კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ბავშვების არდაბრუნების შემთხვევაში ემუქრებოდნენ მიშა კობახიძეს ციხეში ჩასმით

მისი ფილმები თითქოს არც მუნჯური და არც ხმოვანი კინოა. მოკლემეტრაჟიანი, შავ-თეთრი, უსიტყვო გამოსახულება და მსუბუქი იუმორი – რაღაც ორიგინალური, სხვებისგან გამორჩეული ხედვაა, რომლებსაც ჟანრიც არ აქვს. თავისი ფილმებისთვის ყველაფერს თავად ქმნის, რადგან ასე უკეთ გრძნობს. სცენარსაც თავად წერს, მუსიკასაც და მხატვრულადაც აფორმებს... და, საიდან იწყება მისი ექსცნეტრიკული შემოქმედება?.. 
1959 წელს მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლა კარტოფილის აღებით დაიწყო. სტუდენტები პატიმრებივით სატვირთო მანქანებზე შეყარეს, მოსკოვიდან ასი კილომეტრის იქით, სადღაც ცივ ბანაკებში დააბინავეს და დილით მოსავლის ასაღებად გაიყვანეს. შეგრძნება, როგორც თავად იხსენებს, იყო ძალზედ უცნაური. თითქოს ინსტიტუტში ჩაბარება ლამაზი სიზმარი იყო, ცხადში კი, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა ბანაკში მოხვდა. ინსტიტუტის გაზეთში მასზე ასეთი შინაარსის სტატიაც დაიბეჭდა, რომ ეს ქართველი სტუდენტი ფუქსავატობს, არ მუშაობს და  გოგოებს აცინებს. ამიტომ, მისნაირების ადგილი ამ ინსტიტუტში არ არის.  მომავალი რეჟისორი პედაგოგმა გერასიმოვმა იხსნა. თან, გააფრთხილა, ასე აღარ მოქცეულიყო. ორი კვირის შემდეგ ვაგონებიდან კარტოფილი მონდომებით გადმოტვირთა. ეს მიშა კობახიძის  „ვგიკში” სწავლების პირველი „გაკვეთილი“ იყო, რომელიც არასდროს დაავიწყდება. 1963 წლიდან პროფესიული კარიერაც დაიწყო. მართალია მისი შემოქმედებითი პროცესი ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა მაინც მოახერხა და მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა. ყოველ წამოწყებას დიდი ბარიერები ახლდა.  მისი ფილმები, ზედიზედ „იბრაკებოდა“. „რვანახევარი“ საერთოდ გააქრეს, რისი მიზეზიც იმჟამინდელ მთავრობასთან კონფლიქტი იყო. ამის შემდეგ იღებს „ქორწილს“ და  „ქოლგას“. 
შემდეგ ფილმს – „მუსიკოსები“ კინოსგან 33 წლით ჩამოშორება მოჰყვა. პრობლემები  ფილმის პირველი სახელწოდებიდან დაიწყო, რომელსაც „ომი და მშვიდობა“ ერქვა. თუმცა, რეჟისორისთვის სახელი არაფერს ცვლიდა. მან იცოდა, რომ ამ ფილმით მისი გზა კინემატოგრაფიაში ისედაც მთავრდებოდა. სახელწოდებასთან ერთად, შეიცვალა ფილმის ფინალიც. ამ გასვლით კადრიდან, ის დაემშვიდობა კინოს. მაშინდელმა ცეკას პირველმა მდივანმა  შევარდნაძემ კინოში დაბრუნება სთხოვა, თუნდაც ანტისაბჭოური ფილმები გადაეღო, მაგრამ... 1983 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა, თვითმფრინავისა და შვილის, გეგას ტრაგიკულმა ამბებმა, მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. არც კინოში დაბრუნების და არც არაფერზე ფიქრის თავი  აღარ ჰქონდა. „ეს იყო დასასრულისა და ახლის დასაწყისის ნიშანი,“ – ამბობს ის. ერთ დღესაც საფრანგეთში ფესტივალზე მიიპატიჟეს. პირველმა ჩვენებამ საოცრად კარგად ჩაიარა. ამდენი წლიების განმავლობაში, არც კი შემიხედავს მათთვის, შინაარსიც კი აღარ მახსოვდა. ეს რაღაც სახეზე ცივი წყლის შესხმასავით იყო და მეც გამოვფხიზლდიო, – ამბობს. ამ ყველაფერმა გამოაცოცხლა... გადაიღო ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გზაზე“.
„1953 წელს გარდაიცვალა სტალინი. დასაფლავების დღეს, მამამ ქალაქ თბილისში, ბერიას მოედანზე, სამგლოვიარო მიტინგზე წამიყვანა. სამარისებური სიჩუმე იყო. ქვემოდან მამას – გერმანე კობახიძეს ავხედე. შემეშინდა. სხვებისაგან განსხვავებით, მას არ მოუხდია შლაპა. ამის გამო, შეეძლოთ, ეცემათ ან დაეპატიმრებინათ. ქურთუკზე ჩამოვქაჩე და ვუთხარი: მამა, შლაპა მოიხადე. მან კი მიპასუხა – მე აქ იმიტომ მოვედი, რომ შლაპით ვიდგე. ეს არავის გაუგია, არც შეუმჩნევია, რადგან იმ წუთიდან სხვა დრო დაიწყო.” ევროპის რვეულიდან (1997) პარიზი. მიხეილ კობახიძე (წყარო: „ბურუსი“ – ნესტან კვინიკაძე). „ყველა ფილმი ჩემთვის პატარა ექსპერიმენტია. როცა ფილმს ვაკეთებ, მაყურებელზე არ ვფიქრობ, ხოლო როცა ფილმი შედგება და მაყურებლის წინაშე აღმოვჩნდები, ბუნებრივია, დიდი სურვილი მაქვს, ფილმმა მასზე გავლენა მოახდინოს, სიხარული მოუტანოს, დააფიქროს და აღაფრთოვანოს კიდეც. ერთადერთი, „ქორწილს” რომ ვიღებდი, განზრახული მქონდა, ისეთი ფილმი გადამეღო, ყველას მოსწონებოდა, დიპლომი მიმეღო და ჩემთვის კინოსტუდიის კარი გაეღოთ. ახლაც კი მიკვირს, როგორ გავბედე და „ქორწილის” შემდეგ, „ქოლგა” გადავიღე. თავიდანვე ვიცოდი, რომ ბეწვის ხიდზე უნდა გამევლო და თუ ვერ გავივლიდი, ამით დასრულდებოდა ჩემი კინემატოგრაფი, მაგრამ სწორედ ეს მხიბლავდა. ფილმს თავდაპირველად „წვიმა” ერქვა – ბოლოს, როცა მათ ქოლგა გაუფრინდათ, წვიმა დაიწყო და დარჩნენ უქოლგოდ. ამ დროს კი მესამე გმირი მოხტის წვიმაში, ქოლგით ხელში... დრამატურგიული თვალსაზრისით, ეს სცენა ზედმიწევნით ძლიერი იყო და დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. მაგრამ დეკემბერი იყო, მსახიობებს ზაფხულის სამოსი ეცვათ და წვიმის გადაღება ვერ მოხერხდა. როცა რამე არ გამომდის, სწორ გამოსავალს სწორედ მაშინ ვპოულობ. თუ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ ვიბნევი. ამ შემთხვევაში ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი და აზრი მომივიდა: ფინალში წვიმა სწორი არ იქნება, იმიტომ რომ, წვიმას ქოლგა რეალურ სამყაროში გადაჰყავს და ჩვეულებრივ ქოლგად გარდაქმნის. ქოლგა კი სიმბოლოა. ხშირად უკითხავთ ჩემთვის, „ქოლგა” რისი სიმბოლოაო. ქოლგის სიმბოლიკა ყველამ თავისებურად შეიძლება, გაიგოს... როცა „ქოლგაზე” მუშაობა დავამთავრე, მინდოდა ისეთი ფილმი გადამეღო, სადაც არც დრო იქნებოდა და არც სივრცე... ძალიან მაინტერესებდა ამ ექსპერიმენტის შედეგი. შედეგი კი ის იყო, რომ ამ ფილმის შემდეგ, დამდგმელ რეჟისორად მუშაობა ამიკრძალეს და ჩემს საქმეს 30 წლით ჩამოვშორდი”. 1967 წელს, როდესაც ეკრანებზე „მუსიკოსები” გამოვიდა, მაყურებელმა ფინალურ კადრში სიმბოლური ვერაფერი შენიშნა. არაფერი განსაკუთრებული: მსახიობები – გია ავალიშვილი და მიხეილ კობახიძე ცეკვით გადიან კადრიდან. რჩება თეთრი ფონი. სინამდვილეში კი მიშა კობახიძე კინოდან წავიდა... ერთ დღეს, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სტუდენტებმა, მათ შორის მიშა კობახიძემაც, თავიანთი ფილმები მოიკითხეს. პასუხი კი ერთობ ექსტრავაგანტური იყო: სახელმწიფოს ვერცხლი დასჭირდა და გადავადნეთო... დაიწყო ექსკლუზიური ექსპერიმენტები მხოლოდ მისთვის. „ჩვენ ბევრნი ვიყავით, დიდი ოჯახი. სად წავსულიყავი? ბავშვები სკოლაში არ მივაბარე. არ მინდოდა, საბჭოთა სკოლაში რომ ევლოთ. სახლში ვამეცადინებდი. ალბათ კარგადაც მოვიქეცი, სწორად ცხოვრება ისწავლეს. თერთმეტი წლის განმავლობაში მიძახებდნენ და ციხით მემუქრებოდნენ, თუ ბავშვებს სკოლაში არ დავაბრუნებდი. მაინც არ ჩამსვეს ციხეში. ვმუშაობდი, ცოლი კერავდა. გავყიდეთ ყველაფერი: ავეჯი, ავტომობილი, სახლი”. 1981 წელს ცეკას პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ მიხეილ კობახიძე დაიბარა და უთხრა: „ოღონდ დაიწყე მუშაობა და რაც გინდა, ის გადაიღე. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია, გადაიღო ანტისაბჭოთა ფილმი. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე?!” თითქოს კინოსთან დაბრუნების სურვილი გაჩნდა. მაგრამ... საქართველოდან თვითმფრინავი სახელოვანი ოჯახის შვილებმა გაიტაცეს. მათ შორის იყო გეგა კობახიძე... „ჩემთვის ეს იყო დასასრულის და თან, ახლის დასაწყისის ნიშანი. ამ მოვლენის შემდეგ საბჭოთა კავშირში ისეთი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელსაც აღარავინ დაუხვრეტია და რომელმაც, თავისი მოქმედებით, ფაქტობრივად, დაშალა ეს სისტემა. ბიჭების დახვრეტის ფაქტი გასაიდუმლოებული იყო. ჩვენ ისინი ცოცხლები გვეგონა. როცა გავიგეთ, რომ განაჩენი აღსრულდა, მაინც არ გვჯეროდა. ჩვენში იმედი ცოცხლობდა და ამ იმედს თვით უშიშროების სამსახური თესავდა. ის ერთი სიტყვა, რომელიც მინდა ვთქვა, მარტო გეგას არ ეხება. მათ ზედმიწევნით ადამიანურად, დიდი სიყვარულით წარმართეს სასამართლო, არავინ უკან არ დაიხია, არავინ არავის არაფერი არ გადააბრალა. ყველამ ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. ბაბუის, გერმანე კობახიძისაგან განსხვავებით, რომელიც იმ დღეს ბერიას მოედანზე არ დაუსჯიათ, ოცდაათი წლის შემდეგ, სწორედ მის შვილიშვილს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი... თვითმფრინავის გატაცების არაერთი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ საქართველოდან გაქცევა, ვერ ვიტყვი, რომ ბევრს უნდოდა. არადა, საბჭოთა კავშირში ცხოვრება არ იყო ადვილი. პირადად მე, საშუალება რომ მქონოდა, ახლობლებთან ერთად, დაუფიქრებლად გავიქცეოდი...
დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი თბილისში, მაგრამ პარიზი ის ქალაქია, რომელიც სულიერად მამშვიდებს. აი, დილას რომ გამოვალ და უცნობები მესალმებიან... მერე კაფეში შეხვალ, გაგიღიმებენ, შენც გაუღიმებ. ეს ძალიან ძლიერ აურას ქმნის. უკვე თავს ადამიანად გრძნობ. იყო ასეთი შემთხვევა, ფეოდოსიაში ჩავედით, გადაღება გვქონდა. საჭმელი გამოგველია. ჩემმა დირექტორმა თქვა, ახლავე ვიპოვი ვინმესო. ვიღაც ქალი მოიყვანა. ასე თქვა, რესტორანის დირექტორია და ახლავე გაგვიღებს რესტორანსო. წამოვდექი და რევერანსით შევეგებე. უეცრად იმ ქალმა მომაძახა: ოîø¸ë íჭ õ...! მერე ჩემი დირექტორი გამოვიდა და თქვა: იმ ქალმა მითხრა, ერთი კვირა წყალი არ ყოფილა და თეფშები ჭუჭყიანიაო. აღარ მინდოდა არაფერი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაში გავატარეთ და ბევრი ვიცინეთ, მაგრამ როცა ასეთ სისტემაში ცხოვრობ, როცა ყველა გიყურებს და ფიქრობს: ვინ ხარ, რა გინდა; ყველა გზომავს, გწონის, – ცოტა მძიმეა... ახლა, როცა ჩემს პროფესიასთან დაბრუნებას ვაპირებ, ჩემთვის აქ ცხოვრება მისაღებია. ვცდილობ, დადებითი ვიბრაცია დავიჭირო, ფორმა მივცე და სხვას მივაწოდო. მერე ვუყურო იმ სხვას, თუ როგორ გავლენას ახდენს მასზე ჩემი ნააზრევი. ეს არის ჩემი თამაში. ეს არის ჩემი მსახიობობა, ჩემი თვითგამოხატვის სურვილი. არც გეგაზე და არც სხვა მოვლენებზე მისაუბრია ბევრი. უარყოფითი მოვლენების გახსენებაც კი არ მინდა. ვგრძნობ, ამით სხვას ძალიან ბევრს ვუშავებ. ისე, რაც უფრო ითმენ ტკივილს, უფრო მეტადაც გითანაგრძნობენ. შენ თუ გტკივა, სხვასაც სტკივა. შენ თუ ითმენ, სხვაც ითმენს. შენ თუ მაგარი ხარ, სხვები შენზე მაგრები არიან. ასეა ცხოვრება მოწყობილი...
 როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ზოგმა ნავთობი დაისაკუთრა, ზოგმა მდინარე. მე საკითხი დავაყენე, რომ ჩემი ფილმები გადმოეცათ. იმ ფილმების დასაკუთრება შევძელი, რაც ადრე სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ამ ფილმების რეჟისორიც და პროდიუსერიც მე ვიყავი, ყველაფერს საკუთარი ხარჯებით ვაკეთებდით. ამან საშუალება მომცა, ფილმები ევროპაში გამეტანა და ფესტივალებში მონაწილეობა მიმეღო, იმის მიუხედავად, რომ დღეს ცოცხალი არავის ვგონივარ...
ერთი რამ აღმოვაჩინე – საქართველო აქედან უფრო მიყვარს და გადავწყიტე, აქ ვიყო და უფრო მიყვარდეს. რაც შეეხება აქაურ ქალებს... აქაური ქალი ისე იცვამს, რომ სურვილი აქვს, თავისი ყველაზე მიმზიდველი მხარე წარმოაჩინოს, და ეს ლამაზია. ამის უკან ხედავ ადამიანს, რომელიც გიზიდავს თავისი სურვილით, რომ დადებითი მხარე დაგანახვოს. სიამოვნებას განიჭებს სრულიად უცხო ადამიანი. რაღა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ გაეკიდო: ერთი დღით ვარ ჩამოსული და უარი არ მითხრა. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ქალები აკონტროლებენ თავიანთ თავს, მაგრამ ისე ბუნებრივად, რომ ვერც იგრძნობ. თავი ისე უჭირავთ, რომ ამაში სიყალბეს ვერ შეამჩნევ. ეს ბუნებიდან გამომდინარეა. ამის სწავლა შეუძლებელია. პარიზში ასეთები იბადებიან. ჩვენთან ეს სულ სხვანაირადაა. ისტორიულად, ქალი დამალული, შენიღბული იყო. როცა თავისუფლების ხანა დადგა და ქალმა თავისი თქვა, აღმოჩნდა, რომ თურმე მას შეუძლია მუშაობა. მამაკაცები კი ქაოსში აღმოჩნდნენ: 70-წლიანი უზრუნველი ცხოვრება უკვალოდ გაქრა. დაჯდა და დაიწყო სმა. ეს კი აბსოლუტურად სხვა სამყაროა...
ბოლო ფილმს „გზას”, რომელიც ჩემთვის ექსპერიმენტია, სიზმრის ფორმა აქვს. ეს არ არის ჩვენი რეალობა. განცდა კი, რომელიც მას მოაქვს, ჩვენი რეალობისა და სიზმრის დამაკავშირებელია. სიზმარი სხვა რეალობაა, მხოლოდ უნდა შეაღო ის კარი, რომელსაც იქ შეყავხარ... ამჟამად ორი პროექტი მაქვს: ერთი – ხუთი ნოველისაგან შემდგარი სრულმეტრაჟიანი ფილმი; მეორე – სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „როგორც ღრუბელი”, რომელიც უკვე რამდენიმე კონკურსშია გამარჯვებული და ნაწილობრივ დაფინანსებულია კიდეც. თუ ეს მოხერხდა, შეიძლება, ამით დავასრულო. მერე წავალ სადმე, სიმშვიდეში, დავჯდები და ვიქნები ჩემთვის. ჩემი ფიზიკური სხეული მაგრძნობინებს, რომ დრო გადის, მაგრამ სული სხვაა. ის არც ახალგაზრდაა და არც მოხუცებული. ასევე, ღრმად მწამს, რომ არ შეიძლება, ადამიანი ქრებოდეს, არსაიდან მოდიოდეს და არსაით მიდიოდეს. უბრალოდ, ამ რეალობიდან სხვაში გადასვლის დრო დგება. რაც შეეხება მარადიულ ახალგაზრდობას, შენზეა დამოკიდებული. თუ გინდა, იყო ახალგაზრდა, იყავი! ამაში ხელს არავინ გიშლის.”

скачать dle 11.3