მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რატომ არის ღვთისმშობლის გამოსახულებაზე სამი ვარსკვლავი?
პასუხი: ეს იმაზე მიუთითებს, რომ ღვთისმშობელი არის ქალწული ქრისტეს შობამდე, მისი შობისას და შობის შემდეგ.
კითხვა: როგორ მივიღოთ საქებარი სიტყვები, რომლებიც ჩვენთვის გამოიმეტეს, რათა ხიბლში არ ჩავვარდეთ?
პასუხი: როგორც წმიდა მამები გადმოგვცემენ, როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ, გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები.
კითხვა: რატომ ატარებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესისა და უნეტარესის წოდებას ერთდროულად?
პასუხი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული – „უწმიდესი და უნეტარესი“ – შემოღებულია 1917 წლის ავტოკეფალიის აღდგენის დროიდან. მანამდე უწმიდესის ტიტულს ატარებდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, უნეტარესისას – დასავლეთ საქართველოსი. ხოლო ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ახალარჩეული მწყემსმთავარი კირიონ მეორე იწოდა უწმიდესად და უნეტარესად.
კითხვა: გთხოვთ გვიპასუხოთ, შობა უფრო დიდი დღესასწაულია თუ აღდგომა?
პასუხი: აღდგომის დღესასწაული ყველაზე აღმატებულია მართლმადიდებლებისთვის. „სიკვდილისა სიკვდილით დათრგუნვით“ უფალმა ყოველი ჩვენგანი მარადიული გახადა. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ყოველი ქრისტიანის აღდგომის სიმბოლოც არის.