კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-52(782)

 თეონა მშვიდად იჯდა და ლევანს თვალმოუშორებლად შესცქეროდა. კაცი გრძნობდა, რამდენად ყალბი და, შესაბამისად, საშიში იყო მისი სიმშვიდე.
– ამას ჩვენთვის ვაკეთებ, ორივესთვის... გაიმეორა მექანიკურად.
ქალს გაეცინა:
– როგორი არარობა ხარ! მტოვებ, გარბიხარ და ახლაც არ შეგიძლია, სიმართლე მითხრა.
– რა სიმართლე?
– სხვა ქალის გამო რომ ხდება ეს ყველაფერი.
ლევანმა ნაძალადევად გაიღიმა და სახეზე უცნაური გრიმასა გამოესახა. თეონამ დამცინავი მზერა შეავლო:
– სარკეში ჩაიხედე, როგორი საცოდავი გამომეტყველება გაქვს – სათაგურში გამომწყვდეულ თაგვს ჰგავხარ, აქეთ-იქით რომ აწყდება და გამოსავალს ეძებს.
– კარგი, რა, თეონა, რომელი კაცი იცი ისეთი, რომელიც ცოლის საღალატოდ ამერიკაში გადაიკარგა? გითხარი,  შანსი გამომიჩნდა და, არ მინდა ხელიდან გავუშვა. წავალ, ფულს ვიშოვი და დავბრუნდები. როდემდე გინდა, ასე ვიცხოვროთ. ბავშვზე რომ მელაპარაკებოდი, ბავშვს იმდენი რამ სჭირდება... მერე მიხვდები, როცა გაჩნდება და კარგი საბავშვო ეტლის საყიდელი ფულიც კი არ მექნება მისთვის.
– ხომ მუშაობ, რამე განსაკუთრებული მითხოვია შენთვის?
– რად მინდა თხოვნა, თავმოყვარეობა მაქვს, თეონა. რას წარმოვადგენ ახლა? ვიღაც ვადიმას რესტორანში ღვინისა და ლუდის ბოთლებს დავარბენინებ აქეთ-იქით.
– მერე, გემუშავა შენი პროფესიით... რატომ უნდა წახვიდე ამერიკაში, იქ რა უნდა გააკეთო? გგონია, უკეთეს სამსახურს იშოვი?
– როგორ არ გესმის? თეონა, მარტო შენ თავზე რატომ ფიქრობ? შენი პროფესიით იმუშავეო, რომ მეუბნები, სკოლაში მასწავლებლად წავიდე და 200 ლარით გაცხოვროთ შენ და ბავშვი?
– მეც ვიმუშავებ და რაღაც იქნება. ბავშვს ხომ ჯერ არ ვაჩენთ, ხომ დაგეთანხმე? გეხვეწები, არ წახვიდე. შენ გარბიხარ, – ვგრძნობ ამას.
თეონას თვალები ცრემლებით აევსო. ლევანმა ამოიოხრა, ცოლს გვერდით მიუჯდა,  მხარზე ხელი მოხვია და მკერდზე მიიხუტა:
– არ მინდა, იტირო, მართლა არ მინდა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მალე ვიშოვვო ფული და დავბრუნდე. მანამდე ცოტ-ცოტას გამოგიგზანი
– არ მინდა, არ მჭირდება.
– რატომ? შეგიძლია, მოაგროვო და მანქანა იყიდო.  
– მანქანით გინდა თავიდან მომიშორო? ეგოისტი ხარ და მარტო საკუთარი თავი გიყვარს. რაც არ უნდა მითხრა, მაინც ვერ დამაჯერებ, რომ არავინ გყავს.
– ეს მხოლოდ შენი ახირებაა და მეტი არაფერი. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, ჩემი წასვლა გადაწყვეტილია.
– მერე, რას ელოდები, ბარემ დღესვე წადი, – თეონამ ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა და ლევანს ისე შეხედა, კაცმა პირველად იგრძნო თავი დამნაშავედ მის წინაშე.
– კარგი, რა, თეო, ნუ მებუტები, ჯერ ხომ არ მივდივარ. იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიზას მომცემენ. იქნებ, საერთოდაც ვრჩები და, რატომ   ვიჩხუბოთ? ჩემი ეჭვიანი, მოსიყვარულე გოგო... განა არ მესმის შენი, მაგრამ, ჩემიც ხომ უნდა გაიგო. სულ ახალგაზრდა ვერ ვიქნები და ახლა მინდა კარგი ცხოვრება.  
– რას ეძახი კარგ ცხოვრებას, რესტორანში რომ შეხვალ და მომღერლებს მუჭით ფულს გადაუყრი? თუ, კახპებში რომ დახარჯავ ხელგაშლით დოლარებს? გული მერევა ეგეთ მამაკაცებზე.
– მეც არ მომწონს ეგეთი ტიპები. კარგ ცხოვრებაში სხვა რამე ვიგულისხმე – კარგი სახლი, კარგი მანქანა, მოგზაურობა ევროპაში და კუნძულებზე... იცი, რა მაგარი განცდაა, მაღაზიაში რომ შეხვალ და იცი, ყველაფრის ყიდვა შეგიძლია, რაც კი მოგეწონება... ცხოვრობს ასე ხალხი და მეც მინდა.
– მერე, აქ რომ გააკეთო ეს ყველაფერი, არ შეიძლება?
– არ შეიძლება, თეონა, არ შეიძლება. ბანკს ხომ ვერ გავტეხავ – დამიჭერენ, სხვანაირად კი  ამ ქვეყანაში დიდ ფულს მარტო პოლიტიკოსები შოულობენ. არცერთი პარტია მე არ მიმიღებს და, რა გავაკეთო?
– ეგ შენი ახირებაა და, იცოდე, ძალიან ცუდად დამთავრდება.
– არ ვაპირებ იქ სამუდამოდ დარჩენას, თეონა, გეფიცები. როგორც კი ცოტა ფულს მოვუყრი თავს, ეგრევე დავბრუნდები.
– რამდენი წელი დაგჭირდება იმისთვის, რომ „ცოტა ფულს” მოუყარო თავი? – გამოაჯავრა თეონამ, – და, მე რას მთავაზობ, ვიჯდე და გელოდო?
„ნუ დამელოდები, თუ გინდაო,” – გაიფიქრა ლევანმა, მაგრამ, ჭკუა ეყო და ეს ხმამაღლა არ უთქვამს. მთავარი ის იყო, გამგზავრებამდე დარჩენილი დრო თეონასთან მშვიდად, მისი ისტერიკების გარეშე გაეტარებინა. ამისთვის მზად იყო, ბევრ დათმობაზე წასულიყო და, შეყვარებული, მოსალოდნელი განშორებით დასევდიანებული ქმრის როლიც კი ეთამაშა. თეონას მოეხვია და კოცნა დაუწყო. ქალი ჯერ უძალიანდებოდა, მერე კი მოეშვა, მინებდა კაცის სურვილს, ქმარი ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა და ჩაეხუტა.
... გაბიმ თავი გვერდზე გადახარა და კაცს ინტერესით მიაშტერდა:
– ასე რატომ მიყურებ?
– როგორ – ასე? – ფიქრებიდან გამოერკვა  ლევანი.
– უცნაურად. თითქოს ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ, მიყურებ, მაგრამ სხვას ხედავ.
– ვინ არის ეს სხვა? – გაღიმება სცადა ლევანმა.
გოგომ მხრები აიჩეჩა:
– ეს შენ უნდა იცოდე. უბრალოდ, მე საკმაოდ დაკვირვებული ადამიანი ვარ. უფრო სწორად, მიყვარს სხვებზე დაკვირვება და დასკვნების გამოტანა. „ხასიათების შემგროვებელს“ ვეძახი საკუთარ თავს. მაგალითად, შენზე შემიძლია ვთქვა, რომ, დიდი ხანი არაა, რაც ამერიკაში ჩამოხვედი.
– ამას ჩემი ცუდი ინგლისურის გამო ამბობ?
– არა. თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი ეგეც არის.  ამერიკელი ტიპაჟი არ ხარ, ოღონდ, ვერ ვხვდები, იტალიელი ხარ თუ პოლონელი.
ლევანი გაამხიარულა გოგოს ლოგიკამ.
– რატომ მაინცდამაინც იტალიელი ან პოლონელი?
– იმიტომ, რომ რუსს არ ჰგავხარ; ფრანგს, გერმანელს ან ინგლისელს – მით უმეტეს; აღმოსავლეთის ქვეყნებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.
– ძალიან საყვარელი და საინტერესო ვინმე ხარ. შენს მკერდზე ხომ საერთოდ ვგიჟდები.  მოდი, ისევ გადამრიე, ლაპარაკზე დროს ნუ დავკარგავთ.  
მაგრამ გაბრიელამ ორივე ხელით მოიშორა მისი მკლავები:
– მოიცადე. მაგასაც მოვასწრებთ. მომიყევი შენზე.
– არაფერია მოსაყოლი. ამერიკაში მეც ბედის საძებნელად ჩამოვედი. რომელი ქვეყნიდან? აჯობებს, არ გითხრა – მაინც არ გეცოდინება და არც არის საინტერესო. მთავარი ისაა, რომ ახლა არც ღამის გასათევი მაქვს, არც სამსახური და არც ფული. მხოლოდ ეს საათი, მანქანა და ის ტანსაცმელი შემომრჩა, რაც მაცვია.
– თუ ამ ყველაფრით ვიმსჯელებთ, ცოტა ხნის წინ არც ისე ცუდად ცხოვრობდი.
– ჰო, რაღაც პერსპექტივები იყო, მაგრამ... მოკლედ, მგონი, გადამარჩინე. შენ რომ არა, ამ ღამეს მანქანაში გავატარებდი.
გაბრიელამ გაიცინა:
– კარგი, ჯერჯერობით თავს დაგანებებ და არ ჩაგაცივდები, მაგრამ, მერე ყველაფერს მომიყვები.
- რა უნდა მოგიყვე, გაბი?
– ყველაფერი. ბინის საფასურს ამით გადაიხდი, – გაბრიელა ხმამაღლა აკისკისდა. ლევანმა ვეღარ  გაუძლო ცდუნებას, პერანგის ღილები გაუხსნა და მკერდზე დააცხრა.
...ნანამ შორიდანვე დაინახა აეროპორტის ფოიეში შემოსული ლევანი და მისკენ გაექანა.
– შემეშინდა, რომ აღარ მოხვიდოდი.
– რას ამბობ,  ერთი სული მქონდა, ეს დღე როდის დადგებოდა. დრო ისე უსასრულოდ გაიწელა, მეგონა, საერთოდ გაჩერდა. წავიდეთ, გავიაროთ რეგისტრაცია.
– მარტო ხარ?
– ჰო, ყველას დავუძვერი ხელიდან. კახა ძალიან იქაჩებოდა, უნდა გაგაცილოო, მაგრამ, დავარწმუნე, რომ დღეს ღამით მივფრინავდი და არა გამთენიისას და დამიჯერა.
– შენი ცოლი?
ლევანმა ამოიოხრა:
– იურიდიულად ჩემი ცოლი არ არის – ოფიციალური ქორწინება ვერ მოავასწარით და ამ მხრივ პრობლემა არ შემქმნია; აი, ცრემლების წვიმას კი ვერ გადავურჩი. იმედია, დრო გავა და დავავიწყდები.
ნანამ ეჭვიანი მზერა შეავლო:
– საერთოდ არ გიყვარს?
– არ ვიცი. იყო დრო, როცა ვფიქრობდი, რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ ის სიყვარული არ ყოფილა. რასაც შენ მიმართ განვიცდი, ეს გაცილებით ძლიერი გრძნობაა.
– იქნებ, მე მხოლოდ გჭირდები? – გაიღიმა ნანამ, – პრინციპში, პრობლემა არაა, ჩემთვის სულერთია – მინდა, თან წაგიყვანო და მიმყავხარ. იმ სულელი ქალების რიცხვს არ მივეკუთვნები, რომლებიც სიყვარულის გამო თავებს იხოცავენ. მე რეალისტი ვარ და ამით ვამაყობ.
– ამიტომაც გადავირიე შენზე, – ლევანმა მხარზე მოხვია ქალს ხელი და მასთან ერთად გაემართა ტერმინალისკენ.
... თვალი რომ გაახილა, ქალი მის გვერდით აღარ იწვა. წამოჯდა. დიდი საწოლი ოთახის შუაგულში იდგა. ნანა პატარა დივანზე, ფანჯარასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.  
– რამე მოხდა? – ნამძინარევი ხმით ჰკითხა ლევანმა და წამოდგომა დააპირა.
– იყავი, არ ადგე. სიგარეტს მოვწევ და მოვალ. სულ მინდა, თავი დავანებო, მაგრამ ჯერჯერობით ნებისყოფა მღალატობს.
– რაღაცას არ მეუბნები...
– ქმარს უნდა გავცილდე.
– რა?! – ლევანი საბოლოოდ გამოფხიზლდა, – რატომ?
– იმიტომ, რომ, მინდა, სულ გვერდით მყავდე – ჩემს სახლში გადმოხვიდე და ერთად ვიცხოვროთ. დავიღალე. ტყუილის თქმა ჩემთვის პრობლემა არ არის, მაგრამ, დასასრული ყველაფერს აქვს. საკმარისია, ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობამ ყველა რესურსი ამოწურა. გაყრის პროცესი, ალბათ, ხანგრძლივი და დამღლელი იქნება, მაგრამ, ამისთვისაც მზად ვარ.
ლევანს უნდოდა, ეკითხა, შენს სამომავლო გეგმებში ჩემზე გათხოვება ხომ არ შედისო, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა. ამერიკაში მისი ყოფნის მეოთხე თვეზე ქალმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, ქმარს გაყროდა. კარგი იყო ეს მისთვის თუ ცუდი, ამაზე ფიქრით თავის მტვრევას ახლა აზრი არ ჰქონდა, თუმცა, ლევანმა მაინც გადაწყვიტა, რომ ცვლილება მისთვის სასიკეთო აღმოჩნდებოდა.
– რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? – ჰკითხა ქალმა და გამომცდელად მიაჩერდა.
ლევანმა მოჩვენებითი გულგრილობით აიჩეჩა მხრები
– შენ უკეთე იცი, ეს შენი ცხოვრებაა.
– მაგას არ გეკითხები. გინდა, რომ გავშორდე ქმარს და სულ ერთად ვიყოთ?
– რა თქმა უნდა. როცა მიდიხარ, ამ საშინელ სასტუმროში ადგილს ვერ ვპოულობ. კარს გაიხურავ თუ არა უკვე მენატრები.
ნანამ სიგარეტი  საფერფლეზე დასრისა, საწოლთან მივიდა და ლევანს ტუჩებში აკოცა, ისიც მოეხვია და ლოგინზე გადააწვინა.
– ჩემთან  იცხოვრებ, სულ ერთად ვიქნებით... ჩურჩულებდა ქალი.  
– საყვარელო, ძალიან ბედნიერი ვარ... რა იქნებოდა, რომ არ გამეცანი? წარმოდგენაც კი მიჭირს...
– მეც. ამიტომაც, ქმართან ყველაფერი უნდა დავასრულო.
– მერე, დაგთმობს? არ შეეცდება, არ გაგიშვას? ხომ თქვი, რომ ძალიან უყვარხარ? ყველაფერი რომ წაგართვას?
– მაგაზე არც ვფიქრობ. ჯერ ერთი, მართლა ძალიან ვუყვარვარ; მეორე – ძალიან კეთილშობილი ადამიანია და ამას არ გააკეთებს. თან, კარგი ადვოკატიც მყავს. მაგრამ ვფიქრობ, არ დამჭირდება.
– მოიცა, რას აპირებ?
– განსაკუთრებულს არაფერს. იმას არ ავიღებ, რაც არ მეკუთვნის, მაგრამ, სახლი ძალიან მჭირდება. თანაც, მე რომ არ ვყოფილიყავი, ეგ სახლიც არ იქნებოდა – როცა ცოლად გავყევი, საგანგებოდ ჩემთვის იყიდა.
– მეც უნდა დავიწყო მუშაობა, მუდმივად შენზე ვერ იქნები ჩამოკიდებული, – თქვა ლევანმა.
ნანას გაეღიმა:
– რაც აქ ხარ, უკვე მერამდენედ ამბობ მაგას.
– გგონია, არ მინდა მუშაობა? მაგრამ, ჯერ ვერ მოვიფიქრე, რა უნდა გავაკეთო.
– მაგაშია პრობლემა! – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ქალმა, – კიდევ დიდხანს ვერ მოიფიქრებ.
– ამას რატომ მეუბნები, გგონია, უსაქმური ვარ და შენს ხარჯზე ვაპირებ ცხოვრებას?
– მე ეგ არ მითქვამს, მაგრამ, თანდათან გაგინელდა ის ენთუზიაზმი, რომელიც აქ ჩამოსვლის პირველ დღეებში გქონდა.
ლევანმა ქალს უკმაყოფილოდ გახედა:
– მალე ვიშოვი სამსახურს, ძალიან მალე.
– ნუ იგრუზები გრუზინულად, – ქალი მიეხუტა და მხარზე აკოცა, – შენ სამსახური უკვე გაქვს.
– რა? – შეკრთა ლევანი, – რას გულისხმობ?
– იმის თქმა მინდა, ქმარს რომ გავცილდები, შენი დახმარება დამჭირდება. ისევ მაგას ხომ არ მივადგები, რომ ჩემს ბიზნესში დამეხმაროს?
– აქამდე არაფერი გითქვამს შენი ბიზნესის შესახებ.
– არ მჭირდებოდა. როცა დამჭირდება, გეტყვი აუცილებლად.
– მირჩევნია, რამე ისეთი ვაკეთო, რაც შენი ბიზნესისგან შორს იქნება, – სერიოზული, ოდნავ მოღუშული სახით თქვა ლევანმა.
– ისევ ქართული მენტალიტეტი... ნუ გეშინია, არაფერს დაგაყვედრი. პატიოსნად გამოიმუშავებ იმ თანხას, რასაც მოგცემ, – გადაიხარხარა ნანამ, – ვხვდები, რომ შენი ცოლისთვის ფულის გაგზავნა გინდა. კარგი აზრია. შეგიძლია, საჩუქრებიც უყიდო, მაგალითად, ტანსაცმელი. მე დაგეხმარები.
– არ მინდა. საკუთარი ფული რომ მექნება, მე თვითონ ვუყიდი იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლი.
ნანამ მხრები აიჩეჩა:
– კარგი, როგორც გინდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3