როგორ დაასჯევინა სიკვდილით ყაენს დავით ულუმ მონღოლთა დიდი მოხელე
ლაშა-გიორგის მემკვიდრე დავით მეშვიდე გამწარებული იყო მონღოლების მიერ ჩატარებული აღწერის გამო, რადგან დიდი გადასახადები დაუწესეს ქვეყანას და მისი აკრეფისას თვითნებობდნენ. განსაკუთრებით ცუდად იქცეოდა გაქნილი ვაჭარი, მონღოლების მოხელე, სპარსელი მაჰმადიანი ხოჯა აზიზი, რომელიც ხალხს დიდ გადასახადს ართმევდა და თვით მეფის სამზარეულოც კი დაბეგრა.
აჯანყდა დავით ულუ.
ჰულაგუ ყაენს არ უნდოდა დავით ულუსთან ურთიერთობის გამწვავება. კი დაამარცხა, მაგრამ ვერც ხელში ჩაიგდო და ვერც დაიმორჩილა. საქართველოს სახელმწიფოს სამხედრო რესურსის გამოყენება კი დავით ულუს გარეშე ძნელი იყო. მით უმეტეს, დავით ნარინი, ფაქტობრივად, არც ემორჩილებოდა მონღოლებს. არეულობა არ აწყობდა ილხან ჰულაგუს. სამხრეთ კავკასია შეიძლება, ოქროს ურდოსთან ბრძოლის ასპარეზად ქცეულიყო.
ჰულაგუმ თავის ვაზირს, არღუნს უბრძანა გაეგზავნა ელჩი დავით მეფესთან და ფიცით დაემტკიცებინა უვნებლობის გარანტია. დავით ულუს ცოლი, დედოფალი გვანცა და ყრმა უფლისწული დიმიტრი საილხანოში ჰყავდა ტყვეებად ყაენს. ერთხელ მამაზე გამწარებულმა შვილის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ ერთ-ერთი ნოინის ცოლმა გადაარჩინა მომავალი თავდადებული, წაიყვანა და შვილივით ზრდიდა, რადგან უშვილო იყო. ამბობენ, მიიხუტა თუ არა პატარა დიმიტრი მკერდზე ნოინის ცოლმა, მადლი გადასულა მასზე – მალე დაფეხმძიმდა და შვა ვაჟი. ამის გამო ძალიან დიდ პატივს სცემდა ნოინის ცოლი დედოფალ გვანცას და უფლისწულ დიმიტრის.
ყაენის ბრძანებით, ნოინის ცოლსაც გააგზავნინეს ელჩი დავით მეფის წინაშე. შეჰპირდნენ გვანცა დედოფალს, რომ დავით მეფეს კვლავ აღიარებდნენ მეფედ.
დავით ულუსთან მოვიდნენ ყაენის ელჩები და საილხანოში წაიღეს ბაგრატიონის პასუხი:
„ხოჯა აზიზის გამო წავედი და დავტოვე სამეფო. თუ ყაენს ჩემი შეწყნარება ნებავს, გამოვაგზავნი ჩემს უფროს ვაჟს, გიორგის და მას უბოძოს ჩემი სამეფო, დედოფალი გვანცა და დიმიტრი უფლისწული კი, გამოაგზავნოს ჩემთან. ხოჯა აზიზი გადმომცეს, რათა სიკვდილით დავსაჯო და შური ვიძიო მისი ბოროტი საქმეებისთვის.“
ყაენს მოეწონა მეფის წინადადება, გამოითხოვა უფლისწული გიორგი და ფიცით მისცა გარანტია ლაშას ძეს, რომ უვნებლად დაიცავდა მის ვაჟს. მონღოლებს წესად ჰქონდათ ფიცის დროს წყლით სავსე თასში ოქრო ჩაეგდოთ და ისე შეესვათ. ამის შემდგომ მათ სიტყვას წყალი არ გაუვიდოდა.
მეფეს შეჰპირდნენ, თუ დავით მეფე ყაენ ჰულაგუსთან მივიდოდა, მას არაფერს დაუშავებდნენ, ხოჯა აზიზს კი გადასცემდნენ. თუ ენდომება ქართველთა მეფეს მოკლას, თუ უნდა გაუშვასო.
ყაენსა და მეფეს შორის ელჩად მიმოდიოდა ენუქ არქუნი, მართალი და პატიოსანი კაცი, ქრისტიანი – ბიბლიური სახელი ენუქიც ამიტომ ერქვა. დაარწმუნა ყაენი, მეფისთვის და მისი ვაჟისთვის არაფერი ევნო.
ენუქი მივიდა დავით მეფესთან, შეჰფიცა და წაიყვანა უფლისწული გიორგი. დავითი დაბრუნდა თავის სატახტო ქალაქ ტფილისში. მოეგებნენ მოქალაქეები და დიდებულები, მათ შორის სომეხი შადინი, რომელსაც ჰქონდა ჩაბარებული ტფილისი და მეფის მოვალეობაც კი.
ენუქ არქუნმა ურიცხვი საჩუქარი მიართვა გიორგი უფლისწულს. ცოტა ხანს გაჩერდნენ ქალაქში და მერე ურდოში წავიდნენ. სანამ ილხანს ნახავდნენ, ჯერ მის უფროს ცოლს, ტონღუზ ხათუნს ეახლნენ, რომელიც ჟამთააღმწერლის, მონღოლთადროინდელი ჩვენი მემატიანეს თქმით, იყო ბიზანტიის იმპერატორის ასული, მართლმადიდებელი.
სინამდვილეში ტონღუზ (დუნღუზ, ტუნღუზ) ხათუნი იყო მონღოლთა და თურქთა ერთ-ერთ ტომთა გაერთიანების, ხერეიდების ბელადის, ჩინგიზ ყაენის მამის ძმადნაფიცის, თოღრულ ვან ყაენის (ილხანის) შთამომავალი. რომლის წინაპარმაც, მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, თავის ტომების გაერთიანებასთან ერთად, მიიღო ნესტორიანელობა და უწოდეს მარკოზი. ტონღუზ ხათუნიც ნესტორიანელი იყო. ნესტორიანელები აღიარებდნენ ქრისტეს. ეს მიმდინარეობა ფართოდ იყო გავრცელებული მაშინდელ აღმოსავლეთში და მისი მიმდევრები გავლენით სარგებლობდნენ მონღოლთა იმპერიაში. ჰულაგუ ყაენის უფროსი ცოლი მფარველობდა ქრისტიანებს.
ტონღუზ ხათუნი დიდ პატივს სცემდა ენუქ არქუნს, როგორც ქრისტიანს. მას ძალიან მოეწონა პატარა გიორგი უფლისწული. მერე გიორგი დავითის ძე შეიყვანეს ილხანთან. ყაენმაც ტკბილად მიიღო და პატივი სცა. ერთი წელი გიორგი უფლისწული იყო ყაენთან. ილხანმა ის ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა და შეუთვალა, დავით ლაშას ძეს მისულიყო მასთან.
დავით ულუ პრინციპულად აცხადებდა: თუ არ გადმომცემთ ხოჯა აზიზს, არ მოვალ ურდოშიო.
ეს რომ ყაენმა გაიგო, გამწარდა, რადგან არ უნდოდა ხოჯა აზიზის სიკვდილი. მისთვის შეურაცხყოფა იქნებოდა თავისი მოხელის დასჯა, ვასალის მოთხოვნით. ვეზირმა არღუნმა ურჩია ყაენს: არ მოვა მეფე შენს სამსახურად, ტყუილად გვაწვალებს. გირჩევ, ყაენო, მოკალი მისი ძე, მომეცი ჯარი საქართველოში სალაშქროდ და შეკრულს მოგიყვან ქართველთა მეფესო.
არღუნ ნოინს დავიწყებოდა, როგორ დაამარცხა ერთხელ მისი 30 000-კაციანი ჯარი 8 000-მა ქართველმა, მეფის ერთგული სარგის ჯაყელის მეთაურობით. მეორედაც დაამარცხებდნენ, რომ არა სარგისის შეცდომა და გაშლილ მინდორზე გამოსვლა მრავალრიცხოვან ჯართან. რაც მთავარია, მოღალატე კახა თორელისა და სხვა ქართველი გამყიდველების ქმედება, რომლებმაც იცოდნენ ქართული სტრატეგია და მონღოლებს მიემხრნენ.
ყაენმა მართლაც გაგზავნა ხალხი მეფის ძისა და სხვა ქართველების მოსაკლავად, რომლებიც უფლისწულს ახლდნენ. ეს რომ ენუქ არქუნმა შეიტყო, სწრაფად მივიდა ტონღუზ ხათუნთან და და ყველაფერი აუწყა. ტონღუზ ხათუნი ეახლა ყაენს ენუქ არღუნთან ერთად და მიმართა:
„დიდო ყაენო, მაღალო ხელმწიფეო, რა უსამართლო ბრძანება გაგიცია, მეფის ძე გინდა მოკლა და მისი მსახურები? განა არ იცი, რომ ბაგრატიონი უფლისწული წინასწარმეტყველთა ბრწყინვალე და გამორჩეული გვარის შვილია. შენ არ იყავი ხელუხლებლობის ფიცით რომ მოიყვანე ის?! მე და ენუქ არღუნს გვირჩევნია, თავი გავწიროთ მეფის ძისთვის!
განა არ იცი, რომ შენი ბიძაშვილი, ბათო ყაენი ელჩებს უგზავნის და დიდ საჩუქრებს უძღვნის უფლისწულის მამას, დავით მეფეს და სთხოვს მისცეს დარიალისა და დასავლეთის გზა, რომლებიც მეფის ხელშია. გირჩევ, ერთი სპარსელი ვაჭარი ბერიკაცის გამო, დიდ ხელმწიფეს სამუდამოდ ნუ გადაიკიდებ და ნუ გადაიყვან შენი მტრების მხარეს. იცოდე, თუ ბათო ყაენის ულუსი და საქართველო შეიკვრებიან, დიდი ხიფათი გელის“.
ჭკუაში დაუჯდა ცოლის გონივრული რჩევა ჰულაგუს, მოაყვანინა გიორგი უფლისწული, გულუხვად დაასაჩუქრა, შემოსა ბრწყინვალე სამოსლით, გადასცა ტუნღუზ ხათუნს და ენუქ არქუნს და უთხრა: „აჰა მეფის ძე, ჩემი მტკიცე ფიცით გაძლევთ. წადი, ენუქ, წაიყვანე მეფის ორივე შვილი – გიორგი და დიმიტრი, და დედოფალი გვანცა. როგორც გენებოთ, შენ და ტონღუზ ხათუნს, ისე მოიქეცით და მომიყვანეთ დავით მეფე“.
გაუხარდათ ტონღუზ ხათუნს და ენუქ არქუნს, თაყვანი სცეს და უთხრეს: „ჩვენი თავები იყოს ამათ ნაცვლად, თუ მოგვცემ ჯოხა აზიზს და არ მოვიყვანთ დავით მეფეს. თუ არა და არ მოვა“.
უმძიმდა არღუნ ნოინს თავისი მსახურის გადაცემა, მაგრამ რა უნდა ექნა, ყაენის ბრძანებას ხომ ვერ უარყოფდა. ტონღუზ ხათუნმა მოსწერა ჩვენს მეფეს: არას გავნებს ყაენი, თუ მოხვალ ურდოში და სამეფოს დაუკლებლად დაგიმტკიცებსო.
წამოვიდა ენუქ არქუნი ტფილისისკენ, წამოიყვანა მეფის ორი ვაჟი და ხოჯა აზიზი. ტფილისიდან წერილი გაუგზავნეს მეფეს, რომელიც ამ დროს იმერეთში იყო.
დადგა მეფე ქვიშხეთსა და სურამს შორის. მიაკითხა ენუქ არქუნმა, მიუყვანა შვილები, მიართვა ყაენისგან წიგნი ფიცისა და მიჰგვარა ხოჯა აზიზი.
მეფის ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს ხარბ ხოჯას და გააგზავნეს ტფილისში. აღმართეს ძელი საქართველოს დედაქალაქში და ხოჯა-აზიზის მიერ გამწარებულმა ტფილელებმა ნახეს, როგორ ჩამოაცვეს მათი მჩაგვრელი ხარკის ამკრეფის თავი ძელზე.