კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანა კალანდაძის რომელი ლექსის გამო მიაყენეს შეურაცხყოფა სერგო ზაქარიაძეს და ვის გამო შეწყვიტა მან ლექსების წერა

„მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავნის ტბასა ზედა ძრწოდა ქარი… მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…“
 „მეოცე საუკუნის შუა პერიოდში ჩვენი ხალხის კულტურულ ცხოვრებაში ანგარიშგასაწევი ცვლილებები მოხდა – ქართულ მწერლობაში მოვიდნენ ახალი სახეები... ამ თაობის ლიტერატურული პროფილის ჩამოყალიბებაში ანა კალანდაძემ სრულიად გამორჩეული როლი შეასრულა... ანა კალანდაძის ფენომენის მოვლინებამ მყისიერად განაცვიფრა ყველა, მაგრამ, შეუძლებელია, ამგვარივე ხელაღებით ითქვას, რომ ასევე ყველა აღაფრთოვანა. ანას იმჟამინდელი ოპონენტები იმთავითვე მიიჩნევდნენ, რომ მისი ლექსები მოკლებული იყო ჭეშმარიტ საზოგადოებრივ პათოსს... ანას ლიტერატურულ დებიუტს გამორჩეული სიხარულით შეეგებნენ ჩვენი მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენლები. აი, რას ამბობდა გერონტი ქიქოძე: „1946 წლის 25 მაისი დიდი თარიღია ქართული ლიტერატურის ცხოვრებაში. მწერალთა სასახლეში 22 წლის ქალიშვილმა ანა კალანდაძემ თავისი ლექსების რვეული წაგვიკითხა მსმენელებით სავსე დარბაზში. ამ დღიდან იწყება ქართული ლირიკის აღორძინება. ვაჟა-ფშაველას შემდეგ პირველი დიდი პოეტი მოგვევლინა. მას აქვს მეტად ორიგინალური რელიგიური მსოფლშეგრძნება, სრულიად ახალი პოეტური მეტყველება. მისი შთაგონების წყაროებს „ქართლის ცხოვრება”, ბიბლია, დავით გურამიშვილი, გურიის ფოლკლორი წარმოადგენს. გასაოცარია ეროტიკული მოტივების უქონლობა, მისი ლექსები უფრო რელიგიურ ჰიმნებს ჰგავს, ვიდრე პირად ლირიკულ აღსარებას… მისი ხმის მუსიკა ახლაც მესმის. თუ ჩემს ასაკში ან მდგომარეობაში კიდევ შეიძლება ბედნიერი წუთების განცდა, მე ის გუშინ განვიცადე”. არც კონსტანტინე გამსახურდია ყოფილა სიტყვაძუნწი: „ყოჩაღ, ყმაწვილო ასულო! მინდოდა მეთქვა, დღეის ამას იქით მავანმა და მავანმა ზოგ-ზოგებმა კალამს ხელი უნდა შეუშვან-მეთქი, მაგრამ – არა, პირიქით მოხდება: ბევრ ახალგაზრდა პოეტს საგრძნობ სტიმულს მისცემს დღევანდელი ამბავი, ისინი უფრო მოიმარჯვებენ კალამს...“ თუმცა, ჯერ კიდევ არ განელებულიყო პირველი აღფრთოვანებული ემოციები ქართულ პოეზიაში ჭეშმარიტად გამორჩეული ტალანტის დაბადების გამო, რომ თავი მეორე უკიდურესობამ იჩინა... 1946 წლის 5 სექტემბერს ქართულენოვან (ძნელია მას ქართული უწოდო!) გაზეთ „კომუნისტში” დაიბეჭდა:
„...ზოგიერთ ახალგაზრდა მწერალს აშკარად დაეტყო დეკადენტური, აპოლიტიკური მოტივებით გატაცება. ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს ანა კალანდაძის ლექსები, რომლებიც ჟურნალ „მნათობის“ მიმდინარე წლის მეოთხე ნომერში დაიბეჭდა. ახალგაზრდა ავტორს, როგორც ჩანს, აქვს საკმაო პოეტური ნიჭი, მაგრამ მას აკლია ჩამოყალიბებული ცოდნა ცხოვრებისა, უნარი მოვლენების სწორად დანახვისა... მისი ზოგიერთი ლექსი ძველი სამონასტრო ცხოვრების ჰიმნოგრაფიებს გვაგონებს... ვის ესაჭიროება დღეს ამგვარი ლექსები?.. ანა კალანდაძის ლექსებში ადგილი აქვს მეორე უცნაურობასაც – პოეტი რაღაც უცხო სევდას შეუპყრია და ბუზღუნებს: „დარდიანი ღვინოს ვსვამ და ვთვრები“. ეს შემთხვევითი სტრიქონი როდია. შეიძლება ითქვას, რომ ანა კალანდაძის ლექსებში სიმთვრალის, ლოთობის აპოლოგიასთან გვაქვს საქმე. „ღვინიანი ჭიქა“, „ქუდმოხდილი ქვევრი“, „ღვინიანი კოპე“, „ღვინომ დამახრჩოს“, „ღვინო დოქებით“, – ასეთია ამ ქალის პოეტური ლექსიკა...“ – შეგნებულად არ ვასახელებ ამ წერილის ავტორს. სინამდვილეში ის სრულებითაც არ იყო უგემოვნო ლიტერატორი და, არ მჯერა, გულწრფელი ყოფილიყო ზემოხსენებული სტრიქონების წერისას, მაგრამ იმჯერად მისი პირით ანა კალანდაძის შესახებ ერთი კრიტიკოსი კი არა, მთელი საბჭოთა სისტემა ლაპარაკობდა და ეს „გამოხმაურება” სულაც არ იყო ერთადერთი...  დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება, სრულიად დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, მაგრამ, იმ პერიოდში ანა კალანდაძის ერთი გამოუქვეყნებელი ლექსიც კი გამხდარა გაუმართლებელი კრიტიკის საგანი. გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნების” 1946 წლის 16 ნოემბრის ნომერში ადგილი ჰქონდა ვინმე კ. ზუმბულიძის საკმაოდ არაკორექტულ გამოხდომას. გამოქვეყნებულ პასკვილში „განხილულია” სერგო ზაქარიაძის მხატვრული კითხვის საღამოები: „მსახიობის ეს თაოსნობა, – წერს ავტორი, – თავისთავად ძალიან კარგია. მაგრამ, როგორია მისი გამოსვლების პროგრამა?..  იგი კითხულობს, ერთი მხრივ კლასიკოსების (ილია ჭავჭავაძე, ნ. ბარათაშვილი, აკ. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა) ლექსებს, ხოლო თანამედროვეთაგან მას, რატომღაც, ორი პოეტი აურჩევია – ლადო ასათიანი და ანა კალანდაძე. გაუგებარია, რა პრინციპით ხელმძღვანელობდა მსახიობი, როცა ასეთ არჩევანს მიმართავდა... მსახიობი კითხულობს პესიმისტური განწყობილების შემცველ და უიდეო ლექსებს. ასეთია, მაგალითად, „ლოცულობს გველი“ – სავსებით მისტიკური, დეკადენტური ნაწარმოები, რომელიც თვით ავტორმაც კი დაბეჭვდის ღირსად არ ცნო. მაშ, რაღა საჭიროა ახლა ამ ლექსის საჯაროდ კითხვა და პოპულარიზაცია? არაფრით არ შეიძლება, გავამართლოთ ს. ზაქარიაძის ასეთი უპასუხისმგებლო და დაუშვებელი გამოსვლები...“ მეტიც: ანა კალანდაძის შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი, მწერალი შოთა ზოიძე, სხვა მოყვანილ საინტერესო ფაქტებთან ერთად, იმასაც აღნიშნავს, რომ ანა კალანდაძის არქივში ინახება ერთი მეტად „საყურადღებო” დოკუმენტი, რომელიც პოეტს 1951 წელს მიუღია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების საქმეთა კომიტეტისგან. ეს არის „საორიენტაციო თემატიკა”, რომლის მიხედვითაც ანა კალანდაძეს ახალი ნაწარმოებები უნდა შეექმნა. თემათა ჩამონათვალი „წარუშლელ შთაბეჭდილებას” ახდენს: სამგორის შესახებ, რუსთავის შესახებ, ბრძოლა მარცვლეულისთვის (პურის აღება კომბაინით, პურის ბეღელი),  ბრძოლა მეცხოველეობისათვის (მწყემსები, მომთაბარეობა, ბინები და სხვა), საკოლმეურნეო მგზავრული (კოლმეურნეთა სამუშაო ადგილებზე გასვლა), ხვნა-თესვის შესახებ, მაღაროელთა სიმღერა, სიმღერა სამშობლოზე (პატრიოტიზმი), საყოფაცხოვრებო და სახუმარო (შაირები, გაბაასება)... და ასე შემდეგ. ეს „სახალისო” ჩამონათვალი კიდევ გრძელდება!.. ღვთის შეწევნით, ანა კალანდაძეს დებიუტისთანავე დაკავებული ჰქონდა თავისი ნიშა ჭეშმარიტ პოეზიაში. მაგრამ ახალგაზრდა პოეტი ქალისთვის ასეთი ტენდენციური და ზოგჯერ, უბრალოდ, უხამსი დამოკიდებულება ადვილად გადასახარშავი მაინც ვერ იქნებოდა. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ 1947-1948 წლებში ლექსი აღარ დაუწერია და თითქმის არ წერდა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც... ანა კალანდაძეს არ შეეძლო, სხვაგვარად ეწერა და, არ შეიძლება, მისი პოეზია არ ყოფილიყო ის, რაც არის. შედეგად, მთელი შვიდი  წლით, 1953 წლამდე დაგვიანდა მისი პირველი კრებულის დაბეჭდვა... დაგვიანებული პირველი კრებულის გამოსვლით ყველაფერი არ დამთავრებულა. წამოვიდა ღვარძლისა და ძაგების ხელახალი ტალღა. ასე, მაგალითად, „იერიში იქნა მიტანილი” ისეთ იშვიათ პოეტურ ქმნილებაზე როგორიცაა ანა კალანდაძის „შორია თამარ”: ”…უნდა აღინიშნოს, ანა კალანდაძე ცდებოდა და ახლაც ცდება, როდესაც რომანტიკული ლეჩაქით, თვალებზე ცრემლით  გაჰყურებს ფეოდალურ საქართველოს („შორია თამარ”). ეს შუა საუკუნეების ფლიორი რაც უფრო მალე ჩამოსცილდება მის პოეზიას, მით უფრო გაიზრდება და დავაჟკაცდება ის...“ – ასე ასწავლიდა წერა-კითხვის ზოგიერთი ვითომმცოდნე არამკითხეც კი „ადეკვატური ფორმის” ძიებას გენიალური შესაძლებლობების ახალგაზრდა პოეტს.
მოგვიანებით ნოდარ დუმბაძემ თქვა: „ანა კალანდაძის გაკილვას რა უნდა, ქებაა ძნელი ანა კალანდაძისა… გურიიდან ჩამოსული ბიჭი ვიყავი, ბიძამისის წისქვილში ღამენათევი ბიჭი და, სიზმრიდან ახალდაბრუნებულივით, მაშინ პირველად მივხვდი, რომ ეს ყველაფერი: სახლში შემოჭრილი თუთაც, ჭიამაიაც, ჩახლართული ღობეც, თოლიას ყეფაც, ქვევრში დამწყვდეული ჭინკაც, თოვლზე დარჩენილი ნადირის ნაკვალევიც, ჩიჩილაკიც, კალანდაც, ბოშა ქალიცა და თათრის გოგონაც – ადრე რომ არაფერი მეგონა, თურმე, ღვთაებრივი ლექსი და ღვთაებრივი პოეზია არ ყოფილა?!”; აქვე ნოდარ დუმბაძე იხსენებს: „გაგიკვირდებათ, მაგრამ, პირველი სიტყვა, რომელიც ანას მისამართით გავიგონე, ბოროტი და გამქირდავი იყო, უნივერსიტეტის წინ, ჭადრის ჩრდილში, ერთ ვიღაცას გაზეთი „ლიტერატურა და ხელოვნება” გაეშალა და მეორეს უკითხავდა
– ნახე რას წერს – „ყაყაჩოს ღვინო სალხინოვო”. ყაყაჩოს ღვინო თუ გაგიგია შენ? არ გამიგიაო, – ეუბნებოდა მეორე და იცინოდა. 1946 წლის 14 ივნისი იყო. შევედი სტუდენტთა სამკითხველოში – გაზეთი არ ჰქონდათ, შევედი პროფესორთა და ასპირანტთა ბიბლიოთეკაში – გაზეთი არ ჰქონდათ. კიოსკს მივადექი – გაზეთი აღარ იყო. იმ დღეს თბილისში გაზეთი „ლიტერატურა და ხელოვნება” გაწყდა. ჩათვლა გვქონდა ეკონომისტებს „ფულსა და კრედიტში”, 27 კაცი ველოდით ლექტორს. აუდიტორიაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა შემოვიდა, მაგიდას მიუჯდა, ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე დაფასთან გამომიძახა, გაზეთი „ლიტერატურა და ხელოვნება” გამომიწოდა და მითხრა: „÷èòჭé ჰóìხჭჰçå, âñëóõ ÷èòჭé!” ვკითხულობდი: „და რა ქალი?! ხელისგულით სატარები,
რა თვალები? ელვის ცეცხლის დამჭერი,
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები,
შეხედეს და… შეუკურთხეს გამჩენი…” – რომ დავამთავრე, არავის  უკითხავს, შეიძლებოდა თუ არა ხელისგულით ქალის ტარება, თვალებით ელვის ცეცხლის დაჭერა, ქალისათვის გამჩენის შეკურთხება, სანაპიროზე სტვენა და ფეხშიშველა სიარული და სხვა ამგვარი. ყველა მე მიცქეროდა და, მე კი – ყველას. ასეთი საყოველთაო განცვიფრება და დუმილი პირველად მოვისმინე. …და, ანიკოს ოჯახს ააშენებს ღმერთი: პროფესორმა გაზეთი სათუთად დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო, ადგა და წავიდა. იმ დღეს ჩათვლა ყველამ მიიღო.“
***
 „სოფელში უბედნიერესი წუთები მაქვს გატარებული, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ ვცხოვრობდით. ჩვენი ოჯახი ქუთაისში სახლობდა, იქ მივიღე პირველდაწყებითი განათლება და საშუალო სკოლაც იქ დავამთავრე. მერე წამოვედი თბილისში...
მე და ჩემი ძმები მოუთმენლად ველოდით არდადეგების დადგომას...   დედა მეგრელი იყო, სულავას ქალი, მაგრამ, ქუთაისში ცხოვრობდა. მე მხოლოდ ერთ ბაბუას, დედის მამას მოვესწარი, მამის მხრიდან ბებია და ბაბუა ცოცხლები აღარ იყვნენ. ბებიას ანა ერქვა და სწორედ მისი სახელი დამარქვეს. ბაბუა საკმაოდ შეძლებული კაცი იყო, მეორე გილდიის ვაჭარი. ცხრა შვილი ჰყავდა და უფროსი შვილები ძიძასთან იზრდებოდნენ. ბაბუა სოფელში არაერთი კეთილი საქმის მოთავე ყოფილა: რამდენიმე თანასოფლელთან ერთად დიდძალი თანხა შეუწირავს სოფლის წმიდა გიორგის სახელობის სამრევლო სკოლისთვის; მდინარის ერთ ტოტზე წისქვილი აუშენებია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი... სოფელში დიდი მიწები გვქონდა. ჩვენს ნამოსახლარზე ახლა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. დღემდე დგას ჩვენი სახლიც, სადაც მაშინ უფროსი, გაუთხოვარი მამიდა ცხოვრობდა – სწორედ ის, ძიძასთან რომ იზრდებოდა… ჩვენ არაფერს ვთხოვდით, მაგრამ, სულ სხვა გემო ჰქონდა მის გამოგზავნილ ძღვენს… მამიდას მიწის მოზიარეები ჰყავდა და ძირითადად სიმინდი მოჰყავდათ… ორი დიდი მარანი გვქონდა. მარნებში ბევრი ცარიელი ქვევრი იყო, რომლებშიც, მეგონა, რომ ჭინკები ბინადრობდნენ. ამ მოგონებამ დამაწერინა შემდეგ „კარ-მიდამო ჩემი დამილოცეთ, ძმებო”…
ბავშვობაში უფროსებთან ვმეგობრობდი და სოფელში მყავდა მესაიდუმლეც – მეზობელი ქალი ელისო…
სოფელში სახლთან იდგა ის თუთაც, რომელსაც მერე ვუძღვენი „ლამის სახლში შემოიჭრას თუთა”. ერთხელ მკითხეს, რომელ კალანდას გაიხსენებდითო. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და, კალანდას სოფელში არ დავსწრებივარ, ზამთარში თითქმის არ ვყოფილვართ იქ. „შემოდიოდა ჩვენში კალანდა” წარმოსახვით არის შექმნილი. ასეთი შემთხვევა მახსენდება: რადიო რომ ჩავრთე, მშვენიერ მუსიკას გადმოსცემდნენ. უცებ რიწის ტბა დამიდგა თვალწინ, მერე დიქტორმა გამოაცხადა: „თქვენ ისმენდით ანდრია ბალანჩივაძის „რიწის ტბასო”. ბატონ ანდრიას ვუამბე ეს ამბავი და მან მიპასუხა: როდესაც ამ მუსიკას ვწერდი, რიწის ტბა თვალით არ მენახაო, – შემდეგ დაამატა – წარმოსახვა უფრო ძლიერია, ვიდრე რეალობაო. ასე წარმოსახვით შეიქმნა ჩემი „კალანდაც”.

скачать dle 11.3