
– სამეგრელოში ვიყავი, – უმატებს გაბესკირია, – გამაოცაო ერთმა გარემოებამ. რუსის პატარა ბიჭები ერთმანეთს წმინდა მეგრულით აგინებდენო...
8 იანვარი
...გალაკტიონი უკრაინაში რომ იყოს, სულ ხელის გულზე ატარებენო, - სთქვა საქფილგეთის დირეკტორმა (გალაკტიონი! დღეს მთავლიტმა ჩემს აფიშაში ანბანი „კ“ „ქ“-დ გადააკეთა. რა მთავლიტის საქმეა სახელის გამოცვლა?). – ლიტფონდში ჩემს 3.000 მანეთს მთლიანად არ იძლევიან. ნაწილ-ნაწილად და ისიც – როდესაც გვექნებაო. ამ ხალხის იმედი არა მაქვს... საქფილგეთი რაღაც წამგლეჯელის შთაბეჭდილებას ახდენს! მას მიაქვს საღამოს შემოსავლიდან - 30% და კიდევ უამრავი ბილეთები...
9 იანვარი
მთელი დღე აფიშას მოვუნდი... ნიმუშად მე გამოვიყენე სტილი ჩემი საპაპიროსესი – და ყდა „Enciclopedie France“-სი. მაინც არასგზით არ მოხერხდა სტილის შენახვა... მთავლიტმა როდესაც აფიშას დახედა, სთქვა: – რატომ „გალაკტიონი“ და არა „გალაქტიონი“?
– იმიტომ რომ ბავშობიდანვე ეგრე ვაწერ ხელს. ყველა ჩემი წიგნების ავტორია: გალაკტიონ ტაბიძე.
10 იანვარი
დილით უკვე აკრავდენ აფიშებს, რომელსაც ხალხი ეხვეოდა... ლევან ასათიანი აგონებს მწერლებს გამოსვლის შესახებ... ბილეთებიც მზადაა და ნაწილი გაყიდულია... ნაშოვნია კაცი, რომელიც გაჰყიდის წიგნებსა და სურათებს, გამოვა ელენე შერი (ჰონორარი – 2.500 მ. ავიღეო – ამბობს)... სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ მწერალთა კავშირს არ ემჩნევა არავითარი დაინტერესება...
11 იანვარი
დილით ტელეფონით ველაპარაკე გაზეთების რედაქციებს („მუშა“, „კომუნისტი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ვეჩერნი ტფილისი“)... გულწრფელობით ეპყრობიან ჩემი საღამოს საქმეს. ეს ძალიან კარგია...
12 იანვარი
ჩატარდა! გენიალურად!
14 იანვარი
დაიწყო რაღაც საშინელება: მე ჩავკეტე სახლის კარები...
15 იანვრიდან 5 აგვისტომდე
ეს იყო გრიპის საშინელება. 12 იანვარს ფილარმონიაში რომ საღამო მქონდა, ყველაფერი მას შემდეგ მოჰხდა. საღამო მშვენიერად ჩატარდა, მაგრამ მე დამღალა სასტიკად... მე არ მქონდა საავადმყოფოში დაწოლის საშუალება. ამიტომ იძულებული ვიყავი, ფეხზე გადამეტანა იგი. ცეცხლს ამ ზამთარში ვერ ვანთებდი, შეშა არა მქონდა. ღამღამობით მაძლევდა ოფლს, განუწყვეტლივ საშინლად მახველებდა, გული მერეოდა, მთელი სხეული მიკანკალებდა, ხელში კალამს ძლივს ვიღებდი, მაგრამ მუშაობის თავი სად იყო. ამიძაგძაგდებოდა ხელი და კალამი ძირს ვარდებოდა. ამას დაემატა საშინელი სმა, ღვინო, არაყი, ლუდი, ყოველდღე, განუწყვეტლივ. საშინლად დავეცი... ბინა პირდაპირ საღორეს დაემსგავსა. ვინა მყავდა დამლაგებელი?.. იანვრის დამლევს, როგორც იქნა, მოიტანეს შეშა. შეშის ეზოდან სახლში ამოტანის დროს ხელი გავიფხაჭნე: თითი გასივდა და მთელი ერთი თვე საავადმყოფოში დავდიოდი შესახვევად... არანორმალურად მიდიოდენ დღეები... მწერალთა კავშირს სრულიად ჩამოვშორდი... 25 მაისს. ღამის პირველი საათი იქნებოდა. სავახშმოდ შევედი რომელიღაც ჯერ ისევ ღია რესტორანში. ერთს მაგიდაზე იჯდა ხუთი ახალგაზრდა კაცი.. ყველა მთვრალი. როგორც ჩვეულებრივად ხდება, მიმიწვიეს სუფრაზე. არავითარი უარი არ გამივიდა... სახლში ძლივს მივედი. ეს იყო და ეს. მეორე დღეს ტანგაუხდელს გამომეღვიძა, მაგრამ ფეხზე ვეღარ ავდექი. ვიგრძენი გვერდის ტკივილი, რაღაც აუტანელი... მეგონა, რომ ჩამტვრეული მაქვს გვერდის ძვლები. დიდის ვაი-ვაგლახით, როგორც იქნა საავადმყოფოში მივედი და ექიმს ვენახვე... ექიმმა დიდხანს მსინჯა... გვერდის ნეკნები არ არის დაზიანებულიო, – სთქვა მან და გამომიწერა წამლები. მაგრამ გვერდი მაინც საშინლად მტკიოდა, მახველებდა, ოფლში ვიწურებოდი, და ვიყავი მარტო. გადავწყვიტე საავადმყოფოში დაწოლა. და გავეშურე კიდეც. გზაში ოლგა იურიევნა შემხვდა. „ასე და ასეა ჩემი საქმე“-მეთქი – მოვუყევი ყველაფერს. მან კატეგორიულად მირჩია, სახლში დავწოლილიყავი. მეც გამოვბრუნდი გზიდან და ჩავწექი... ოლგა იურიევნამ პირდაპირ გადამარჩინა. მან დაასუფთავა მთელი ბინა, დააკრიალა იატაკი, დარეცხა ყველაფერი, მიალაგა წიგნები, ხელნაწერები. დიდი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი თავი სუფთა საწოლში. იურიევნამ „ლეჩკომისიიდან“ დაუძახა ექიმს. ექიმიც მოვიდა... ასე, 29 მაისიდან 15 ივნისამდე ვიწევი საწოლში. გრიპმა გაიარა. იურიევნა მივლიდა თავდადებით... ამნაირ მდგომარეობაში (დაახლოვებით, ყველაფერს არა ვსწერ) გავატარე შვიდი თვე: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი! თანდათან ვერკვევი კოშმარებიდან: ამ დღეებში ცოტა ხნით მინდა მოვშორდე ტფილისს.“