კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ფილმში ითამაშა ზურაბ რთველიაშვილმა საკუთარი სახელით და ვის გარეშე ვერ დგამს ის ნაბიჯს

ზურაბ რთველიაშვილი წლებია, უკვე შვედეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მულტიმედია არტისტი გამუდმებით სიახლის ძიებაშია და უცხოეთშიც ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე ზრუნავს. იმისთვის, რომ საქართველო უკეთ გაეცნო ევროპელ ხალხს, მას არაერთი პროექტი განუხორციელებია. მაგალითად, „ქართული მოდერნისა და ავანგარდის რუკები“. ნიჭიერმა პოეტმა ცოტა ხნის წინ შვედურად გამოსცა პერსონალური ლექსების კრებული. გარდა ამისა, ითამაშა ახალ მხატვრულ ფილმში, რომელსაც მალე იხილავს საზოგადოება.

 ზურაბ რთველიაშვილი: ცოტა ხნის წინ ჩამოვედი ბერლინიდან, მხატვრული ფილმის გადაღებებზე ვიმყოფებოდი.  მოკლედ ვიტყვი, რომ  რეჟისორი ჯულიან რადლმაიერია, ახალი გენერაციის გერმანელი რეჟისორი. პირველად მის ფილმში 2011 წელს ვითამაშე მთავარი, პოეტის როლი, ანუ, გარკვეულწილად საკუთარი თავი. ამ ფილმის სახელწოდებაა „აჩრდილი ევროპაში”. მან უკვე არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო პრიზი მოიპოვა, მათ შორის, 2013 წელს გაიმარჯვა საუკეთესო ალტერნატიული ფილმის ნომინაციაში... ჯულიანის ახალი ფილმიც გაჟღენთილია მემარცხენე სულისკვეთებით. მისი ყველა  სოციალურ-ფილოსოფიური საგა მემარცხენეობის ახლებური გააზრების მცდელობაა. ის გეუბნება, როგორც საბჭოთა სოციალური წყობის მოდელი ჩაბარდა ისტორიას, ასევე აღარაა ქმედითუნარიანი ევროპული სოციალ-დემოკრატია და ზოგადად, პოლიტიკურ ავანსცენაზე მოთამაშე ყველა სხვა მემარცხენე ორიენტაციის ძალა, მწვანეებისა და ანარქისტების ჩათვლით. საჭიროა რაღაც ახალი, საზოგადოების წიაღიდან გამოსული მოძრაობა, რომელიც ყალბი პოლიტიკური დემაგოგიისგან იქნება თავისუფალი და უშუალოდ, ხალხის ინტერესების გატარებას მოემსახურება...
ეს ფილმი მოგითხრობთ სიკეთით სავსე, დახვეწილი იუმორით გაზავებულ ისტორიას თავისი უცნაური პერსონაჟებით. აი, მაგალითად, მე ფილმში ვინარჩუნებ საკუთარ სახელს, ანუ მაყურებლის წინაშე წარვდგები როგორც ზურაბი. სხვა დანარჩენი, ხასიათისა და ინტერესების ჩათვლით, არის ჩემი სრული ანტიპოდი, თუ ბოლოს არ ჩავთვლით, სადაც უკვე ანარქისტულ ნიშანთვისებებს ვამჟღავნებ.
– თქვენი ახალი პროექტების შესახებ გვიაბეთ. ვისთან ერთად მოგიწიათ მუშაობა?
– ბევრ საინტერესო ადამიანთან მომიწია მუშაობა ამ ორი თვის განმავლობაში. მაგალითად, პოტსდამში გადაღებების დროს, შევხვდი ფრენკ ბენკეს – ცნობილ გერმანელ პანკ-როკის ლეგენდას, კომპოზიტორს და მწერალს. ფრენკის საუნდტრეკი ადევს დევიდ ლინჩის ფილმს „BLUE VELVET”, სადაც მან იმავდროულად, ერთ-ერთი როლი  ითამაშა. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ვიმ ვენდერსთან, ნიკ კეივთან და სხვა ცნობილ არტისტებთან. ამჯერად მას ჰქონდა ერთი ეპიზოდური როლი ჩვენს ფილმში, ასე ვთქვათ, უფრო მეგობრული მოწვევით იმყოფებოდა გადასაღებ მოედანზე, სადაც  გამიმხილა, რომ უზომოდაა შეყვარებული საქართველოზე და სულ ახლახან დაწერა რომანი მედეას შესახებ სახელწოდებით „Ich, Medea”. ძალიან მესიამოვნა ასეთი აღიარება უცხოელი კოლეგისგან, მაგრამ ამაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ  ჰამბურგში გამომგზავრების წინ, სკაიპით ვესაუბრე ჩემს უახლოეს მეგობარს ირაკლი კაკაბაძეს, რომელმაც წამოიწყო გენიალური რამ – „მედეას რეაბილიტაციის პროექტი”, რომლის შესახებაც დავსახეთ გეგმები ევროპაში თანამშრომლობაზე. ასეთი მისტიკური საჩუქარი დამხვდა გერმანიაში ფრენკის სახით. ეს შეხვედრა მოაწყო საოცარმა მედეამ თავისი კოლხური ჯადოსნობით...  ეს იყო უბრალოდ ბერძენი დრამატურგის ფანტაზიის საბედისწერო ჩასწორება მის საკუთარ ტრაგედიაში, რომელმაც მედეა გააცნო მსოფლიოს, როგორც საკუთარი შვილების მკვლელი, კოლხი ჯადოქარი. ამიტომაც, „მედეას რეაბილიტაციის” პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენიმე ათასი წლის წინ შელახული სახელის აღსადგენად, რაც პარალელურ რეჟიმში, მოემსახურება ქართული კულტურის პოპულარიზაციას და მის როგორც დამოუკიდებელი მოთამაშის დაბრუნებას მსოფლიო კულტურის სცენაზე. დაახლოებით იგივეს ისახავდა მიზნად ჩემი და ჩემი მეგობარი არტისტის, ვლადიმერ დარახველიძის პროექტი, სახელწოდებით: „ქართული მოდერნისა და ავანგარდის რუკები”. ის ჩატარდა შვედეთში, ქალაქ კალმარში. მაშინ, ჩვენ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოვაწყვეთ ერთობლივი პერფორმანსი და განვუმარტეთ ევროპელ აუდიტორიას, რომ რუსული და საბჭოთა იმპერიების არსებობის პირობებში, ყველა ქართულ მოვლენას რუსული ან საბჭოური დამღა ედებოდა. სწორედ ამიტომ, მსოფლიო კულტურის სცენაზე მოღვაწე საყოველთაოდ აღიარებული ქართველი ხელოვანი მოკლებული იყო იმ ბედნიერებას, რომ აუდიტორიის წინაშე წარმდგარიყო საკუთარი ქვეყნის სახელით.
– შვედი კრიტიკოსები თქვენს  წიგნს გამოეხმაურნენ?
– წელს შვედურად გამოიცა ჩემი პერსონალური პოეზიის კრებული „პოეზიის დიქტატურა”. პერსონალური ვთქვი, რადგან უკვე 6 წლის განმავლობაში, 7 სხვადასხვა ანთოლოგიურ გამოცემაში შევიდა ჩემი მხატვრული ტექსტები და ინტერვიუები. ჩემს „პოეზიის დიქტატურას“ დიდი ინტერესით შეხვდა შვედური კრიტიკაც და აუდიტორიაც. დაიწერა არაერთი რეცენზია ცნობილ გამოცემებში. ამჟამად შვედეთის ცენტრალური ტელევიზია ამზადებს სპეციალურ გადაცემას ჩემს შემოქმედებაზე, რომლის მსვლელობის დროს ჩართული იქნება ჩემი ახლანდელი და ძველი პერფორმანსებიც. „ალიყური საზოგადოებრივ აზრს” – ასე ჰქვია ქართულ თარგმანში ჩემს შვედურ გამომცემლობას, რომელსაც ხელმძღვანელობს, შესანიშნავი პოეტი კრისტიან კარლსონი. რაც შეეხება თეატრს, უკვე მეორე წელია, ვთანამშრომლობ სტოკჰოლმის ცნობილ ავანგარდულ თეატრ „გილიუტინასთან“. შარშან წარმატებით დავდგი ჩემი და ეკატერინე სისფონტესის ერთობლივი პერფორმანსი „პას პორტი,“ რომელსაც შვედი თეატრალური კრიტიკის საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა.
– თქვენს შვილზე გვიამბეთ. რობი, როგორც მახსოვს, როკ-ჯგუფის წევრი და ერთ-ერთი წარმატებული ახალგაზრდაა.
– რობიზე შემიძლია, ორი სიტყვით ვთქვა. მისი როკ-ჯგუფი, რომელიც  გიმნაზიაში სწავლის დროს ჩამოაყალიბა, დროებით აღარ აპრაქტიკებს როკს. ახლახან მან წარჩინებით დაამთავრა საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი და აგრძელებს სწავლას იგივე უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე. პარალელურად, ის, პროფესორების თხოვნით, უკითხავს ლექციებს დაწყებითი კურსების სტუდენტებს და გადის პრაქტიკას სტოკჰოლმის სხვადასხვა დაწესებულებაში, სადაც აქვს უკვე არაერთი საქმიანი შეთავაზება. ეს, რაც შეეხება მის პირად საქმეებს. რობი ჩემი საუკეთესო მეგობარია და კარგი მრჩეველი მთელ რიგ საკითხებში. ის მეხმარება სხვადასხვა პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში. მის გარეშე, მე ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ დღეს.
რობის ჰყავს შეყვარებული. ანნა არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან ზრდილი და განათლებული. კომპიუტერული თამაშები რომ არ უყვარდეს, ვიფიქრებდი, სხვა საუკუნიდან გადმოპარული, რომელიღაც რომანტიკული ნაწარმოების პერსონაჟია– მეთქი. ძალიან შეგვაყვარა თავი მე და ჩემს მეუღლეს. ქალიშვილი რომ მყოლოდა, ასეთს ვისურვებდი. რობი და ანნა საგანმანათლებლო ფრონტზეც ერთად იბრძვიან – გიმნაზიიდან მოყოლებული უნივერსიტეტის ჩათვლით, ერთი კლასი, ერთი კურსი და ერთი ჯგუფი... წარმოშობით პოლონელია. რობი უკვე რამდენჯერმე არის იქ სტუმრად ნამყოფი და ყოველ ჯერზე, არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით ბრუნდება.

скачать dle 11.3