როგორ გახდა თბილისელი ქალი პიკასოს მუზა და ვინ შესწირა რუსთაველის თეატრის მშენებლობას მილიონ-ნახევარი
ლუდმილა პიტოევა თბილისელი ქალია, რომლის პორტრეტიც პიკასომ შექმნა. როგორც ახასიათებენ, ის გამორჩეული, შთამბეჭდავი გარეგნობის გოგონა იყო, მეტყველი თვალებითა და განსაკუთრებული შინაგანი მდგომარეობით და, ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ დიდი მხატვარი მისით დაინტერესდა. მაგრამ, მხოლოდ გარეგნობის და პიკასოს მიერ შექმნილი პორტრეტის გამო არ დაუმსახურებია მას საზოგადოების ყურადღება.
ქეთევან კინწურაშვლი (ხელოვნებათმცოდნე): ვიცოდი, რომ პიკასოს თბილისელი ქალი ჰყავდა დახატული, მაგრამ, პირადად მე მისი ორიგინალი არასდროს მინახავს. ეს არის რეალისტური პორტრეტი, რომელიც პიკასოს ნეოკლასიცისტური პერიოდის ნამუშევრებს მიეკუთვნება. თუმცა, პორტრეტის ღირებულებაზე მეტად ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ მასზე თბილისელი ქალია გამოსახული, მით უფრო, რომ ამ ქალს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მისი სახელია ლუდმილა, ქალიშვილობის გვარი კი – სმარნავა. ის შეძლებული ოჯახის შვილი ყოფილა, მამამისი სახელმწიფო მოხელე იყო და მაღალი თანამდებობა ეკავა. ოჯახი თბილისში, კონკრეტულად სოლოლაკში ცხოვრობდა. გოგონამ ძალიან კარგი განათლება მიიღო. ლუდმილას მამა ცოლზე 30 წლით უფროსი იყო, დედა კი თავისი ექსცენტრიკულობით გამოირჩეოდა, რის გამოც მამამ პატარა ქალიშვილი წმიდა ნინოს სასწავლებელში მიაბარა; დაახლობით 17-18 წლის ასაკში, როცა გოგონა წამოიზარდა, პარიზში გაგზავნა სასწავლებლად, სადაც დედაც თან გაჰყვა. იქ ლუდმილა მისთვის აბსოლუტურად განსხვავებულ, თეატრალების ბოჰემურ სამყაროში აღმოჩნდა, სადაც მომავალი მეუღლე, ასევე თბილისელი ჟორჟ პიტოევი გაიცნო.
ვიცით, რომ ჟორჟ პიტოევიც ძალიან შეძლებული ოჯახის შვილი იყო და მის ოჯახს თეატრისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა – მამამისმა, ივანე პიტოევმა, ძალიან დიდი თანხა ჩადო რუსთაველის თეატრის მშენებლობაში და, ჯერ კიდევ 1903 წელს, ამ კაცმა პარიზში თეატრალური წრე ჩამოაყალიბა, თუმცა მერე თბილისში დაბრუნდა. ჟორჟმა პირველად მაშინ გამოხატა თეატრისადმი დიდი ინტერესი, როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო. ისინი ბევრს მოგზაურობდნენ, არაერთხელ იყვნენ პეტერბურგში და თეატრალებთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ. როცა თეატრის მოყვარულმა მამამ, რომელიც, თუ არ ვცდები, ვაჭარი იყო, ნახა, რომ ამ დარგის მიმართ მისმა პატარა შვილმაც დიდი ინტერესი გამოავლინა, მას საკუთარ სახლში, სასტუმრო ოთახში, ფაქტობრივად, თეატრი აუშენა მთელი თავისი მოწყობილობით, სადაც ჟორჟ პიტოევი სპექტაკლებს დგამდა. სამწუხაროდ, მოგვიანებით ეს ყველაფერი დაიწვა. ეს ამბები ზუსტად იმ პერიოდს დამეთხვა, როცა თბილისში რუსთაველის თეატრის მშენებლობა იწყებოდა და ივან პიტოევმა მილიონ-ნახევარი ჩადო მის სათანადო დონეზე ასაშენებლად. მართლაც ასე მოხდა - ბრწყინვალე და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი აშენდა.
ივან პიტოევი და მისი მეუღლე გარკვეული პერიოდი პარიზში ცხოვრობდნენ. იმ დროს ჟორჟი ჯერ თბილისში სწავლობდა, შემდგომ კი – მოსკოვში, თუმცა განათლებას სრულიად სხვა – ტექნიკურ სფეროში იღებდა – დაინტერესებული იყო მათემატიკით, სწავლობდა იურიდიულზე, მანამდე კი საგზაო ინსტიტუტიც დაამთავრა, ერთი სიტყვით, საკმაოდ კარგი ტექნიკური განათლება მიიღო, თუმცა თეატრის სიყვარული არასდროს განელებია. პეტერბურგში ყოფნისას მის ნიჭს ერთ-ერთმა დიდმა მსახიობმა მიაქცია ყურადღება და სთხოვა, რომ თეატრისთვისაც დაეთმო ყურადღება. 1913 წელს მისი მშობლები პარიზიდან თბილისში ჩამოვიდნენ, რის შემდეგაც ძალიან მალე ჟორჟის დედა გარდაიცვალა, რაც სრულიად ახალგაზრდა კაცისთვის ძალიან დიდი ტრაგედია აღმოჩნდა. მამამ შვილი ტკივილის შესამსუბუქებლად პარიზში გაგზავნა და უკვე 1913 წლიდან ჟორჟი პარიზში ცხოვრობდა. 1914 წელს ის ლუდმილა სმარნავას შეხვდა. მათ პირველი ნახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი, იმავე წელს დაქორწინდნენ და შვეიცარიაში წავიდნენ, სადაც, ჩასვლიდან ძალიან მალე, თეატრალური მოღვაწეობა დაიწყეს. ჟორჟმა იქ თავისი თეატრი დააარსა და სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ ცოლად არაჩვეულებრივი მსახიობი ჰყავდა ლუდმილას სახით. ეს სფერო თვითონ ლუდმილას ძალიან მოსწონდა. მას მანამდე ჰქონდა მცდელობა პარიზში, კონსერვატორიში დრამის განხრით ესწავლა, მაგრამ იქ ვერ ჩააბარა. სხვა სფეროში კარგი განათლება მიიღო, მაგრამ მისი თეატრალური ნიჭი მოგვიანებით ქმრის თეატრში გამოვლინდა. ისინი ძირითადად რუსი ავტორების პიესებს დგამდნენ. ჩეხოვის, გორკის, ტოლსტოის პოპოულარიზაციას სწორედ მათ შეუწყვეს ხელი, თუმცა, ამავდროულად, დგამდნენ ევროპელ ავტორებსაც, შექსპირსაც და მთავარ როლებს თვითონვე თამაშობდნენ. მათი წყვილი ძალიან ცნობილი გახდა შევიცარიაში. ერთი-ორჯერ პარიზშიც ჩავიდნენ გასტროლებით. 1922 წელს პარიზიდან მოწვევა მოუვიდათ და პიტოევები საფრანგეთში გადავიდნენ, სადაც ჟორჟმა კიდევ ერთი ახალი თეატრი დააარსა, რომელიც ასევე ძალიან ცნობილი და წარმატებული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფრანგულად აქცენტით ლაპარაკობდნენ, მათი სპექტაკლები ყოველთვის ანშლაგით მიდიოდა. იმდენად ცნობილები იყვნენ, რომ, დაკონკრეტების გარეშე, უბრალოდ, ჟორჟი და ლუდმილა რომ ეხსენებინა ვინმეს, ყველა კარგად ხვდებოდა, ვისზე იყო საუბარი. აღიარებულია, რომ ჟორჟ პიტოევმა იმდროინდელ პარიზში უდიდესი წვლილი შეიტანა თეატრის განვითარებაში. თავად ფრანგი მწერალი ჟან კოკტო წერდა, რომ ჟორჟი თეატრალური წმიდანი იყო და ყვება, თუ როგორ იწვოდნენ ისინი თეატრისთვის.
მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ჟორჟსა და ლუდმილას შვიდი შვილი ეყოლათ, აქტიური თეატრალური მოღვაწეობა არასდროს შეუწყვეტიათ. ლუდმილას ხანდახან ფეხმძიმესაც უწევდა მუშაობა, მაგრამ უკან არასდროს დაუხევიათ და თეატრისთვის ბოლომდე იხარჯებოდნენ. სწორედ ასეთი შრომის შედეგად დატოვეს მათ ძალიან ნაყოფიერი მემკვიდრეობა, მიუხედავად იმისა, რომ 1917 წლიდან მატერიალურად ცოტა გაუჭირდათ, რადგან რევოლუცია მოხდა და თბილისიდან მშობლების მხრიდანაც შეუწყდათ დახმარება; არადა, თეატრალური დასის შენახვა ნამდვილად არაა იოლი. უჭირდათ, მაგრამ მაინც მოახერხეს თეატრის შენარჩუნება და ამიტომაც მოიპოვეს ასეთი სახელი. დღესაც კი, როდესაც თეატრალური სამყაროს ას საუკეთესო წყვილს ასახელებენ ხოლმე, მათ შორის ერთ-ერთი ლუდმილასა და ჟორჟის წყვილია.
ლუდმილას პორტრეტი პიკასოს გარდა სხვა მხატვრებსაც აქვთ დახატული. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, მისი შთამბეჭდავი გარეგნობა იყო. როგორც წერენ, ის საშუალო სიმაღლის, შესაძლოა, დაბალიც კი, თხელი ტანის და ძალიან მეტყველი თვალების მქონე ქალბატონი იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ ის ბოლომდე შედიოდა როლში, რომელსაც სცენაზე განასახიერებდა. მაგალითად, როცა ჟანა დარკის როლის შესასრულებლად ემზადებოდა, მიდიოდა იმ ადგილებში, სადაც ჟანა დაწვეს და ასე ცდილობდა, ბოლომდე გაეთავისებინა ეს გმირი. ასეთი დამოკიდებულების გამო, მისთვის თითოეული როლი გარკვეულ სტრესთან იყო დაკავშირებული და თამაშის დასრულების შემდეგ სცენიდან ხელითაც კი გაუტანიათ ხოლმე და ამ ყველაფერს გარკვეული პერიოდით მისი ფსიქიკის შერყევა მოჰყვა.
ჟორჟი ცოლზე 15 წლით უფროსი იყო. ამდენმა დაძაბულმა მუშაობამ მასზეც იქონია გავლენა და პიტოევი საკმაოდ ახალგაზრდა – 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ლუდმილამ დაახლოებით 14 წელი იცოცხლა. მისი ერთ-ერთი შვილი, ბარბარა, ამერიკაში ცხოვრობდა და, როცა დედას ფსიქიკური პრობლემები შეექმნა, თავისთან წაიყვანა. ლუდმილა შეეცადა, ამერიკაში თავიდან აეწყო კარიერა, რაც ადვილი არ აღმოჩნდა და ამის შემდეგ ის ძირითადად საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებითა და სწავლებით იყო დაკავებული.
რაც შეეხება პიკასოს მიერ დახატულ ლუდმილას პორტრეტს, ეს ის პერიოდია, როცა პიკასო კლასიცისტურად ხატავს. იმ დროს მხატვარი კოკტოსთან თანამშრომლობდა – თეატრში სცენოგრაფად მუშაობდა. თეატრთან კავშირის გამო, გასაკვირი არაა, რომ ამ წრეში ლუდმილას შეხვდა და მისი პორტრეტი ჩაიხატა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქალი შინაგანი მდგომარეობითაც და გარეგნობითაც გამოირჩეოდა, ალბათ, მხატვრის ყურადღება მიიქცია და ამიტომაც დახატა ის პიკასომ.