რატომ ერიდებოდა ირმა სოხაძე 40 წლამდე მუხლების გამოჩენას და რას მიიჩნევს მომღერალი თავის უდიდეს შეცდომად
ცოტა ხნის წინ მომღერალმა ირმა სოხაძემ 60 წლის იუბილე აღნიშნა. სიმღერა რომ დაიწყო, გაგიკვირდებათ, მაგრამ, მხოლოდ ათი თვის იყო, 2 წლის ასაკში უკვე ყველას ყურადღების მიქცევა მოახერხა, 3 წლისა კი ეკრანზე გამოჩნდა და ერთ წელიწადში „გეპეის“ ორკესტრის ბიგ-ბენდის სოლისტიც გახდა. პოპულარობა, ხალხის სიყვარული და თაყვანისმცემლები არასდროს აკლდა, თუმცა, მისი გულის მოგება 16 წლის ასაკში მხოლოდ რეზო ასათიანმა შეძლო და დღეს მათი თანაცხოვრება უკვე 40 ულამაზეს წელს, ორ ქალიშვილსა და სამ შვილიშვილს ითვლის.
ირმა სოხაძე: როგორც ჩემი მშობლები ამბობენ, ძალიან წყნარი და წესიერი ბავშვი ვიყავი. ათი თვიდან, თურმე, ჩემს თავს „იავნანას“ ვუმღეროდი და შემეძლო, ამ სიმღერის ფონზე დამეძინა. ხურობდნენ, რა კარგი გოგოა, თავის თავს თვითონვე აძინებსო (იცინის). 2 წლის ასაკში კიკეთში ვყოფილვრთ და იქ მიმღერია ძალიან ცნობილი იტალიური სიმღერა, რომლის ჩანაწერსაც ბიძაჩემი ძალიან ხშირად უკრავდა სახლში. მამაჩემი გამოსულა ხმის გაგონებაზე – ძალიან მოსწონებია და, გავიგებ, ვინ მღერისო. გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მე ვიყავი. 3 წლისა უკვე ეკრანზე გამოვჩნდი და პირდაპირ ეთერში ვიმღერე. ცოტა ხანში „გეპეის“ ორკესტრის ბიგ-ბენდის ხელმძღვანელმა, სოსო ტუღუშმა მომძებნა და 4 წლისა მათი სოლისტი გავხდი. ეს საოცარი ბედნიერება და წარმატება იყო.
– ოჯახი პატარა ასაკში შექმენით, თუმცა ბავშვობიდან პოპულარული იყავით და თაყვანისმცემელი მანამდეც ბევრი გეყოლებოდათ...
– ძალიან ბევრ კარგ ბიჭს მოვწონდი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ვიყავი კარგი გოგო, იმ გაგებით, რომ სულ ფრიადებზე ვსწავლობდი და სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. მეგონა, ოთხიანი რომ მიმეღო, ქვეყანა დაიქცეოდა (იცინის). გარდა ამისა, ვიყავი პოპულარული, თუმცა ბევრს ეს აფრთხობდა – ყველას არ უნდა სახლში გამოჩენილი ცოლი, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა: ზოგი მოცეკვავე იყო, ზოგი – პროფესორის შვილი, თუმცა მე არავინ მომწონდა. მაშინ ფირფიტები იყო მოდური და მათი ნაჩუქარი სხვადასხვა მომღერლის ფირფიტებით სავსე მქონდა სახლი. ამის მიუხედავად, ჩემი გული ვერავინ მოიგო. 16 წლის ვიყავი, როცა მე და მამაჩემი გერმანიაში წავედით „გეპეის“ შემადგენლობასთან ერთად. კვარტეტი „თბილისიც“ ჩვენთან ერთად მოდიოდა და იქ გავიცანი მათი ხელმძღვანელი – რეზო ასათიანი. ძალიან მომეწონა, რადგან, გარეგნულადაც კარგი ბიჭი იყო, გადასარევად მღეროდა და, რაც მთავარია, უნიკალური იუმორის გრძნობა ჰქონდა. მოკლედ, ეს პატარა გოგო მომხიბლა, თვითონ 21 წლის იყო. გერმანიიდან ყურებამდე შეყვარებული ჩამოვედი და, მინდა გითხრათ, რომ არც რეზო იყო გულგრილი (იცინის). ასე დაიწყო ჩვენი ლამაზი რომანი და სამ წელიწადში ვიქორწინეთ. მერე წავედით კიევში, ბულგარეთში, ლენინგრადში და თვენახევრიანი საქორწინო მოგზაურობა გამოგვივიდა. მას შემდეგ უკვე ორმოცი წელიწადია, ერთად მოვდივართ.
– მეუღლე თქვენი თაყვანისმცემლების გამო არ ეჭვიანობდა?
– ეჭვიანობდა, ამას არ დაგიმალავთ. უკვე ორმოცი წელია, ცოლ-ქმარი ვართ და სულ ვხუმრობ: პირველი ოცი წელი ოტელო იყო ჩემი ქმარი, მეორე ოცი წელი კი კაი ბიჭი გამოდგა-მეთქი. შეეძლო, უცებ, სუფრაზე ზედმეტი ყურადღების ან ზედმეტი სადღეგრძელოს გამო, აღრენილიყო, რაც ნამდვილად არ მაკლდებოდა, თორემ, საბაბი ნამდვილად არასდროს მიმიცია. ეს რომ მომხდარიყო, ალბათ ერთად ვერც ვიქნებოდით. პირველი ოცი წელი სულ ვცდილობდი, რომ კაბაც კი მუხლს ქვემოთ მცმოდა. სხვათა შორის, სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ კაბაში მუხლი ბოლო ოცი წელია, რაც გამომიჩნდა და, ვხუმრობ, ახლა დავიმსახურე-მეთქი. ორმოც წლამდე, დედას გეფიცები, წვივამდე სიგრძის კაბები მეცვა და მერე ცოტა მოკლე რომ ჩავიცვი, ბევრმა მითხრა: უი, რა კარგი ფეხები გქონიაო (იცინის). მანამდე არც სცენაზე მიჩანდა მუხლები და არც ცხოვრებაში. რეზო კარიერაში არ მიწყობდა ხელს, მაგრამ, რაღაც დოზამდე არც მიშლიდა და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა. თვითონ ვიცოდი, რა დოზით შეიძლებოდა, ოჯახის გარეთ ვყოფილიყავი; ვიცოდი, რომ გასტროლებზე წასვლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. სანამ კვარტეტში ვმღეროდით, ერთად დავდიოდით და მთელი მსოფლიო მოვიარეთ, მერე 80-იანი წლების დასაწყისში, რეზომ მითხრა: დამანებე თავი, თმის გაცვენამდე გიტარით ხელში ვერ ვიდგები (იცინის), ჩემს საქმეს უნდა მივხედოო. მშენებელია და თავის საქმეს მშვენივრად მიხედა, მაგრამ, მთავარია, რომ ჩემთვის სახლში დაჯდომა არ მოუთხოვია, თუმცა, მე თვითონ ვიცოდი, რა დოზით უნდა მეაქტიურა.
– 20 წლის ასაკში გახდით დედა. ასეთი კარიერის ფონზე როგორ ახერხებდით შვილის გაზრდას?
– ძალიან რთულად. სალომე, ფაქტობრივად, დედაჩემმა გაზარდა. მე „მომსვლელი დედასავით” ვიყავი. წლამდე ერთად ვიყავით, თუმცა ამის შემდეგ დედაჩემი ზრდიდა. მე ვსწავლობდი, კონცერტები მქონდა და თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რაც ახლა ჩემს უდიდეს დანაშაულად მიმაჩნია. თავი უნდა მომეკლა და პირველი შვილი თვითონ უნდა გამეზარდა, ისევე, როგორც მეორე – ნატა. პირველი რომ გავაჩინე ძალიან პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეზარდა ბავშვი. სალომე რომ გაიზარდა და ორი მაგისტრატურა დაამთავრა ინგლისსა და ბუდაპეშტში, იმდენი რამე მასწავლა, რომ სულ ვეუბნები: დედიკო, შენ უფრო მეტი ამაგი გაქვს ჩემზე, ვიდრე მე შენზე-მეთქი (იცინის). ის პრაღაში რადიო „თავისუფლების” წამყვანი ჟურნალისტია და, სხვათა შორის, ახლა „პირველ არხზე” დაიწყო მათი ერთობლივი პროექტი – „ინტერვიუ“, რომელიც ხუთშაბათს, საღამოს 9-ის ნახევარზე გადის. ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, ალბანელი ადრიან ბრისკუ და გენიოსი შვილი – მაქსიმილიანი, რომელიც 7 წლისაა. მეორე ქალიშვილი რომ გავაჩინე, 29 წლის ვხდებოდი. ამ დროს უკვე მყარად ვიდექი ფეხზე და ზუსტად ვიცოდი, რომ მას არავისთან არ მივიყვანდი და თვითონ გავზრდიდი. ასეც მოვიქეცი. ნატას უკვე ორი ვაჟი ჰყავს – 4 წლის რეზიკო და 6 თვის სანდრო, რომლებზეც მთელი ოჯახი ვგიჟდებით. თვითონ განათლების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსია. ჰყავს შესანიშნავი მეუღლე, ჩემი მეორე საყვარელი სიძე – ბექა ნაცვლიშვილი, რომელიც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია კრწანისის რაიონში.
– ხელოვანი ადამიანების ბედს ხშირად პოლიტიკა განსაზღვრავს. ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული „დაბლოკილი მომღერილი“ გვყავს. ეს თქვენც შეგეხოთ?
– მეც შემეხო, სხვათა შორის, დღემდე მეხება და, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს ინერციით მომყვება. საერთოდ, სააკაშვილი არ იყო ჩემთვის უცხო. მისი ოჯახი თავიდან ძალიან ახლობელი იყო ჩვენთვის და, მიშა რომ ხელისუფლებაში მოვიდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ, მერე, რაღაცეები რომ არ მოგვეწონა, გავაკრიტიკეთ და, ალბათ, ამიტომ შემოგვწყრნენ. ნაციონალებისთვის კრიტიკა დღემდე წარმოუდგენელია და, დასაწყისში ხომ – მით უმეტეს. ყოველ შემთხვევაში, როცა მიშა დეპუტატობისთვის იბრძოდა, ბაგებში და წყნეთში კონცერტებს მე ვუმართავდი, მერე კი უცებ „შავ სიაში“ აღმოვჩნდი. ეს ათი წელი გაგრძელდა, რაც ძალიან მძიმე ასატანი იყო ჩემთვის. ბევრი ჩემი კოლეგა ამის გამო ცუდად გახდა, თუმცა მე ყველაფერს ცოტა ფილოსოფიურად მივუდექი: მეც არ მომწონდა მათი ბევრი რამ და მე თვითონაც არ ვიმღერებდი მათ კონცერტებზე, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პროპაგანდისტულ ღონისძიებებზე. მაგრამ, ათი წლით ამოგდება, თან, ჩემს ასაკში როგორია?! როცა 50-60 წლის ხარ, იმის ლიმიტი აღარ გაქვს, რომ უცადო, კიდევ როდის მოვა ახალი მთავრობა, რომლისთვისაც მისაღები იქნები. სამწუხაროდ, ძალიან დამოკიდებული პროფესია გვაქვს. თუმცა, მერიის ძალიან მადლობელი ვარ ახლაც და წინა ხელისუფლების დროსაც. მამუკა ქაცარავა იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვისი იდეოლოგიური ოპონენტი თუ აპოლოგეტი იყავი. თუ მას კარგ პროექტს მიუტანდი, უსიტყვოდ გაფინანსებდა და დღესაც ასეა. ახლახან გავაკეთეთ სულხან ცინცაძის არაჩვეულებრივი საღამო. ახლა ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ძველი დამოკიდებულება ინერციით მაინც მოჰყვება – დღეს სხვა ფავორიტი მომღერლები არიან. ცოტა მომბეზრდა კიდეც იმის მტკიცება, რომ სხვაზე კარგად შემიძლია რაღაცეების კეთება, თუმცა ყველაფერი მაინც ძველებურად მიდის. მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან არ წავედი და დიდი კარიერისთვის არც ამერიკაში გადავიხვეწე და არც რუსეთში, რისი დიდი შანსიც მქონდა და ამჟამადაც მაქვს. რუსეთში ახლაც ყველას ახსოვს „ნარინჯისფერი გოგონა“, მე კი ვეუბნები, რომ, გოგონა კი არა, უკვე ბებია ვარ (იცინის). თუმცა, ამაზე საუბარი ახლა უკვე ზედმეტია. მე ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ – ჩემს ქვეყანაში, ჩემს ხალხთან!