როდის მოხვდა ლაშა ონიანი „სიშიშვლის ზეიმზე“ და როგორ აღნიშნავდა ის ავსტრიელებთან ერთად ახალ წელს წარმართული ტრადიციებით
ლაშა ონიანი საქმესა და მოგზაურობას ხშირად უთავსებს ერთმანეთს. შესაბამისად, ის არაერთ საინტერესო ადგილს ესტუმრა და იქაურ ტრადიციებსაც კარგად გაეცნო. განსაკუთრებით აქტიურია შობისა და ახალი წლის პერიოდში, როცა ის საახალწლო ღონისძიების ორგანიზების საქმეშია ჩართული.
ლაშა ონიანი: ახალს წელს საქართველოში ბოლოს 2011 წელს ვიყავი, რადგან მერე პაუზა იყო. შემდეგ არჩევნები ჩატარდა და დაპატარავდა საახალწლო ზეიმები. ამჯერად ზეიმი გაიზარდა და მეც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ჩავერთვები ბათუმის საახალწლო ზეიმში. ეს იქნება გაგრძელება იმ სერიების, რომელიც 2009 წელს დავიწყე. ახალი წელი უნდა იყოს არა კონცერტი, არამედ სახალხო ზეიმი. ძირითადად, ადგილობრივი რესურსი უნდა გამოვიყენო მთელი ღონისძიებისთვის. გარდა ამისა, ვეცადეთ, სტუმრებიც ჩამოგვეყანა. მაგალითად, ერთ-ერთია ოსკაროსანი ფილმის, „შინდლერის სიის“ მუსიკალური გამფორმებელი ერთ-ერთი წევრი – კლარნეტისტი, გიორა ფაიდმანი, რომელიც ებრაული წარმოშობისაა და გერმანელ-ებრაელ ხალხთა თანამეგობრობაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, ანგელა მერკერმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სერიოზული მუსიკოსია, ფილმშიც თვითონ უკრავს. მე მას პირადად ვიცნობ. ადრეც მინდოდა ჩამოყვანა, მაგრამ არ მოხერხდა და ახლა მას შევაერთებ დიდ ორკესტრთან. დაახლოებით, 6 დიდ კომპოზიციას დაგვიკრავს, რომელზეც მე ქორეოგრაფიულ ნომრებს დავდგამ. ეს იქნება 12 საათამდე და 12 საათის შემდეგ, ძალიან ცნობილი იამაიკელების ბენდი ჩაგვერთვება – ვარსკვლავები არიან, ყველა ჯილდო აქვთ აღებული, რაც კი მათ სფეროში არსებობს. ძალიან კარგია, როცა სამუშაო პროცესში ხვდები ახალ წელს, გებედება. თუ საქართველოში არ ვარ, მაშინ ავსტრიაში ვაკეთებ საახალწლო ღონისძიებებს, ვირთობ თავს. ახალი წელი კარგია, როცა გარეთ ხარ, ხალხთან, ორომტრიალში ჩართული. საცივი მთელი თვე ისედაც იქნება.
– მეკვლე ხარ ხოლმე?
– მეკვლეობას რომ არ დავაბრალოთ, ისედაც კარგი ფეხი მაქვს წელიწადის ნებისმიერ დროს. ვისთანაც საქმიანი ან მეგობრული ურთიერთობა მქონია, არ მახსოვს, ვინმეს რამე ჩავარდნოდეს. თუმცა, გათხოვებაზე და ოჯახის შექმნაზე ჯერჯერობით არ მიმუშავია. ამის გამოცდილება არ მაქვს.
– რომელი ქვეყნის საახალწლო ტრადიცია მოგეწონა განსაკუთრებით?
– ხშირად ავსტრიაში ვარ ახალ წელს. ისინიც მთის ხალხია, ოღონდ ცივილიზებული. ქალაქიდან რომ გადიხარ, მთებზე დგას მორებისგან აშენებული ხის სახლები. რაც შეეხება საახალწლო ტრადიციას, მძიმე ხალხია. სვამენ, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენს არა, რომ დათვრნენ. პირიქით, ცდილობენ, დიდხანს იყვნენ ერთად, იხტუნაონ, გაერთონ. იცვამენ ტყავის სამოსს, ფაქტობრივად, მონადირის ტანსაცმელია. ზედ ახატიათ თოფიანი კაცები, თავზე ბუმბული უკეთიათ. შობის წინ ეკლესიაში მიდიან, სალოცავები მთის წვერზე დგას. ეკლესიაში ვერ ეტევიან, გარეთ დგანან წრეზე, შეძახილებით ლოცულობენ, გამოაქვთ ხატი, ემთხვევიან. წარმართული ტრადიციები დღემდე აქვთ შემორჩენილი. რაც შეეხება ქალებს, ლუდის ფესტივალზე დიდმკერდიან ქალებს რომ აცვიათ ტყავის კაბები, ღრმა დეკოლტეთი, ასეა ახალ წელსაც. გერმანიაში არის ერთი ტაძარი, რომლის რესტავრაციაც 90-იან წლებში მოხდა. ამ ტაძარში ინახება გერმანელების გაერთიანების ხელშეკრულება. ამ ტაძრის გახსნის ცერემონიალის ორგანიზება მე მომიწია. ახალ წელსაც შევხვდი, სტუმრად ვიყავი. სუფთა გერმანული დღესასწაული მოიწყვეს. ტაძარს დიდი ეზო აქვს. 12 საათამდე დაიწყეს ძველ გერმანულ ენაზე სიმღერების შესრულება, ცეკვა, ფერხულის მსგავსი მოძრაობები. შემოჰქონდათ ხორცის დიდი „ბლუდები”, რომ ახალ წელს მაძღრად შეხვედროდნენ. ეს იყო მეთექვსმეტე საუკუნის წვეულება, ფილმებში რომ გვინახავს: ტყავებით, ბეწვით შემოსილები, თავზე რქებით, დიდი ბარკლები რომ უდევთ თეფშებზე. 12 საათზე ჩირაღდნები აანთეს, კედლებში ჩაარჭვეს, შუქი ჩააქრეს, ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. ანუ, კოპირებული იყო, თუ როგორ ზეიმობდნენ ახალ წელს წინა საუკუნეებში. მომდევნო დღეებში გაიმართა შეჯიბრებები, მკლავის გადაწევა, სიმძიმეების აწევა, ლუდის „ბოჩკების“ მხრებზე შემოგდება.
– დროში გიწევს მოგზაურობა, ძველი დროის ტრადიციები ცოცხლდება შენ წინ.
– კი და ძალიან საინტერესოა. იტალიაშიც ასეა: ძველი ტრადიციები აქვთ გადმოტანილი: მედროშეებით, ვითომ მეფე მოდის, გლადიატორები. ლათინურ ამერიკაშიც ძალიან საინტერესოდ აღნიშნავენ ახალ წელს. სხვათა შორის, ყველა ქვეყანაში საფერხულო მოქმედებებით ხვდებიან ახალ წელს. მაგრამ სამხრეთული ფერხული იმით არის განსხვავებული და სასაცილო, სხეულის ქვედა ნაწილებს იქნევს ყველა – მთელი ფერხული რომ წელს ატრიალებს, თავისი ლათინური მოძრაობებით. მაგალითად, კოლუბიაში რასაც არ ველოდებოდი, ეს იყო ქალაქიდან რომ გადიხარ, იწყება ველური სამყარო. ყველაზე მდიდრებს უდგათ ხარის ტყავებისგან შეკერილი კარვები, დიდი მწვანე მინდვრით, სადაც ცხენები დარბიან. კარავი ჰქვია, თორემ შიგნით რომ შეხვალ, ეს არის დიდი სასახლე, თავისი ყველა კომფორტით. მედელინიდან 40-50 კილომეტრში დაგხვდა ღია მუზეუმი, სადაც ნამდვილი კოლუმბიური ცხოვრებაა. ხალხი ცხოვრობს ისე, როგორც ძველად ცხოვრობენ. თავისი მოგონილი მინი ქარხნები უდგათ, წვენებს აკეთებენ. ტურისტული ადგილია და თან, თვითონ ცხოვრობენ. როცა სტუმრების დიდი ნაკადი ჩადის, იწყებენ კოლუმბიური რიტუალების მოწყობას. ასეა ახალ წელსაც. სახეს იხატავენ, ცხოველების გამოსახულებას იღებენ – ფიზიკურად ცხოველებს ემსგავსებიან. ველური მუსიკა აქვთ – ინსტრუმენტების გარეშე. უჩვეულო იყო პოლონეთში ახალი წელი – სიშიშვლის ზეიმი მოაწყვეს. დიდი ჰოლი ჰქონდათ აღებული, მივედი, როგორც მიწვეული სტუმარი და ბოლოს, მგონი, მე ვიყავი მხოლოდ ჩაცმული. თავიდან ყველა ჩაცმული იყო, დალიეს, იმღერეს, იცეკვეს, 12 საათზე კი ყველა შიშვლად შეხვდა ახალ წელს. უცნაურიც იყო, მაგრამ საინტერესოც: შემდეგ წელში სულიერად, ფიზიკურად, გონებრივად თავისუფლები გადავიდნენ. ძალიან საინტერესო იყო ახალი წელი შვეიცარიაში. პატარა ქალაქია, რომელიც მთების გარემოცვაშია, კლდეებით გარშემორტყმული. სამხედრო ბაზა დგას ტბის მეორე მხარეს, ბაზას დიდი მინდვრები აქვს. იქ ვარ ერთ ახალ წელს ნამყოფი. აწყობილი ჰქოდანთ 4 თუ 5 დიდი კარავი წრეზე, შუაში იდგა დიდი ნაძვის ხე. კარვებში ეწყობოდა ზეიმები. შეგეძლო, ნებისმიერ კარავში შესულიყავი და ბოლოს, 12 საათზე ყველა გარეთ, ნაძვის ხესთან გამოდიოდა. პირველ კარავში ძველი გერმანელების ენაზე მიდიოდა რიტუალი, თავისი ძველი ჩვეულებებით, მეორეში – სხვა ეპოქა გაეცოცხლებინათ, ერთ-ერთში მეთვრამეტე საუკუნე იდგა – კლასიკა. ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო. ანუ, ევროპაში და სამხრეთ ამერიკაშიც ძველ ტრადიციებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. პატივს სცემენ და ასეთ დიდ დღესასწაულზე აცოცხლებენ. ახალი წელი, შობა, ევროპაში არ არის დათრობის დღესასწაულები. ლუდის ფესტივალზე შეუძლიათ ამის გაკეთება – უფლება გაქვს, უგონოდ დათვრე. თან, იქ ისეა მოწყობილი ყველაფერი, შეგიძლია, იქვე დაწვე და არავინ მოგაყენებს შეურაცხყოფას. ამიტომ, როგორც გინდა, ისე ზეიმობ და ცუდ ხასიათზეც არ ხარ. ყველა მხოლოდ და მხოლოდ გართობაზე, დროს გატარებაზეა გადართული.
– ახალი წელი მაინც ოჯახური დღესასწაულია და მეუღლე, შვილი შენს ამდენ მოგზაურობას ხომ არ აპროტესტებენ?
– არა, რადგან ხშირ შემთხვევაში, ისინიც ჩემთან არიან ახალ წელს.