მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორ გადავეჩვიო წყენის გულში ჩადებას? ამით მეც ვიტანჯები და გარშემო მყოფებიც?
პასუხი: უფალს არ უყვარს ქედმაღალი, მრისხანე გულისა და ბორიტი მეხსიერების ადამიანები. პიროვნება რომ მრავალი ქრისტიანული სათნოებით იყოს შემკული და ბოროტი მეხსიერება ჰქონდეს, მისგან ქმნილი ყოველივე ამაოა და უნაყოფო. ამიტომ ქრისტიანმა გულიდან უნდა ამოიკვეთოს მტრობა და ყველასთან მშვიდობა დაამყაროს, რის გარეშეც უფალი არ შეეწევა.
კითხვა: ყველა მოძღვარს შეიძლება თუ არა, ვთხოვოთ რჩევა-დარიგება?
პასუხი: დიდად საცხონებელი საქმეა, ჰკითხო სასულიერო პირს რჩევა. თუმცა, იმავდროულად, როგორც წმიდა მამები გვირჩევენ, ჯერ უნდა, დავრწმუნდეთ სასულიერო პირის გამოცდილებასა და მართლაზროვნებაში და ამის შემდეგ დავუჯეროთ მის რჩევებს. მთავარია, მოძღვრის სიტყვები თანხვედრილი იყოს უფლის სიტყვებთან.
კითხვა: შერჩება თუ არა სქესი გარდაცვალების შემდეგ ქალისა და მამაკაცის სულებს?
პასუხი: სულს სქესი არ გააჩნია. ადამიანების სულები იქნებიან ისე, როგორც ანგელოზები. ანგელოზები კი უსქესო არსებები არიან.
კითხვა: როგორ დავიხსნათ თავი კოშმარული სიზმრებისგან?
პასუხი: ძილის წინ მოინანიეთ ცოდვები, ილოცეთ, დაწოლილმა მოიხმეთ თქვენი მფარველი ანგელოზი, რომელიც აუცილებლად დაგიცავთ მთელი ღამის განმავლობაში.