როგორ ავიხდინოთ შობის ღამეს ჩაფიქრებული სურვილები და შემოვიპატიჟოთ ბინაში კეთილი ენერგიები
თუ შობის ღამეს, სანთელს აანთებთ ფანჯარასთან, კარზე კი ვარსკვლავს დაკიდებთ და სურვილს თორმეტ საათზე ჩაუთქვამთ, ის აუცილებლად აგისრულდებათ. ზოგადად, 7 იანვარი გარკვეულ პოზიტიურ ენერგიას ატარებს და ამ დროს მოსალოდნელია, ისეთი მოვლენები განვითარდეს, თქვენ რომ ვერც იოცნებებდით. მთავარია, ამ დღეს, ის ადათ-წესები გაითვალისწინოთ, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ. თუ გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ შობა დღეს და კონკრეტულად, რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, არ არის გამორიცხული, სასურველი შედეგი უმოკლეს დროში მიიღოთ. როგორც ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი თინა ამბობს, სწორედ, შობას, ოჯახში გაწყობილ ნაძვის ხის კენწეროზე დამაგრებულ ვარსკვლავზე ჯდება ფუძის ანგელოზი და ოჯახის წევრებს ხის კენწეროდან ლოცავს.
თინა: შობა ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი დღეა და შესაძლებელია, ამ დროს ისეთი სურვილი აგიხდეთ, რომელზე ფიქრიც კი ვერ წარმოგედგინათ. დამიჯერეთ, ამ დღეს ჩათქმული სურვილი აუცილებლად სრულდება, ადამიანის მცხოვრება ბედნიერებით ივსება და ის წარმატებებს ადვილად აღწევს, თუ მას სწორ გეზს მისცემს. მოკლედ, შობა დღეს უდიდესი პოზიტიური ენერგია მოდის და ეს ენერგია თქვენ სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ.
– იქნებ დაგვარიგოთ, როგორ მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შობის სასიკეთო ენერგეტიკის წყალობით, უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება?
– რასაკვირველია, ეს გაგიჭირდებათ, თუ არ იცით, როგორ მოიქცეთ და რა გააკეთოთ. თუ ადამიანი ამ დროს არ დაიზარებს, შეასრულებს გარკვეულ წესებს და ამას გულით მოინდომებს, მომავალში წარმატებას ადვილად მიაღწევს. უპირველესად, სახლის კარზე უნდა დაამაგროთ ვარსკვლავი, ხოლო თორმეტ საათამდე, დაახლოებით ორი წუთით ადრე, დაანთოთ სანთელი ფანჯარასთან, რომ ფუძის ანგელოზი მოიხმოთ და სახლში შეიპატიჟოთ. ძველად, ნაძვის ხის კენწეროზე ყველა ამაგრებდა ბრჭყვიალა ვარსკვლავს და სჯეროდათ, რომ ფუძის ანგელოზი, სწორედ ამ ვარსკვლავზე ჯდებოდა. იქიდან კი ოჯახის თითოეულ წევრს ლოცავდა. თუ ამას თქვენც გაითვალისწინებთ, კარგია. თანაც წელს ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადია და რაც მეტად ბრჭყვიალა, განათებული და ცეცხლოვანი ფერის იქნება ვარსკვლავი, მით უკეთესი. ასევე, კარგია, თუ შემოსასვლელ კართან ნაძვის ტოტებსა და კანფეტებს დააწყობთ. ამით, ბინაში დამატებითი დადებითი ენერგიის მოზიდვას შეძლებთ, რომელიც მთელი წელი იტრიალებს სახლში და დაგეხმარებათ სიმშვიდე, წარმატება და იდილია დაიბევოთ. შობას, მაგიდაზე აუცილებლად უნდა გედოთ სხვადასხვა ხილით სავსე ვაზა, ტკბილეული და ლამაზ ბოკლებში ჩამოსხმული სხვადასხვა ფერის ხილის კომპოტი. აუცილებელია, ნაძვის ხის გვერდით დადგათ ქოთანში გახარებული, ეგრეთ წოდებული „შობის ყვავილი“, რომლის ყიდვაც დღეს ყველგან შეგიძლიათ. მთავარია, ის იყოს ცოცხალი და არა პლასტმასის და დეკორატიული.
– გადმოცემით ვიცი, რომ კონკრეტულად, შობას ჩვენი წინაპრები აცხობდნენ სპეციალურ ტკბილ ცომეულს, რომ სიმშვიდე და ბედნიერება ყოფილიყო მათი თანამგზავრი.
– კი ასეა და სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დაიკარგა. თუმცა, მაღალმთიან სოფლებში შემორჩა და დღესაც, ოჯახის უფროსი დიასახლისი შობისთვის ტკბილი ცომისგან სხვადასხვა ცხოველის ფორმის ნამცხვრებს აცხობს, რომელსაც მაგიდაზე, გამოსაჩენ ადგილას, ცენტრში დებს. მათ სჯერათ, რომ თუ მსგავსი საშობაო ნამცხვრები იქნება სახლში, ის ოჯახს ბოროტისგან დაიცავს და ხელს მოუმართავს. ამას ადრე თითქმის ყველა ოჯახში ნახავდით. მე დღესაც მჯერა წინაპრების მიერ დატოვებული ტრადიციებისა და თქვენც იმავეს გირჩევთ. გულით მინდა, ყველა ბედნიერი იყოს და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეს. ასევე, ეცადეთ, ისე გაატაროთ შობა, რომ არ მოიწყინოთ. არ გაიხსენოთ წარუმატებელი დღეები, ესტუმროთ ისეთ ადამიანებს, ვისთან საუბარი და ურთიერთობაც გსიამოვნებთ.
– ქალბატონო თინა, მართალია, თუ ამ დღეს ოჯახის უფროსი დიასახლისის გამომცხვარ კვერს გასათხოვარი ან დასაოჯახებელი ადამიანი შეჭამს, მას ღამით საბედო დაესიზმრებაო?
– ამ მხრივ, გასათვალისწინებელია ის, რომ კვერი უნდა გამოაცხოს ქვრივმა ქალმა და ის დასაოჯახებელმა ადამიანმა ზუსტად 12 საათზე უნდა ჭამოს, როცა შობა თენდება, გზაჯვარედინზე, თან მთვარეს უყუროს და იფიქროს მომავალზე. სანამ დაიძინებთ, არაფერი ჭამოთ კვერის შემდეგ და დასაძინებლად რომ დაწვებით, იფიქრეთ ისევ თქვენს მომავალზე. დიდი შანსია, სწორედ ის ადამიანი ნახოთ სიზმარში, ვინც თქვენი საბედო იქნება და ამაში ამ დღის ამოუცნობი და იდუმალი ენერგეტიკა დაგეხმარებათ. ზოგადად, სიზმარი ერთგვარი ცხოვრებისეული წინასწარმეტყველებაა და თუ მას ახალი წლის დღეებში ნახავთ, არ არის გამორიცხული, თქვენი მომავლის მაცნე იყოს. მაგალითად, ახალი წლის დღეებში ნანახი სიზმარი გვკარნახობს რომელი მიმართულებით ვიმოქმედოთ, რა ცვლილებები შევიტანოთ პირად ცხოვრებაში, როგორ გავხდეთ წარმატებულები, თავდაჯერებულნი ან თუნდაც ძლიერები. ზოგჯერ, სიზმარს უფრო შეუძლია ჩვენი ცხოვრების უცნაურობების დამაჯერებლად ახსნა, ვიდრე ცნობილ ფსიქოლოგებს. ასე რომ, კარგად დააკვირდით, რას ნახავთ ახალი წლის დღეებში და თავად მიხვდებით, რა უნდა შეცვალოთ პირად ცხოვრებაში, რომ უფრო ბედნიერი, იღბლიანი და სასურველი იყოთ მთელი წლის განმავლობაში. ადამიანი ფიქრისა და სიტყვების საშუალებით იზიდავს დადებით ან უარყოფით ენერგიას და თავად გამოიმუშავებს სწორ აზრს, რაც მისივე წარმატება-წარუმატებლობას განსაზღვრავს. ეს კი შობას, კიდევ უფრო მძაფრდება. ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. უბრალოდ, საჭიროა, გამოიმუშაოთ მიზანმიმართული და პერმანენტული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს. ასევე, ამ დღეს, ყველამ უნდა ჩამოწეროს ფურცელზე საკუთარი სურვილების სია. ამ სურვილების ასრულება მიანდეთ ზეციურ ძალებს და იყავით დარწმუნებული, რომ აუცილებლად აგისრულდებათ. ეს სია ყოველთვის თან ატარეთ. მთავარია, ის თქვენთან ახლოს იყოს და დროდადრო გადაიკითხოთ. თან, იფიქრეთ, რომ შეუძლებელი სამყაროში არაფერია და ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ.