რატომ აძლევდნენ იტალიელი მეგობრები თიკა მახალდიანის გამო მის მომავალ მეუღლეს შენიშვნებს და რატომ „ჭედავდა“ დღეში რამდენჯერმე თიკა
ზაფხულში თბილისში თიკა მახალდიანი თემო პირველაშვილზე დაინიშნა, რომელიც წლების განმავლობაში იტალიაში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ კი, თავად საპატარძლო ესტუმრა მომავალ მეუღლეს იტალიაში და რა თქმა უნდა, თემომაც თიკას სიურპრიზებით სავსე იტალიური არდადეგები მოუწყო.
თიკა მახალდიანი: ნიშნობიდან ძალიან მალე, თემო იტალიაში წავიდა და მთელი სამი თვის განმავლობაში არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი ძალიან რთული იყო ორივესთვის.
თემო პირველაშვილი: ეს იმის ბრალია, რომ, როდესაც თბილისში ვიყავით, ყოველდღე პატარა ბავშვივით, კუდში მყავდა გამობმული, სულ ერთად ვიყავით. მერე კი უცბად, სამთვიანი განშორება სამ წლად მოეჩვენა.
თიკა: მაგრამ, ამ ყველაფერს ის ფაქტი მიმსუბუქებდა, რომ 24 საათის განმავლობაში სულ ხაზზე იყო. სულ ვკონტაქტობდით, ვსაუბრობდით. ორი წუთით რომ გავიდოდა ინტერნეტიდან, ვურეკავდი: „სად ხარ, ჩქარა შემოდი!“
თემო: თიკა ყოველ წუთში „ჭედავდა“. მე ერთხელ „გავჭედავდი“ და კარგად: „კამერა მოატრიალე, სად ხარ.” გინდა თუ არ გინდა, ამ ყველაფერს იმ მომენტში გრძნობ, თავისთავად ხდება.
თიკა: ოღონდ ეს იშვიათად ხდებოდა: მანახე, სად ხარ. სულ ასე პანიკაში კი არ ვიყავით.
თემო: როგორ უნდა გეეჭვიანა, სულ ტელეფონში ჩართული კამერით დავდიოდი.
თიკა: თემოს დამსახურებაა, რომ მშვიდად ვიყავი. წასვლამდე უფრო „ვგლოვობდი”, მაგრამ მერე მივხვდი, ასეთი სატრაგედიოც არ ყოფილა. დაილოცოს თანამედროვე ტექნიკა და ინტერნეტი.
თემო: აქ, საქართველოში შედიან მეგობრები რესტორანში, ბარში, ცოტას შეჭამენ, დალევენ და ნახევარ საათში ყველა თავისთვის უბერავს ტელეფონში. იტალიაში სირცხვილია, ასე დაჯდე. ამიტომ, ძალიან ბევრ შენიშვნას ვიღებდი: რა არის, შემოგხვედე, გადააგდე ტელეფონი. ხომ არ დაუწყებ ახსნას: იცით რა, ჩემი ცოლი საქართველოშია, ორი წუთი რომ არ დაველაპარაკო, ნერვიულობს. ამის გამო შენიშვნით ბევრჯერ გავილანძღე, რაღაც საქმეზე საუბრობ და უცებ ჩაძვრები ტელეფონში. თიკას ამ დროს ისტერიკა ჰქონდა: „რატომ არ მწერ, რატომ არ მწერ”...
– პრობლემები გქონდა იტალიაში გამგზავრებასთან დაკავშირებით?
თიკა: ძალიან ვინერვიულე. ერთი თვე, მგონი, ყოველდღე საელჩოში ვიყავი.
თემო: ისეთი მოწვევა გამოვუგზავნე, რომ წესით, არაფერი არ უნდა მოეთხოვათ, მაგრამ ისეთი საბუთები სთხოვეს... ისიც კი ჰკითხეს: ჩემი ძმა სად მუშაობდა იტალიაში, დედაჩემი, მოკლედ, ყველაფერი. ჩვენ წინა ღამეს ყველაფერი გავიარეთ. კარგად ჩავაბარეთ გამოცდა.
თიკა: ჟურნალები წავიღე, ვაჩვენე: მართლა ჩემი მეუღლეა, დავინიშნეთ, დამიჯერეთ-მეთქი. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
– ხომ არ ფიქრობ, იტალიაში საცხოვრებლად გადასვლაზე?
თემო: წამოსვლა აღარ უნდოდა. მე ჯერჯერობით ვერ გადმოვალ საქართველოში საცხოვრებლად. თან, ცოტა ხანში უკვე მომიწევს უკან დაბრუნება, წინასწარ უკვე გლოვობს. იტალიაში რომ ჩამოვიდა, მეკითხებოდა: შენ მართლა რეალური ხარ თუ ტელეფონში ხარო.
– ალბათ წინასწარ შეადგინე მარშრუტი: სად წაიყვანდი, რას აჩვენებდი.
– დავგეგმე, თუმცა რომც არ დამეგეგმა, იყო განკარგულებები: „აბა, ახლა სად მივდივართ?” რომელიმე ქალაქში რომ ჩავიდოდით, პირველი კითხვა იყო: აქ იცხოვრებდი? და – კი. ყველგან გადაწყვიტა ცხოვრება – ჯერ ვენეციაში, მერე ვერონაში.
თიკა: ვერონა ძალიან მომეწონა. ჰოდა, ვიცხოვროთ, გადავიდეთ ვერონაში.
თემო: ჯულიეტას სასახლე ვიქირაოთ, გამოვიდეთ აივანზე და ვიყოთ ბედნიერად.
თიკა: ჯულიეტას მკერდს შევეხეთ და ჩავიფიქრეთ სურვილები.
თემო: მარჯვენა მკერდი არის ფულის, მარცხენა – სიყვარულის და სამწუხაროდ, ფულის ისეთი გაცვეთილია... წყვილი ფოტოს რომ იღებს, ისე ხდება: ერთი ერთ მკერდს ჰკიდებს ხელს, მეორე – მეორეს. მე ფული შემხვდა და თიკას – სიყვარული.
– მოგეწონა ვენაცია?
– გონდოლაზე გონდოლიერს თიკა ისე მოეწონა, კინაღამ გაიტაცა.
თიკა: ვენეციაში მოხვედრა სულ მინდოდა, ჩემი ოცნება იყო. მართლა ისეთი ზღაპრულია, როგორიც წარმომედგინა. ძალიან ბევრს დავდიოდით ფეხით, გაუჩერებლად.
თემო: მერე უკვე ხელით მიმყავდა. საქართველოში ფეხით სიარულს გადაჩვეულები არიან და იქ ერთი თვის განმავლობაში არაჩვეულებრივი ვარჯიში გამოუვიდა. დილით მოდიოდა მხნედ და საღამოს პატარა ბავშვივით წუწუნებდა: სახლში მინდა, დავჯდეთ ცოტა ხანსო.
– როგორი იყო შენი და თემოს დედის შეხვედრა. ხომ არ ნერვიულობდი?
თიკა: არ მინერვიულია, ძალიან კარგი ადამიანია. დამატარებდა ხან – იქ, ხან – აქ. შინაურული ატმოსფერო დამახვედრა.
თემო: სიხარულის ემოცია უფრო მქონდა, ვიდრე ნერვიულობა. დედაჩემი ვიცი როგორი ტიპაჟია, თან მეც იქვე ვიყავი და თუ რამე არ მომეწონებოდა, გავანეიტრალებდი. ჩარევა არ დამჭირვებია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პირიქით, რძალ-დედამთილი ჩემ წინააღმდეგ შეიკრა. შენიშვნას რომ მომცემდა დედაჩემი, ამას უხაროდა.
– არ გიწყობდა თემო სიურპრიზებს?
თიკა: ერთი თვე სულ სიურპრიზი იყო ჩემთვის, ისეთ ადგილებში დავყავდი, ისეთ რაღაცეებს მაჩვენებდა.
თემო: სუში უყვარს ძალიან და წავიყვანე ისეთ ადგილას, სადაც ძალიან გემრიელ სუშის აკეთებენ. შეგიძლია, 20 კილო სუში ჭამო.
– როდის გეგმავთ ჯვრისწერას, ხელის მოწერას?
– ქორწილი გვექნება 24 იანვარს. ჯვარს დავიწერთ, ხელს ალბათ იტალიაში მოვაწერთ. უკვე ჩართულები ვართ საქორწილო სამზადისში.
თიკა: დაახლოებით ვიცი, როგორი კაბა მეცმევა. მინდა, განსხვავებული იყოს. ძალიან ვნერვიულობ, ყველაფერი საპასუხისმგებლოა.
თემო: ორი ქორწილი გვექნება: ერთი – აქ, ერთი – იტალიაში. თან, იტალიაში ძალიან ლამაზი და საინტერესო საქორწილო ტრადიციები აქვთ.
– თიკამ სულ შეგიცვალა ცხოვრების წესი, განრიგი.
– კი, 8 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში და უკვე მეორედ ჩამოვედი ახლო პერიოდში. ცხოვრებაც შემიცვალა. მეც შევიცვალე, რაღაცეების დათმობა დავიწყე: სიამაყე, ფინანსური მხარე... ხანდახან ეს არ მომწონს, მაგრამ მერე მახსენდება ყველაფერი. შევეგუები და იმედია, ყველაფერი გამოგვივა. გაზაფხულისთვის იტალიაში თიკასთვის რაღაცეებს ვგეგმავთ, ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებთ.
თიკა: ნინი წიკლაურმა დამიწერა ახალი სიმღერა და ვენეციაში თემოს მეგობარმა, ძალიან ნიჭიერმა ადამიანმა, გიორგი მაისურაძემ გადამიღო კლიპი. შეიძლება, ახალი წლების მერე გავაკეთო პრეზენტაცია ანდა, სულაც – ქორწილში.
თემო: ძალიან გამაცანცარე შენ მე. ზოგჯერ არ მომწონს ჩემი თავი. სელფომანიაც ხომ დამჩემდა.
თიკა: ჰოდა, ქორწილში აგამღერებ.