კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-51(781)

 გაბიმ კარი გააღო და ლევანმაც ანგარიშმიუცემლად შეაბიჯა პატარა ბინაში. ერთი საშუალო ზომის ოთახი იყო, სიღრმეში კი კიდევ ერთი კარი მოჩანდა – ალბათ, სააბაზანოსი. კედლებზე იაფფასიანი, თუმცა სუფთა შპალერი იყო გაკრული. ავეჯი ძველმოდური იდგა, მაგრამ, კარგად შენახული.
– აქ ცხოვრობ? – ჰკითხა გოგოს.
– ჰო, ზოგჯერ, როცა მარტოობა მომინდება. ქირა დიდი არ არის, ყოველ შემთხვევაში, მე მიღირს. მოდი, მოეწყვე. ტუალეტი იქით არის, საშხაპეც. საწოლი საკმაოდ მყარია, მეტი არც არაფერი მჭირდება.
ლევანი ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა გოგოს. მისი სიტყვებიდან ისე გამოდიოდა, რომ ბინა კაცებთან ურთიერთობისთვის ჰქონდა ნაქირავები, მაგრამ ეს არ უთხრა. გაბი თითქოს მიუხვდა აზრებს.
– ბინა საყვარლების მისაღებად არ მაქვს, თუ ეს იფიქრე, ცდები. მე მიყვარს თავისუფლება და, ვერ ვიტან, როცა შეზღუდვებს მიწესებენ. როცა მინდა და ვისთანაც მინდა, იმასთან უნდა ვიყო.
– და ახლა ჩემთან გინდა ყოფნა?
გაბიმ გაიცინა და ლოგინზე წამოწვა.
– ამას მნიშვნელობა აქვს? – ჰკითხა ცბიერი ღიმილით.
– აქვს. გაბი, არ მინდა, შარში გავეხვიო, – ლევანი შეყოყმანდა.
– ჰა, ჰა, ჰა! და, რა გგონია, თუ დარჩები, ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდები? კარგი, წადი, – მხრები აიჩეჩა გაბრიელამ.
– ეგ არ მითქვამს, თუმცა...
– მკითხე, რა გაინტერესებს.
– ბევრი რამ, მაგრამ, ვხვდები, რომ ამდენის უფლება არ მაქვს.
– იცი, რისი თქმა შემიძლია? თუ გინდა, დარჩი ჩემთან და გავაგრძელოთ ის, რაც ტუალეტში დავიწყეთ. როცა აქ ყოფნა აღარ გენდომება, წახვალ. ღამის გასათევსაც გთავაზობ.
ლევანი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. გოგომ მისკენ მიიჩოჩა და თავი მუხლებზე დაადო. კაცი თვალებში ჩააშტერდა. ძალიან არაპროგნოზირებადი და მოულოდნელობებით სავვსე იყო მისი ცხოვრება – არასოდეს გამოსდიოდა ისე, როგორც ჩაიფიქრებდა და დააწყობდა გეგმებს, თითქოს რაღაც უხილავი ხელი ურევდა და ურევდა... ისევ ის ღამე გაახსენდა, როცა თეონასთან პირველად დაწვა. მაშინ დარწმუნებული იყო, რომ ბედნიერებამ კარზე მიუკაკუნა; სიხარულის განცდაც ისეთი მძაფრი იყო და ხელშესახები... მაშინ იმასაც ფიქრობდა, რომ ამიერიდან ყველაფერი გამოუვიდოდა; რომ თეონა მისი ცხოვრების ერთადერთი ქალი იქნებოდა. გაეღიმა – ასეთი გულუბრყვილო და სულელი როგორ ვიყავიო. მერე თითქმის ასევე ფიქრობდა ნანაზეც – საღი აზრი და სამომავლო პერსპექტივები მოდიოდა წინა პლანზე. გაბრიელამ ღილები შეუხსნა და თითები პერანგის ქვეშ შეუცურა. ლევანმა სველი თვალები დაუკოცნა. გოგო რაღაცას გაუგებრად ჩურჩულებდა, კაცი კი თითქმის მექანიკურად და ანგარიშმიუცემლად მოქმედებდა.
დილით ისეთ ცუდ გუნებაზე გაეღვიძა, როგორც „პახმელიაზე” მყოფს – ასე ემართებოდა ხოლმე, როცა ზედმეტს დალევდა. გვიან გააცნობიერა, რომ გვერდით მყოფი თბილი სხეული გაბრიელას ეკუთვნოდა, წინა დღით შემთხვევით გაცნობილ გოგოს. ღირდა კი ნანას მიტოვება? პირველად დაეჭვდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. მობილურიც რომ გადააგდო? დარეკვით კი დაურეკავდა ნებისმიერი ავტომატიდან, მაგრამ, ღირდა კი?! ნანა ან აპატიებდა – ცრემლების ღვრისა და კიდევ ერთი სკანდალის შემდეგ, ან კარს ცხვირწინ  მოუკეტავდა. მით უმეტეს, თუ გაბისთან მის თავგადასავალს გაიგებდა. ოჰ, ეს ქალები! რატომ ითხოვენ, რომ არარეალური დაპირებები მისცე და ოცნების კოშკები აუგო? თავადაც ხომ ხვდებიან, შეუძლებელს რომ ითხოვენ? მით უმეტეს, ნანა, რომელიც საკმაოდ ჭკვიანი და სერიოზული ჩანდა თავიდან. ლევანმა იფიქრა, ძლივს შევხვდი ღირსეულ ქალს, რომელიც არც ზედმეტ შეკითხვებს დამისვამს და არც პრობლემებს შემიქმნისო, მაგრამ, მოტყუვდა, მალე მიხვდა – აქაც ზუსტად ისევე იყო ყველაფერი, როგორც თეონასთან: ნანამაც ზუსტად ისე იტირა, როგორც თეონამ, როცა პირველად არ გაათია ღამე მასთან.
– სად იყავი? მითხარი, სად იყავი?! – ხმას აუწია, როცა ტირილი შეწყვიტა.
– არსად.
– რას ნიშნავს, არსად. მთელი ღამე არსად გაატარე?
– ბარში ვიჯექი.
– დილამდე?
– ჰო, დილამდე... – მშვიდად უთხრა ლევანმა და სცადა მოჰფერებოდა, მაგრამ ქალმა გამეტებით ჰკრა ხელი.
– რა გემართება?
– მე? მე რა მემართება? შენ რა გემართება? ვეღარ გცნობ. თავს იგიჟებდი, ისე გინდოდა ჩემთან ყოფნა! მეხვეწებოდი, მემუდარებოდი, რომ აქეთ წამომეყვანე; უშენოდ ვეღარ ვიცოცხლებო, მიმტკიცებდი, არადა, თურმე, მიყენებდი, – გაანჩხლდა ქალი, –  ქმარიც კი მიმატოვებინე და მე სულელმა, დაგიჯერე... როგორ შეიძლებოდა შენი ნდობა?
– ნანა, ბარში ვიყავი, მართლა, გეფიცები.
– მეფიცები... თითქოს შენს ფიცს რამე აზრი ჰქონდეს! შენს ცოლსაც ხომ ეფიცებოდი, როცა ჩემთან ღალატობდი?
 – როგორ მეუბნები მაგას? ხომ გახსოვს, როგორ ვწუხდი, როცა ტყუილის თქმა მიწევდა თეონასთვის? ძირითადი მიზეზი ეს იყო, როცა შენთან ერთად ამერიკაში წასვლა გადავწყვიტე.
– აჰა, თურმე, ცოლს გამოეპარე ამერიკაში, ჩემმა სიყვარულმა კი არ წამოგიყვანა...
– ნანა, მიყვარხარ, როგორ დაგიმტკიცო?
– ვხედავ, როგორც გიყვარვარ! ზედ გყვები, ყველაფერს ვაკეთებ შენი გულისთვის – რამდენი საზიზღრობა ჩავიდინე, რომ შენთვის აქ ყოფნის, შტატებში ცხოვრების უფლება მომეპოვებინა! როგორ მოვექეცი ჩემს ქმარს, რომელსაც მართლა ვუყვარდი – იმ ქონების ნაწილიც კი წავართვი, რომელიც მე არ მეკუთვნოდა. და, რა მივიღე მადლიერების ნაცვლად? – ღალატი, სულ მატყუებ.
– ნანა, უსამართლოდ მექცევი. ტყუილებს სიტუაციის გამოსასწორებლად ვიგონებ და ამასაც შენ მაიძულებ.
– ოჰო?! ესე იგი, მატყუარადაც მე გაქციე? ეგღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. რატომ არ გინდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო?
– ვიღებ, ვიღებ. რობერტოს გავყევი ბარში, ღვინოები უნდა მიეტანა, მერე კი აღარ წამოვედი.
– ღვინოების ტარება თუ გინდოდა, თბილისში ხომ დაატარებდი, აქ რაღას მორბოდი? ან, რობერტოს როდის დაუძმაკაცდი, მოძებნე, ხომ, შენი ჭკუის?
– ეგ რა შუაშია? მინდა, მეც ვცადო რაღაც საქმის დაწყება, როდემდე უნდა ვიყო შენზე ჩამოკიდებული?
– საჭმელი დაგაყვედრე თუ ღამის გასათევი? იქნებ, ცოტა ფულს გაძლევ?
– ნანა, რატომ არის შენთვის ასეთი ძნელი, რომ მარტივი რაღაც გაიგო? მე ჩემი ფული მინდა. ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანააო და, მინდა ვნახო, სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი!
– წელიწად-ნახევარი ამაზე ფიქრს არ შეუწუხებიხარ და ახლა რა დაგემართა? გთხოვდი, ენის შესწავლელ კურსებზე იარე-მეთქი და სწავლა შუა გზაში მიატოვე!
– რა გინდა, ცოტა ხომ ვისწავლე? – თავის გამართლება სცადა ლევანმა.
– ჰო, ცოტა ნამდვილად ისწავლე. აქაურ კახპებთან ურთიერთობისთვის გეყოფა, – წაგესლა ნანამ, – საკუთარი ფულიც მაგისთვის გჭირდება. მერე კი საერთოდ მიმატოვებ...
– არ მიგატოვებ, აბა, საიდან მოგაფიქრდა ეგ სისულელე? არანაირ კახპებთან არ მაქვს ურთიერთობა. ბარში ვიჯექი, ვფიქრობდი  და ისე დამათენდა, ვერც გავიგე.
– ტელეფონს რატომ არ პასუხობდი? – დადარაჯებულივით ჰკითხა ნანამ, – ფიქრში შეგიშლიდა ხელს?
– ჰო, საკუთარ თავთან მომინდა დარჩენა. რატომ არის ეს კატასტროფა?
– იმიტომ, რომ მატყუებ. გგონია, ვერ ვხვდები? მარტო დარჩენა თუ გინდოდა, ამხელა სახლში ადგილი ვერ იპოვე? გეთქვა და არ შეგაწუხებდი!
– ღმერთო, აუცილებლად შენთან უნდა შევათანხმო ყველაფერი? რადგან ჩამომიყვანე და ჩემთვის ასეთი დიდი საქმე გააკეთე, ახლა თავისუფლად ვეღარ უნდა ვისუნთქო?! – იყვირა მოთმინებადაკარგულმა ლევანმა და მაშინვე ინანა. ნანა გაფითრდა.
– მაპატიე, ნანა, არ მინდოდა... უნებლიედ მომივიდა, ძალიან გამომიყვანე მოთმინებიდან. გპირდები, ეს აღარ განმეორდება.
– ახლავე წადი აქედან! – თქვა მოულოდნელად ქალმა მკაცრი, შეუვალი ხმით.
– რა თქვი? – ლევანს გაეღიმა, – ჩემი გაბრაზებული გოგო... რა გავაკეთო, რომ შემირიგდე?
– ენას ნუ მიჩლექ და თავიდან მომწყდი! აიღე შენი ნივთები და წადი! მე ლაპარაკი დავამთავრე!
– ნანა, მართლა მაგდებ? არ მჯერა. ასეთი რა დავაშავე?
– რომ არ გესმის, რა დააშავე, ეგაა სწორედ პრობლემა – ესე იგი, ეს ისევ განმეორდება. მე კი ის ქალი არ ვარ, კაცს ნერვები მოვაშლევინო! მისამართი შეგეშალა!
– ნანა, სად უნდა წავიდე? – ლევანი ისევ იღიმებოდა, თუმცა ხვდებოდა, რომ პრობლემა სერიოზული გახდა – ქალი აშკარად აღარ აპირებდა უკან დახევას.
– არ ვიცი, სადაც გინდა! თუნდაც რობერტოსთან, ბარში... სიმართლე გითხრა, ფეხებზე მკიდია. შეგიძლია, მანქანა წაიყვანო – შენ გაჩუქე და არაფერში მჭირდება.
ლევანი უხმოდ შებრუნდა და თავის საძინებელში ავიდა. ჩანთაში ნელა ალაგებდა ტანსაცმელს. იმედი ჰქონდა, რომ ოთახში ნანა შევიდოდა და ეტყოდა, რომ წყენამ გაუარა და მისი წასვლა არ უნდოდა, მაგრამ შეცდა – ქალი არ გამოჩენილა. ჩანთა ქვემოთ ჩამოათრია და ჰოლში სიგარეტს მოუკიდა.
– აქ ნუ ეწევი!. – შეუყვირა ნანამ, –  დროსაც ნუ კარგავ ტყუილუბრალოდ, აღარ გადავიფიქრებ! – მერე მის ჩანთას შეავლო თვალი, – ყველაფერი მიგაქვს? შენს ძონძებს ვგულისხმობ. არ მინდა, შენი თავი რამემ გამახსენოს.
– ჰო? ესე იგი, ჩემი გუშინდელი საქციელი არაფერ შუაშია. ჩემი თავიდან მოშორება ისედაც გინდოდა და შეგეძლო, პირდაპირ გეთქვა. ამხელა სკანდალი და ჩემი ურჩხულად გამოყვანა რა საჭირო იყო?
– ლევან, სანამ საერთოდ ცარიელი გამიშვიხარ, იმის ამარა, რაც ტანზე გაცვია, გაჩუმდი და წადი!
– აჰა, არ მჭირდება შენი ნაყიდი არაფერი! – ლევანმა ჩანთა პირდაპირ ფეხებში მიუგდო ნანას და ჯიბიდან მობილურიც ამოიღო, – ესეც გქონდეს, შემთხვევით რომ არ მოგენატრო და არ დამირეკო!
– წადი... – კბილები გააღრჭიალა ნანამ.
ლევანმა გაიცინა და კარი გაიჯახუნა.
***
კახა დაძაბულ მზერას არ აშორებდა ლევანს, თან სიგარეტს ეწეოდა.
– ასე ნუ მიყურებ. მთელი საქართველო სადღაც მიდის, გაქცევაზეა ყველა და ჩემი წასვლა რატომაა სამშობლოს ღალატი?
– იმიტომ, რომ შენ ქალს გამოეკიდე, თანაც, ცოლი გყავს.
– მოიცა, რა, ნანა რა შუაშია?! ის ქალი, უბრალოდ, მეხმარება. რაც შეეხება თეონას, ჩემი წასვლა ორივესთვის კარგი იქნება. ისე დაგვეძაბა ურთიერთობა, რომ არ წავიდე, ერთმანეთს დავხოცავთ.
– ჰმ! – ჩაიცინა კახამ, – ნეტავი, რატომ არ მიკვირს? ეგეც იმ ნანას ბრალი ხომ არ არის? მაინც არ ამბობ, რომ შენი საყვარელია?
– რა გინდა? ჰო, კარგი, ვიწექი მასთან, მერე რა მოხდა? – სიგარეტს ლევანმაც მოუკიდა და მეგობარს ჯიქურ მიაჩერდა.
– ის მოხდა, რომ ბუღად მიჰყავხარ იმ ქალს, ვერ ხვდები? აღარ მოუნდები და ისე გამოგისვრის, უკან დასაბრუნებელ ბილეთსაც არ გიყიდის, თორემ, ნახავ...
– აუჰ, იწინასწარმეტყველა ბიჭმა! ჯერ ერთი, უკან დასაბრუნებელი ბილეთის ფულს როგორმე ვიშოვი. იქ გულხელდაკრეფით დაჯდომას არ ვაპირებ. იქნებ რამე საქმე ავაწყო და მერე შენც მაგრად იქნები, მოგხედავთ ყველას.
– ეგ ზღაპრები თეონას მოუყევი, თუ დაგიჯერებს. რა საქმე უნდა ააწყო, ბიჭო?! ინგლისური შენ არ იცი წესიერად და... შემახსენე, ერთი რა პროფესიის ხარ?
– ისტორიკოსი...
– ჰო, ისტორიკოსი.... მეეჭვება, ამერიკის მატიანის დაწერა შეგიკვეთონ. მოკლედ, დაფიქრდი, რა!
– დავფიქრდი უკვე და გადავწყვიტე.
– არ ვიცი, არ ვიცი, მე ჩემი გითხარი, ძმაო და, ახლა შენ იცი. მე ვერ გავრისკავდი.
– ვერ გარისკავდი? ერთი შენ ამოერჩიე ნანას და, სკუპ-სკუპით გამოეკიდებოდი უკან... მგონი, გშურს კიდეც.
– მშურს? საიდან მოიტანე, ტო! რომელი ბოღმა და შურიანი მე მნახე. პროსტო, არ მინდა, უსარგებლო, ძველი ნივთივით მოგექცნენ. აპასნი ქალია ეგ ნანა.
– მე ვუყვარვარ! – გაიცინა ლევანმა.
– კარგი, რა, ეგეთებს არავინ უყვართ საკუთარი თავის გარდა. აი, ნახავ, თუ ისე არ იქნება, როგორც მე გეუბნები.
– მთარსავ, შე ჩემა?
– რატომ გთარსავ,  ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ ვიცი, რომ უფასო ყველი მარტო სათაგურშია. ტყუილად იხდის ნანა ამდენ ფულს?
– რა ფულს, ბიჭო?
– სპეციალურად ჩამოვიდა – ეს ერთი! ბილეთს ყიდულობს შენთვის – ორი! ვიზაზე ჩალიჩობს – ეგეც სამი. გგონია, იაფი დაუჯდება? შენ ვინ მოგცემს ისე ვიზას? აგერ, ვალერას არ მისცეს, აწყობილი რესტორანი აქვს კაცს.
– ვუყვარვარ-მეთქი, ხომ გითხარი?
– შენ? შენ თუ გიყვარს?
– რატომ არ უნდა მიყვარდეს? ზედ მყვება, პრეტენზიებს კი არ მიყენებს ზოგ-ზოგიერთივით.
– ჯერ არ გიყენებს, – დააზუსტა კახამ, – აი, ბოლომდე თავის საკუთრებად რომ ჩაგთვლის, მერე ნახე, როგორ გაბატონდება შენზე. არა, რა, ჩემმა მტერმა იცხოვრა ქალის ფულით. ეგ რომ არ მინდა, იმიტომაც ვპახაობ, თორემ, ერთ ფულიან ბაბუშკას როგორმე მეც ვიპოვიდი.
– რატომ არის ნანა ბაბუშკა? მეტისმეტი ხომ არ მოგდის? მშვენიერი ქალია.
– ჰო, ბაბუშკა არ არის, თანაც, მე ნანა არ მიგულისხმია, – კახამ ამოიოხრა, – რა ვქნა, შენზე ვნერვიულობ.
– სულ ტყუილად. ნახავ, რა კარგად იქნება ყველაფერი.
– თეონას უკვე უთხარი?
ლევანს ღიმილი შეეყინა:
– ჯერ არა, ვემზადები.
– უჰ, მძიმე საუბარი გექნება...
– ვიცი, –  თქვა ლევანმა და ამოიოხრა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3