ვინ აკეთებინებს გიორგი ბახუტაშვილსა და თაკო შოშიაშვილს ყველაფერს თავის ჭკუაზე და როგორ გაატარეს მათ პირველი საერთო ახალი წელი
წლევანდელი წელი გიორგი ბახუტაშვილისა და თაკო შოშიაშვილისთვის განსაკუთრებულად ბედნიერი აღმოჩნდა. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ და საყვარელ წყვილს გოგონა შეეძინა. პატარა ბეა ბახუტაშვილმა მშობლების ყველა გეგმა თავდაყირა დააყენა და როგორც თაკო ამბობს, ის დაბადებიდან ყველას თავის ჭკუაზე ატარებს.
თაკო: ბეა ძალიან წყნარი ბავშვია. პირველი ორი თვე ცოტას ჭირვეულობდა. ახლა საერთოდ, 12-ის ნახევრიდან რვამდე სძინავს. ასე რომ, ღამეებს აღარ მათენებინებს. მტირალაც არასდროს ყოფილა. რამე თუ აწუხებდა, უბრალოდ, წუწუნით გვაგებინებდა. ახლა ყველა უყვარს, სულ იცინის და ბედნიერია (იცინის).
– სახელი როგორ შეურჩიეთ?
– სახელი მე და გიორგიმ ერთად შევურჩიეთ. საერთოდ, მომწონს, როცა სახელი და გვარი ერთმანეთს უხდება. რადგან ბახუტაშვილია, მინდოდა სახელიც „ბ“ ასოთი დაწყებულიყო. ძალიან ბევრი ვიქექე წიგნებში, ინტერნეტშიც და ბოლოს ბეა შევარჩიეთ, რაც ლათინურად ბედნიერს ნიშნავს. გვარსაც უხდება, თან უცხოა და ამიტომ, არჩევანი მასზე შევაჩერეთ.
– მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა და სამსახურში დაბრუნება მალე მოახერხე?
– სამსახურში ხანგრძლივი პაუზა გამომივიდა, რადგან ორსულობის დროს წამოვედი და უკვე გიჟივით ვიყავი, რადგან დიდი ხნით სახლში ჯდომა არ შემიძლია. გადავწყვიტე, ბავშვს გავაჩენდი თუ არა, ძალიან მალე გავსულიყავი სამსახურში. ძიძაც მალევე ავიყვანე, ბავშვი მარტო ჩემზე რომ არ ყოფილიყო მოწებებული და მასთან დამეტოვებინა. ასე რომ, ორ-სამ თვეში ისევ „რუსთავი 2-ში“ დავბრუნდი, სადაც დღემდე ოპერატორად ვმუშაობ. რაც შეეხება ფორმაში ჩადგომას, ეს თავისთავად მოხდა. ახლა ბეა ექვსი თვისაა და მე ისევ ჩემი წონა მაქვს. ამისთვის განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, საერთოდ, დიეტის დაცვა არ შემიძლია. ვარჯიში კი ძალიან მიყვარს და ერთი სული მქონდა, როდის დავიწყებდი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ.
– ფეხმძიმობის პერიოდი როგორი გქონდა, პრეტენზიული ორსული იყავი?
– პრეტენზიული არ ვყოფილვარ, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვატყობდი ჩემს თავს. ზოგადად, ისეთი ხასიათი მაქვს, ზამთარში ზაფხულის ხილი მინდება, ზაფხულში კი – პირიქით. ამიტომ, ვერ ვხვდებოდი, ეს ფეხმძიმობის ბრალი იყო, თუ – ჩემი ხასიათის. განსაკუთრებული არაფერი მომითხოვია. ერთადერთი, ალუჩაზე ვგიჟდები ბავშვობიდან და ორსულობისასაც რომ მომინდა, გასაკვირი არაა. ამიტომ, რამდენიმე ცალი თურქული ალუჩა შევჭამე (იცინის).
– რა შეცვალა ბეამ თქვენს ცხოვრებაში?
– საერთოდ, ყველაფერი შეიცვალა. სანამ გაჩნდებოდა, წავიკითხეთ, რომ ბავშვის რწევა სასურველი არაა, თან არ გვინდოდა, რომ ამას მიჩვეოდა. ამიტომ, გავაკეთებინეთ საწოლი, რომელიც არ ირწევა. გვინდოდა, დაგვეწვინა და თვითონ დაეძინა (იცინის). ასევე, გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ხელშიც არ აგვეყვანა და ძიძაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. ვამბობდი, ჯერ ცოტას წამოვზრდი და მერე გავალ სამსახურში-მეთქი, მაგრამ დაიბადა და ჩვენი ყველა გეგმა თავდაყირა დადგა (იცინის). მე ძალიან მინდოდა სამსახურში გასვლა, ამიტომ ძიძა აუცილებელი გახდა. ამ ჩვენ გაშეშებული ლოგინში ბავშვი არ იძინებდა და ხელში ვარწევდით. მერე მივხვდით, რომ მიეჩვეოდა და რომ გაიზრდებოდა და დამძიმდებოდა, ამას ვეღარ შევძლებდი. ამიტომ, სპეციალური სარწეველა ვიყიდეთ. მოკლედ, დაბადებიდან თავის ჭკუაზე გვაკეთებინებს ყველაფერს (იცინის).
– გიორგი თუ გეხმარება მის მოვლაში?
– ბეა რომ გაჩნდა, ერთი-ორი კვირა საერთოდ ვერ ვეკარებოდი ბავშვს. ხელშიც ვერ ვიყვანდი. მეშინოდა, რომ რამეს ვატკენდი და ამ დროს, საერთოდ, ყველაფერს გიორგი უკეთებდა. ღამით რომ წამოიტირებდა, გიორგი ეგრევე წამოხტებოდა, რადგან იცოდა, მე ხელში ვერ ავიყვანდი. ბანდა, აჭმევდა, უცვლიდა და საერთოდ, ყველაფერს ის უკეთებდა. მე თავზე ვადექი და ვუყურებდი (იცინის). ახლაც, როცა სახლშია, აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარება.
– რომელიმე თქვენგანი პატარაზე ხომ არ ეჭვიანობს?
– სანამ ბეა გაჩნდებოდა, გიორგის ვეუბნებოდი, რომ შეგატყო, ჩემზე მეტად ის გიყვარს, ორივეს ფანჯრიდან გადაგყრით-მეთქი (იცინის). ახლა კი თვითონ გიორგი ეჭვიანობს. თავიდან მეგონა, რომ ხუმრობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მართლა ასეა. მაქსიმალურად ვცდილობ, არც მას მოვაკლო ყურადღება, თუმცა მაინც... ბეას ძალიან მოსწონს, როცა ფეხებზე მასაჟს ვუკეთებ. ალბათ, ეღუტუნება და სიცილით კვდება. გიორგი მთელი დღე გადაღებაზეა, თითქმის სულ ფეხზე დგას და ფეხის კუნთებზე მასაჟი მასაც ძალიან უყვარს. ამიტომ, ბავშვზე ეჭვიანობს. მეუბნება: ბეას რატომ უკეთებ და მე არა, ბეა უფრო მეტად გიყვარსო?! (იცინის). სხვათა შორის, არც მალავს, აღიარებს რომ ბავშვზე ეჭვიანობს.
– ბავშვის გაჩენის შემდეგ შენი და გიორგის ურთიერთობა თუ შეიცვალა?
– ბავშვის გაჩენის შემდეგ მივხვდი, ძიძა აუცილებლად მჭირდებოდა, გიორგისთვის რომ ყურადღება არ მომეკლო. ძიძის გარდა, დედაჩემიც მეხმარება და თუ საღამოს სადმე წასვლა გვინდა, ბავშვს ის იტოვებს. ასე რომ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, ერთმანეთს ყურადღებას არ ვაკლებთ. პირიქით, ჩვენი ურთიერთობა უფრო გამყარდა.
– გიორგის, გრაფიკის გამო, ალბათ, მასთან ურთიერთობის დეფიციტი აქვს. შენ როგორი გრაფიკი გაქვს?
– მე უფრო ვახერხებ, რომ ბავშვთან ერთად გავატარო დრო. სამსახურიდან პირდაპირ მასთან მოვრბივარ და შაბათ-კვირასაც ვისვენებ. გიორგის ჩემზე მეტად რთული გრაფიკი აქვს. არის პერიოდები, როცა გადაბმულად მუშაობს და ძალიან ვენატრებით. ახლახან სერიალში, მიყოლებით სამი სერია, მთლიანად მის პერსონაჟზე იყო აგებული და ზუსტად ამ დროს თეატრშიც პრემიერა ჰქონდა. ამიტომ, დაახლოებით ორი კვირა, ბავშვი ნორმალურად არ უნახავს. ეტირებოდა უკვე, ისე ენატრებოდა. ისეთ დროს მოდიოდა და მიდიოდა, რომ ბეას სულ ეძინა. ფაქტობრივად, ბავშვი გაღვიძებული არც უნახავს. საერთოდ, ასეა, ყოველთვის, როცა ჩვენს ცხოვრებაში რაიმე გადამწყვეტი ხდება, ამას აუცილებლად ემთხვევა გიორგის საშინელი გრაფიკი. ცოლად რომ მომიყვანა, ზუსტად ორი დღე გავატარეთ ერთად და მესამე დილას უკვე გადაღებაზე გაიქცა. სამშობიაროდან გამოგვიყვანა თუ არა, ეგერევე გადაღებაზე გაიქცა და ჯვრისწერის შემდეგ ნათესავების გასაცნობად რომ შევიკრიბეთ, ნახევარ საათში რეპეტიციაზე წავიდა. ახალგაზრდები „კარაოკე ბარში“ წავედით და რამდენიმე საათში თვითონაც შემოგვიერთდა. ამის გამო ძალიან უჭირს. თუმცა, ისეთი პერიოდებიც არის, როცა სახლში ჩვენთან ერთად დიდ დროს ატარებს.
– შარშან ახალ წელს ფეხმძიმედ იყავი. როგორ გაატარეთ ეს დღე?
– შარშან მეგობრებთან ერთად გუდაურში ვიყავით და ახალი წლის დადგომამდე ძლივს მოვასწარით ჩასვლა. ზუსტად 31-ში მომინდა, რომ გუდაურში წავსულიყავით. ჯერ სასტუმროში ძლივს ვიპოვეთ თავისუფალი ადგილი, მერე ჩვენი მანქანით წავედით, რომელსაც ზაფხულის საბურავები ჰქონდა. გზა მოყინული იყო, თოვდა და მანქანა ცურავდა. მერე იქაურმა მანქანამ ჩაგვიბა და მოკლედ, ძლივს მივაღწიეთ გუდაურამდე (იცინის). სასტუმროში რომ მივედით, 12-ს 10-15 წუთი აკლდა. უცებ შევვარდით, ამოლაგებას ვაპირებდით, მაგრამ სასტუმროს ადმინისტრატორმა გაოცებული სახით გვითხრა: ადგილები არ გვაქვს და სად შედიხართო?! თურმე აგვრევია და სხვა სასტუმროში შევსულვართ. მოკლედ, ორი თუ სამი წუთი აკლდა 12-ს, ჩვენს სასტუმროში რომ მივედით. ყველაფერი დავყარეთ, შამპანურები გავხსენით, გარეთ ფოიერვერკები იყო და ასე, გაწამაწიაში შევხვდით ახალ წელს. მართალია, კარგად ვერ გავერთე, ორსულად ვიყავი და ვერც ვისრიალე და ვერც დავლიე, თან სულ მეძინებოდა, მაგრამ მაინც ძალიან კარგად დამამახსოვრდა ის დღე. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ახალ წელს თოვლში შევხვედროდი და ეს ოცნება ორსულობის დროს ავიხდინე.
– შენი და გიორგის პირველი საერთო ახალი წელი როგორი იყო?
– პირველ საერთო ახალ წელს, დაახლოებით, ერთი თვის გაცნობილი გვყავდა ერთმანეთი. ჩვენი ურთიერთობა ძალიან მალე განვითარდა. ჯერ გიორგის არაფერი ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ უკვე ორივე ვატყობდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. ახალ წელს მეგობრებთან ერთად მარტყოფში, გიორგის აგარაკზე შევხვდით. 12-ზე შამპანურები გავხსენით და რამდენიმე წუთში, გიორგიმ გვერდზე ოთახში გამიყვანა, საჩუქარი მაჩუქა და მითხრა, მიყვარხარო. მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე, მეც-მეთქი. მერე მეც გამიკვირდა, ეს იმდენად თავისთავად წამომცდა (იცინის). ამიტომ, ჩვენი პირველი ახალი წელი ყოველთვის განსაკუთრებულად მემახსოვრება.