როგორ უნდა გამოასწოროს ადამიანმა წინაპრების მიერ ცოდვებით დაზიანებული გენეტიკა და რატომ არ უნდა ცხოვრობდეს ის მთელი წელი ბედობისა და ბედისწერის იმედად
1-2 იანვარს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ, როგორც ამ დღეებს შევხვდებით, ისეთი წელი დაგვებედება, ანუ ისეთი იქნება ჩვენთვის მთელი წელიწადიო. ხშირად იმისიც გვჯერა, რომ დაბადებისთანავე იწერება ჩვენი ბედი და ბევრი რამ სწორედ ბედისწერაზეა დამოკიდებული. როგორია ამ ყველაფრის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– რა თქმა უნდა, ადამიანის ბედი წინასწარ არ არის განსაზღვრული. რატომ? იმიტომ, რომ ის არის ხატება და მსგავსება ღვთისა. თავად ღმერთს გააჩნია აბსოლუტური თავისუფლება და, რადგან ადამიანი ხატება და მსგავსებაა, ამიტომ მას მადლით თავისუფალი ნება აქვს მიმადლებული. მთავარია, გავარკვიოთ, რას გულისხმობს ადამიანი, როდესაც ახსენებს ბედისწერას. მინდა შეგახსენოთ სამი მდგომარეობა, რომელიც ღმერთმა ადამიანზე დაუშვა, ეს არის: 1. უფლის ნება, 2. უფლის დაშვება, 3. უფლის განგებულება. უფალმა თავისი ნება პირველად აბრაამს გამოუცხადა – ჩემი ნებაა, შემომწირო შენი შვილი. აბრაამი უსიტყვოდ ემორჩილება უფალს და გადაწყვეტს შვილის შეწირვას. ღმერთი მას ამის კეთებას არ ავალდებულებს, უბრალოდ, უცხადებს თავის ნებას. შესაბამისად, აბრაამს შეეძლო, არ შეეწირა თავისი შვილი. როგორც კი ის დაემორჩილება უფლის ნებას, ღმერთი მას ეუბნება: აღარ არის საჭირო, დღეიდან შენ ჩემი მეგობარი გეწოდება; მეორე – ეს არის მრავალტანჯული იობის ცხოვრება. ყველამ უნდა იცოდეს, რამდენი რამ დაუშვა მასზე უფალმა. მან ყველაფერი დაკარგა, რაც კი გააჩნდა, საკუთარი სულის გარდა. მასთან მიდიან მეგობრები საყვედურით: სად არის ღმერთი, რატომ დაუშვა მან შენზე ეს ყველაფერი? როგორი უბედური ხარ... – როგორც დღეს ხდება ხოლმე. იობი კი პასუხობს მათ: შიშველი მოვედი ამქვეყნად და შიშველი გავალ. ანუ იობმა იცოდა, რომ ეს იყო უფლის დაშვება და უნდა გამოცდილიყო მისი ცხოვრება ღვთის წინაშე. ღმერთმა ადამიანებს დაანახვა, რომ იობს, ანუ ადამიანს, შეუძლია, ღმერთი ადიდოს განსაცდელების ჟამსაც, მაშინ როცა ყველაფერს დაკარგავს და, შეუძლია, ეს ყველაფერი სასოებით, სიყვარულით, თავმდაბლობით გადაიტანოს, ისევე, როგორც ეს იობმა გააკეთა და ღმერთმა მას ყველაფერი დაუბრუნა; და, მესამე – ღვთის განგებულება. იოსების გაყიდვა ძმების მიერ ეგვიპტეში – ეს არის უფლის განგებულება, რომ იოსები ჩავიდეს ეგვპიტეში და იქ გადაიქცეს დიდ კაცად. ჩვენ ხშირად გვერევა ბედისწერა უფლის ნებაში, განგებულებაში. იოსებს შეეძლო, იქიდან წამოსულიყო, მაგრამ არ წამოვიდა, გონიერება გამოიჩინა, ემსახურა ფარაონს და დიდი კაცი გახდა. ეს არ ყოფილა ბედისწერა, ეს იყო უფლის განგებულება, დაშვება, რაც იოსებმა კარგად დაინახა. ანუ, ადამიანი უნდა მიხვდეს, როდის არის მასზე უფლის ნება, დაშვება და განგებულება.
– ამის მიხვედრა არ არის ადვილი. ადამიანები წლების განმავლობაში ეკლესიურად ცხოვრობენ, მაგრამ მაინც ვერ ხვდებიან, რა არის უფლის ნება, დაშვება თუ განგებულება.
– საჭიროა საეკლესიო სწავლების ცოდნა და წმიდა წერილის გააზრება. როცა ადამიანმა იცის იობისა და აბრაამის ცხოვრება, ღმერთის არსებობა, მან უნდა იცოდეს, რომ ღმერთი მასზე არ დაუშვებს ისეთ რამეს, რაც მას დაღუპავს, გაანადგურებს. ღმერთისგან კარგი მოდის, ყველაფერი ჩვენი სიკეთისთვის, ცხონებისთვისაა და, ვინც ეს დაინახა, ის ცხონდა. მაგრამ ის, ვინც ეურჩება, არ სურს დაინახოს საკუთარ თავზე ღმერთის ნება, განგებულება, დაშვება, ის ავტომატურად ეშმაკის ზეგავლენის ქვეშ ექცევა და ეშმაკი მას მცდარი სწავლებით აბრკოლებს, ანადგურებს მის თავისუფალ ნებას. ხშირად ადამიანი აცხადებს: მე თავისუფალი ვარ, არ მჭირდება არავის მონება! – და ამ დროს ეშმაკის მონებაში ხვდება. შემდეგ კი, თავისი და ეშმაკის ნებით, ცოდვაში ვარდება, მრავალ უმსგავსობას აღასრულებს. მერე, როცა თავის უმსგავსობას ხედავს, ამბობს: უბედური ვარ, ღმერთმა დამაწერა, ეს არის ჩემი ბედისწერაო. რა თქმა უნდა, ეს უმეცრებაა.
– ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით სჯერათ იმის, რომ, როგორც ამ დღეებში იცხოვრებენ, ისე გაატარებენ მთელ წელიწადს და დაებედებათ ის, რაც ახალი წლის დღეებში დაიბედეს.
– უნდა იცოდეთ ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, რომ არ არსებობს არანაირი ბედობა. თუ ვინმე აღიარებს ბედისწერას, ის ქრისტიანი არ არის – ეს შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო. დღეს ზოგიერთი ამბობს, რომ ძველი ეკლესია აღიარებდა ბედისწერის არსებობას, თანამედროვე ეკლესია კი უარყოფს ამასო. ეს მტკნარი სიცრუეა. ვინც აღიარებს ბედისწერას, მას ზოგჯერ სახარებიდან მოაქვს მაგალითად: თქვენს თავზე თმებიც კი დათვლილია, ერთი ღერიც არ ჩამოვრდება ღმერთის ნების გარეშეო. ამაში იგულისხმება არა ბედისწერა, არამედ ის, რომ ღვთის განგებულების გარეშე არაფერი ხდება. ღმერთმა იცოდა, რომ ადამი აკრძალულ ნაყოფს მოწყვეტდა, მაგრამ არ ერევა მის ცხოვრებაში, მის გადაწყვეტილებაში. თუმცა, არავის ეგონოს, რომ ადამიანი, მორწმუნეა ის თუ ურწმუნო, გამოდის ღვთის განგებულებიდან. ის ღვთის ნებას ემორჩილება, მაგრამ ღვთის განგებულებიდან ვერ გამოვა. დღეს თუ ის ცოდვას სჩადის, მომავალში ღმერთი მის ქმედებას სიკეთეს მოუძებნის, ადამიანის უგუნურებას მაინც დადებითად გარდაქმნის. თუ ვინმეს სჯერა, რომ ადამიანი დაიბადა მეძავი ან მკვლელი, ანუ, თუ ღმერთმა მას თავიდანვე დაუდგინა, რომ ის მკვლელი ან მეძავი უნდა ყოფილიყო, მაშინ, გამოდის, რომ ღმერთი ბოროტი არსება ყოფილა. ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, თუ ღმერთმა დაწერა ასე, მაშინ მე ასეთი ღმერთი არ მწამს! რა თქმა უნდა, ასეთი ღმერთი არ არსებობს. ღმერთი არავის აწერს შუბლზე, რომ ის იყოს ასეთი სასტიკი, ცუდი, ბოროტი, შურიანი, კაცის მკვლელი. მაგრამ არსებობს გენეტიკური კოდი, გენეტიკა შთამომავლობით. უნდა ვიცოდეთ, რითაა ჩვენი გენეტიკა დაზიანებული, რადგან, ყველა ცოდვა, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ, არის ინიექცია ჩვენს გენეტიკაში. ქრისტიანობას კი შეუძლია, გენეტიკაში ჩადებული კოდი შეცვალოს.
– ეს როგორ უნდა გააკეთოს ადამიანმა?
– თუ ადამიანი იყო მკვლელი ან მემრუშე, შეგიძლია, მას აუხსნა, რომ მისი გვარი ამის გამო დაისაჯა, მას კი შეუძლია, თავისი გენეტიკა გამოასწოროს, შეცვალოს, შანსი მისცეს საკუთარ თავსა და შთამომავლობას. ამიტომ, ჩვენი მოვალეობაა, შევისწავლოთ ჩვენი გენეტიკა და იმ ტყემლით აღარ მოვიჭრათ კბილები, რომლითაც ჩვენმა პაპამ მოიჭრა. უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ვნებებს, რომლებიც წინაპრებისგან მივიღეთ. თუ გინდა, შენი ბედი, შენი კარმა გაწმენდილი იყოს, განიწმიდე სული მარხვით, ლოცვით და მერე შენი გენეტიკაც კეთილშობილი გახდება. გენეტიკაში არსებულ ცოდვებსა და ვნებებს თუ შევცვლით, მთელი კაცობრიობა განიღმრთობა. ქრისტიანობა კი სხვა არაფერია, თუ არა განღმრთობა. ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება: ან – ჰო, ან – არა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კარგია – ჰო; ეს ცუდია, ცოდვაა და – არა; ასე უნდა ვიყოთ მთელი ცხოვრება. სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი უნდა გაგვაჩნდეს. იოანეს გამოცხადებაში წერია: „შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი, ნელთბილი ხარ და ამოგანთხევ ჩემი პირიდან”. ანუ, ან მორწმუნე უნდა იყო, ან ურწმუნო; არ შეიძლება, ხან მორწმუნე იყო და ხან ურწმუნო; ხან ლოცულობდე და ხან – არა; ხან მარხვას ინახავდე და ხან – არა. ვინც ხართ, ის იყავით ბოლომდე, ოღონდ განღმრთობილები ქრისტესთან ერთად, რომ თქვენში იშვას იესო ქრისტე. ჩვენ დაზიანებული ბუნება გვაქვს, ჩვენი სული სხვა რამეს მოითხოვს, გონება – სხვა რამეს, ხოლო სხეული – სხვა რამეს. ეს ყველაფერი უნდა გამთლიანდეს იესო ქრისტეში და ჩვენს გულში უნდა იშვას განკაცებული იესო ქრისტე. ადამიანის გონება თუ არ განახლდა ქრისტეში, ის დაშრება და უკვე ცხოველს მიემსგავსება. ამიტომ, ჩვენი გონება, ჩვენი სული, მარხვიდან მარხვაში, რწმენიდან რწმენაში გადადის და, ყოველი შობა და აღდგომა უნდა იყოს ჩვენი გონების განახლება, წინსვლა და უფალთან დაახლოება.