ჩამიშალე გეგმები...
რატომ ხდება ისე, რომ ყველა აწყობს გეგმებს, მაგრამ მხოლოდ უმცირესობა ახერხებს მათ სისრულეში მოყვანას. დაგეგმვა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და უამისოდ წინსვლა სერიოზული პრობლემაა, ანუ, გეგმები უნდა გვქონდეს; მთავარია, ისინი დროზე ადრე არ ჩაგვეშალოს და ბოლომდე შევეცადოთ მათ შესრულებას. რა არის ჩაშლილი გეგმების მიზეზები?! მოდი, გავაანალიზოთ ისინი და ამ ახალი წლიდან მაინც წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი გეგმები.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მთავარი ხელის შემშლელი თვითსაბოტაჟია, რასაც ხშირად საერთოდ ვერ ვამჩნევთ და ყველაფერს ვაბრალებთ სხვებს, ძირითადად, კი ახლობელ და საყვარელ ადამიანებს ან ვიღაცეებს – ვინც, თითქოსდა, შურით განაპირობეს ჩვენი წარუმატებლობა. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. პრობლემა ჩვენშია – საკმარისია, შეგვეშინდეს იმ სიძნელეების, რომლებიც ჩვენ მიერ დასახულ გეგმებს ახლავს, რომ მაშინვე საეჭვო ხდება გეგმების განხორციელების, მათი რეალობად ქცევის ალბათობა. შეუცნობლად ჩვენს გონებაში ისე ვანაწილებთ დროს, რომ ამ გეგმებისთვის ადგილი აღარ დარჩეს. რატომ? იმიტომ, რომ გვეშინია. ეს ქმნის კომპლექსს, რაც მოქმედებას გვიზღუდავს. ყველამ იცის, რომ წარმატებისკენ გადადგმული მთავარი და დიდი ნაბიჯი არის რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოვა.
გამოსავალი არსებობს: ამ გეგმებსა და შესასრულებელი საქმეების ჩამონათვალში ჩართეთ ისეთებიც, რომელთა შესრულება სასიამოვნო და ადვილი იქნება – მაშინ აღარავისთვის მოგიწევთ თქმა: ჩამიშალე გეგმები!
არ დახარჯო ბევრი!
ქალებს ხშირად გვსაყვედურობენ, რომ გვიყვარს ფულის ხარჯვა. ჯერ ერთი, ფული იმისთვის არის, რომ დაიხარჯოს; მეორეც – მთავარია, ისე დავხარჯოთ, რომ სიამოვნება მივიღოთ და ეს ხარჯი მძიმე ტვირთად არ დაგვაწვეს. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ეს წელი დაიწყეთ ისე, რომ ბოლოს საკუთარ თავს არ უსაყვედუროთ მფლანგველობის გამო.
დაიწყეთ იმით, რომ განსაზღვრეთ ყოველთვიური ბიუჯეტი. აიღეთ ფურცელი და დაწერეთ თქვენი კონკრეტული შემოსავლები, გვერდით კი ჩამოწერეთ აუცილებელი ხარჯები, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლით – რაც გადასახდელია, უნდა გადაიხადო; კიდევ, არსებობს გაუთვალისწინებელი ხარჯები და, კარგია, როცა ამ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის მზად ხართ. რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? ცოტ-ცოტა ფული უნდა დაზოგოთ. ყოველთვის უნდა იცოდეთ, რა ზედმეტი ხარჯის უფლება შეიძლება მისცეთ საკუთარ თავს. ზოგჯერ შეიძლება, ამ ხარჯს გადაამეტოთ, მაგრამ ეს ხშირად არ უნდა მოხდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. სანამ რამეს იყიდდეთ, მაგალითად, ტანსაცმელს ან აქსესუარს, კარგად დაფიქრდით: შეიძლება ნივთი ძალიან ლამაზი იყოს, მოიხიბლოთ და ფული დაუფიქრებლად გადაიხადოთ მასში, მაგრამ სრულიად უსარგებლო აღმოჩნდეს – ასეთი რამ ხშირად მოგსვლიათ? მაშინ, ახლა მაინც დაფიქრდით, სანამ საფულეს ჯიბიდან ამოიღებთ. არსებობს ასეთი მეთოდიც: დადექით და რამდენიმე ხანს უყურეთ მოწონებულ ნივთს. მერე ცოტა გაიარეთ და ისევ შეხედეთ – აღტაცება ნელ-ნელა გაივლის და ფულის გაუმართლებელ ხარჯვას გადარჩებით და, შესაბამისად, არც საყვარელი მამაკაცი გეტყვით, რომ მფლანგველი ხართ.
მხოლოდ
სასიამოვნო...
როგორ მოვახერხოთ, რომ ყოველი ახალი დღისგან მხოლოდ პოზიტივი მივიღოთ? ბუნებრივია, ეს ყველას გვინდა, მაგრამ ცოტას თუ გამოგვდის. არადა, საკმაოდ რეალურია, ვიყოთ ყოველდღე მეტ-ნაკლებად კარგ გუნებაზე და მივიღოთ სიამოვნება იმისგან, რაც გვაქვს. კარგია, თუკი შევძლებთ და ინდივიდუალურ პროგრამას შევიდგენთ. მაგალითად, ზოგიერთი პოზიტივს იქმნის დიდი ხნის უნახავ მეგობართან დარეკვითა და წაჭორავებით. არ არის აუცილებელი, თავს აიძულოთ ის, რაც სტერეოტიპულია და ვიღაცამ გირჩიათ – არავითარ შემთხვევაში! თქვენ თავად უნდა მონახოთ ყველაზე სასიამოვნო, თუნდაც ნაკლებად სასარგებლო მეთოდი ცხოვრების გასახალისებლად.
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დღის განმავლობაში სულ სასიამოვნო საქმეების კეთება უწევს. არსებობს ვალდებულებები, რომლებზეც მიბმულია ჩვენი პასუხისმგებლობა, თუმცა, ჩვენ გვაქვს არჩევნის თავისუფლებაც და არავინ გვიშლის, ავირჩიოთ ჩვენთვის სასარგებლო საქმე.
ხომ შეგიძლიათ მხოლოდ სასიამოვნო რაღაცეებზე ფიქრი? ეს ნამდვილად მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. ნუ გაიფუჭებთ განწყობას უმნიშვნელო წვრილმანების მოგვარებით, თუნდაც დამღლელი და მოსაწყენი ყოფითი პრობლემებით... ხშირად გაუკეთეთ საჩუქარი საკუთარ თავს – ეს მართლაც გესიამოვნებათ. მთავარია, არ იდარდოთ რომელიმე ნივთზე, რომლის შეძენაც გინდოდათ და ვერ მოახერხეთ. თუ ამას შეძლებთ, ხშირად გექნებათ კარგი განწყობა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქნებით უფრო პროდუქტიული და, შესაბამისად, შეძლებულიც, მერე კი ნებისმიერი სასიამოვნო ნივთის შეძენასაც მოახერხებთ...
საჩუქრები
სიამოვნებისთვის
ისინი ბევრნაირი შეიძლება იყოს: პრაქტიკულიც და სასარგებლოც; უბრალოც და ძვირფასიც; სრულიად უსარგებლოც და ნაგავში გადასაგდებიც... მაგრამ ერთი რამ მაინც აერთიანებთ – ვიღაცამ იზრუნა, რომ ის თქვენთან აღმოჩენილიყო... დიახ, საჩუქარზე ვსაუბრობთ, ყველაზე რომანტიკული რომ უნდა იყოს და ზოგჯერ ნერვებს გვიშლის. არ არის ადვილი, ადამიანის გემოვნებასა და სურვილებს ჩასწვდე. ფსიქოლოგები ცდილობენ, დაგვეხმარონ. მაგალითად, იცით, რა არ უნდა აჩუქოთ საყვარელ ადამიანს დღესასწაულებზე?! – უბრალოდ, წაიკითხეთ ჩამონათვალი...
* არ უყიდოთ ფეხსაცმელი, მით უმეტეს – ქალს. თუ წაიყვანთ და აარჩევინებთ, ფულს კი თქვენ გადაიხდით, კიდევ არა უშავს, მაგრამ სიურპრიზი აღარ გამოვა.
* ქოლგაც ცუდი საჩუქარია – ჩინელები, მაგალითად, დარწმუნებულები არიან, რომ ქოლგის ჩუქება ცუდის ნიშანია და ეს ურთიერთობის დასასრულს მოასწავებს.
* ერთი შეხედვით, რა უნდა იყოს ხელთათმანის ჩუქებაში ცუდი, მაგრამ, ასე მარტივადაც არ არის საქმე – გაიხსენეთ, არცთუ შორეულ წარსულში ხელთათმანის გადაგდება რისი ნიშანი იყო.
* არ აჩუქოთ მეუღლეს ცარიელი საფულე. მას თუ შემოსავალი შემოაკლდება, არც თქვენ აღმოჩნდებით კარგ მდგომარეობაში. ფიქრობთ, ეს ცრურწმენაა? მაინც არ გირჩევთ...
* სახიფათოა პარფიუმერიის ჩუქება – სუნამო სწორად რომ ვერ შეარჩიოთ, მისი სურნელი თავადვე შეგაწუხებთ, კმაყოფილი კი არც ის დარჩება.