რა მოთხოვნებით მიდიან გოგონები სოფია ქარჩხაძესთან და როგორ იყენებენ ქალები პლასტიკური ქირურგიის ჩარევის გარეშე ლამაზ საჯდომსა და მკერდს
სოფია ქარჩხაძე პროფესიით ფილოლოგია და მაგისტრატურაში – სარედაქციო საქმეს სწავლობს, ამის პარალელურად კი ის ფიტნეს-მოდელი, ბოდიბილდინგში ბიკინის კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი და, ასევე, ტრენერიცაა.
სოფია ქარჩხაძე: როგორც გოგონების უმეტესობას, მეც მინდოდა, კარგი ფორმის სხეული მქონოდა და ვვარჯიშობდი, შემდეგ კი უკვე პროფესიონალურად დავიწყე მომზადება. ერთი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონატზე გამოვიდოდი, მოვიგებდი და მერე ისევ მოვემზადებოდი. ზოგადად, ამ საქმემ ჩათრევა იცის, ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად მოგწონს, თუმცა რთულია, რადგან, დიდი ნებისყოფა, ძალისხმევა და ფინანსებიც სჭირდება; თან, საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვს და ამის გარეშე შედეგი არ იქნება. განსაკუთრებით ის პერიოდია რთული, როდესაც შეჯიბრებისთვის ემზადები – რეჟიმი, მკაცრი დიეტა, ინტენსიური ვარჯიშები... მაგრამ, სცენაზე რომ დგები და ოვაციები გესმის, ხვდები, ნამდვილად ღირდა ამად და მერე უფრო გიჩნდება სურვილი, საზოგადოებას შედეგები აჩვენო.
– როგორ დაიწყე პროფესიონალურად ვარჯიში?
– ორი წელი უბრალოდ ვვარჯიშობდი, შარშან ამ პერიოდში კი პროფესიონალურად დავიწყე მომზადება, ძალისმიერი ვარჯიშით დავიტვირთე და, შემდეგ, მე და ტრენერმა ლაშა საგანელიძემ გადავწყვიტეთ, საქართველოს ჩემპიონატისთვის მოვმზადებულიყავი. გულის სიღრმეში ეს სულ მინდოდა, მაგრამ, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ასეთ ფორმაში ჩავდგებოდი. ყველაზე რთული კვების რეჟიმია, როდესაც „შრობის” ეტაპი იწყება. ამ დროს, ფაქტობრივად, მკაცრ დიეტაზე ხარ: ნახშირწყლებს ამცირებ, ნელ-ნელა იღებ კვების რაციონიდან, მხოლოდ ცილებზე ხარ, ბოლოს წყალსაც ამცირებ, ენერგია აღარ გაქვს, პრაქტიკულად მშიერი ხარ, მაგრამ, აუცილებლად ვარჯიშობ. სამაგიეროდ, ისეთი შეგრძნება გაქვს, გგონია, დღესასწაულისთვის ემზადები: მაკიაჟი, ბიკინი. საღამოს კაბის ნაცვლად ბიკინი გაცვია. სპეციალური ბიკინია – უნდა იყოს ლამაზი, ბრჭყვიალა, განსხვავებულად არის შეკერილი, ანუ, სცენის კოსტიუმია. თავიდან, მით უმეტეს, პირველად თუ გამოდიხარ სცენაზე, რა თქმა უნდა, ღელავ, რადგან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იპოზირებ – მაქსიმალურად უნდა აჩვენო შენი კუნთები, რამდენად კარგად და სწორად ხარ ნავარჯიშები. ერთი შეხედვით, უხერხულია, მაგრამ, სცენაზე რომ დგები, ყველაფერი გავიწყდება და უკვე ყველაფერი სულერთია. სპეციალურ გრიმს ისვამ, რომელშიც ზეთიც არის გარეული. ერთ ტონალობაში უნდა იყო – ეს რელიეფს უკეთესად აჩენს, აპრიალებს და უფრო მასიური ჩანხარ. თან, ჟიურის უადვილდება ყველა ნიუანსის კარგად აღქმა. ზოგადად, ჟიური ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ რამდენად სიმეტრიული ხარ – სინქრონში უნდა იყოს მთელი სხეული. არ შეიძლება ზედატანი იყოს ძალიან დიდი, ქვედატანი კი – პატარა, ან პირიქით. მთავარი სიმშრალეა და სხეული ლამაზი სანახავი უნდა იყოს. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სექსუალურობას და ლამაზად დამუშავებულ სხეულს. პოზირება ისე უნდა ჩაატარო, ისე უნდა გამოაჩინო თუნდაც შენი საჯდომი, რომ სექსუალური სხეული კიდევ უფრო სექსუალურად და ლამაზად წარმოაჩინო. აქ ორი უკიდურესობაა: შინაგანად ერთი სული გაქვს, სცენიდან ჩამოხვიდე და წყალი დალიო, რადგან მშიერი და მწყურვალი ხარ, მეორე მხრივ კი, უნდა დადგე სექსუალურად და ლამაზად, ჰაეროვნად; ჰაეროვნად, ნარნარად უნდა დაასრულო პოზირება, შედეგს რომ მიაღწიო. სანამ შეჯიბრებაზე გახვალ, იწყებ „ჩატვირთვის” ფაზას: ჯერ სვამ გამოხდილ წყალს, რომ ყველაფერი გარეთ გამოვიდეს, კუნთის ფორმა რომ დაჯდეს და სწორი ფორმა მიიღოს, მერე კი სწრაფ ნახშირწყლებზე გადადიხარ – დაახლოებით ერთი კილოგრამი ბრინჯი უნდა ჭამო ყველაფრის გარეშე. ამ დროს ნახშირწყლები ვერ ასწრებს კანქვეშ გასვლას და პირდაპირ კუნთის ბოჭკოებში იტენება, რითაც კუნთის ბოჭკოები იბერება, შედეგად სცენაზე უფრო დიდი ჩანხარ და შესახედავად უფრო უკეთესი. პირველივე გამოსვლაზე გავიმარჯვე და საქართველოს ჩემპიონი გავხდი ბოდიბილდინგში, ბიკინის კატეგორიაში. ოქტომბერში ვმონაწილეობდი შავი ზღვის ჩემპიონატზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მონაწილეები, თან, საკმაოდ გამოცდილი და წარმატებული სპორტსმენები. მეხუთე ადგილი ავიღე, რაც ჩემთვის ძალიან კარგი შედეგი იყო.
– რით გამოგარჩია ჟიურიმ?
– გამომშრალი ვიყავი, სიმეტრიული და კარგადაც ვიპოზირე. იმხელა სპორტული აზარტია, საკუთარ თავს ეჯიბრები, გინდა, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად სრულყოფილი გახადო შენი სხეული; თან, ნელი პროცესია, მით უმეტეს – გოგონებისთვის. სავარჯიშოდ რომ მოდიან, მეუბნებიან, არ მინდა, დავიკუნთოო. მეც სულ ვპასუხობ: დაკუნთვა ძალიან რთულია, თან კუნთები ისედაც გაქვს, ისე ვერ იმოძრავებდი-მეთქი. კვებაც და ვარჯიშიც – ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგი დიეტაზეა და, შესაბამისად, ძალიან მოშვებული აქვს სხეული და კარგი სანახავი არ არის. თუ მხოლოდ ვარჯიშობენ, კუნთოვან მასასთან ერთად ცხიმიც იზრდება და უკვე დიდი გაბარიტები აქვთ. ამიტომ, კვება და ვარჯიში სწორად უნდა შეუთავსო-მეთქი. ტრენერადაც ვმუშაობ და, შესაბამისად, ვცდილობ, სწორი რჩევები მივცე სხვებს. ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ ვარჯიშია საჭირო. სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია ანუ, სწორად შერჩეული საკვები სწორად უნდა მივიღოთ. ყოველ სამ საათში აუცილებელია ჭამა, ამიტომ, ყველას ვეუბნები, კონტეინერებით ატარონ საჭმელები – მეც ასე დამაქვს.
– დღეს უკვე ბევრი გოგონა ვარჯიშობს, მათ შორის ცნობილი სახეებიც არიან. ალბათ, ისინი შენთანაც დადიან. უცნაური მოთხოვნები აქვთ?
– კი, როგორ არა. ჩემთან მოდიან, როგორც პლასტიკურ ქირურგთან: მკერდი მინდა გამეზარდოს, საჯდომი... კუნთები არ მინდა ფეხებზე; ფეხების დაწვრილება მინდა... ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქალის მკერდი ვარჯიშით არ იზრდება – ეს მითია. კაცის მკერდი იზრდება ვარჯიშით, ხოლო ქალის მკერდს კუნთები უვითარდება, მაგრამ არ იზრდება. ქალის მკერდი ცხიმებისგან შედგება, შესაბამისად, ვარჯიშის დროს ცხიმი იწვება, მკერდი იფუშება და კანი ჩამოკიდებული რჩება, რაც საშინელი სანახავია. ამიტომ ნორმალურად უნდა ივარჯიშო და მკერდის ვარჯიშებიც მსუბუქად, ზომიერად უნდა გააკეთო. რაც შეეხება საჯდომის ვარჯიშს, ზოგს გენეტიკურად კარგი ფორმა აქვს – მომრგვალებული, თუმცა, შეიძლება, ცხიმით დაფარული, ასეთი საჯდომი ვარჯიშით მალევე მოდის ფორმაში, მალე ეზრდება; მაგრამ, ვისაც ბრტყელი საჯდომი აქვს, დიდი ნებისყოფა დასჭირდება იმისთვის, რომ მას კარგი ფორმა მისცეს. რა თქმა უნდა, შეუძლებელი არაფერია, მთავარი მონდომება და შრომაა.
– შენი წყალობით, დღეს ბევრ ქართველ გოგონას აქვს ლამაზი და სექსუალური ტანი.
– ვცდილობ, როგორც შემიძლია. მათ შედეგს, რომ ვუყურებ, ისე მიხარია, ჩემი შედეგი მგონია. რატომღაც, გოგონებს ეშინიათ წონებით ვარჯიში, არადა მე ყველას ვეუბნები, რომ წონებით ივარჯიშონ, სხვანაირად კუნთის გაზრდა ძნელია. ვინც პირველად შედის დარბაზში, ის დიდ წონებთან არ უნდა მივიდეს, ნელ-ნელა უნდა გაზარდოს წონა, სხვაგვარად, ეს ერთი ადგილის ტკეპნაა. კარგია, თუ 6 დღის განმავლობაში მოვერიდებით ცომეულს, ტკბილეულს, სამაგიეროდ, კვირა დღეს შეგვიძლია, დავარღვიოთ ეს დიეტა. ეს დარღვევა კარგიც არის ორგანიზმისთვის – უცბად რომ აწვდი ნახშირწყლებს, სხვა ტალღაზე გადადის ორგანიზმი, ერთგვარი ბიძგია; მეორე დღეს კი იწყებ ვარჯიშს და ორგანიზმი ერთსა და იმავეს რუტინულად არ ეჩვევა. როგორ მკაცრ რეჟიმსაც არ უნდა მიაჩვიო ორგანიზმი, მერე ამას უკვე აღარ ექნება ეფექტი, ამიტომაა საჭირო ორგანიზმის სხვა ტალღაზე გადაყვანა.