„ჩემი გმირი გიწოდე“
ცუდად შერჩეული ადგილი
მართალია, მდიდარი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს (ხალხის რჩეულიც იყო და გუბერნატორიც) და ამ პროცესში თვით უცხოეთში სწავლაც კი მოასწრო, 2012 წლიდან პოლიტიკურ სარბიელზე აქტიურად თითქმის აღარ გამოჩენილა.
არ გამოჩენილა, მაგრამ ამ საახალწლო დღეებში გამოანათა, როდესაც გაირკვა, რომ აწ მხოლოდღა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით კირკიტაძესა და მის ძმას, ირაკლის, არც მეტი, არც ნაკლები, იარაღის მუქარით პოლიციელი უცემიათ.
ოფიციალური ინფორმაციით, ეს სამწუხარო მოვლენა შემდეგნაირად განვითარებულა: ნასვამ ძმებ კირკიტაძეებს სამართალდამცველი დაუნახავთ და გინებაც აუტეხავთ. ირაკლი კირკიტაძეს პოლიციელისთვის იარაღიც დაუმიზნებია და მოკვლითაც დამუქრებია. ამასობაში კი – რაკი იარაღით ემუქრებოდნენ – პოლიციელს ფიზიკურადაც გასწორებიან.
სავსებით ბუნებრივია, ირაკლი კირკიტაძე დაუკავებიათ, პოლიციელი საავადმყოფოში გადაუყვანიათ, გამოძიება კი სამი მუხლით აღძრულა.
ჩვენ არ ვიცით, ძმებ კირკიტაძეებს უბრალოდ ცუდი სიმთვრალე აქვთ თუ სხვა რამ გახდა ზემოაღწერილის მოტივი, თუმცა ვიცით, რომ 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის წევრობისას ხსენებულმა დავით კირკიტაძემ პარლამენტის დაცვის წევრი სცემა, თუმცა შემდეგ ბოდიში მოიხადა, რაც, საბოლოოდ, იმხანად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბ-ნი კირკიტაძის გმირად გამოცხადების მოტივად იქცა.
აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, ბ-ნ კირკიტაძეს ბოდიშის მოხდაც აქვს ჩაფიქრებული – გმირობისთვის ხელის მეორედ გამოსაკრავად.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი სააკაშვილი აწ ოდესის გუბერნატორია, ვფიქრობ, საგმირო ასპარეზი (ანუ დანაშაულის ჩადენის ადგილი) არასწორადაა შერჩეული: გარანტირებული გმირობისთვის ოდესა აჯობებდა. –