კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-52(482)

 – აბრეზაა ერთი, ძველი გაბომჟებული მეომარი. მკვლელობა რომ მოხდა, იმ სახლის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ბარაკში ცხოვრობს. მთელი დღე აქეთ-იქით დადის, ბოთლებს აგროვებს, აბარებს და იმ ფულით სასმელს ყიდულობს. გუშინწინ, 19 მაისს, მაგ აბრეზას, სავარაუდოდ, იმ იდუმალი ზუხრას თანმხლებ მამაკაცთან მოუვიდა შელაპარაკება, რაც პატარა კონფლიქტით დასრულდა და აბრეზას თავი გაუტყდა. ეს კი ასე მომხდარა: აბრეზას ჩაბარებული ბოთლების ფულით ჩამოსასხმელი არაყი და „კოკა-კოლა“ უყიდია მარკეტში. გარეთ რომ გამოდიოდა, სავარაუდოდ, ზუხრასა და მის თანმხლებ მამაკაცს შემთხვევით დასჯახებია და არაყი იმ მამაკაცს გადასხმია. კაცს ხელი უკრავს მისთვის და გზის გაგრძელება დაუპირებია. ფხიზელი აბრეზაც არ დარჩენია ვალში – მანაც ჰკრა ხელი და ის კაცი წააქცია. იმ უცნობს მუქი სათვალე დავარდნია ძირს. აბრეზას მისთვის შეუხედავს, რაღაც უთქვამს და ხელი გაუწოდებია, რომ წამოეყენებინა. მამაკაცი კი წამომხტარა და, ჯერ სათვალე გაუკეთებია, შემდეგ ისე ძლიერად უკრავს ხელი აბრეზასთვის, რომ კედელზე მიუნარცხებია და თავი გაუტეხავს მისთვის, შემდეგ კი იმ სავარაუდო ზუხრასთან ერთად სწრაფად გასცლია იქაურობას. ამ სცენას მარკეტის გამყიდველი ქალი და მისი მუშა ადევნებდნენ თვალს და სწორედ მათ გაუწიეს პირველი დახმარება აბრეზას – მარკეტში შეიყვანეს და თავიდან სისხლი მობანეს. აბრეზა კი ისე ყოფილა განერვიულებული, რომ დაღვრილი არყის სანაცვლოდ შეთავაზებული ალკოჰოლის დალევაზე უარი განუცხადებია. მარკეტის თანამშრომლებისთვის კი გასვლის წინ უთქვამს – ნაბიჭვარი. ვითომ ვერ მიცნოო. აი, სულ ესაა, ბატონო სოსო, – გეგეშიძემ თხრობა დაასრულა, რატიმ კი დაამატა:
– გაბომჟებული კი არის ეგ საცოდავი აბრეზა, მაგრამ, ცუდი ადამიანი არაა. საბურთალოს პოლიციაში რომ ვმუშაოდი, მე და რეზო არყის ფულს ვაძლევდით ხოლმე, უფრო სწორად ვთავაზობდით, მაგრამ არასდროს გამოურთმევია – გვეუბნებოდა, მათხოვარი კი არ  ვარო. სხვათა შორის, ერთხელ ერთი კაცი გადაარჩინა სიკვდილს. მას მანქანამ დაარტყა და იმ კაცს შოკისგან გული გაუჩერდა. იქვე იყო აბრეზაც და, სანამ პირდაღებული ხალხი ფიქრობდა, რა ექნათ, მან ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და მოაბრუნა. აბრეზას ნამდვილი სახელი თემურ ბასილიძეა. დაახლოებით ორმოცდახუთი წლის უნდა იყოს, – რატიც რომ გაჩუმდა, ჯაფარიძემ იკითხა:
– რატომ ფიქრობთ, რომ აბრეზას რომ ეჩხუბა, იმ მამაკაცის თანმხლები ქალი იდუმალი თურქი ზუხრაა?
– მარკეტის გამყიდველი ქალის თქმით,  წყვილი იმ სახლიდან გამოვიდა, სადაც მკვლელობა მოხდა. თანაც, ქალის აღწერილობა ძალიან ჰგავს ბინის მეპატრონე ლიდა გავაშელის მიერ აღწერილი ზუხრას გარეგნობას, – მიუგო მაიორმა.
– საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერებმა რა უჩვენა?
– გუშინწინანდელ ჩანაწერზე კი ჩანს ორივე, მაგრამ, სახეების გარეშე. როგორც ჩანს, საგანგებოდ მალავდნენ სახეებს. ადრეული ჩანაწერების ნახვა კი ვერ მოასწრეს ჩიტომ და ობოლაძემ, რადგან, სწორედ მაშინ წამოიყვანეთ ისინი დაკითხვაზე, – დაამატა რატიმ.
ჯაფარიძემ საათს დახედა და თქვა:
– ათი სრულდება. ცხელ კვალზე სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და აბრეზა დავკითხოთ, – შემდეგ კი რატის მიუბრუნდა: – ჩაირბინე და ჩიტო და ობოლაძე ამოიყვანე, ისინიც დავიხმაროთ. დანარჩენს მათთან ერთად გეტყვით.
რატი წამოდგა და კარისკენ გაემართა. წამოდგა ონილიც და ღიმილით თქვა:
– ხუთიოდე წუთში შემოგიერთდებით, მეგობრებო, მანამდე კი ერთ ადგილას უნდა შევიარო.
რატი და ეფბეერელი ერთდროულად გავიდნენ ჯაფარიძის კაბინეტიდან. პეტრიაშვილი დასაკითხი ოთახისკენ დაეშვა ჩიტაძისა და ობოლაძის ამოსაყვანად, ონილი კი ტუალეტში გაემართა.
ონილი რომ დაბრუნდა, ჩიტო და კოტიკო პოლკოვნიკის კაბინეტში დახვდნენ. ამერიკელმა ორივეს ხელი ჩამოართვა და თავისი ადგილი დაიკავა, ჯაფარიძემ კი თქვა:
– როგორც გითხარით, ცხელ კვალზე უნდა ვიმოქმედოთ. როლები დაინაწილეთ: კოტე ობოლაძე ლიდა გავაშელთან წავა და დასაკითხად მოიყვანს; რეზო ჩიტაძე სუპერმარკეტის გამყიდველ ქალსა და მის მუშას მოიყვანს დაკითხვაზე; რატი აბრეზას მოიყვანს, ზურაბი კი საცხოვრებელი კორპუსის ვიდეოთვალის ჩანაწერს მოიტანს ამა წლის 15 იანვრიდან დღემდე – ლიდა გავაშელმა ხომ სწორედ 15 იანვარს მიიყვანა პირველად ზუხრა ბინაში. ასევე, გულდასმითაა შესასწავლი ყველა ვიდეოჩანაწერი. იქნებ, ზუხრასა და სხვების სურათები მოვიპოვოთ ან რამე საგულისხმო დეტალები აღმოვაჩინოთ. ჩვენი ამერიკელი მეგობრები რამდენიმე საათში ჩამოვლენ თბილისში და, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა დავახვედროთ მათ. აბა, თქვენ იცით, იმოქმედეთ! თუ რამე სასწრაფო გამოჩნდა, დამირეკეთ.
დავალებამიცემულები ადგილებიდან წამოდგნენ და წავიდნენ, ონილმა კი რატი პეტრიაშვილი შეაყოვნა და ჯაფარიძის წინ ჰკითხა:
– რატი, ინგლისური თუ იცით?
– დიახ, მისტერ ონილ, – მიუგო რატიმ.
– დონალდი დამიძახე, – გაიღიმა ამერიკელმა და დაამატა: – რამდენიმე კითხვა მაქვს შენთან (ამერიკელი შენობით ლაპარაკზე გადავიდა) და ცოტას შევაყოვნებ, სოსო (ეფბეერელმა უკვე ჯაფარიძეს მიმართა).
– ჰკითხე, დონალდ.
რატი მშვიდად მისჩერებოდა ამერიკელს და მან რატის ჰკითხა:
– მშობლები ცოცხალი გყავს?
– დიახ, – მიუგო რატიმ.
– რა ხნის არიან?
– დედა ორმოცდაათისაა, მამა კი – მასზე ორი წლით უფროსია.
– ესე იგი, ორმოცდათორმეტის, ხომ?
– დიახ.
– რატი, საბჭოთა კავშირის არსებობის დროს შენი მშობლები კომუნისტური პარტიის წევრები ხომ არ ყოფილან?
– არა.
– საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობა ხომ არ ეკავათ?
– არა.
– ოჯახის უახლოესი წევრი ხომ არ გყოლია პარტიული ან სახელმწიფო ფუნქციონერი?
– მამაჩემს მშობლები ჯერ კიდევ მაშინ დაეღუპა, როდესაც ის სულ რაღაც ოთხი თვის იყო და მამიდამ და ბიძამ გაზარდეს. დედაჩემის მამა კი გურჯაანის რაიკომის მეორე მდივანი და პარტიული მუშაკი იყო.
– გურჯაანი ქალაქია, ხომ? – ჰკითხა ამერიკელმა რატის და დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაში დაწვრილებით გამოიკვლია მისი გენეალოგია. ბოლოს კი სოსო ჯაფარიძეს მიუბრუნდა და უთხრა:
– სოსო, ვფიქრობ, რატი იდეალური კანდიდატურაა, რომ სწავლა განაგრძოს „ეფბეერის“ აკადემიაში ანტიტერორიზმის განხრით, საუკეთესო რეკომენდაციას მივცემ. იმედია, რომ არც შენ იქნები წინააღმდეგი.
– მე მგონი, არა, – თქვა ჯაფარიძემ.
ონილი რატის მიუბრუნდა და უთხრა:
– წარმატებული დღე გაქვს, როგორც ვატყობ. აბა, შენ იცი. ახლა კი საქმეს შეუდექი, ისედაც ძალიან შეგაყოვნე. იმოქმედე!
ჯაფარიძემ რატის ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლის წიგნაკი გადასცა და გაისტუმრა.
***
რატი პეტრიაშვილი, ცოტა არ იყოს, ეიფორიულ მდგომარეობაში გამოვიდა სოსო ჯაფარიძის კაბინეტიდან. ახალთახალი პირადობის მოწმობა გადაშალა და კიდევ ერთხელ უხმოდ გადაიკითხა, რომელშიც ეწერა: „ლეიტენანტი რატი პეტრიაშვილი“. შემდეგ კიბეებზე დაეშვა და დეპარტამენტის კუთვნილი „ბეემვეს“ მარკის ავტომობილისკენ გაემართა. მანქანას ოპერატიული საჭიროებისთვის იყენებდნენ და გასღები მას პოლკოვნიკმა მისცა.
ყმაწვილის მდგომარეობა არც იყო გასაკვირი. ის სულ რაღაც 24 წლის იყო, დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. შემდეგ ერთი წელი პოლიციის აკადემიაში ისწავლა, წელიწად-ნახევარი კი პოლიციაში იმუშავა – ჯერ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, შემდეგ – ვაკე-საბურთალოს პოლიციაში. პროკურატურაში კი ვარლამ კაკუბავამ სულ რაღაც ორიოდე თვის წინ წაიყვანა და მალე ახალ სამსახურში გადაიყვანეს. ანტიტერორისტულ დეპარტამენტში ჯერ ოცდაოთხი საათიც არ იყო, რაც მუშაობდა, რომ უკვე ახალი პერსპექტივა გამოუჩნდა და „ეფბეერის“ აკადემიაში სასწავლო რეკომენდაციას თვით დონალდ ონილი აძლევდა. რატის ნეტარებისგან გაეღიმა. შემდეგ „ბეემვე“ დაქოქა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიისკენ გაემართა აბრეზას მოსაძებნად.
საათის ისრები საღამოს 10 საათსა და 50 წუთს უჩვენებდა. რატიმ ძველი გამოცდილებით იცოდა, რომ აბრეზა ამ დროს ჯერ კიდევ არ იქნებოდა სახლში, ამიტომ მის ძებნას ქუჩაში შეუდგა. თავდაპირველად სუპერმარკეტში მივიდა და ძირითადი გამყიდვლის შემცვლელ გოგონას ჰკითხა:
– აბრეზა ხომ არ გინახავს?
– არა, რატი. მე სულ რაღაც ნახევარი საათის წინ მოვედი თინა დეიდას შესაცვლელად. ის და ვალიკო ვიღაცეებს გაჰყვნენ და თინა დეიდას ჰკითხე. შეიძლება, იმან იცოდეს, მაგრამ, მე მგონი, ხვალამდე არ მოვა. რომ მიდიოდა, დამიბარა, თუ არ მოვედი, მაღაზია შენ დაკეტეო, ჩვენ კი თორმეტზე ვიკეტებით. ერთ საათში მეც წავალ, ხვალ რვაზე გამოიარე, – მიუგო გოგონამ რატის.
რატი გოგონას გამოემშვიდობა და აბრეზას ძებნა განაგრძო. ყველა ნაცნობი ადგილი მიიარ-მოიარა და ვერსად მიაგნო. ადგილობრივ „ბომჟებსაც“ გაესაუბრა და ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა:
– ერთი საათის წინ დავინახე. „მორკინალთან“ ვიღაცას მანქანაში ჩაუჯდა.
– რა მანქანა იყო? – ჰკითხა რატიმ „ბომჟს“.
– „ვიტმენის“ ტაჩკა იყო, მარკა კი ვერ გავარჩიე, უფროსო, – მიუგო რატის მთვრალმა მაწანწალამ. შემდეგ ვიღაცის გადაგდებულ ლეიბზე წამოწვა, ქუჩის ძაღლი გვერდით დაიწვინა და დაიძინა.
საათი ღამის თორმეტის ნახევარს უჩვენებდა, რატი აბრეზას ბარაკისკენ რომ გაემართა. მანქანა ეზოსთან გააჩერა, გადავიდა, სპეციალური ფანარი ამოაცურა, აანთო და ეზოში შევიდა. ჯერ გაპარტახებული ეზო დაათვალიერა და, ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინა, ნახევრად ჩამოშლილი ქოხისკენ გაემართა, რომელშიც დენი არ იყო და იქიდან სინესტისა და შმორის სუნი გამოდიოდა. რატიმ ჯერ შემოსასვლელი დაათვალიერა, რომელშიც ოდესღაც სამზარეულო უნდა ყოფილიყო. შემდეგ სასტუმრო ოთახში გადაინაცვლა და იქაც ვერაფერი იპოვა. იქიდან კი პატარა ოთახში შევიდა, რომელსაც აბრეზა საძინებლად იყენებდა და ნაჭაღარის ადგილზე, ფოლადის დაჟანგულ კაუჭზე ტროსით ჩამომხრჩვალი აბრეზა დაინახა. იქვე „კოკა-კოლას“ ორი ყუთი ეგდო. როგორც რატი მიხვდა, აბრეზამ ეს ყუთები იმისთვის გამოიყენა, რომ კაუჭზე ტროსი დაეკიდა და თავი ჩამოეხრჩო. პეტრიაშვილი მიცვალებულს მიუახლოვდა, სახეზე ხელი დაადო და ჩაილაპარაკა: „თბილია. როგორც ჩანს, ახალი გარდაცვლილი უნდა იყოს“. რატიმ მობილური ამოაცურა, პოლკოვნიკ ჯაფარიძეს დაურეკა და უთხრა:
– ბატონო სოსო, რატი პეტრიაშვილი ვარ.
– გისმენ. რა ხდება?
– აბრეზას ბარაკიდან გირეკავთ.
– მერე?
– აბრეზა ტროსზეა ჩამომხრჩვალი. ჯერ კიდევ თბილია. ეტყობა, მაქსიმუმ ერთი საათის წინ მოიკლა თავი.
– რას მელაპარაკები! – წამოიძახა პოლკოვნიკმა და პაუზის შემდეგ დაამატა, – ბუხუტი ბაქრაძეს და ვარლამ კაკუბავას შეატყობინე. მეც მალე მოვალ. შენ კი ყურადღებით იყავი მანდ, რომ უცხო არავინ შევიდეს.
– არის, ბატონო პოლკოვნიკო, – მიუგო რატიმ სოსო ჯაფარიძეს და ტელეფონი გათიშა. შემდეგ ბაქრაძეს დაურეკა. აბრეზას ამბავი შეატყობინა და დააყოლა:
– აქ შუქი არ არის და მოკვლევისთვის მძლავრი პროჟექტორებია საჭირო.
– კარგი. მალე მოვალთ, – მიუგო ბაქრაძემ ყოფილ ხელქვეითს და ტელეფონი გათიშა. ხოლო ვარლამ კაკუბავამ რომ შეიტყო აბრეზას ამბავი, ჩაფიქრდა. შემდეგ კი რატის უთხრა:
– ხელი არაფერს ახლო და გარეთ დამელოდე. ფანარი გაქვს?
– დიახ, ბატონო ვარლამ, – მიუგო რატიმ.
– მეც წამოვიღებ და ძალიან მალე მოვალ. დამელოდე და როგორც გითხარი, ისე მოიქეცი.
– გელოდებით, – მიუგო რატიმ. ტელეფონი გათიშა და ბარაკის ეზოში გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ რატიმ ყველაზე ბოლოს ვარლამ კაკუბავას შეატყობინა აბრეზას ამბავი, პროკურატურის გამომძიებელი პირველი მივიდა შემთხვევის ადგილზე. მას, სულ რაღაც შვიდი წუთი დასჭირდა აბრეზას ბარაკთან მისასვლელად და რატის უთხრა:
– პირველი მოვედი, ხომ?
– დიახ, ბატონო ვარლამ. ახლომახლო იყავით?
– სახლში მივდიოდი და სანაპიროდან მოვბრუნდი. აბა, გამიძეხი, შემთხვევის ადგილი მანახე, – უთხრა ვარლამმა რატის და მძლავრი, სამხედრო ფანარი ჩართო, რომელიც დღის სინათლესავით ანათებდა.
კაკუბავამ ფანარი რატის ჭერზე დააკიდინა და მთელი ოთახი განათდა. შემდეგ, ყურადღებით დაათვალიერა ჩამომხრჩვალი აბრეზა და ტროსი. ბოლოს კი ოთახის თვალიერებასა და ყოველი კუთხე-კუნჭულის გამოკვლევას შეუდგა. ამ დროს პოლკოვნიკი სოსო ჯაფარიძე მოვიდა, რომელსაც ერთი ხელქვეითი ახლდა.
– რა ხდება, ვარლამ? – ჰკითხა პოლკოვნიკმა თანაჯგუფელს.
– საქმე არც თუ ისე მარტივად უნდა იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, – მიუგო ვარლამმა.
– რას გულისხმობ? – ჩაეკითხა სოსო.
– ვფიქრობ, მკვლელობასთან გვაქვს საქმე და აბრეზას სუიციდი დადგმულია.
ჯაფარიძე კარგად იცნობდა კაკუბავას და იცოდა, რომ გამოცდილი გამომძიებელი არასდროს აკეთებდა უარგუმენტო  დასკვნებს, ჰაერზე ლაპარაკი არ სჩვეოდა. ამიტომ ჰკითხა:
– ამ დასკვნის საფუძველს რა ფაქტი გაძლევს?
– ეს ჯერჯერობით ვარაუდია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჩემს ვარაუდს დასკვნად აქცევს... მარჯვენა ზედა მკლავსა და მარჯვენა ფეხის გარე ბარძაყზე საკმაოდ ღრმა, წვრილი ნაჩხვლეტი ჭრილობები აქვს, რაც შემხმარი სისხლითაც დასტურდება. ანუ, ჭრილობების ფორმა და მიმართულებები ისეთია, თითქოს მიცვალებულმა ლურსმანს გამოჰკრა მკლავიცა და ბარძაყიც, – კაკუბავამ მოძრაობით უჩვენა პოლკოვნიკს აღნიშნული და განაგრძო, – იარა ახალია და ვფიქრობ, მან ეს ჭრილობები სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო.
– შეიძლება, მიიღო კიდეც და მერე რა? – თქვა ჯაფარიძემ.
– შეიძლება კი არა და მიიღო... – ჩაეცინა კაკუბავას, – მე მგონი, იმ ლურსმანსაც მივაგენი, რომელსაც აბრეზა გამოედო.
– მიაგენი?
– ჰო. აი, ამ ოთახში რომ ჩამონგრეული კარის ჩარჩოა, იქაა ერთი ასეთი სისხლიანი ლურსმანი, – კაკუბავა შემოსასვლელისკენ შეტრიალდა და ხელი გაიშვირა.
შეტრიალდა ჯაფარიძეც და ვარლამს უთხრა:
– არ შეიძლება, რომ კაცი სიბნელეში ლურსმანს გამოედოს?
– შეიძლება, როგორ არა, მაგრამ აბრეზას რაც შეეხება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი ჩაკუზული შევა ოთახში, თანაც უკუსვლით. ამ შემთხვევაშიც კი, აბრეზა მხოლოდ მკლავს გაიკაწრავდა. მას კი ბარძაყიც გაკაწრული აქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს საცოდავი, – ვარლამმა ჩამომხრჩვალი აბრეზასკენ გაიშვირა ხელი, – აყვანილი შემოიყვანეს და სწორედ ამ დროს მიიღო მან ეს ტრავმები.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3