დაწყვილების მოლოდინში
ანუ მდებარეობის ხიბლი
მართალია, ისლამური სახალიფო გასულ წელს არ შექმნილა, მაგრამ სრულიად მსოფლიოს ცხოველი ყურადღების ცენტრში სწორედ გასულ წელს მოექცა, როდესაც პარიზული ტერაქტის შემდეგ დასავლეთმა ყური იმაზე საფუძვლიანად გამოიბერტყა, ვიდრე მანამდე ჰქონდა გამობერტყილი.
მაგრამ მხოლოდ ეს არ ყოფილა შარშანდელი გეოპოლიტიკის სიახლე: ასპარეზზე ირანიც გამოვიდა, რამაც ადრე არსებული წესრიგი და მიმართებები დაარღვია, მათ შორის, ენერგოსექტორში. უფრო ზუსტად, აამღვრია, რამაც ჩვენც კი მოგვცა ამ მღვრიე წყალში თევზის დაჭერის საშუალება.
მოგვცა, ვინაიდან ირანს თავისი ინტერესები კავკასიაშიც აქვს, ხოლო, რადგან სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე დაწყვილებულები არიან (შესაბამისად, რუსეთთან და თურქეთთან), ჩვენ ახალი მეწყვილის პერსპექტივა გაგვიჩნდა – ირანის სახით, რომელიც არც გვესაზღვრება და, წესითა და რიგით, ამ ორი სამხრეთკავკასიური ტანდემის განეიტრალებაში უნდა დაგვეხმაროს.
იმას გარდა, რომ, არც ისაა გამორიცხული, ირანის ენერგომატარებლებიც გავატაროთ – მით უფრო, რომ სხვა გზით ის მაინც ვერ მოხვდება ევროპაში (შუა რგოლი, გინდა აზერბაიჯანი ყოფილა და, გინდა – სომხეთი).
თუმცა ისიც ფაქტია, რომ რფ შეეცდება, ხელი შეუშალოს ამ ენერგოპროექტებს, იმას გარდა, რომ ვერც ირანსა და თურქეთს აქვს მაინცდამაინც ჰარმონიული ურთიერთობა ერთმანეთთან.
მაგრამ ისიცაა, რომ ურისკო ფაფის ჭამაა, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მირთმევამდე სულის შებერვით მაინც გააცივებ.
ერთი სიტყვით, ამ ჩვენს ადგილმდებარეობას კიდევ ერთხელ შეუძლია ჩვენთვის ხეირის მოტანა, ახლა ჯერი მხოლოდ ჩვენზეა, ვივარგებთ თუ ისევ წყალობის მოლოდინში გავიტრუნებით, იმ იმედით, რომ პარტნიორები ჩვენზე უკეთ გადაწყვეტენ, რა გვარგია ჩვენ?! –