ეკონომიური სიყვარული
შენც, ნურსულთან?!
მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის დასაწყისში ევრაზიული კავშირის შექმნა გამოცხადდა და მას თვით წევრებიც კი ჰყავს: რფ-ის, ყაზახეთის, სომხეთისა და ბელორუსიის სახით, 2015-ის მიწურულს ყაზახეთის პრეზიდენტმა თავის მთავრობას ქამრების შემოჭერისკენ მოუწოდა, ანუ ეკონომიურად დავხარჯოთ ფულიო.
ამ ეკონომიის ერთ-ერთი მიზეზი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ის დანაკარგია, რაც ყაზახეთს განუცდია ევრაზიული კავშირის შიგნით, რაც, თავის მხრივ, რუსეთის პოლიტიკის შედეგიაო.
ბ-ნმა ნაზარბაევმა შენიშნა, რომ ყაზახური ბაზარი დაზარალდა როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, ისე რუბლის გაუფასურების გამო.
და, რაკი რუსეთის ცენტრალური ბანკის კვალდაკვალ ყაზახეთმაც ცურვაში გაუშვა თავისი ტენგე (ეროვნული ვალუტა), ინფლაციასაც ვერ ასცდა.
მეტიც, ყაზახურ ბაზარს იმაზე მეტი რუსული ავტომანქანა მიაწყდა, თურმე, ვიდრე მანამდე (მოგეხსენებათ, რფ-ში უცხოურ ავტომანქანებზე მაღალი საბაჟო გადასახადია, რათა ხელი შეეწყოს რუსულ ავტოწარმოებას და იგივე წესი მოქმედებს ევრაზიულ კავშირშიც).
აქედან გამომდინარე კი, ყაზახეთის პრეზიდენტმა დაასკვნა, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესი ყველაზე მთავარია.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ყაზახეთის ზემოხსენებული პრეზიდენტი იყო ევრაზიული კავშირის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენ თვალწინ თამაშდება დრამა, პათოსით: შენც, ნურსულთან?! –