რას ეძახიან მამაკაცები „ცოდვების ანატომიას” და რით ტყუვდებიან ცოლები
კაცების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათ აქვთ სქესის უპირატესობა, რაც მცდარი და მოძველებული სტერეოტიპია. რა თქმა უნდა, ქალიც და მამაკაციც სრულუფლებიანები არიან საკუთარ არჩევანში – როგორც საქმეში, ისე პირად ურთიერთობებში. თუმცა, მამაკაცები ცდილობენ, არ დათმონ პოზიციები და ყველა საშუალებით გაამართლონ ღალატი, რაც ზოგჯერ კურიოზამდე მიდის, მით უფრო, თუ ქალბატონი, რომელიც მათ გვერდით ჰყავთ პრინციპული და ძლიერი ნებისყოფის აღმოჩნდება.
ნია (34 წლის): ყოველთვის ძალიან პრინციპული და ჯიუტი ვიყავი და ბევრჯერ პრობლემებიც შემქმნია ამის გამო, მაგრამ, ახლა რომ ვუყურებ, ამ გადასახედიდან, დამთმობი და მორჩილი ქალი ბევრად მეტს აგებს კაცთან ურთიერთობაში.
– კაცებს არ უყვართ ზედმეტად თამამი და ჯიუტი ქალები – ამასაც ხომ ამბობენ?
– დიახ, ამბობენ. მაგრამ, რეალურად, ზუსტად პრინციპულ, თამამ და დამოუკიდებელ ქალებზე ირევიან კაცები და ასეთები უნდათ ურთიერთობისთვის. თუმცა, ცოლებად ამ ტიპის ქალები ნაკლებად მოსწონთ.
– ასე ვერ ვიტყოდი... ჭკვიან კაცს ცოლადაც ჭკვიანი უნდა...
– ოღონდ, თავისზე ჭკვიანი არა, თორემ, ვერ მოატყუებს – რადგან კაცი ვარ, ყველაფერი მეპატიებაო. გამაოგნებელი ამბავია – რა უპირატესობა აქვთ და რა პრეტენზია, მერე რა, რომ განსხვავებული სქესის არიან. მე ჩემი როლი მაქვს ამ ცხოვრებაში და, ჩემს ქმარს – თავისი. იმას თავისი მოეკითხება, მე – ჩემი და ვერ ვაპატიებ უპატიებელს მხოლოდ იმიტომ, რომ კაცია. მაგიჟებს ჩემი ქმრის ლოგიკა, რომ, რადგან კაცია, ცხოვრებისგან ყველა სიამოვნება უნდა მიიღოს და ამ სიამოვნების ფარგლებში ღალატიც მისაღები და დასაშვებია.
– მეუღლემ გიღალატათ და თავის გამართლებას ცდილობს?
– ჯერ ზუსტად არ ვიცი, მიღალატა თუ არა, მაგრამ, ეჭვი მაქვს. სხვათა შორის, ეჭვი სულ მაქვს, თუმცა, ავადმყოფურად ეჭვიანი არ ვარ, ნორმალური ქალი ვარ, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის. იმასაც გულახდილად ვიტყვი, რომ არ მაქვს „კანფეტი“ ხასიათი. მაგრამ მე ყოველთვის ასეთი ვიყავი, ასეთი შემიყვარა ჩემმა ქმარმა და, რატომ უნდა შევცვლილიყავი?! მით უმეტეს, რომ ცხოვრებაში ადვილად არაფერი მიმიღია. ფეხზე ჩემით დავდექი და მოვძლიერდი. როცა ჩემს მომავალ ქმარს შევხვდი, უკვე ყველაფერი მქონდა. ჩემი ქმარი, როგორც ყველა კაცი, სერიოზული ურთიერთობის მომხრე არ იყო, ერთი წელი გარშემო ფრთხილად მივლიდა – ეშინოდა...
– რისი ეშინოდა?
– რა გითხრათ? რისი ეშინიათ ხოლმე ზედმეტად თავისუფლებისმოყვარე კაცებს? იმის, რომ მათი სიამოვნების მიღების არეალი შეიზღუდება. ჩვენ, ცოლები, მათი შეზღუდვის მექანიზმი ვართ და სწორედ ამიტომ გვიკრძალავენ „ზედმეტი“ შეკითხვების დასმას.
– თქვენი ქმარი გიკრძალავთ „ზედმეტი“ შეკითხვების დასმას?
– რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ღიზიანდება და მწარდება, როცა ვეკითხები, რატომ დააგვიანე, სად იყავი, ვინ დაგირეკა? მითხარით, რა არის ამ შეკითხვებში განსაკუთრებული? როცა უნდა, მეც მეკითხება იმავეს და არ ვგიჟდები. მეტსაც გეტყვით, ჩემს ქმარს „ცოდვების ანატომია“ აქვს შემუშავებული და, როცა ამ ყველაფერზე იწყებს ლაპარაკს, პირს დააღებთ და გაოცდებით. წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, როგორ შეიძლება, რომ თანამედროვე, განათლებული მამაკაცი ასეთ სისულელეებს ბოდავდეს.
– რა არის „ცოდვების ანატომია“?
– ეს ჩემმა ქმარმა დაარქვა ასე. სახელია ორიგინალური, თორემ, დარწმუნებული ვარ, ბევრი კაცი ფიქრობს სწორედ ასე. რატომ ჰგონიათ კაცებს, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ?! „ანატომიაც“ ამაში მდგომარეობს. უფრო კონკრეტულად გეტყვით: ჩემი ქმარი ახმოვანებდა ხოლმე (და ახლაც აქვს სურვილი, რომ თავის ჭკუაზე გამატაროს) იმ აზრს, რომ ქალები ხშირად ვამეტებთ ჩვენს უფლებებს. მისი თქმით, კაცის ღალატი ღალატი არ არის, რადგან, თურმე, ქალის ღალატი სხვანაირია, კაცისა კი – სხვანაირი და მისი „ანატომიაც“ ამაში მდგომარეობს – ისეთი არგუმენტირებული თეორია აქვს შემუშავებული, „ქვას ხეთქავს“. როგორც კი ვეტყვი, ღალატის პატიება არ შემიძლია და არც მინდა-მეთქი, ეგრევე იწყება დემაგოგია, თანაც ისეთი ძლიერი, რომ ძლივს ვუმკლავდები. მაგალითად, ჩემი ქმარი მიკრძალავს ისეთ ლაპარაკს, რომლითაც მის მოღალატურ ბუნებას გამოვავლენ – ქარიშხალს ეძებ ჭიქაშიო. რას ცდილობს ამით? სრული უფლება მაქვს, ვიფიქრო, რომ „გაძრომა“ უნდა, ან, უკვე „გაძვრა“ და ალიბის შექმნას ცდილობს. დარწმუნებული ვარ, კაცების უმრავლესობა ზუსტად ჩემი ქმრისნაირია და უარს არ იტყოდა, რომ მათმა ცოლებმაც ირწმუნონ „ღალატის ანატომია“. ამ „თეორიის“ მთავარი პრინციპია: კაცს არ უნდა ღალატი და არც ის, რომ ცოლს გული ატკინოს; უბრალოდ, ისეა მოწყობილი და აგებული, რომ ღალატს, ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ ასცდება. მთავარია, ცოლი არ მიატოვოს, თორემ, ღალატი დიდი არაფერია. რა ველაპარაკო ამის მერე? ნერვიულობასაც კი მიკრძალავს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ცოლი იტყუებს თავს ამ მავნე სტერეოტიპული თეორიით – რა მოხდა, ქმარი ერთხელ თუ „გაიგულავებსო“. მე არ მესმის ასეთი ქალების – ჯერ წაახალისებენ ქმრების ღალატს და მერე წუწუნებენ. მე არც ამნაირი სულელური თეორიების მესმის და მჯერა. ანალოგიური თეორიის შემუშავება მეც შემიძლია და, არ იქნება პრობლემა, ეს თეორია ქმარს შევაჩეჩო – ღალატზე თუ იფიქრებ და მოინდომებ, გააკეთებ, რა პრობლემაა?!
– ანუ, თუ ქმარმა გიღალატათ და ამაში დარწმუნდით, თქვენც უღალატებთ?
– მე არ მინდა სხვა მამაკაცი და არავის ჯიბრზე არ გავაკეთებ ამას, მაგრამ, არც თავს მოვიტყუებ და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ. ახლა ჩასაფრებული ვარ და, თუ გამოვიჭირე, არანაირი თეორიები აღარ უშველის.