სად შეხვდა ნახევარფინალში ქართველ მოწინააღმდეგეს კარატისტი გიორგი ელიზბარაშვილი და რა შემოთავაზება მიიღო მან ამერიკის ტრადიციული კარატეს ფედერაციისგან
კარატეში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, კავკასიის ოთხგზის გამარჯვებულმა და მსოფლიოში პირველი ადგილის მფლობელმა შოტოკანში – გიორგი ელიზბარაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში USA PHILADELPIA OPEN – 2015 ჩემპიონატი მოიგო და ამერიკის ტრადიციული კარატეს ფედერაციაში წამყვანი ინსტრუქტორის ადგილიც დაიკავა. მან სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში 12 წლის ასაკში დაიწყო და მიზნად შავი ქამრის აღება დაისახა, რომელიც 18 წლის ასაკში მოიპოვა. ამერიკაში ტურნირზე გამგზავრება გიორგისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. რას აპირებს სამომავლოდ ქართველი ფალავანი, სტატიიდან შეიტყობთ.
გიორგი ელიზბარაშვილი: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. 70-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ კი ლიცეუმში გავაგრძელე სწავალა. ბოლოს „სეუ-ში” ჩავაბარე, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე. ბოლო კურსზე უნივერსიტეტი შევიცვალა და იგივე ფაკულტეტი საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში დავამთავრე. მყავს დედა და ერთი და. მამა, სამწუხაროდ, 2 წლის წინ გარდამეცვალა. ჩემი მშობლების გადაწყვეტილებით, შევედი სპორტზე, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და ხშირად მიწევდა ქუჩაში ჩხუბი. ამიტომ, უნდოდათ, ჩემი ენერგია სპორტში დამეხარჯა. კარატეში, არა მხოლოდ მე დავიწყე ვარჯიში, არამედ ჩემმა დამაც, რომელიც ჩემზე ორწლი-ნახევრით უფროსია. მასაც ჰქონდა წარმატება – მწვანე ქამარი აქვს აღებული (იცინის). თუმცა, ვიდრე კარატეზე შევიდოდი, მანამდე კინგ-ბოქსინგზე დავდიოდი. საერთოდ, ბავშვობიდან მიყვარდა სპორტის ისეთი სახეობები, ჩხუბთან რომ ასოცირდებოდა. არასოდეს მომწონდა ფეხბურთი, კალათბურთი და ასე შემდეგ. კინგ-ბოქსინგით სიამოვნებას ვერ ვიღებდი, ამიტომ გადავწყვიტე, სპორტის სხვა სახეობაში დამეწყო ვარჯიში. 12 წლის ვიყავი, როცა სკოლაში საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციასთან არსებული კლუბი – „შავნაბადა” გაიხსნა. მეც გადავწყვიტე, შევსულიყავი. დაახლოებით 2 წელიწადში მივხვდი, კარატე ჩემი ცხოვრების სპორტი იყო. ვარჯიში რომ დავიწყე, არც თუ ისე პატარა ვიყავი. ამიტომ, ჩემს ასაკში წარმატების მიღწევა, ცოტა რთული იყო. ბავშვები 6-7 წლის ასაკიდან ვარჯიშობდნენ და მათთან მიწევდა შეჯიბრებებზე შეხვედრა. პირველი წარმატება ორი წლის შემდეგ მქონდა, თუმცა ეს არ იყო სერიოზული ასპარეზობა. ვგულისხმობ იმას, რომ მაშინ თბილისისა და საკლუბო ჩემპიონატებში ვიღებდი მონაწილეობას.
– სერიოზული წარმატებები როდიდან დაიწყო?
– როცა საერთაშორისო დონის შეჯიბრებებზე გავედი. პირველი იყო კავკასიის ჩემპიონატი, სადაც 5-6 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. სომხეთში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში პირველი ადგილი მოვიპოვე. შემდეგი იყო თურქეთში, ევრაზიის თასი, სადაც ძალიან კარგად ვიასპარეზე და მცირედი ტრავმის გამო მეორე ადგილს დავჯერდი. კახა ბასილიასთან ერთად გავემგზავნრე ჩეხეთში, სადაც „ოუფენ ბოჰემის” პრიზიორი გავხდი. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე ნახევარფინალში ქართველთან მომიწია ჩხუბი – მსოფლიოს ჩემპიონ გოგიტა არქანიასთან. ამიტომ დავიკავე მესამე ადგილი (იცინის). ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს კარიერაში მსოფლიო „მაკაბიადის“ ჩემპიონატი იყო, რომელიც ყოველ 4 წელში ერთხელ ისრაელში იმართება. იქ სამ სახეობაში მივიღე მონაწილეობა და თითოეულში გარკვეული შედეგი დავდე. „მაკაბიადაზე“ თუნდაც მესამე ადგილის დაკავება დიდი შედეგია. მარტო მე კი სამი მედალი ავიღე. თავიდან კარატეს ვუყრებდი როგორც სპორტს, მაგრამ, რაღაც პერიოდის შემდეგ, მიხვდი, რომ კარატე მხოლოდ ფიზიკური აღზრდის საშუალება არ იყო. ეს სპორტი სულიერადაც აყალიბებს ადამიანს და წარმატებულს ხდის. კარატე არ არის ეტაპი, რომ დაიწყო და დაამთავრო, ის უსასრულობაა. ამიტომ არის ეს სპორტი ჩემთვის მიმზიდველი. ჩემთვის სამაგალითო კარატისტი კახა ბასილიაა. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის და ყველაფრისთვის, რაც ჩემი წარმატებისთვის გააკეთა.
– ამერიკაში როდის წახვედი? მოგწონს ამერიკული ცხოვრება?
– USA PHILADELPIA OPEN 2015-ზე მონაწილეობის მისაღებად მომივიდა მიწვევა. ტურნირი 15 ნოემბერს ტარდებოდა, მაგრამ ჩემს მეგობართან, მამუკა ელაძესთან ერთად, ასევე საქართველოს ნაკრების წევრთან, ოქტომბრის დასაწყსიში წავედი ადაპტაციის მიზნით. ეს შეჯიბრება ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზულია. მასში 20 ქვეყნის წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობს. ტურნირი სხვადასხვა მიმდინარეობაში ჩატარდა. იყო როგორც სპორტული კარატე, ასევე კონტაქტურიც. საჭიროდ ჩავთვალე, რომ ორივე კატეგორიაში მიმეღო მონაწილეობა. კონტაქტურ კარატეში გავხდი პირველი ადგილის მფლობელი, ხოლო სპორტულში – მესამის. სხვათა შორის, ჩემთვის მოულოდნელად, ტურნირის საუკეთესო სპორტსმენად დამასახელეს და სპეციალური თასიც გადმომცეს. ამის შემდეგ მოვლენები ძალიან კარგად განვითარდა. ამერიკის ტრადიციული კარატეს ფედერაციაში ამიყვანეს წამყვან ინსტრუქტორად. ასევე, „კრავ მაგაშიც“ ვავარჯიშებ სპორტსმენებს. ეს არის ისრაელის თავდაცვისა და უშიშროების მიერ ჩამოყალიბებული სპორტის სახეობა. ჯერჯერობით კვირაში ერთხელ ვატარებ ვარჯიშებს. ამ ეტაპზე ამერიკაში ვგეგმავ დარჩენას, თან ჩემმა გამოსვლამ ისეთი რეზონანსი გამოიწვია, კიდევ მაქვს სხვადასხვა ტურნირზე მიწვევა. აპრილის დასაწყისში ამერიკის ღია ჩემპიონატი ჩატარდება ლას-ვეგასში, სადაც იმედი მაქვს, წარმატებით ვიასპარეზებ. რაც შეეხება ამერიკულ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, მომწონს. იცხოვრო ამერიკაში მარტივი არაა, მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელიც ადამიანს მიზნების მიღწევაში ეხმარება. ჩემთვის სასიამოვნოა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება.
– პირად ურთიერთობაში რა ხდება?
– ახლა ისეთ ეტაპზე ვარ, დრო არ მრჩება პირადი ურთიერთობებისთვის. არავინ მყავს, მარტო ვარ და მაქვს დასახული მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ. მერე კი, სიყვარულისთვის დრო ყოველთვის გამოინახება. ამჯერად არ მინდა, დროის რომელიმე მონაკვეთი დავუთმო ადამიანს, რომელიც ხელს შემიშლის მიზნების განხორციელებაში (იცინის).
– როგორც გავიგეთ, ამერიკელ გოგონებში საკმაო პოპულარობით სარგებლობ და ბევრი თაყვანისმცემელიც გყავს.
– (იცინის) უნდა ვაღიარო, რომ შეჯიბრებების შემდეგ, არაერთი უცხო ადამიანი გაჩნდა ჩემ ირგვლივ. ეს ყველაფერი კი ისევ და ისევ კარატეს დამსახურებაა. წარმატებების შემდეგ, ალბათ, უფრო მოიმატებს მათი რაოდენობა.