როგორ შევარჩიოთ მეკვლე სწორად და გავაწყოთ სახლი ისე, რომ მომავალი წელი წარმატების მომტანი აღმოჩნდეს
ძველი ჩინური მეცნიერების, ფენ-შუის რეკომენდაციების მიხედვით, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, ისე მოიწყოს და დაგეგმოს მომავალი წელი, როგორც თავად სურს. ეს საკმაოდ მარტივია და ამაში მხოლოდ კომპასი და ის ნივთები დაგეხმარებათ, რომლის შეძენა ადვილია და არც ძვირი დაგიჯდებათ. ფენ-შუის სპეციალისტი, ქალბატონი ეკა კვარაცხელია, სწორედ ამ რეკომენდაციებს გაგაცნობთ. როგორც თავად ამბობს, ეს ის წესებია, რომლის საშუალებითაც, შეგიძლიათ, ახალი, 2016 წელიწადი, წარმატებულად და იღბლიანად დაიწყოთ და ასევე, განვლოთ.
ეკა კვარაცხელია: წითელი, ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადი, სულ მალე შემობრძანდება და მის დასახვედრად ჩვენც მზად უნდა ვიყოთ. ფენ-შუი, ძველი ჩინური მეცნიერებაა, რომლის დახმარებითაც, ადვილად შეგიძლიათ, თქვენი ცხოვრება სასიკეთოთ შეცვალოთ. იღბალმა რომ ზურგი არ შეგაქციოთ და რაც შეიძლება, მეტად დაგასაჩუქროთ წარმატებითა და სასიკეთო ტენდენციებით, გასწავლით მარტივ მეთოდებს, რომლის გაკეთების შემდგომ, ნამდვილად გაგიმართლებთ. აიღეთ უბრალო კომპასი და გაარკვიეთ თქვენს ბინასა თუ ოფისში, სამხრეთი, დასავლეთი თუ სხვა ზონები. სახლის თუ ოფისის სამხრეთ-აღმოსავლეთი ზონა, საუკეთესოა მათთვის, ვისაც ამ წელში წარმატება კარიერაში სურს. ამისთვის საჭიროა, ამ ზონაში, რაც შეიძლება მეტი დრო დაჰყოთ, აწარმოოთ საქმიანი მოლაპარაკებები, რათა მოიზიდოთ ფინანსური კეთილდღეობა. მათთვის, ვისაც სურს, 2016 წელს, იპოვოს სასურველი ცხოვრების თანამგზავრი, საძინებლის დასავლეთ მხარეს, მაგიდაზე უნდა განალაგოს საქორწინო კოლაჟები და აქსესუარები, ასევე, წყვილი ფენ-შუის ატრიბუტიკით – იხვებითა და პეპლებით მორთოს საძინებლის ფარდა. მისაღები ოთახის სამხრეთ-დასავლეთი სახიფათო ზონაა 2016 წელს. ამიტომ, ამ ზონაში რომ სასიკეთო ენერგიები გაააქტიუროთ, მისაღები ოთახის ამ მხარეს, დადგით აკვარიუმი ან დეკორატიული შადრევანი, ან დაკიდეთ კედელზე სურათი, სადაც წყლის პეიზაჟია გამოსახული. ასევე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ახალ წელს მოჭარბებული იქნება ნეგატიური კოსმიური ენერგია. ამიტომ, ამ ზონაში უარყოფითი ენერგიის გასანეიტრალებლად, კედელზე დაკიდეთ ექვსმილიანი ლითონის ქარის მუსიკა ან დადგით მარილიანი წყალხსნარი. ეს ის ადგილია, სადაც მთელი წელი იკრძალება ნებისმიერი სარემონტო სამუშაოს ჩატარება. თუ ჩრდილო-დასავლეთ ზონაში დგას სამუშაო მაგიდა და გიწევთ იურიდიული საკითხების მოგვარება, მაშინ ხშირად დაანთეთ ამ ზონაში წითელი სანთლები და ეცადეთ, მუდმივად კაშკაშა განათება გქონდეთ. ამ, არც თუ ისე რთული, მაგრამ მოქმედი წესების დაცვით, თქვენ შეძლებთ, გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი, მეტი ჰარმონია შეიტანოთ ოჯახში და მოიპოვოთ მეგობრებისა და კოლეგების კეთილგანწყობა. ასევე, დაგეხმარებათ იპოვოთ ცხოვრების მეგზური და გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.
– ახალი წლის ღამეს, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალი წელიწადი სასიკეთო აღმოჩნდეს და სურვილები და ოცნებები აგვიხდეს?
– ახალი წლის ღამისთვის ასეთ რეკომენდაციებს მოგცემთ: გადაყარეთ ძველი, უსარგებლო ნივთები და სახლი დაალაგეთ საფუძვლიანად, რათა გაათავისუფლოთ ის და მოამზადოთ დადებითი ენერგიების შესადინებლად. ნაძვის ხე მორთეთ წითელი ლენტებით, ტკბილეულითა და თხისა და მაიმუნის სათამაშოებით. ნაძვის ხე უნდა იყოს საშუალო სიმაღლის, სასურველია, წითელი ან ოქროსფერი. ის უნდა დადგათ სახლის აღმოსავლეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. აჩუქეთ წითელი კონვერტით თანხა ბავშვებს და დასაოჯახებელ მეგობრებს. მათთვის გაცემული თანხა, თქვენ ფინანსურად, კიდევ უფრო გაგაძლიერებთ. ახალი წლის ღამეს აანთეთ ყველა ჭაღი და ბრა, გააღეთ ფანჯრები და აანთეთ ორი წითელი სანთელი, რათა მადლიერებით გააცილოთ ძველი წელი და მიესალმოთ ახალს.
– რაც შეეხება სადღესასწაულო სუფრას. მასზე, გარდა ორი წითელი სანთლისა, კიდევ რა განვათავსოთ, რომ 2016 წლის მბრძანებლის გული მოვიგოთ, გავახაროთ და ჩვენდამი კეთილად განვაწყოთ?
– სადღესასწაულო სუფრის შუაში, ცენტრალურ ნაწილში, ამაღლებულად დადგით კაკლით, თხილითა და გოზინაყით სავსე ვაზა. მაგიდა კი მორთეთ წითელი და ოქროსფერი ხელსახოცებით. ასევე, აუცილებელია ბანანის, ფორთოხლის, მანდარინის, კივის, ანანასისა და სხვა ტროპიკული ხილის დალაგება. გაითვალისწინეთ, რომ ხილი არ დადგათ მაგიდის ცენტრში. მაგიდის დასავლეთ კუთხეში დადგით სპირტიანი სასმელები, ან – ნებისმიერ კუთხეში, გარდა აღმოსავლეთისა.
– შემოსასვლელ კარზე ბევრი საახალწლო ატრიბუტიკას ამაგრებს. ამ მხრივ რა რეკომენდაციას მოგვცემთ?
– შემოსასვლელ კარზე, წელს დაკიდეთ მაიმუნის სიმბოლო. ასევე, კარგია საახალწლოდ შეიძინოთ საშობაო ყვავილი, პიონები, ორქიდეა ან ჯეჯილი. აქვე გეტყვით, რომ კატეგორიულად იკრძალება სველი თმით ახალი წლის დახვედრა. ამან შესაძლოა, თქვენი იღბალი წაიღოს. ახალი წლის ღამეს, ნუ გამოიყენებთ მაკრატელს და ჯიბეში ნუ ჩაიდებთ დანას, რადგან ამან შესაძლოა, თქვენი წარმატებები დააფრთხოს. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ შეხვდებით ახალ წელს, რას მოიმოქმედებთ და როგორი განწყობით მოამზადებთ საახალწლოდ საჭმელს. ასევე, ახალ წელს კარგია თუ ზარების რეკვით შეხვდებით.
– საქართველოში, ოდითგანვე არსებობს მეკვლის ტრადიცია. გამიგია, რომ კარგია, თუ ის იქნება მამაკაცი, რომლსაც მშობლები ჰყავს ცოცხალი, წარმატებული კარიერა აქვს და მხიარულია.
– როგორც საქართველოში, ასევე ჩინეთშიც უძველესი დროიდან არსებობს, მეკვლის ტრადიცია. გეტყვით, რომ კარგია, თუ ახალი წლის ღამეს, ოჯახის ყველაზე წარმატებული წევრი, ანუ რომელიც მუშაობს და ფინანსურად უზრუნველყოფს ოჯახს, გავა გარეთ და პირველად ის შემოდგას ფეხი, ანუ იქნება ოჯახის მეკვლე. უნდა შემოიტანოს მანდარინი, ფორთოხალი და ბანანი – თუნდაც თითო-თითო ცალი. ეს ხილი მან უნდა გაფცქვნას აუცილებლად ხელით და არამც და არამც დანით და ოჯახის ყველა წევრს უნდა გაუნაწილოს. გაითვალისწინეთ, რომ მეკვლის მიერ შემოტანილი ხილი ბოლომდე უნდა შეჭამონ ოჯახის წევრებმა და საერთო ხილში არ უნდა აურიოთ.
– თუ ოჯახში, არცერთი წევრი არ მუშაობს, ამ დროს მეკვლედ ვინ უნდა შემოვიდეს სახლში?
– ჩინელები მიიჩნევენ, რომ მეკვლე უნდა იყოს ოჯახის ყველაზე წარმატებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი წევრი. თუ ასეთი არ არის, ანუ არცერთი არ მუშაობს ოჯახში, მაშინ წარმატებულ, ცხოვრებაში შემდგარ ადამიანს სთხოვეთ, იყოს თქვენი მეკვლე. ასევე, ჩამოწერეთ სურვილები ფურცელზე, გადაწერეთ ის 49-ჯერ, თითო ფურცელი დაწვით, ყოველ ღამე, 12 საათამდე და ეს პროცესი დაიწყეთ 8 თებერვლიდან. ცნობისთვის, 2016 წელი, ჩინური კალენდრით, სწორედ, 8 თებერვალს დგება. სურვილები უნდა იყოს რეალური, რომ მომავალმა წელმა იღბალი მოგიტანოთ. რაზეც ვისაუბრეთ, შესაძლოა, ყველა რეკომენდაცია ვერ შეასრულოთ, მაგრამ, მთავარია, ის, რომ ახალი წლის ღამეს მაკრატელი არ იხმაროთ და დანა არ ჩაიდოთ ჯიბეში, რათა იღბალი არ დააფრთხოთ, ვფიქრობ, ამის გათვალისწინება აუცილებელია. ფენ-შუი გაძლევთ მინიშნებებს, როგორ დაგეგმოთ წარმატებული ცხოვრება და ეს უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, რომ ვთქვით, სველი თმით არ შეხვდეთ ახალ წელსო, არ არის გამორიცხული, თუ ამას არ გათვალისწინებთ, მთელი წელი წარუმატებელი აღმოჩნდეს თქვენთვის. ასე რომ, არ დაგავიწყდეთ, ახალი წლის დადგომამდე ათი წუთით ადრე, გააღეთ ფანჯრები, ორი წითელი ფერის სანთელი აანთეთ მაგიდაზე და ასე გააცილეთ ძველი და მოიხმეთ ახალი – ბედნიერი და წარმატებული წელიწადი. ასევე, რაც შეიძლება ხმაურით, კარგი განწყობითა და ჟრიამულით უნდა დახვდეთ მაიმუნის წელს. მაიმუნი არ არის სტაბილური, მას უყვარს ხმაური და გართობა. ამიტომ, რაც მეტად იხმაურებთ ახალ წელს, მით მეტად დააფრთხობთ ნეგატიურ ენერგიას.