როგორ დამართა თბილისში სტუმრად ჩამოსულმა სიდედრმა ინფარქტი სიძეს
გასული საუკუნის სამოციან წლებში დიღმის მასივში უბნის ინსპექტორად ვმუშაობდი. ერთ-ერთი სახლის მესამე სართულზე ბაირამოვები ცხოვრობდნენ. მარატ ბაირამოვი აზერბაიჯანელი იყო და ცოლად სომეხი ქალი ჰყავდა. მარატი მშვიდი და მშრომელი კაცი იყო, მაგრამ, როგორც კი მასთან სტუმრად ერევნიდან სიდედრი ჩამოვიდოდა, რადიკალურად იცვლებოდა და ოჯახი ირეოდა. ამის გამო, ბაირამოვების მეზობლები მილიციაში რეკვას იწყებდნენ და მათი ოჯახიდან გამომავალი ხმაურის აღკვეთას ითხოვდნენ. ამიტომ ჩვენ მათი ოჯახის ხშირი სტუმრები ვიყავით და მარატის სიდედრს – კარინას, კარგად ვიცნობდით.
ერთ თოვლიან ზამთარს ბაირამოვების მეზობლებმა ისევ დაგვირეკეს და, რომ მივედი, დავინახე, რომ მთელი სადარბაზო ბაირამოვების კართანაა შეკრებილი. შიგნიდან კი კარინას განწირული ყვირილი ისმის – მარატ, არ მომკლაო. დრო არ ითმენდა. ხის კარი შევამტვრიე და იმ დროს შევვარდი ბინაში, როდესაც მარატმა ხელში აყვანილი კარინა მესამე სართულის ფანჯრიდან ეზოში მოისროლა... ასანთის ღერივით გამხდარი ქალი სულ ფარფატით დაეშვა ძირს და თოვლის გროვაში ჩაერჭო...
– ახლა კი დიდი ხნით ჩაგსვამენ ციხეში, მარატ, ეს არ უნდა გექნა. მკვლელობისთვის არავინ გაგამართლებს, – სინანულით ვუთხარი მარატს, მან კი შვებით მომიგო:
– ჩამსვან, უფროსო. წმიდათაწმიდა საქმისთვის ციხესაც ავიტან.
უცებ თოვლის გროვა შეინძრა, იქიდან კარინა გამოძვრა და ზემოთ ამოიხედა. მერე მარატს მუშტი მოუღერა და სიძეს სომხურად შეაგინა.
– უკვდავია, ეს დედამო... – მარატმა ფრაზის დასრულება ვერ მოასწრო, ისე წაუვიდა გული და, რომ არ დამეჭირა, თვითონაც ფანჯრიდან გადავარდებოდა.
ერთი სიტყვით, მარატ ბაირამოვს ინფარქტმა დაარტყა და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს, კარინას კი ერთი განაკაწრიც არ ჰქონია სხეულზე. ის მეორე დღესვე გაემგზავრა ერევანში და მას მერე მარატთან სტუმრად აღარ ჩამოსულა.
დიმიტრი პაპავას
ნაამბობის მიხედვით