კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტრაგედია მოხდა წლების წინ თეონა ყოლბაიას ოჯახში და როგორ გახდა ის ციხეში კეთილმოწესე

ცოტა ხნის წინ „ვოისის“ სცენაზე, პირდაპირ ეთერში, ციხიდან გაათავისუფლეს მსჯავრდებული თეონა ყოლბაია, რომელიც ყაჩაღობაში იყო ბრალდებული. თეონას სასჯელის მოხდამდე ოთხი თვე ჰქონდა დარჩენილი. დღეს თეონა თავისუფალია, თუმცა ჯერჯერობით უჭირს ამ ყველაფერთან შეგუება. მე იმედს ვიტოვებ, რომ, შანსი, რომელიც თეონას ღმერთმა, შემდეგ კი უკვე ცხოვრებამ, პროექტმა და სახელმწიფომ მისცა, აუცილებლად გამოიყენებს და თავის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, რადგან, როგორც თავად ამბობს, ძველი თეონა აღარ არსებობდა და ღმერთის წყალობით, ის უკვე სხვა ადამიანი გახდა.

 თეონა ყოლბაია: რაღაცნაირად ვარ, უცნაურად, ჯერ ვერ მოვსულვარ აზრზე.
თამუნა ყოლბაია (თეონას და): ვცდილობ, მობილიზებული ვიყო, მხნედ, რადგან თეონა ჯერ კიდევ შოკშია, ადაპტაციის, შეგუების პერიოდი აქვს – ოთხი  წელი ოთხ კედელში იყო, ახლა კი ამხელა სივრცესთან მოუწია შეჯახება.
თეონა: ხალხი დამხვდა სხვანაირი, გაციებული – ეს ერთ-ერთი ტკივილია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ციხეა, ოთხი კედელი, იქ ხალისიც არის და მეტი იმედიც სუფევს. თუმცა, ეს სიცივე ჩემთან დამოკიდებულებაში არ მიგრძნია, პირიქით, პოზიტივი მოდის და ეს ძალიან მიხარია. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, შიში მქონდა – არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდა საზოგადოება. ამ პროექტის შემდეგ უფრო გამიადვილდა საზოგადოებასთან ურთიერთობა, „ვოისში“ პირველივე გამოსვლის შემდეგ ვიგრძენი ხალხისგან სითბო და შიშები საერთოდ გაქრა.
– როგორი ბავშვი იყო თეონა, როგორ გარემოში მოუწია მას გაზრდა და ჩამოყალიბება?
თამუნა: ნერვიული დაიბადა, რადგან, სანამ თეონა გაჩნდებოდა, მანამდე დედას პირველი შვილი გარდაეცვალა – ჩვენი ძმა, რომელიც 11 წლის იყო. ეპილეფსია ჰქონდა და ვერ განკურნეს. შესაბმისად, დედა ტრავმირებული იყო, სტრესი ჰქონდა და, ამიტომ, თეონა თავიდანვე ცოტა ნერვიული ბავშვი იყო, ჯიუტი, მოუსვენარი. აფხაზეთიდან რომ წამოვედით, თეონა პატარა იყო და მას შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში სულ იყო პრობლემები – დავდიოდით, დავდიოდით, ვიცვლიდით საცხოვრებელ ადგილს, გარემოს... თეონას  არასდროს ჰქონია სახლის, სითბოს, კონკრეტული ერთი ადგილის შეგრძნება, სულ უწევდა სკოლისა და საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა ბევრი რამ განაპირობა. არ იყო ჩამოყალიბებული პიროვნება, თუმცა, როგორც ახლა ამბობს, ამ ოთხ წელიწადში უკვე ჩამოყალიბდა.
თეონა: გარემოს შეცვლა ძალიან რთული იყო. დაუმეგობრდები ადამიანებს, მერე კი ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ბინის პრობლემა დღემდე გრძელდება – ახლაც არ გვაქვს. განცხადება შევიტანეთ და, ვნახოთ.
თამუნა: ჩვენი უფროსი და გათხოვილია და მასთან ვართ შეკედლებულები. მამა აფხაზეთშია, დედა – რუსეთში. გალიდან ვართ და მამა ახლა იქ არის. დიდხანს ვიყავით ერთად, მაგრამ ახლა ასე მოგვიწია ცხოვრება.
– რატომ გადადგი ოთხი წლის წინ ის ნაბიჯი, რის გამოც სასჯელს იხდიდი?
თეონა: დეტალებს ვერ მოვყვები. მაშინ ყველაფერი გამართლებულად მიმაჩნდა, თუმცა ახლა, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ არ აქვს გამართლება. იმ დროს ბარში ვმუშაობდი მიმტანად. რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ჩემს შეყვარებულს შვილი ჰყავს, რომელიც იმ დროს პატარა იყო. მას ფინანსური პრობლემები შეექმნა, ბავშვისთვის ფული სჭირდებოდა და, გადავწყვიტე, დავმხმარებოდი. მაშინ არ მიფიქრია, რა შედეგი მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, გავრისკე და გავყევი. ამ გადმოსახედიდან მაშინდელ თეონას ვერ ვცნობ, ვერ ვხსნი იმ საქციელს. ისიც არეულ-დარეული იყო, ფინანსური პრობლემების გამო ტვინი აერია, მეც ამერია, მოკლედ, ავრიეთ-დავრიეთ ერთმანეთი. ორივე ვიყავით დამნაშავე. მე რომ კარგი მეგობარი ვყოფილიყავი, შემეძლო, დავხმარებოდი იმ კუთხით, რომ გადამეფიქრებინებინა. ციხეში ჩვენი მოხვედრა კარგი და აუცილებელი იყო ბევრ რამეზე დასაფიქრებლად.
თამუნა: იმ დროს ერთმანეთისგან განსხვავებული უამრავი ემოცია გეუფლება: გავბრაზდი – რატომ გააკეთა-მეთქი, თან შემეცოდა,  ყველა განცდა ერთად მოდის. მშობლებისთვის ხომ, განსაკუთრებულად რთული იყო – ალბათ, ეს სიკვდილის ტოლფასია.
თეონა: ციხეში პირველი წელი განსაკუთრებულად რთულია, გაუგებრობაში ხარ: ოთხი კედელი, არავის იცნობ, მძაფრი ემოციებია, თავი უნდა დაიმკვიდრო – სხვა გზა არ გაქვს; შინაგანად ძლიერდები, არავინ არ უნდა შეგეხოს. ოთხი კედელი გაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრი იფიქრო. როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები, კარგიც არის და ცუდიც, რადგან მტკივნეული მომენტია. მაგრამ, იწყებ ბევრი რამის გადაფასებას და უამრავ კითხვაზე იღებ პასუხებს. ერთი წლის წინ კი, ძალიან კარგმა ადამიანმა, ფატი კიპაროიძემ, რომელიც უკვე თავისუფალია, მიმიყვანა მამაოსთან და ამის შემდეგ ნელ-ნელა ცოტათი დავიწყე სწორ გზაზე სიარული. ღმერთთან ტაძართან, მოძღვართან ურთიერთობამ და ლოცვამ საერთოდ შემცვალა. მერე ყველაფერი მარტივდება, შინაგანად მშვიდდები და ციხეშიც ვგრძნობდი, რომ თავისუფალი ვიყავი. გალობაც დავიწყე, კეთილმოწესე ვიყავი სამლოცველოში, პარაკლისებს ვკითხულობდი, ვქარგავდი – ეს ნიჭიც იქ აღმოვაჩინე.
–  ციხეში მოხვედრამდე არ დადიოდი ეკლესიაში?
–  არა, არც დავდიოდი და საერთოდ არ მქონია კავშირი.
– როგორ და ვისგან წამოვიდა „ვოისში“ მონაწილეობის იდეა?
– სწორედ ეკლესიაში გალობიდან წამოვიდა ეს იდეა – ციხის დირექტორმა, ქალბატონმა ნესტან ვერულაშვილმა შემომთავაზა „ვოისში“ მონაწილეობა. ძალიან გამიკვირდა, არც მინდოდა და, თან, ძალიან რთული იყო. დავიწყე ფიქრი: როგორ მიიღებდნენ ამას ოჯახის წევრები, რას იფიქრებენ, ესიამოვნებათ თუ არა. არ არის საამაყო, გამოხვიდე და თქვა, რომ პატიმარი ხარ; თან, ამას იმის შიშიც დაემატა, როგორ მიმიღებდა საზოგადოება.
თამუნა: გვკითხა აზრი. მამამ უთხრა: მე არასდროს შემრცხვენია შენს გამო და არც ახლა შემრცხვებაო. რომ ვუყურებდით თეონას, აბსოლუტურად სხვა ადამიანი იყო. რა თქმა უნდა, ყოველთვის მესმოდა მისი, ვიცი მისი ცხოვრება, მაგრამ ჩემთვისაც რთული იყო ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყველაფერზე პროტესტს გამოთქვამდა, რადგან ვერსად პოულობდა საკუთარ ადგილს. ოჯახმა ვერ შეუწყო ხელი, ვერ შეუქმნა მას საჭირო გარემო, ოჯახს კი სახელმწიფო ვერ დაეხმარა და, შესაბამისად, ამ შედეგამდე მივედით. მამა სამხედროა, ინტელიგენტი, სწორად მოაზროვნე ადამიანია, ამიტომ ყველაფერს სწორად აფასებდა, რეალურად აღიქვამდა იმას, რაც მოხდა...
– თეონა, როგორც ვიცი, შეყვარებულთან ურთიერთობას დღემდე აგრძელებ.
თეონა: გადაბრალების მომენტი არ გვქონია, მაგრამ, ორივე გულნატკენი ვიყავით ერთმანეთის საქციელზე, შემდეგ კი წერილობით მოხდა ჩვენი შერიგება და ერთმანეთს ვაპატიეთ. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება; ისიც ციხეშია, მაგრამ სენაკში ცხოვრობს, სიგარეტს თავი დაანება, ღვთის გზაზეა. ეს ყველაფერი გვიან გავიგე, როდესაც კეთილმოწესეობა დავიწყე და ჩვენ შორის ურთიერთობა აღდგა. ჩვენ ვაპირებთ ქრისტიანულად ცხოვრებას, ოღონდ – ერში.
– როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ „ვოისში“ მონაწილეობდი?
– ყველას ვკითხე, ვინც გულში მყავდა და, რა თქმა უნდა, მასაც ვკითხე – ხომ არ ექნებოდა პრობლემა. მისი პასუხი იყო: არ მაქვს პრობლემა, გამოდი, დავანახვოთ ხალხს, რომ მართლა არ ვართ კრიმინალებიო. როგორც ვიცი, უყურებდა ჩემს გამოსვლებს, მოსწონდა, ყველანაირად გვერდში მედგა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჩემ გვერდით არ არის, მაინც ჩემთან იყო. ძალიან გაუხარდა ჩემი გათავისუფლების ამბავი, მას 3 წლამდე აქვს დარჩენილი.
– რამეს გეგმავთ სამომავლოდ?
– არ შემიწყვეტია მასთან ურთიერთობა, თუმცა, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. სიყვარული, რაც მე მის მიმართ მქონდა, ახლა უფრო სხვანაირია, შეცვლილი – უფრო სუფთაა და ეს ასე უნდა დარჩეს. ყველაფერი უფლის ნებაა, ვნახოთ, რა იქნება.
– მუსიკალური განათლება გაქვს?
– ბავშვობიდან ვმღერი. ფანდურზე ვუკრავდი და ხალხურ გუნდშიც ვმღეროდი. მუსიკალური კოლეჯი მაქვს დამთავრებული, კონსერვატორიის ათწლედი – ვოკალის განხრით. მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ დიდი გადასახადი იყო და ფინანსური პრობლემების გამო ვერ შევძელი, იქ დამთავრდა. რაც შეეხება „ვოისს“, მამას სიტყვების მერე გადავწყვიტე მონაწილეობა. ქასთინგი დაწესებულებაში ჩატარდა, 6 პატიმრიდან მე ამარჩიეს. პირველი გამოსვლა ყველაზე რთული იყო, ძალიან ემოციური. გამიმართლა, ანრისთან რომ მოვხვდი, მისი წვლილი ძალიან დიდია, ჩემზე ბევრი იმუშავა. მადლობა მას ყველაფრისთვის. სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, სასიამოვნოც იყო და უცნაურიც – სწყდები შენს რეალობას.
– როდესაც კახი კახიაშვილი კონვერტით დაინახე, არ გიფიქრია იმაზე, რომ, შეიძლება, გაეთავისუფლებინე ან მანამდე თუ ლაპარაკობდნენ ამ საკითხზე?
– რომ დავინახე კონვერტით, ვიფიქრე, რაღაც ხდება-მეთქი, გულმა ფანცქალი დამიწყო. რაღაც მომენტში გავიფიქრე, მაგრამ, მაინც არ ველოდი. დაწესებულების თანამშრომლებს რომ უთხრეს – შეგიძლიათ, სცენა დატოვოთო, – ცუდად გავხდი, ფეხები მეკვეთებოდა და საკუთარ თავს ვეუბნებოდი, გაჩერდი-მეთქი.
– რის კეთებას გეგმავ სამომავლოდ, როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება უკვე გისოსებს მიღმა?
– ვეცდები, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო – სცენაზე სიმღერა გავაგრძელო.
თამუნა: ჯერჯერობით არ ვაფიქრებინებთ იმაზე, რა და როგორ იქნება. მისთვისაც მოულოდენლი იყო გამოსვლა და, ამიტომ, ჯერ ვაცდით, აზრზე მოვიდეს, შემდეგ კი დავსხდებით და მოვიფიქრებთ რამეს.
– ახლა, ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობ, ეს გზა აუცილებლად უნდა გაგევლო?
თეონა: უნდა გამევლო. ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ. ის, ძველი თეონა საერთოდ არ მომწონს, ახალი შედარებით უკეთესია. თუმცა, ბევრი რამ მაქვს გამოსასწორებელი, მთელი ცხოვრება უნდა ებრძოლო საკუთარ თავს და ბოლოს, ალბათ, რაღაც გამოვა.

скачать dle 11.3