კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გახდა მეუღლის მიმართ მაგდა პაპიძის სიძულვილის მიზეზი და რა მტკიცებულებების საფუძველზე ადანაშაულებენ 25 წლის ქალს ქმრისა და შვილის მკვლელობაში

20 დეკემბერს საზოგადოება შემზარავმა ტრაგედიამ შეძრა: 25 წლის ქალმა სიცოცხლეს გამოასალმა ორი ადამიანი: მეუღლე – 27 წლის ომარ ქაფიაშვილი და შვილი – 5 წლის თორნიკე. გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩის მოსახლეობა საშინელმა კივილმა გააღვიძა. გარეთ გამოსულებმა სადარბაზოსთან ახლოს, ძირს დაგდებული ომარ ქაფიაშვილის დასისხლიანებლი სხეული დაინახეს, რომლის ცოლი – მაგდა პაპიძე და დედა – ლილი ქაფიაშვილი დახმარებას ითხოვდნენ. ერთი ვერსიით, იქვე იყო ბავშვის ცხედარიც, ხოლო მეორე ვერსიით – ის მანქანაში აღმოაჩინეს, რომელიც იქვე ახლოს იდგა. მეზობლების განცხადებით, მამაკაცის სხეული უკვე გაცივებული იყო, ხოლო ბავშვს პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა, მაგრამ, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას ორივე გარდაცვლილი დახვდა. მალევე ცნობილი გახდა ეჭვმიტანილის ვინაობაც – მეუღლისა და ერთადერთი შვილის მკვლელობაში ბრალი დასდეს 25 წლის მაგდა პაპიძეს, რომელიც მალევე დააპატიმრეს.
გამოძიებამ შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე ნაგვის ურნაში ნივთმტკიცებებაც აღმოაჩინა: ურო, რომელიც მკვლელობის იარაღად არის მიჩნეული და სისხლიანი თეთრეული. სავარაუდოდ, მაგდა პაპიძემ მეუღლე ბინაში მოკლა და შემდეგ გარეთ გამოათრია – ამაზე მეტყველებს დერეფანში დარჩენილი სისხლის კვალი. გარდა ამისა, მათი საცხოვრებელი ოთახიც სისხლით იყო დასვრილი. ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ყრის მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე სისხლიან თეთრეულს. გარდა ამისა, პროკურორების ინფორმაციით, პაპიძემ მკვლელობის შემდეგ შვილის ფოტოებიც გადაყარა – ეს ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა. მათივე ცნობით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა მისმა მეგობარმა მამაკაცმა, რომელიც მისი მეზობელია.
როგორც მეზობლები ამბობენ, ომარ ქაფიაშვილი ფიზიკურად ძლიერი მამაკაცი იყო და მეუღლე მასზე ძალადობის განხორციელებას ვერ შეძლებდა; ამიტომ, ისინი ვარაუდობენ, რომ მას საძილე აბები ჰქონდა მიღებული. სავარაუდოდ, მაგდამ ქმარ-შვილი მძინარე მდგომარეობაში დახოცა; თუმცა, ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვა ვერსიებიც არსებობს. მკვლელობის პირველსავე დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თორნიკეს ასთმა ჰქონდა და, სავარაუდოდ, მომხდარის დანახვისას ბავშვს ნერვიულობის გამო შეტევა დაემართა და დედას ხელში შემოაკვდა. თუმცა, საბავშვო ბაღის წარმომადგენელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ თორნიკეს ასთმა არ აწუხებდა, მას მხოლოდ გლანდები ჰქონდა და ისიც რამდენიმე წლის წინ ამოაჭრეს.
მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ დანაშაული არ აღიარა. მისი ვერსიით, მეუღლეს ვალებთან  დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. „19-ში ჩემმა შვილმა, თორნიკემ სთხოვა მამამისს, ომარს, ხაჭაპურის საჭმელად წასულიყვნენ. ისინი ძალიან თხლად ჩაცმულები გავიდნენ გარეთ. რომ დააგვიანეს, მე დედამთილს, ლილის ვთხოვე, დაერეკა ომართან. მე არ დავურეკე, რადგან მასთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. თუმცა ომარის ტელეფონი გათიშული აღმოჩნდა. ეს ჩვენ არ გაგვკვირვებია, რადგან მისი ტელეფონი ხშირად „ჯდებოდა” ხოლმე. ამასთან, ვიცოდი, რომ ისინი მანქანით ვერ წავიდოდნენ, რადგან, რამდენიმე დღის წინ ომარმა განმიცხადა, რომ ის მანქანით უბნიდან ვერ გავიდოდა, ზედმეტი კითხვების დასმა კი კვლავ ამიკრძალა. მე დაღლილი ვიყავი და იმ ღამით ლოდინში ჩამეძინა. 3 იყო დაწყებული, როცა გამეღვიძა და, გადავწყვიტე, ქმარ-შვილის საძებნელად წავსულიყავი და გარეთ გავედი. სადარბაზოდან გასასვლელში ვიწრო ადგილია, სადაც რაღაცას წამოვკარი ფეხი და დავეცი. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მე ომარზე დავეცი. ამის შემდეგ, ვიფიქრე, რომ ის მთვრალი იყო და წაიქცა, რადგან, ხშირად ბრუნდებოდა ხოლმე სახლში ნასვამი. სისხლი არ დამინახავს და არ მიფიქრია, რომ ჩემი მეუღლე და შვილი ცოცხლები აღარ იყვნენ. ამის შემდეგ წავედი მანქანის გადასაყენებლად, რადგან, მინდოდა, რომ ჩემი შვილი და მეუღლე მანქანაში ჩამესვა. მანქანაში რომ ვერ ჩავსვი, დავიწყე ყვირილი, რის შემდეგაც ჩემი დედამთილი ლილი და მეზობლები გამოვიდნენ. ამის შემდეგ მე ჩემი შვილი და მეუღლე არ მინახავს, პოლიციაში კი მითხრეს, რომ ორივე მე მოვკალი და ბრალი მქონდა წარდგენილი. ამას მე არ ვაღიარებ”,  – განაცხადა პროცესზე მაგდა პაპიძემ. მისი თქმით, ბოლო ხანებში მეუღლე ემუქრებოდა, რომ 27-ში რაღაცის გაკეთებას აპირებდა, ამიტომ მას ძალიან ეშინოდა. „18-ში საკმაოდ ნასვამმა გამიყვანა სახლიდან, ტაქსით წამიყვანა ჯვრის მონასტერზე, ამიყვანა შემაღლებულ ადგილზე, ფეხის წვერებზე დამაყენა და მითხრა – გეშინიაო? ამის შესახებ მე ჩემს მეგობარს, ოთარ ბერძენიშვილს მოვუყევი“, – განაცხადა ეჭვმიტანილმა. პაპიძემ ასევე აღნიშნა, რომ მეუღლემ მკვლელობის წინა დღეს უროს ყიდვა სთხოვა და უთხრა, რომ ის „სარაიის“ გასაკეთებლად სჭირდებოდა. როცა ქმარი ამ მდგომარეობაში ნახა, ურო იმიტომ გადააგდო ურნაში, რომ, შეეშინდა, ქმარს მისთვის რამე არ დაეშავებიანა, რადგან, არ იცოდა, რომ ის გარდაცვლილი იყო და მთვრალი ეგონა. „როდესაც ომარი სვამდა, აგრესიული ხდებოდა და სწორედ ამიტომ შემეშინდა. წაქცეული რომ დავინახე, ვიფიქრე, ნასვამი იყო და მე გადავწყვიტე, აღნიშნული ურო გადამეგდო“.  მაგდა პაპიძე მეუღლესთან ცუდ ურთიერთობასაც ადასტურებს და ამბობს, რომ მისი 27 წლის ქმარი პათოლოგი იყო და სულ ეჩხუბებოდა. მისი მტკიცებით, მეუღლის მიმართ ზიზღი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სხვა მამაკაცი შეუყვარდა.
  მაგდა პაპიძემ სასამართლოზე სამართალდამცველები ძალადობაში დაადანაშაულა. „პოლიციაში მთელი ღამე და დღისითაც მცემდნენ. გამხადეს ტანსცმელი და ძალადობას შეეცადნენ. ვინმე ნოკა რომ არ ყოფილიყო, პოლიციის თანამშრომლები სასტიკად მაწამებდნენ. მცემეს სახეში და თავში, ასევე თირკმელებში და ფეხებზე. მე ამ პირებს ამოვიცნობ, თუმცა სახელები და გვარები არ ვიცი...“, – განაცხადა მაგდა პაპიძემ. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის წარმომადგენლებს განცხადებაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა. სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს, რომ მაგდა პაპიძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა, ომბუდსმენის წარმომადგენლების თქმით, დასადგენია დაზიანების მიზეზები.
მომხდარ ტრაგედიაში მონაწილეთა ახლობლები კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა, ამ დღეების განმავლობაში მათ შესახებ გარკვეული ინფორმაცია მაინც გახდა ცნობილი. როგორც ჩანს, მაგდა პაპიძესა და ომარ ქაფიაშვილს ერთმანეთი სასოფლო უნივერსიტეტში გაუცნიათ 6 წლის წინ. ახალგაზრდებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და მათ შორის სერიოზული უთანხმოების შესახებ ინფორმაცია ახლობლებს არ აქვთ. გავრცელებული ინორმაციით, ომარ ქაფიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სამხედრო პოლიციაში და ნაცნობები მას დადებითად ახასიათებენ. ამბობენ, რომ მეუღლესაც დიდ პატივს სცემდა და ძალიან კარგი მამა იყო.  დადებითად ახასიათებენ ასევე მკვლელობაში ეჭვმიტანილ მაგდა პაპიძესაც. ახლობლების განცხადებით, მას უზომოდ უყვარდა შვილი. ომარ ქაფიაშვილის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, რომელიც მან საინფორმაციო საშუალებებთან გააკეთა, მაგდა მეუღლეს ძალიან უყვარდა და ამიტომ ყველაფერს პატიობდა. ქალი  „კარფურსა“ და უბნის მაღაზიაში მუშაობდა, საიდანაც ხელცივობის გამო გამოუშვეს. რაც შეეხება ვალებს, ომარს 2 500 ლარი ჰქონდა ხელფასი და ეკონომიური მდგომარეობის შესახებაც არასდროს დაუწუწუნია. ხოლო, მაგდას განცხადებაზე, რომ მეუღლესთან ვერ დარეკა, რადგან ის პათოლოგი იყო, ომარ ქაფიაშვილის თანამშრომელი ამბობს, რომ ის საკმაოდ თამამი გოგო იყო და თავს არავის დააჩაგვრინებდა; ქმარი კი პათოლოგი ლოთი ვერ იქნებოდა, რადგან სამსახურში შემოწმება ჰქონდა გავლილი და, ასე რომ ყოფილიყო, იქ არავინ გააჩერებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ქმართან კონფლიქტი და მეუღლისადმი სიძულვილია. მაგდას ინტიმური ურთიერთობა მათსავე უბნელთან, ოთარ ბერძენიშვილთან ჰქონდა, რომელიც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა „მეგობარ მამაკაცად“ დაასახელა. ბერძენიშვილმა გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება. ცნობილი გახდა, რომ ისიც აგრარულ უნივერსიტეტში სწავლობდა. მისი და მაგდას ურთიერთობა ერთი წლის წინ დაიწყო. მეზობლები ბერძენიშვილს კარგად ახასიათებენ და შიშობდნენ, მაგდა პაპიძემ ის უბედურებაში არ ჩაითრიოსო. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მამა-შვილის პანაშვიდზე მხოლოდ მაგდა პაპიძის და, ლანა იმყოფებოდა, რომელმაც დის ტანსაცმელი და ის ნივთები წამოიღო სახლიდან, რომელიც მისი შეძენილი იყო. ლანა პაპიძემ ასევე წაიღო ომარ ქაფიაშვილის ტანსაცმელიც, რის გამოც ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მასში მაგდა პაპიძე რაღაცას მალავდა. ასევე ფიქრობენ, რომ მაგდა პაპიძეს რომელიღაც სექტასთან ჰქონდა ურთიერთობა და ქმარ-შვილი მსხვერპლად შესწირა ამ სექტას.
გამოძიებამ უკვე დაკითხა მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, რომელიც იმავე სახლში ცხოვრობდა, მაგრამ მისი ოთახი ცოლ-ქმრის ოთახისგან ცოტა მოშორებით იყო.  
რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილის ძმამ სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: „ამას როგორ ვაცოცხლებ, ძმა და ანგელოზივით ძმისშვილი მომიკლა“. ბრალდებულის დედამ კი ქალიშვილისა და მოკლული სიძის ურთიერთობაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ბოლოს რა მოხდა, არ ვიცი. ისინი კი იყვნენ კონფლიქტში, მაგრამ, ამას არავინ მოელოდა. ძალიან თბილად მყავს ჩემი შვილი გაზრდილი. ის კარგი დედა იყო და ვერ ვიტყვი ჩემს შვილზე, რომ ის მკვლელია. გამორჩეული დედა იყო და ეს ამბავი ჩემთვის შოკია, მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია“.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 დეკემბერს, გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქაფიაშვილს ბლაგვი საგნით თავის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანება, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა; შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ, ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასამართლომ მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 10 თებერვალს ჩაინიშნა.

скачать dle 11.3