კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დააკავებინა ლავრენტი ბერიამ ბორის პაიჭაძე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებული სპორტსაზოგადოება „დინამოს“ სულისჩამდგმელი და დიდი მოამაგე, თავად ლავრენტი ბერია იყო. ის ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა. თამბაქოს არ მოიხმარდა. არ უყვარდა ალკოჰოლი და რეგულარულად იყო დაკავებული ფიზკულტურით. ასეთივე წესი დანერგა თავის უწყებაშიც და საქართველოში, „დინამოს“ ეგიდით, ხშირად ეწყობოდა სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რაშიც ხშირად თავად „ენკავედეს“ შეფიც მონაწილეობდა. ბერიას ძალისხმევით, საქართველოს სპორტსაზოგადოება „დინამო“ დიდ წარმატებას აღწევდა საკავშირო სარბიელზე. მუდმივად სამეულში იყო და რამდენჯერმე პირველი ადგილიც კი დაიკავა.
განსაკუთრით უყვარდა ლავრენტი ბერიას ფეხბურთი. ახალგაზრდობაში თავადაც კარგად თამაშობდა მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე და მაყურებელთა სიმპათიასაც იმსახურებდა. სწორედ, მისი უშუალო პატრონაჟით შეიქმნა თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო კლუბი და ბერია თავისი უსაყვარლესი გუნდის არცერთ თამაშს არ აცდენდა, როგორც თბილისში, ასევე გასვლით თამაშებს. ამ ტრადიციას ბერია არც მოსკოვში გადასვლის შემდეგ არღვევდა და „დინამოს“ ძველებურად ედგა გვერდში. ის ყველა დინამოელს პირადად იცნობდა. განსაკუთრებით კი ბორის პაიჭაძე უყვარდა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნდა.
ბერიას მსგავსად, ფეხბურთის თავგამოდებული ქომაგი იყო ვასილ სტალინიც, რომელიც „ცეესკას“ (არმიის ცენტრალური კლუბი) პატრონობდა. საუკეთესო საბჭოთა ფეხბურთელებს ამ კლუბში უყრიდა თავს და დიდად ამაყობდა უძლიერესი გუნდის წარმატებებით. როდესაც თბილისის „დინამო“ და მოსკოვის „ცეესკა“ ერთმანეთთან თამაშობდნენ, იქნებოდა ეს მოსკოვსა თუ თბილისში, ბერია და ვასილ სტალინი სამთავრობო ლოჟიდან ერთად ადევნებდნენ თვალს ამ მატჩს და ემოციურად ქომაგობდნენ საყვარელ გუნდებს.
ორმოციანი წლების მიწურულს, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა მოსკოვში, „ცეესკას“ სტადიონზე გაიმართა. ბერია პირველი მივიდა სტადიონზე და კუთვნილი ადგილი დაიკავა. თამაშის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე, გამოჩნდა ვასილ სტალინიც, რომელიც ბერიას მიესალმა და ჰკითხა:
– როგორ განწყობაზე ხართ, ლავრენტი პავლოვიჩ?
– მშვენიერზე, ვასილ იოსებოვიჩ, – მიუგო ბერიამ.
– ვწუხვარ, რომ თამაშის ბოლოს ეს განწყობა შეგეცვლებათ, – თქვა ახალგაზრდა გენერალმა.
– რატომ? – ჩაეკითხა ბერია.
– იმიტომ, რომ ჩემები თქვენს ბიჭებს პირწმინდად მოუგებენ, – მიუგო სტალინის ვაჟმა, რომელიც დარწმუნებული იყო თავისი სიტყვების სისწორეში, რადგან „ცეესკას“ ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა და თერთმეტი ვარსკვლავი ჰყავდა.
– წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, ვასილ იოსებოვიჩ, – მიუგო ბერიამ და თამაშიც დაიწყო.
იმ მატჩში თბილისის „დინამომ“ პირწმინდად მოუგო წაუგებელ არმიელებს. დინამოელთა სუპერვარსკვლავმა ბორის პაიჭაძემ კი, ვასილ სტალინის რჩეულებს საფეხბურთო მასტერკლასი ჩაუტარა, კუდით ქვა ასროლინა და მთელი სტადიონი, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა „ცეესკას“ ქომაგები იყვნენ, ფეხზე დამდგრები სკანდირებდნენ: „პაიჭაძე! პაიჭაძე!...“
თამაში რომ დასრულდა, გახარებულმა ბერიამ ვასილ სტალინს უთხრა:
– რას იტყვით, ვასილ იოსებოვიჩ, მოგეწონათ თქვენი თანამემამულეების ვირტუოზული თამაში?
– ჩემებმა წააგეს, – პირდაპირ მიუგო ბერიას სტალინის ვაჟმა მის ორაზროვან კითხვაზე და მძიმედ თავჩაღუნული გაემართა გასასვლელისკენ.
– ჩემებმა კი მოიგეს, – ჩაილაპარაკა ბერიამ და ახალგაზრდა გენერალს სიტყვა დააწია:
– ვასილ იოსებოვიჩ, მე ყოველთვის გილოცავ მოგებას და არ მომილოცავთ?
ვასილ სტალინი დაბრუნდა. ბერიას ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– გილოცავთ, ლავრენტი პავლოვიჩ, – პაუზის მერე კი დაამატა, – პაიჭაძე ვირტუოზია და სასურველია, „ცეესკაში“ თამაშობდეს.
ბერიას ცუდად ენიშნა ოპონენტის სიტყვები, რადგან კარგად იცოდა, ვისაც სტალინის ვაჟი თვალს დაადგამდა, ყველა „ცეესკაში“ გადაჰყავდა. ამიტომ, კატეგორიულად და მოკლედ უთხრა:
– პაიჭაძე არ იყიდება!
ვასილ სტალინი წავიდა. ბერია კი დინამოელთა გასახდელში ჩავიდა. ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს გამარჯვება მიულოცა. ბორის პაიჭაძეს კი წელზე შემოხვია ხელები, ჰაერში აიტაცა და უთხრა:
– ყოჩაღ, ბორის სოლომონოვიჩ, ყოჩაღ! საუკეთესო ხარ და შენი ბადალი ამქვეყნად არავინაა.
პაიჭაძე ფოთელი იყო. მეგრული კარგად იცოდა და ბერიამ რომ ის უკან დააბრუნა, მეგრულად უთხრა, უკან მანქანაში გაჰყოლოდა, რადგან სალაპარაკო ჰქონდა.
როგორც შემდგომში სერგო გოგლიძე ყვებოდა, ბერიას პაიჭაძე გაუფრთხილებია, ვასილ სტალინის ნებას არავითარ შემთხვევაში არ დაჰყოლოდა და „ცეესკაში“ არ გადასულიყო. შემდეგ, ბერია სახელოვან ქართველ ფეხბურთელს გამოემშვიდობა და კრემლში გაემგზავრა. გოგლიძეს კი, რომელიც საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, უთხრა, რომ პაიჭაძისთვის თვალყური ედევნებინათ და ვასილი სტალინისგან დაეცვათ.
– ყველაფრის საქმის კურსში იყავით, სერგო და თუკი საქმე გართულდა, პირადად შემატყობინეთ, უშუალოდ ჩავერევი, – უთხრა ბერიამ გოგლიძეს.
ორი თვის შემდეგ, სერგო გოგლიძემ ბერიას შეატყობინა, რომ თბილისში ინკოგნიტოდ გაემგზავრა ვასილ სტალინი, სავარაუდოდ, ბორის პაიჭაძის სანახავად და მის გადასაბირებლად. დაკავებულობის მიუხედავად, ბერიამ განკარგულება გასცა, რომ თვითმფრინავი გაემზადებინათ და ისიც სასწრაფოდ თბილისში გადაფრინდა. მანამდე კი გოგლიძეს უთხრა, თბილისში დაერეკა და შინაგან საქმეთა კომისრისთვის ბორის პაიჭაძის დაკავება დაევალებინა.
– თავის კაბინეტში ჰყავდეს. ცივი ნიავიც არ მიეკაროს და ჩემ ჩამოსვლას დაელოდოს, – დაამატა ბერიამ.
თბილისში ჩასულმა ვასილ სტალინმა და ორმა გენერალმა რომ პაიჭაძეს ვერ მიაგნეს, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს დაურეკეს და ფეხბურთელის სასწრაფოდ მოძებნა უბრძანეს. ამ დროს ბერია უკვე მის კაბინეტში იჯდა. კომისარს ყურმილი გამოართვა და ვასილ სტალინს უთხრა:
– ვასილ იოსებოვიჩ, ხომ გითხარით, რომ პაიჭაძე არ იყიდება. თანაც, არც მას აქვს სურვილი, რომ მოსკოვში გადაბარგდეს...
სტალინის ვაჟმა უხმოდ დაკიდა ყურმილი. კვლავ მოსკოვში გაფრინდა და აღარასოდეს უცდია ბორის პაიჭაძის გადაბირება. ლავრენტი ბერიამ კი ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს დისკომფორტისთვის მოუბოდიშა. შემდეგ ტყავის ბურთი მოატანინა. პაიჭაძეს მასზე ავტოგრაფი წააწერინა და უთხრა:
– მადლობა, ბორის. ამ ძვირფას საჩუქარს ჩემს კაბინეტში შევინახავ. ნახვამდის.

скачать dle 11.3