კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დახვრიტა ძერჟინსკიმ სტალინის თვალწინ ანტილენინური შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე

ლენინის გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე, პოლიტიკურმა ბრძოლამ სტალინისტებსა და ტროცკისტებს შორის, პიკს მიაღწია. ყველანი კარგად ხვდებოდნენ, რომ ოქტომბრის რევოლუციის ბელადის (ლენინის) ჯანმრთელობა იმდენად იყო შერყეული, ყოველ წამს იყო მოსალოდნელი ლეტალური შედეგი, ანუ მისი გარდაცვალება. მეტიც, თავდაჯერებული ტროცკი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს, რადგან დარწმუნებული იყო, პირველობაში ვერავინ შეეცილებოდა და უპრობლემოდ დაიკავებდა ლენინის ადგილს. ტროცკის ასეთი განწყობა მშვენივრად იცოდა სტალინმა. ტროცკი, ფაქტობრივად, არც მალავდა ამას და ისე იქცეოდა, თითქოს უკვე ქვეყნის მმართველი გახლდათ. გარდა ამისა, სტალინმა ტროცკის მიერ კრემლის საკუთარ კაბინეტში ნათქვამი ყოველი სიტყვა იცოდა და ეს სიტყვები, ძირითადად, ლენინისა და სტალინის წინააღმდეგ იყო მიმართული. საქმე კი ის გახლდათ, რომ „ჩეკას“ ხელმძღვანელმა ფელიქს ძერჟინსკიმ თავის ერთგულ ხელქვეითს, ვლადიმირ ივაშოვს იმ პერიოდისთვის უახლესი ამერიკული მოსასმენი ელექტრომოწყობილობა დაამონტაჟებინა ტროცკისა და მისი თანამოაზრეების კაბინეტებში. მეტიც, სტალინს საკუთარი კაბინეტიდან შეეძლო მათი საუბრების მოსმენა და როგორც მრავალი წლის მერე შევიტყვე, წარმატებით სარგებლობდა ამ შესაძლებლობით. ერთი სიტყვით, დიდი ბელადი თავისი შეურიგებელი მტრების ყველა ბინძური გეგმის საქმის კურსში იყო და აკონტროლებდა. 1923 წლის 5 ნოემბერს ტროცკიმ თავის კაბინეტში ზინოვიევი და კამენევი საიდუმლოდ მიიწვია და ცინიკურად განუცხადა მათ:
– ახალ წლამდე ორი თვეც არაა დარჩენილი და უკვე მოვიდა დრო, ლენინის ხელისუფლება გადავიბაროთ და 1924 წლიდან ჩვენ ვმართოთ ქვეყანა.
– ლენინი ხომ ჯერ კიდევ ცოცხალია, – წამოიძახა კამენევმა. ტროცკიმ კი მიუგო:
– სწორედაც რომ, ჯერ კიდევ და ეს სტალინის ბრალია. მან გახიზნა ის გორკებში. საუკეთესო ექიმები დაახვია თავს და ძალით აცოცხლებს. ჩვენ კი ამას ბოლო უნდა მოვუღოთ.
– კი მაგრამ, როგორ? ილიჩს ხომ არ მოვკლავთ? – ახლა უკვე ზინოვიევმა იკითხა.
– მოკვლით ვერ მოვკლავთ ასე პირდაპირ, მაგრამ ერთი გეგმა მაქვს, – თქვა ტროცკიმ.
– რა გეგმა? – ერთხმად იკითხეს ტროცკის თანამოაზრეებმა.
ტროცკის ეშმაკურად ჩაეცინა და თქვა:
– ზეგ შვიდი ნოემბერია, ჩვენი რევოლუციის მეშვიდე წლისთავი. წითელ მოედანზე ტრადიციული პარადი და დემონსტრაცია ჩატარდება. საამისო მზადება უკვე მიმდინარეობს და ამ ცოტა ხნის წინ, პირადად შევამოწმე. ხომ ხედავთ, როგორ ცივა გარეთ? ზეგ ორჯერ მეტი ყინვაა მოსალოდნელი. ეს ზუსტად ვიცი, რადგან სინოპტიკოსებს ვესაუბრე. ჰოდა, ისე უნდა ვქნათ, რომ ზეგ ილიჩი ამ ზეიმს დაესწროს, რაც მისი სიკვდილის ტოლფასი იქნება.
– გამორიცხულია, – ჩაეცინა ზინოვიევს. კამენევმა კი დაამატა:
– ამას სტალინი არ იზამს. ის ცოცხალი თავით არ დაგვანებებს ამას.
– არც არავინ ჰკითხავს სტალინს და მას ფაქტის წინაშე დავაყენებთ. ერთ ოინს ვუზამთ ამ ტლუ კავკასიელს, – სარკაზმით მიუგო თანამოაზრეებს ტროცკიმ.
– რა ოინს, ლევ დავიდოვიჩ? – ერთხმად ჰკითხეს ტროცკის ზინოვიევმა და კამენევმა.
ტროცკი სკამიდან წამოდგა. გაიზმორა. კაბინეტში გაიარ-გამოიარა და თანამოაზრეებს მიუგო:
  – ის სულელი ძუკნა კრუპსკაია (ლენინის მეუღლე) უკვე დავარწმუნე, რომ ილიჩის წითელ მოედანზე მისვლა აუცილებელია თვით ლენინის პოლიტიკური მომავლისთვის და ის სულელი დამთანხმდა. მას კიდევ იმედი აქვს, რომ მისი ქმარი კიდევ შესძლებს ქვეყნის მართვას, – ტროცკიმ პაუზა გააკეთა, – ერთადერთი, რაშიც სტალინს ვეთანხმები, კრუპსკაიას პიროვნების მისეული შეფასებაა. ეს ქალი, მართლაც რომ, სულელი ძუკნაა და ამას ჩვენ კარგად გამოვიყენებთ. ახლა კი, რაც შეეხება ოინს, – ტროცკიმ გაიცინა და განაგრძო, – როგორც კი სტალინი წითელ მოედანზე გამოჩნდება, ჩვენი ერთგული კაცი გორკებში ჩავა და ლენინსა და კრუპსკაიას მოსკოვში ჩამოიყვანს. ბელადს წითელ მოედანზე მოიყვანს და ილიჩი სიტყვითაც გამოვა. იმედია, ის სიტყვის დასრულებასაც ვერ მოახერხებს და თუ იქვე არ დალია სული, უკიდურესად დაუძლურდება და საიქიოში მალე წავა, – აი, მთელი გეგმაც.
– ლევ დავიდოვიჩ, რამე გაუთვალისწინებელი რომ მოხდეს და თქვენმა ერთგულმა კაცმა ყველაფერი თქვას და დაგასახელოთ? – იკითხა ზინოვიევმა.
– გამორიცხულია. იმ კაცმა არ იცის, რომ ეს გეგმა მე მოვიფიქრე. ის კრუპსკაიამ შეარჩია. ანუ, კრუპსკაიას დაასახელებს ამ იდეის ავტორად. კრუპსკაიას კი არავინ ახლებს ხელს და ლენინის ცოლიც არავითარ შემთხვევაში არ გაამხელს ჩვენი საუბრის შინაარსს.
– რომ გაამხილოს? – არ მოეშვა ზინოვიევი.
– არა, – თავი გააქნია ტროცკიმ, – მან მშვენივრად იცის, უფრო სწორად კი, მიხვდება ის ძუკნა, რომ შეთქმულების მონაწილე გახდა. შეთქმულებას კი ლენინის წინააღმდეგ თვით ლენინის ცოლსაც კი არ აპატიებენ. ამიტომ, ის ძუკნა ჩუმად იქნება.
შეთქმულთა საუბარს სტალინი პირდაპირ თავის კაბინეტში ისმენდა, თან ყველაფერი იწერებოდა და სამეული რომ დაიშალა, ჩაილაპარაკა: „ოინს გიჩვენებთ მე თქვენ“. შემდეგ ძერჟინსკი და მოსკოვში მყოფი ორჯონიკიძე იხმო. ყველაფერი მოასმენინა და „ჩეკას“ თავმჯდომარეს უთხრა:
– ფელიქს ედმუნდოვიჩ, სკობელევი მოამზადე! ახლა ვანახვებთ ბრონშტეინს (ტროცკის), თუ რა ოინს უზამს მას ტლუ კავკასიელი...
პავლე სკობელევი სტალინის პირველი ორეული იყო და მანამდე „ჩეკას“ ის არასდროს გამოეყენებინა. 1923 წლის 7 ნოემბერს კი, როდესაც სტალინი, სინამდვილეში კი პავლე სკობელევი, წითელ მოედანზე გამოჩნდა, ტროცკისა და პოლიტბიუროს დანარჩენ წევრებს გვერდით ამოუდგა და საზეიმო ღონისძიება დაიწყო, გორკებში ვინმე ზეელ კორმანი მანქანით გაემგზავრა, რომ ლენინი და კრუპსკაია მოსკოვში ჩამოეყვანა. ლენინის რეზიდენციის დაცვამ კორმანი დაუბრკოლებლად გაატარა. როდესაც ის ასობნიაკში შევიდა და ლენინის ოთახისკენ გაემართა, სადაც კრუპსკაიაც იმყოფებოდა, მას გზა ოთხმა „ჩეკისტმა“ გადაუჭრა. კორმანი გაკოჭეს და უხმოდ წაიყვანეს პატარა ზომის შენობისკენ, სადაც სამეურნეო ნივთები იყო მოთავსებული. შენობაში სტალინი, ორჯონიკიძე და ძერჟინსკი იმყოფებოდნენ. კორმანი ახსნეს და სტალინმა მას ჰკითხა:
– ვინ ხართ და აქ რას აკეთებთ?
კორმანს პასუხის გაცემა არ უნდოდა, მაგრამ, როდესაც მას ძერჟინსკიმ „მაუზერი“ მიუშვირა, კორმანი ალაპარაკდა:
– ილიჩი და ნადეჟდა კონსტანტინოვნა უნდა ჩავიყვანო მოსკოვში და წითელ მოედანზე მივიყვანო.
– მერე და არ იცით, რომ ილიჩის მგზავრობა და მით უმეტეს, ყინვაში დგომა, არ შეიძლება? – ჰკითხა სტალინმა, – ეს ხომ ღალატი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებაა?
– სიკვდილი მოღალატეს! – დასჭექა ძერჟინსკიმ და კორმანს „მაუზერიდან“ გასროლილი ტყვია შუბლში დააჭედა. შემდეგ „ჩეკისტებმა“ მისი ცხედარი გაიტანეს და მანქანით წაიღეს.
შენობიდან გამოსულ სტალინს, ძერჟინსკისა და ორჯონიკიძეს კრუპსკაია შემოხვდათ, რომელიც სროლის ხმაზე გარეთ გამოვიდა. სტალინი რომ დაინახა, გაუკვირდა, რადგან იცოდა, რომ ის წითელ მოედანზე უნდა ყოფილიყო. თუმცა, არ შეიმჩნია და ჰკითხა:
– რა სროლა იყო, იოსებ ბესარიონოვიჩ? მოხდა რამე?
– სტალინმა ქალს ირონიული მზერა ესროლა და მიუგო:
– ნადეჟდა კონსტანტინოვნა, ფელიქს ედმუნდოვიჩმა სახელმწიფო მოღალატე დახვრიტა, რომელიც დაუდგენელ ადამიანთა ჯგუფთან ერთად, ილიჩის მოკვლას აპირებდა. მაგრამ, ყველაფერი მოგვარდა და შეგიძლიათ, უკან დაბრუნდეთ.
კრუპსკაია ყველაფერს მიხვდა და უხმოდ გაბრუნდა უკან. სტალინმა კი თქვა:
– სულელი ძუკნა! წავედით მოსკოვში.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3