როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ტაბეშაძე-ტაბაშაძე-ტაბარუკაშვილი
ტაბეშაძე იმერეთში წარმოშობილი, იმერული გვარია.
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტაბა. ტაბეშაძე ორსუფიქსიანი გვარია: ში+ძე. ტაბა-ზე, დაშენებული ქართული გვარია ტაბაშაძე. ტაბარუკი სოფელია გარდაბნის რაიონში და აქედანაა, ასევე, გვარი ტაბარუკაშვილი.
ტაბა ფუძედაა სახელსა და გვარებში: ტაბატაძე (ტაბატა), ტაბაღუა (ტაბაღი). ტაბახი უძველესი ეთნონიმია ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან, ამავე ძირისაა ტაბახია, ტაბაშიძე.
გვარის ფუნქციით, ტაბეშიძე, შესაძლებელია, ლაზური გაფორმების გენეტიკური სახელი იყოს.
საქართველოში 236 ტაბეშაძე ცხოვრობს: ბაღდათში – 164, ქუთაისში – 24, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.
ნაცარიშვილი-დადიანი
გვარის ფუძეა სიტყვა ნაცარი. ნაცარიშვილი ცხოვრებისეული პირობების გამო ხელოვნურადაა გამოგონილი და ამ გვარს დადიანების ცნობილ ფეოდალურ საგვარეულოსთან მივყავართ.
აჭარის მიდამოებში, კერძოდ კი, ქობულეთის მაღალმთიან სოფელ ხინოში, საუკუნეების წინათ სამეგრელოდან მოსული დადიანები დასახლებულან. გვარში დღემდეა შემორჩენილი გადმოცემა: ჯემალ დადიანმა ხუნდებით წამებას ვერ გაუძლო, ტყეში გადაიკარგა და სოფელ ხინოდან 80 კილომეტრზე იპოვეს ნაცარში ამოგანგლული. მას ალამბარელებმა (სოფელია) ჯერ ნაცარა შეარქვეს, ხოლო, როცა ოჯახი შექმნა, „დადიანის ნაცარიშვილად“ მონათლეს. ასე რომ, სწორედ დადიანის გვარმა დაუდო სათავე ნაცარიშვილის გვარს – ამ მცირერიცხოვანი გვარის წინაპრები დადიანები იყვნენ.
საქართველოში 37 ნაცარიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 22, თბილისში – 10, ბათუმში – 5.
განუგრავა-განგურავა
გვარების ისტორიის შემსწავლელები ფიქრობენ, რომ გვარი განუგრავა არასწორია და ის ადრე განგურავა იყო.
განგურავა მეგრულში იგივეა, რაც განუგრძობელი, შეწყვეტილი, დაუმთავრებელი.
გვარის ფუძე შეიძლება, შევადაროთ სიტყვას განგა, აქედანაა გვარი განგავა; განგი იგივეა, რაც კეთილის მოსურნე. განგავას ვარიაციული ფორმაა განგია, განგება-ღვთაება.
ამ გვარის შესახებ, ისტორიულ წყაროებში, საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
საქართველოში 99 განუგრავა ცხოვრობს: თბილისში – 32, ბათუმში – 3, ზესტაფონში – 2. არიან სხვაგანაც.
კოკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოკა.
1721 წელს საბარათიანოში, ბატონის მეფის სახასოში, მოიხსენიება ყაზარა კოკაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: კოკაია, კოკაური, კოკელაშვილი, კოკელაძე, კოკიაშვილი, კოკილაური, კოკილაშვილი.
საქართველოში 98 კოკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 40, რუსთავში – 34, მცხეთაში – 6. არიან სხვაგანაც.
ხიზაძე
გვარის ფუძით ხიზანა-ხიზანი, ნაწარმოებია ქართული გვარი ხიზაძე.
ხიზაძეთა ადრინდელ საცხოვრებელ ადგილად მოიხსენიება სოფელი კუნცა (ასპინძის რაიონი). იმავე რაიონში, ამ გვარის წარმომადგენლები დღეს სხვაგანაც ცხოვრობენ, კერძოდ, სოფელ აწყვიტაში.
საქართველოში 66 ხიზაძე ცხოვრობს: ასპინძაში – 32, თბილისში – 7, ახალციხეში – 6. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით