რატომ შეშურდა ათ ბიჭს ვიკა კალანდიასი და ვისთან ერთად ატარებს ის ვალენტინობას ბოლო ათი წელი
მსახიობი ვიკა კალანდია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ცოტნეს ყოფილი მეუღლის როლს ასრულებს. ბევრს ეგონა, რომ მისი პერსონაჟი სერიალში აღარ გამოჩნდებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და თიკა კვლავ აქტუალური გახდა. რეალურ ცხოვრებაში ვიკა ძალიან უშუალო და მხიარულია. მას შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.
ვიკა კალანდია: მეგონა, სერიალში ჩემი პერსონაჟი აღარ იქნებოდა და ძალიან გამიხარდა, ასე რომ არ აღმოჩნდა. სხვათა შორის, ჩემი გულის გამხარებელი ბახვა ბრეგვაძეა (იცინის), რადგან სანამ მე მომივიდოდა სცენარი, მან მითხრა, რომ კვლავ გამოვჩნდებოდი. ჯერჯერობით, თიკა ისევ აქტუალურია და ვნახოთ, საბოლოოდ ცოტნე ვისზე გააკეთებს არჩევანს. გარშემო ბევრ გოგოს ვხედავ, რომლებიც მართლა თიკასნაირები არიან და ამ პერსონაჟში მათი თვისებები გადმოვიტანე. ის თავისებურად სულელია და მიუხედავად ყველაფრისა, თავისი ქმარი და ოჯახი უყვარს. ფსიქოლოგია და, წესით, უპირველესად, თვითონ უნდა იყოს გაწონასწორებული, მაგრამ ხშირად აქვს ნერვული შემოტევები (იცინის). ქმრის შენარჩუნებას უცნაური გზებით, მკითხავის დახმარებით ცდილობს, რაც სხვათა შორის, ბევრისგან გამიგია, თუმცა ამ გზისთვის მე არასდროს მიმიმართავს (იცინის). ოჯახი არ მქონია და არ ვიცი, შეიძლება, მეც აღმოვჩნდე მსგავს სიტუაციაში, თუმცა საკუთარი თავის იმედი მაქვს და ვფიქრობ, თიკასავით არ მოვიქცევი (იცინის).
– სერიალში ნინა წკრიალაშვილი შენი დაქალის როლს ასრულებს, რეალურ ცხოვრებაშიც დამეგობრდით?
– კი, ნინა უსაყვარლესი და ძალიან პოზიტიური ადამიანია. ამიტომ, ვგიჟდები მასზე. ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. არასდროს დამავიწყდება მისი პირველი ქასთინგი. პირველად რომ საერთო სცენა ჩავწერეთ, ძალიან ბევრს ნერვიულობდა და მეცადინეობდა. სხვათა შორის, მისი რეპლიკები მერე ბევრმა გოგომ აიტაცა.
– შენი სამსახიობო კარიერა როგორ დაიწყო?
– ეს სფერო ბავშვობიდან მიზიდავდა. დავდიოდი სამსახიობო კოლეჯში, ვცეკვავდი, ვმღეროდი, მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, არჩევანი იურიდიულზე შევაჩერე და ჩავაბარე კიდევაც. თუმცა, ნახევარ წელიწადში მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. მშობლებს შევუთანხმდი, რომ იქ სწავლას თავს დავანებებდი და თეატრალურში ჩავაბარებდი. არც გაკვირვებიათ და არც წინააღმდეგობა გაუწევიათ, პირიქით, მამაჩემი ძალიან მგულშემატკივრობდა გამოცდების დროს და მართლაც, ჩავაბარე. ახლა სერიალში ჩემს როლს ცოტა კრიტიკულად უდგება და ხშირად მაძლევს რჩევებს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი სარეკლამო სტუდიებში. ახლა ორ სერიალში ვარ დაკავებული აქ და „მაესტროზე“. ვთამაშობ სოხუმის თეატრში და პარალელურად, ვცდილობ, სხვა საქმეც ვაკეთო, რადგან მსახიობის პროფესია საკმაოდ არასტაბილურია. თუმცა, ძალიან მიყვარს და როგორი პრობლემაც არ უნდა მქონდეს და რაც არ უნდა ცუდად ვგრძნობდე თავს, გადასაღებ მოედანზე რომ შევდივარ, აღარაფერი მახსოვს. ეს პროცესი ძალიან სახალისოცაა. თან, მე ძალიან ხმაურიანი და ხიფათიანი ვარ, ამიტომ, როცა გადაღებაზე მივდივარ, სულ სიცილი ისმის და ხვდებიან, რომ ვიკა მოვიდა. თან, სულ რაღაც ხიფათში ვეხვევი და ამიტომ, ყველგან მესმის: ვიკა, ამას არ მიეკარო, ვიკა იმას არ მიეკარო (იცინის).
– თიკას პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი ვიცით, შენთან რა ხდება?
– ჩემთან განსაკუთრებული არაფერი ხდება (იცინის).
(ინტერვიუ ვიკას მეგობრის სახლში ჩავწერეთ და რამდენიმე კითხვა მასაც დავუსვი მეგობრის შესახებ – ავტორი).
– არასდროს ყოფილა ვიკა სერიოზულად შეყვარებული?
ნინი: ვიკა ძალიან ბედნიერი, მხიარული და ხალისიანი ადამიანია. მისი ხასიათიდან გამომდინარე, თვალები სულ უციმციმებს, მაგრამ ვერ იტყვი, რომ სიყვარულისგან თვალებაციმციმებული მინახავს (იცინის).
– როგორი ბიჭები იმსახურებენ მის ყურადღებას?
– ასე, კონკრეტულად თქმა, რთულია, თუმცა ვიცი, რომ მისი რჩეული აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცური, ძლიერი და ყურადღებიანი. თიკა ისეთი გოგო არაა, სუნამოებით რომ მოხიბლავ, რაღაც სხვა უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ბევრი ბიჭი მეკითხება ამას, მაგრამ მე არაფერს ვამბობ. მათ თვითონ უნდა მოახერხონ ვიკას ყურადღების დამსახურება.
ვიკა: ნინი ძალიან კარგად მიცნობს, რადგან ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.
ნინი: ერთმანეთისგან ხასიათით ძალიან განვსხვავდებით და ამიტომ ერთმანეთს ვავსებთ. თუ ვიკა კარგ ხასიათზეა, ეს ჩემზეც გადმოდის.
– როგორ ერთობით ერთად?
ვიკა: ძირითადად, წყნეთში, ნინის აგარაკზე ვერთობით ერთად. მახსოვს, პირველი ხელფასი რომ ავიღე, უამრავი შოკოლადი ვიყიდე და წყნეთში წავედი. ხუთი გოგო ვიყავით. ეს შოკოლადები ვჭამეთ და მერე რაღაც სასწაული დაგვემართა. ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა და ვიფიქრეთ, რომ რაღაც გვჭირდა (იცინის).
ნინი: არ ვიცით, რა შოკოლადები იყო, მაგრამ მისი ჭამის შემდეგ საოცრებებს ჩავდიოდით. შუაღამისას ვცეკვავდით, ვმღეროდით, დავრბოდით და ცხოვრებაში რომ სახლი არ დამილაგებია, დილის ხუთ საათზე მივვარდი და ტუალეტის ხეხვა დავიწყე (იცინის).
ვიკა: ერთხელ მე და ნინი მარტო ვიყავით სახლში და გვეგონა, რომ მთელ ბინაში არავინ იყო. მაშინაც საოცრებები ჩავიდინეთ. ერთი შამპანური გვქონდა, იმას ვსვამდით, მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიეთ და ვცეკვავდით. უზარმაზარი ვერანდაა და მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა, გარეთ გავრბოდით (იცინის). ჩვენ ზემოთ ახალგაზრდა ბიჭები ცხოვრობდნენ და თურმე, ამ დროს ისინიც სახლში ყოფილან. მეორე დღეს ორი გოგო რომ დაგვინახეს და გაიგეს, რომ ღამით მარტო ჩვენ ვიყავით იმ ამბავში, გაოცებულები იყვნენ (იცინიან). არ არსებობს, ათი ბიჭი ვიყავით სახლში, კუთხეში მიმწყვდეულები და თქვენ გისმენდით, თან მაგრად გვშურდა, ქვემოთ რა მაგარი ამბებიაო და ორი როგორ იყავითო?! მოკლედ, არ დაიჯერეს, რომ მარტო ჩვენ ვიყავით (იცინის).
– ნინი, ვიკას თაყვანისმცემლებს იცნობ?
– კი, ერთი შემთხვევა მახსენდება. მაშინ 20-21 წლისები ვიყავით. ვიკა ერთმა ბიჭმა მოაცილა ჩემთან სახლში. კარი გავუღე და ეს ბიჭი დავინახე. რომ შემოვიდა, ვეკითხები: ვიკა, შენ ეს ბიჭი მოგწონს? – კიო და მეც-მეთქი (იცინის).
ვიკა: ძალიან ბევრი ვიცინე. ეს ბიჭი ჩემი პირველი შეყვარებული იყო და არც დაუნახავს ნორმალურად. ერთი გამოხედა და როგორც კი შემოვედი, მეც მომწონსო, განმიცხადა (იცინიან).
– როგორ დამთავრდა ეს ამბავი?
ნინი: რა ვიცი, ჩემთვის არ გადმოულოცავს, მაგრამ გაუშვა ის ბიჭი. არა, არც მინდოდა, მაგრამ კარგად ვიხალისეთ.
ვიკა: ვინმეს რომ გავაცნობ, ამასაც მოსწონს ხოლმე (იცინის).
– ამის გამო ჩხუბი არ მოგდით?
– არა, არა. უბრალოდ, ერთნაირი ტიპის ბიჭები მოგვწონს. ისე, ათი წელია, ყველა ვალენტინობას მე და ნინი ერთად ვხვდებით და დედამისი დაგვცინის (იცინის).
ნინი: ვალენტინობას სულ მარტო ვარ ხოლმე და ერთად აღვნიშნავთ. ერთხელ სახლში მოწყენილი დავდიოდი და დედაჩემმა: რა იყო, არ მოგაკითხა დღეს შენმა შეყვარებულმაო? (იცინის).
– სხვა მხრივ, როგორი გოგოა ვიკა?
– ძალიან მხიარულია, მაგრამ თუ გაბრაზდა, ჯობია, სახლიდან არ გავიდეს. თიკა რომ ცოტნეს ეჩხუბება ხოლმე, მსგავსი რაღაცეები ხდება ამ დროს (იცინის). ამიტომ ვფიქრობ, მამაკაცი, რომელიც მის გვერდით იქნება, ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რადგან თვითონ ვიკაა ძალიან ძლიერი.