კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-51(481)

 ონილმა და გეგეშიძემ ხელი ჩამოართვეს ვარლამს და რატის. პოლკოვნიკი მანქანის საჭეს მიუჯდა. მის გვერდით ონილი მოკალათდა. დანარჩენები უკანა სავარძლებზე მოთავსდნენ და ჯაფარიძემ „ჯიპი“ ადგილიდან დაძრა. ექსპერტიზის ბიურომდე უხმოდ იარეს. იქ კი მათ უშიშროების ოთხი თანამშრომელი დახვდათ, რომლებიც ჯაფარიძემ წინასწარ გაგზავნა იქ.
– ახლა საით? – ჰკითხა პოლკოვნიკმა ერთ-ერთ ხელქვეითს, როდესაც მანქანიდან გადმოვიდნენ.
– წამობრძანდით, ბატონო სოსო. გვამი ცალკე ოთახში ჰყავთ დასვენებული, – უპასუხა უშიშროების თანამშრომელმა ჯაფარიძეს და ახალმოსულებს წინ გაუძღვა.
აბდულ-აზიზ ქემალის შიშველი სხეული იზოლირებული ბოქსის საპროექციო მაგიდაზე იყო დასვენებული. ჯაფარიძემ პათანატომი და რიგითი ხელქვეითები გარეთ დატოვა. დანარჩენებთან ერთად კი, ოთახში შევიდა. დონალდ ონილი ცხედარს მიუახლოვდა. სამიოდე წუთი ყურადღებით ათვალიერა და ბოლოს გამართული ქართულით ხმამაღლა თქვა:
– ვადასტურებ, რომ ნამდვილად აბდულ-აზიზ ქემალია. ახლა კი, კოლეგებო, ასე მოვიქცეთ, ეს ოთახი უნდა დაილუქოს და ჩვენი ექსპერტების ჩამოსვლამდე, რომლებიც უკვე სტამბულიდან გამოფრინდნენ, აქ არავინ არ უნდა შევიდეს. ყოველი შემთხვევისთვის, აქ მორიგეობა უნდა დავაწესოთ, – „ეფბეერელმა“ პაუზა გააკეთა და შემდეგ რატისა და კაკუბავას მიუბრუნდა.
– და კიდევ, კოლეგებო, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, არავისთან წამოგცდეთ აბდულ-აზიზ ქემალის შესახებ.
– გასაგებია, – ერთხმად მიუგეს ამერიკელს რატიმ და კაკუბავამ. ონილმა კი მათ გაუღიმა. დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და ჯაფარიძეს უთხრა:
– ახლა კი, სოსო, გამოძიებას მივხედოთ, რომ მცირედმა ინფორმაციამაც კი არ გაჟონოს. საქმეს, ალბათ, ზურაბი გაუძღვება, ხომ?
– ზურაბთან ერთად ეს ახალგაზრდა კაციც მინდა, ჩავრთო ამ საქმეში... – ჯაფარიძემ რატიზე მიუთითა ამერიკელს.
ონილმა რატი შეათვალიერა და ამერიკელისთვის უჩვეულოდ გამართული ქართულით  წარმოსთქვა მისი გვარი:
– რატი პეტრიაშვილი, ხომ?
– დიახ. რატი პეტრიაშვილი, დონალდ. აშკარად გამოსადეგი ადამიანია ჩვენს საქმეში, – მიუგო ჯაფარიძემ.
– ძალიან კარგი. თანახმა ვარ. ვნახოთ, როგორ გამოიჩენს თავს. შემდეგ კი შტატებშიც შეიძლება გავგზავნოთ სასწავლებლად, – თქვა ამერიკელმა. შემდეგ რატის ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– წარმატებას გისურვებთ, რატი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანტიტერორისტულ დეპარტამენტში!
***
პროზექტურიდან რომ გამოვიდნენ, დონალდ ონილი აეროპორტისკენ გაემართა სტამბულიდან გამოფრენილი „ეფბეერის“ ექსპერტ-კრიმინალისტების დასახვედრად. სოსო ჯაფარიძემ კი სამორიგეოდ დატოვებულ ხელქვეითებს ინსტრუქციები გააცნო. იზოლირებული ბოქსი საკუთარი ხელით დალუქა. შემდეგ გეგეშიძე, რატი და კაკუბავა „ჯიპში“ ჩაისვა და თავის ძველ მეგობარს უთხრა:
– ვარლამ, ჩემზე ნაწყენი ხარ?
– რას გულისხმობ? – კითხვა შეუბრუნა კაკუბავამ.
– რატი რომ ჩემთან გადმომყავს.
– რას იზამ, – ხელები გაშალა კაკუბავამ, – ასე სჭირდება ქვეყნის უშიშროებას. ნაწყენი კი ნამდვილად არ ვარ. პირიქით, მიხარია ჩემი თანაშემწის დაწინაურება. მაგრამ, სიტყვაზე გიჭერ და ჩიტო უნდა გამოაშვებინო ჩემთან ბუხუტი ბაქრაძეს, თან, რაც შეიძლება მალე.
– უპრობლემოდ, – შეპირდა პოლკოვნიკი, – ახლა ასე ვიზამთ: შენ და რატის პროკურატურაში მიგიყვანთ და ჩემს ახალ თანაშემწეს ყველა საჭირო საბუთი სასწრაფოდ გაუმზადე და გამოატანე. მე და ზურა კი ბუხუტი ბაქრაძეს ვეწვევით. ყველა მოკვლეულ მასალას გამოვართმევთ და გავაფრთხილებთ, რომ ამ მკვლელობის შესახებ ნამდვილი ინფორმაცია არავის გადასცენ. თან, ბაქრაძეს ჩიტოს საბუთებსაც გავამზადებინებ და პირდაპირ შენთან გამოვაშვებინებ.
– ძალიან კარგი, – გაეღიმა კაკუბავას.
ჯაფარიძემ რატი და კაკუბავა პროკურატურაში დატოვა. შემდეგ ზურაბ გეგეშიძესთან ერთად საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოში, პოლკოვნიკ ბუხუტი ბაქრაძეს მიადგა. პოლიციის უფროსი, ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსს პირადად იცნობდა, თუმცა, ერთხელ ჰყავდა ნანახი. რომ შეხედა, იცნო და ცოტა არ იყოს, შეცბა. მაგრამ არ შეიმჩნია. კაბინეტში შეიპატიჟა და უთხრა:
– მობრძანდით. რით შემიძლია, გემსახუროთ?
– გამარჯობა, ბატონო პოლკოვნიკო. მე სოსო ჯაფარიძე ვარ. ეს კი მაიორი ზურაბ გეგეშიძეა, – უთხრა  ჯაფარიძემ კაბინეტის მასპინძელს.
ბაქრაძემ ახალმოსულებს ხელი ჩამოართვა და დაჯდომა შესთავაზა. შემდეგ თავადაც დაჯდა და ჯაფარიძეს მიმართა:
– გისმენთ, ბატონო სოსო. რით შემიძლია, გემსახუროთ?
– ბატონო ბუხუტი, თქვენთან ერთ დელიკატურ საქმეზე ვართ მოსულები.
– გისმენთ, ბრძანეთ.
– დღეს დილით თქვენმა თანამშრომლებმა მოკლული მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს ერთ-ერთი სახლის ბინაში და ამ საქმეზე გეახელით.
– დიახ, გისმენთ.
– იმ თანამშრომლებთან გვსურს გასაუბრება შეგიძლიათ, თქვენს კაბინეტში მოიწვიოთ? თუ არ ვცდები, რევაზ ჩიტაძე და კონსტანტინე ობოლაძე, ხომ?
– დიახ. ხომ მშვიდობაა, ბატონო სოსო?
– მშვიდობაა, მშვიდობა. ეგ საქმე ჩვენი უწყების კომპეტენციაა და გვინდა, გავესაუბროთ.
– ახლავე დავუძახებ, – თქვა ბაქრაძემ და ტელეფონის ყურმილს დასწვდა. ჯაფარიძემ კი გააგრძელა:
– ყველა მოკვლეული მასალაც თან წამოიღონ.
რეზო და კოტიკო ორიოდე წუთის შემდეგ უკვე პოლიციის უფროსის კაბინეტში იყვნენ. ბაქრაძემ ისინი ჯაფარიძეს წარუდგინა და ანტიტერორისტული სამსახურის უფროსმა რეზო ჩიტაძეს უთხრა:
– რევაზ ჩიტაძე თქვენ ხართ, ხომ?
– დიახ, – დაუდასტურა რეზომ.
– მეტსახელად ჩიტოს გეძახიან?
– დიახ.
– ჩემო რეზო, ეს მკვლელობა ჩვენი, ანტიტერორისტული დეპარტამენტის კომპეტენციაა და აქ  იმიტომ მოვედით, რომ თქვენ მიერ მოკვლეული მასალები გამოგართვათ და გაგაფრთხილოთ, ამ საქმის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, სრული საიდუმლოება დაიცავით და ინფორმაცია არავის გადასცეთ. საქმეს გრიფი – „საიდუმლო” ადევს. პროკურატურა უკვე საქმის კურსშია და თქვენც გაფრთხილებთ.
– გასაგებია, – რეზომ ჯაფარიძეს შავი ფერის საქაღალდე წინ დაუდო და დაამატა, – აი, ბატონო, რაც ამ მომენტისთვის მოვიკვლიეთ, ყველაფერი ამ ფაილებშია.
– ძალიან კარგი. თქვენ კი ჩვენთან უნდა წამობრძანდეთ და ჩვენება მისცეთ ჩვენს თანამშრომელს, ზურაბ გეგეშიძეს.
– კარგი, – მიუგო რეზომ.
ჯაფარიძე ბუხუტი ბაქრაძეს მიუბრუნდა და უთხრა:
– ბატონო ბუხუტი, თქვენთან კი პირისპირ მაქვს სალაპარაკო და სანამ ჩვენი კოლეგები მანქანაში დამელოდებიან, მოგახსენებთ.
– ბრძანეთ, ბატონო, – მიუგო ბაქრაძემ.
გეგეშიძე, ჩიტო და კოტიკო პოლიციის უფროსის კაბინეტიდან გავიდნენ. სოსო ჯაფარიძემ კი ბაქრაძეს მცირე შესავალი გაუკეთა, რეზო ჩიტაძის ვარლამ კაკუბავასთან გადაყვანის შესახებ და ასე დააბოლოვა ნათქვამი:
– რას იზამთ, ბატონო ბუხუტი, ასე სჭირდება ქვეყნის უშიშროებას და რევაზ ჩიტაძეს უნდა შეელიოთ.
– თავს ზემოთ ძალა არაა, – ჩაეცინა ბაქრაძეს, – სანამ რეზო დაბრუნდება, ყველა საჭირო საბუთს გავუმზადებ.
ჯაფარიძე გამოემშვიდობა ბაქრაძეს და მისი კაბინეტი დატოვა.
***
საღამოს ექვსი საათისთვის სოსო ჯაფარიძის კაბინეტში, მასპინძლის გარდა, ზურაბ გეგეშიძე და რატი პეტრიაშვილიც იმყოფებოდნენ. პოლკოვნიკმა ხელქვეითებს გადახედა და მაიორს უთხრა:
– ჩიტო და კოტე ობოლაძე სად არიან?
– დასაკითხ ოთახში გველოდებიან.
– საქმეს შეუდექით, ზურაბ, – უთხრა პოლკოვნიკმა გეგეშიძეს და რატის მიუბრუნდა:
– აბა, შენ იცი. წარმატებას გისურვებ! უკვე გაგაფორმე და ოფიციალურად ხარ ჩვენი თანამშრომელი. დაკითხვას რომ დაასრულებ, ჩემთან შემოდი და პირადობის მოწმობას მოგცემ. მალე დაამზადებენ და შემომიტანენ.
რატი და გეგეშიძე რომ წავიდნენ, ჯაფარიძემ ონილს დაურეკა და თავისთან იხმო. „ეფბეერელი“ ორიოდე წუთში გამოცხადდა პოლკოვნიკთან და უთხრა:
– ხუთი წუთის წინ დავბრუნდი და შემოსვლას ვაპირებდი.
– როგორ ჩაიარა ექსპერტიზამ, დონალდ?
– სოსო, ერთი დელიკატური საკითხია, – მიუგო ონილმა პოლკოვნიკს.
– რა ხდება?
– აბდულ-აზიზ ქემალის გვამი ექსპერტებმა სტამბულში წაიღეს და იქ გაკვეთენ. ამის შესახებ კი არავინ არ უნდა გაიგოს და რაც შეიძლება მალეა ეს საკითხი მოსაგვარებელი.
– რატომ, რა ხდება, კანონიერია ასეთი რამ? – მხრები აიჩეჩა პოლკოვნიკმა, – ან, რა ვუთხრა მინისტრს. ის ხომ უკვე საქმის კურსში ჩავაყენე, რომ თბილისში ძებნილი ტერორისტი მოკლეს?
– მინისტრმა უკვე იცის. მას ცენტრიდან დაურეკეს და პრობლემები არ შეგექმნება, – მიუგო ონილმა.
– გასაგებია, – თქვა პოლკოვნიკმა. გააბოლა და „ეფბეერელს“ ჰკითხა:
– მაინც რატომ, რაშია საქმე?
– არაფერი ვიცი, სოსო, – ხელები გაშალა ონილმა, – ცენტრიდან დამირეკეს და ასე მითხრეს – ამ საქმის ზესაიდუმლოებაზე იზრუნეო. ცენტრი თბილისში საგამოძიებო ჯგუფს აგზავნის და ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა მასალა მათ უნდა გადავცეთ.
– როდის ჩამოდიან?
„ეფბეერელმა“ საათს დახედა.
– ექვს საათში. სადღაც ღამის პირველი საათისთვის. როგორც კი აბდულ-აზიზ ქემალის მკვლელობის შესახებ შეიტყვეს ცენტრში, საგამოძიებო ჯგუფი უკვე ერთი საათში გამოუშვეს ვაშინგტონიდან.
– ვაშინგტონიდან? – დააზუსტა გაკვირვებულმა პოლკოვნიკმა, რადგან „ეფბეერს“ უახლოესი ფილიალი სტამბულში ჰქონდა და საჭიროების შემთხვევაში, სწორედ იქიდან ჩამოდიოდნენ „ეფბეერის“ აგენტები.
– კი, ვაშინგტონიდან.
– გასაგებია, – თქვა პოლკოვნიკმა და იმის მიუხედავად, რომ შეერთებულ შტატებში სწავლობდა და „ამერიკის კაცად” ითვლებოდა, მაინც არ სიამოვნებდა ასეთი უცერემონიო საქციელი ოკეანისგაღმელებისგან.
სოსო ჯაფარიძემ ისიც კარგად იცოდა, რომ „ეფბეერის“ უფროსი აგენტი დონალდ ონილი მხოლოდ ბიუროს კონსულტანტი არ იყო საქართველოში ანტიტერორიზმის განხრით. ის ამ უწყების თვალებსა და ყურებს წარმოადგენდა. სუბორდინაციის მიუხედავად, რასაც ონილი, მართალია, იცავდა, მის გარეშე არაფერი წყდებოდა საერთაშორისო ტერორიზმითან დაკავშირებით საქართველოში და ყველა, არა მარტო საკვანძო საკითხი, არამედ წვრილმანიც კი, მხოლოდ მისი ნებართვით ხორციელდებოდა. თუმცა, ამ სფეროში წვრილმანები არ არსებობს და ამერიკელი ყველაფრის საქმის კურსში იყო. ყველაფერს აკონტროლებდა. ჯაფარიძეს ონილთან პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა. პირიქით, პოლკოვნიკს ესიმპათიურებოდა კიდეც ქართულ ენაზე უბადლოდ მოლაპარაკე ამერიკელი. მაგრამ, მაინც არ სიამოვნებდა მისი ასეთი ძალაუფლებიანობა. თუმცა, ცდილობდა, მისთვის ეს არ ეგრძნობინებინა და „ეფბეერელთან“ ურთიერთობაში სრულ ლოიალურობას ინარჩუნებდა.
– სოსო, მოკვლეული მასალები შენთანაა? – ჰკითხა დონალდმა ჯაფარიძეს.
– მხოლოდ ნაწილი. დანარჩენი ინფორმაცია კი მაშინ მექნება, როცა გეგეშიძე და პეტრიაშვილი პოლიციელების დაკითხვას დაასრულებენ, – უპასუხა სოსომ და შავი ფერის საქაღალდე მიაწოდა.
– შეიძლება, ჩემს ოთახში გავიტანო და იქ გავეცნო?
– რაზეა ლაპარაკი, – გაეღიმა პოლკოვნიკს.
ამერიკელი წამოდგა და სანამ გავიდოდა, ჯაფარიძეს უთხრა:
– სოსო, დღეს, ალბათ, ღამის გათენება მოგვიწევს. ჩვენი ვაშინგტონელი კოლეგები რომ ჩამოვლენ, მათ დაწვრილებითი მოხსენება უნდა წარვუდგინოთ და ყველა მასალა გავატანოთ.
– რაზეა ლაპარაკი, დონალდ. თუ საჭირო იქნა, ორი ღამეც გავათენოთ და მესამეც მივაყოლოთ. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ პოლიციელების დაკითხვის მერე, კვლავ მასალების მოსაპოვებლად მოგვიწიოს გასვლა. ჩვენს ვაშინგტონელ კოლეგებს კი აქ გაჩერება მოუწიოთ.
– კარგი, სოსო, – გაუღიმა ონილმა პოლკოვნიკს, – ერთი თხოვნა მაქვს, პოლიციელების დაკითხვა რომ დასრულდება, ცოტა ხანს გააჩერონ. მე და შენ კი გეგეშიძისგან და პეტრიაშვილისგან დაკითხვის ანგარიში ჩავიბაროთ. შემდეგ უკვე მე შევხვდები დაკითხულ პოლიციელებს და გავესაუბრები.
– კარგი. ასე ვიზამ. პოლიციელებს უშენოდ არ გავუშვებ, – უთხრა ჯაფარიძემ ამერიკელს და კაბინეტიდან გაისტუმრა.
დონალდ ონილი რომ წავიდა, ჯაფარიძემ გააბოლა და გაიფიქრა: „აშკარაა, რომ ამერიკელებს ძალიან არ უნდათ აბდულ-აზიზ ქემალის მკვლელობის გახმაურება და ასე იმიტომ ასაიდუმლოებენ ამ ამბავს. მაგრამ რატომ? სადაა ძაღლის თავი დამარხული?“
***
რეზო ჩიტაძისა და კოტე ობოლაძის დაკითხვა რომ დასრულდა, სოსო ჯაფარიძემ რატის უთხრა:
– ჯერ არ გაუშვა პოლიციელები. მოუბოდიშე და უთხარი, რომ მათთან გასაუბრება სურთ. შემდეგ კი ამობრუნდი და შენ და ზურამ დაკითხვის შედეგები მომახსენეთ. ჩვენს საუბარს ონილიც დაესწრება.
რატი წავიდა. პოლკოვნიკის კაბინეტში რომ დაბრუნდა, იქ უკვე „ეფბეერელიც“ იმყოფებოდა და ჯაფარიძემ გეგეშიძეს უთხრა:
– დაიწყე, ზურაბ, გისმენთ.
მაიორმა ზურაბ გეგეშიძემ ჩაახველა და თქვა:
– გარდა იმისა, რომ მასალებიც საბურთალოს პოლიციიდან წამოვიღეთ და ხელთ გვაქვს უკვე დოკუმენტები, დაკითხულებმა გვითხრეს, რომ ერთ პიროვნებაზე გავიდნენ. მან კი შესაძლოა, თურქ გოგონა ზუხრაზე თუ არა, რაიმე დამატებითი ინფორმაცია მაინც მოგვაწოდოს ვიღაც უცნობ მამაკაცზე – ვინც, სავარაუდოდ, მას ახლდა ამ ორი დღის წინ, ანუ ცხრამეტ მაისს.
– ოო, ეს ძალიან საინტერესოა, – სიტყვა გააწყვეტინა ჯაფარიძემ გეგეშიძეს, – მიდი, მიდი, განაგრძე. ძალიან საინტერესოა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3