კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უჩინართა დასაჭერად მოსკოვიდან თბილისში სპეცჯგუფი გამოგზავნეს

ხანძრები
1956 წლის მარტიდან დეკემბრის ბოლომდე, თბილისში ოცდახუთი ხანძარი და კერძო ქონებაზე ცეცხლის წაკიდების შემთხვევა დაფიქსირდა. დაიწვა 19 ბინა, რომლებშიც სხვადასხვა რანგის კომკავშირულ-პარტიული აქტივისტები ცხოვრობდნენ; ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს 6 მანქანა, რომლებიც ასევე კომუნისტ ფუნქციონერებს ეკუთვნოდათ. განადგურებული ქონების ზარალმა 760 ათასი საბჭოთა მანეთი შეადგინა. ეს კი ასე ხდებოდა: თბილისის მილიციის სამმართველოში რეკავდა უცნობი ქალი და მორიგეს წინასწარ ატყობინებდა გასანადგურებელი ობიექტის სახელწოდებას. ბოლოს კი ასე ამთავრებდა თავის სიტყვას: „ეს იმის გამო, რომ 9 მარტს ქართველი პატრიოტები დახოცეთო... “ პირველი ასეთი ზარი 1956 წლის 31 მარტს განხორციელდა და უცნობმა ქალმა მილიციის სამმართველოს  მორიგეს, იოსებ კოჭლამაზაშვილს აუწყა:
– ნახალოვკაში ოლეგ მანკინის სახლი იწვის. ის ნაძირალა 9 მარტს ქართველ პატრიოტებს ხოცავდა და მისი ჯერიც დადგება...
მანკინი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პოლკოვნიკი იყო. მისი სახლი ნაძალადევში მართლაც პირწმინდად დაიწვა. იმავე დღეს ეს საქმე „კაგებემ“ აიღო და გამოძიებაც დაიწყო...
უჩინარნი
თბილისის 1956 მარტის ცნობილი მოვლენები სულ რაღაც 22 დღის მომხდარი იყო. თბილისში ჯერ კიდევ წესიერად არც კი იყო გაუქმებული საგანგებო მდგომარეობა და ხალხში დიდი დაძაბულობა სუფევდა, როდესაც რუს პოლკოვნიკს სახლი დაუწვეს. მართალია, მსხვერპლი არ ყოფილა, რადგან მანკინის ცოლ-შვილი სახლში არ იმყოფებოდა და მხოლოდ ქონება განადგურდა, მაგრამ ეს შემთხვევა მორიგი პოლიტიკური დაუმორჩილებლობის ფაქტად იქნა განხილული და „კაგებემ“ მოქმედება დაიწყო. უშიშროებამ ყველა სავარაუდო დამნაშავე საგულდაგულოდ შეამოწმა, მაგრამ ეჭვმიტანილები მალევე გაათავისუფლეს. ეს შემთხვევა კი შურისძიების ერთჯერად ფაქტად ჩათვალეს. მაგრამ, როდესაც ხანძრების სერია გაგრძელდა და ერთიმეორის მიყოლებით დაიწვა ხან ბინები, ხან მანქანები, თანაც, ამ ყველაფერს ანონსი უკეთდებოდა, „კაგებემ“ თავისი ძალისხმევა გააძლიერა, თუმცა უშედეგოდ. მართალია, მსხვერპლი არ იყო, მაგრამ, აუნაზღაურებელი ზიანი მიადგა საბჭოთა იდეოლოგიას, ამას კი არავის აპატიებდნენ და მოსკოვმა უჩინარი შურისმაძიებლების სასწრაფოდ მოძებნა, შეპყრობა და უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. ხოლო მას მერე, რაც უჩინარების ამბავი უკვე „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა, საქართველოს „კაგებეში“ რამდენიმე მაღალჩინოსანი დააქვეითეს და მოსკოვიდან სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი მოავლინეს მათ შესაპყრობად.
ორგანიზაცია „თ.ს.დ.მ.“
მოსკოვიდან გამოგზავნილ ჯგუფს ეროვნებით ქართველი, მაგრამ, ქართველების მოძულე, პოლკოვნიკი უშანგი ფერშანგიშვილი მეთაურობდა. მას ცენტრიდან სრული კარტ-ბლანში ჰქონდა მიღებული და იმაზე მეტი უფლებამოსილება გააჩნდა, ვიდრე საქართველოს ცეკას პირველ მდივანსა და „კაგებეს“ თავმჯდომარეს, რომ არაფერი ვთქვათ დანარჩენებზე. ფერშანგიშვილი სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა; ეჭვმიტანილებს სცემდა და ამგვარად ცდილობდა მათგან აღიარებითი ჩვენებების მოპოვებას. თუმცა, ბოლოს ათავისუფლებდა, რადგან მათი მხილება არ ხერხდებოდა. ხანძრები და მუქარები კი გრძელდებოდა და მართალია, მსხვერპლი კვლავ არ იყო, მაგრამ პოლკოვნიკს სწორედ ამის ეშინოდა და დღე-ღამეს ასწორებდა ბოროტმოქმედების ძებნაში.
19 აპრილს რუსთაველის გამზირზე, ზედ მთავრობის სახლის წინ ცეკას თანამშრომლის „პობედა“ დაიწვა. მანამდე უცნობმა ქალმა ამ აქციის ანონსირება მოახდინა და ბოლოს დაამატა:
– ჩვენ ვართ ორგანიზაცია „თ.ს.დ.მ.“ და სულ მალე ზღვა სისხლს დავღვრითო.
„თ.ს.დ.მ.“-ს გამოჩენამ ფერშანგიშვილს მოსვენება დაუკარგა. მას გადაბმულად რამდენიმე დღე არ ეძინა, ამ აბრევიატურის გაშიფვრაზე მუშაობდა და ბოლოს დაასკვნა: „თ.ს.დ.მ.“ – „თავისუფალი საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას“ ნიშნავსო, შემდეგ მოსკოვში დაწვრილებითი წერილი გაგზავნა და ცენტრს მათი გაშიფვრა და დაპატიმრება აღუთქვა. თან საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობაც გალანძღა და მათ ნაციონალისტური ელემენტებისთვის ნოყიერი ნიადაგის შექმნაში დასდო ბრალი.
– ამ ფერშანგიშვილს მაგრად აკლია, – უთქვამს ცეკას პირველ მდივანს, ვასილ მჟავანაძეს, რომელიც მოსკოვში ფერშანგიშვილის „დანოსის“ გამო დაიბარეს და შეახურეს.
ანონსირებული ტერაქტი
მიუხედავად იმისა, რომ პოლკოვნიკ ფერშანგიშვილს იმ პერიოდისთვის უახლესი ტექნიკური საშუალებები გააჩნდა და პროფესიონალთა ჯგუფი ჰყავდა, მაინც ვერ დაადგა იმ იდუმალი „თ.ს.დ.მ.“-ის კვალს. „კაგებემ“ ვერც იმ უცნობი ქალის ხმის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელიც ფირზე ჰქონდათ ჩაწერილი და ყოველმხრივ ამოწმებდნენ.
1956 წლის 26 დეკემბერს ანონიმმა ქალმა კვლავ დარეკა მილიციის სამმართველოში და „თ.ს.დ.მ-ს“ სახელით მორიგეს უთხრა.:
– ამ წლის ბოლო ხუთი დღე თქვენი მთავრობისთვის ჯოჯოხეთური იქნება. ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი სტრატეგიული შენობა აფეთქდება და მითს თქვენს კომუნისტურ ძლიერებაზე წერტილი დაესმევა...
ამ ზარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს პოლკოვნიკ უშანგი ფერშანგიშვილს. მან ყველა ძალოვანი სტრუქტურის მობილიზაციის ბრძანება გასცა და ქალაქის ცენტრში იმდენი გადაცმული „კაგებეშნიკი“ და მილიციელი შეიკრიბა, რომ ტევა არ იყო...
მეხუთე დღე
მიუხედავად იმისა, რომ ყველა განაღმვის სამსახურმა სტრატეგიული შენობა საგულდაგულოდ შეამოწმა და საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, ფერშანგიშვილი უკიდურესად იყო შეშინებული. ის ტერაქტის სხვადასხვა ვერსიას ვარაუდობდა და ისიც კი თქვა, შეიძლება თ.ს.დ.მ-ელებმა შეიარაღებული შემოჭრა განახორციელონო.
ისე გაიარა ოთხმა დღემ, რომ თბილისის ცენტრში „ხლაპუშკაც“ კი არავის აუფეთქებია. 30 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, ფერშანგიშვილმა საგანგებო ბრძანება გასცა:
– მთელი ძალების მობილიზება თბილისის ცენტრალურ ნაწილში მოახდინეთ. ხვალ, 31 დეკემბერს, დიდ საფრთხეს ველოდებით.
ფერშანგიშვილის ბრძანება სასწრაფოდ შესრულდა და თუკი ვინმე მილიციელი იყო, ყველა რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაისროლეს ფარული თუ აშკარა პატრულირებისთვის. თავად პოლკოვნიკს, რა თქმა უნდა, არ ეძინა – ის მთავრობის სასახლის შენობაში იმყოფებოდა და მორიგეებისგან შეტყობინებებს ელოდა. შეტყობინება კი დილის 5 საათზე შემოვიდა. მას შინაგან საქმეთა მინისტრმა დაურეკა და აუწყა, რომ დიდუბეში ეგრეთ წოდებული მთავარი შემნახველი სალაროს სეიფი იქნა გაძარცული და იქიდან კი 6 მილიონი მანეთი და 3 მილიონის ობლიგაციები იქნა გატაცებული... სალაროში უცნობი ბოროტმოქმედები უზარმაზარი „ზილით“ შეიჭრნენ; შემდეგ სეიფს ტროსი ჩაუბეს, ფულითა და ობლიგაციებით სავსე სეიფი გამოგლიჯეს და გაიტანეს. მართალია, სიგნალიზაცია ჩაირთო, მაგრამ, ვისაც მასზე რეაგირება უნდა მოეხდინა, რუსთაველის გამზირზე იყო მობილიზებული ფერშანგიშვილის ბრძანებით.
ბოროტმოქმედების დადგენა ვერ მოხერხდა, შემთხვევის ადგილზე კი კედელზე მიკრული ქაღალდი იპოვეს, რომელზეც ეწერა:
– „თ.ს.დ.მ.“ – „თქვენი სულელი დედა მოვ...”
ფერშანგიშვილი, რა თქმა უნდა, დააქვეითეს არამართებული ქმედებისთვის და კაპიტნის ჩინი დაუტოვეს. უცნობი ბოროტმოქმედები კი, რომლებიც 6 თვე ამზადებდნენ ამ დანაშაულს, დღემდე ვერ აღმოაჩინეს.

скачать dle 11.3